ვაგრძელებთ წერილებს სერიიდან ,,სწავლის ძირი”. ამ წერილში მიმოვიხილავთ ისეთ სწავლებას, რომელიც სრულად დაფუძნებულია უკვე არსებულ ცოდნაზე. ზღაპრების სწავლება განვიხილოთ „ნაცარქექიას” მაგალითზე. წერილი, განხილული საკითხების მიხედვით, რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ:
- პირველკლასელთა მზაობა ზღაპრის სწავლისთვის;
- რვა ნაწილად გაყოფილი ზღაპრის, „ნაცარქექიას” ჩვენეული ვერსია არჩილ კუხიანიძის ილუსტრაციებით;
- შეკითხვების ვარიანტები ზღაპრის პაუზებად წაკითხვისთვის;
- სხვადასხვა აქტივობის იდეები ზღაპრის წინასაანბანო პერიოდში დამუშავების მიზნით და სასარგებლო ბმულები.
თავიდან აღვნიშნოთ, რომ სწავლება, განსაკუთრებით, პირველკლასელების სწავლება, უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეებისთვის უკვე კარგად ნაცნობი კონტექსტიდან ახალი ცოდნის ამოზრდას, აღმოჩენას. ასეთი სწავლებაა ყველაზე უმტკივნეულო, ადვილი და ეფექტიანი.
დასაწყისში აღვნიშნოთ, რა იციან 5-6 წლის ბავშვებმა ისეთი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზღაპრებით სწავლების კონტექსტში. მათ შეუძლიათ:
- 10-15 წუთის განმავლობაში ჯდომა;
- გონივრული მოცულობის ზღაპრის პაუზებით მოსმენა;
- მოსმენილი ზღაპრის მონაკვეთების შესაბამის ილუსტრაციასთან დაკავშირება;
- პაუზებით მოსმენილი ზღაპრის შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
- მოსმენილი ზღაპრის მონაკვეთის მოკლედ გადმოცემა/გამეორება;
- ზღაპრის ილუსტრაციის, სათაურისა თუ მოსმენილი მონაკვეთის მიხედვით ვარაუდების გამოთქმა;
განვიხილოთ პოპულარული ქართული ხალხური ზღაპრის, „ნაცარქექიას” სწავლება პირველკლასელებთან წინასაანბანო პერიოდში. ამ ზღაპრის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით ერთ-ერთ წერილში კითხვის სტრატეგიების (შეჯამება, სიტყვებზე დაკვირვება, მინიშნებებზე დაკვირვება) კონტექსტში: კითხვის სწავლა სწავლებამდე – შეჯამება, დაკვირვება სიტყვებსა და მინიშნებებზე – mastsavlebeli.ge
ამ წერილში კი განვიხილოთ მთლიანად ზღაპარი, რომელსაც თან ახლავს არჩილ კუხიანიძის ილუსტრაციები.
სანამ ქვემოთ წარმოდგენილი ზღაპრის ადაპტირებულ ვერსისასა და ჩვენეულ აქტივობებს გავეცნობით, აღვნიშნოთ, რომ ეს ზღაპარი ბავშვებმა უკვე იციან, ბევრჯერ აქვთ მოსმენილი და სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებულიც. დავსვათ შეკითხვა: რამდენად ღირს დროის დახარჯვა პირველ კლასში მოსწავლეებისთვის ასე კარგად ნაცნობ ზღაპარზე? ჩვენი პასუხი ასეთია: სწორედაც რომ ღირს, რადგანაც განსაკუთრებით პირველკლასელებისთვისაა საჭირო ბავშვებისთვის კარგად ნაცნობ კონტექსტში ახლის შესწავლა. სიახლეები კი შეიძლება იყოს: ფონოლოგიური კომპეტენცია, შეკითხვებზე პასუხები, მონაკვეთის შეჯამება, ამბის გადმოცემა…
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობამ ზღაპარი კარგად იცის, აუცილებელი იქნება მისი ხმამაღლა, გამომეტყველებით წაკითხვა მასწავლებლის მიერ. ამ დროს ბავშვები მასწავლებლის სამოდელო წაკითხვას აკვირდებიან, ყურადღებას აქცევენ მის დგომას/ჯდომას, ხმის ტემბრს, გამომეტყველებას, ინტონაციას. ამ დროს არაა საჭირო განსაკუთრებული სამსახიობო გარდასახვა და ზედმეტი თეატრალიზება — ასეთ შემთხვევაში ბავშვების ყურადღება გარე ეფექტებზე გადავა, ზღაპრის შინაარსზე კონცენტრირების ნაცვლად. მხოლოდ მცირედი მიმბაძველობა, რაც ხმის ტემბრის ცვლილებით იქნება მოსახერხებელი, სრულიად საკმარისია. თუმცა, სწორად წაკითხვას, სათანადო სიჩქარესა და სათანადო ინტონაციას ვერ უგულებელვყოფთ.
რასაკვირველია, ეს სამოდელო წაკითხვა პაუზებით წარიმართება. ჩვენ შემოგთავაზეთ რვა ნაწილად გაყოფილი ზღაპარი, თუმცა, სრულად შესაძლებელია, კონკრეტულ კლასში მასწავლებელმა სხვაგვარად დაანაწილოს ტექსტი და იმის მიხედვით შეჩერდეს. აქვე გთავაზობთ იმ სავარაუდო შეკითხვებს, რომლებიც მასწავლებელმა პაუზების დროს უნდა გამოიყენოს. რასაკვირველია, შეკითხვები უნდა მოიცავდეს, როგორც ტექსტში პირდაპირ, სიტყვასიტყვით მოცემული ინფორმაციის ამოცნობას, ასევე ბავშვების ვარაუდების გადამოწმებას, მოსაზრების გამოთქმას, საქციელის შეფასებას და ა. შ. აქვე შემოთავაზებულია ზღაპრის მონაკვეთების დასათაურების ორი ვარიანტი — პირველკლასელებს მეორე ვარიანტი უფრო უადვილდებათ ხოლმე.
შეკითხვები ,,ნაცარქექიას” პაუზების კითხვის დროს
შეკითხვები ტექსტის წაკითხვამდე:
● ვინ იცნობთ ნაცარქექიას? როგორი პერსონაჟია? ● ვინ არის კიდევ ამ ზღაპრის პერსონაჟი? ● როგორი კაცია ნაცარქექია ამ ილუსტრაციის მიხედვით? ● როგორ შეაშინა დევმა ნაცარქექია? ბაცარქექიამ დევი? |
ნაცარქექიას სახლიდან გაგდება / ნაცარქექიას სახლიდან აგდებენ
შეკითხვები 1-ელი პაუზის დროს: ● ვისთან ერთად ცხოვრობდა ნაცარქექია? ● რატომ ეძახდნენ ნაცარქექიას? ● რატომ გააგდეს ძმებმა ნაცარქექია სახლიდან? ● რა წაიღო თან ნაცარქექიამ? რისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინა ეს ნივთები? ● როგორია ჭყინტი ყველი? რა თვისება აქვს მას? თუ გიჭამიათ? ჭყინტი ყველი უფრო გიყვართ თუ ხმელი? ● შენ თუ გაადგებდი ნაცარქექიას სახლიდან? |
ნაცარქექიასა და დევის შეხვედრა / ნაცარქექია დევს ხვდება
შეკითხვები მე-2 პაუზის დროს: ● სად მივიდა შინიდან გამოგდებული ნაცარქექია? ● ვისი სამფლობელო იყო ის ადგილები? ● რისთვის მივიდა დევი მდინარესთან? ● რა მოსთხოვა ნაცარქექიამ დევს? ● რა უწოდა ნაცარქექიამ დევს? როგორი არსებაა ქინქლა? თუ გინახავთ? ● რაშე შეჯიბრება შესთავაზა ნაცარქექიამ დევს? ● როგორ ფიქრობთ, ნაცარქექიას შეეშინდა დევის? ● როგორი კაცი ჩანს ამ ეპიზოდში ნაცარქექია? |
დევისა და ნაცარქექიას შეჯიბრება / დევი ნაცარქექიას ეჯიბრება
შეკითხვები მე-3 პაუზის დროს: ● ვისი გამარჯვებით დამთავრდა პირველი შეჯიბრება დევსა და ნაცარქექიას შორის? ● როგორ გაიმარჯვა ნაცარქექიამ? თქვენთვის მისაღებია ასეთი გამარჯვება? ● თქვენ ვისკენ იყავით ამ შეჯიბრის დროს? ● რა უნდა ექნა ნაცარქექიას ჭყინტი ყველი რომ არ ჰქონოდა? ● როგორ გაიმარჯვა ნაცარქექიამ მეორე შეჯიბრებაში? ● რა უნდა ექნა ნაცარქექიას ნაცარი რომ არ ჰქონოდა? ● რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ნაცარქექიას გამარჯვებები? |
მდინარის გადალახვა / დევი და ნაცარქექია მდინარეზე გადადიან
შეკითხვები მე-4 პაუზის დროს: ● როგორ ფიქრობთ, როგორ იგრძნობდა ნაცარქექია თავს დევის მხრებზე? ხომ არ შეეშინდებოდა? ● როგორ უყურებს დევი ნაცარქექიას ამ ეპიზოდში? თუკი ეშინია, რატომ არ გაიქცა? ● რას ნიშნავს ,,მსუბუქი”? რა ნივთებია ჩვენ ირგვლივ მსუბუქი? ● რისთვის გამოიყენა ნაცარქექიამ სადგისი? რატომაა მიუღებელი ასეთი საქციელი? ● როგორი პერსონაჟია ამ ეპიზოდში დევი? |
დევთან სახლში
შეკითხვები მე-5 პაუზის დროს: ● როგორი მასპინძელია დევი? ● რა ზომის შეიძლება ყოფილიყო დევის კეცი? ● რას ნიშნავს ,,მიუფიცხა”? კიდევ როდის შეიძლება გამოვიყენოთ ეს სიტყვა? ● რას ნიშნავს ,,თვალი გეჭიროს”? კიდევ რა სიტყვებით შეიძლება გადმოვცეთ იგივე აზრი? ● რა იგრძენით ამ ეპიზოდის კითხვის დროს? ● ვინც არ იცით ეს ზღაპარი, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება შემდეგ ეპიზოდში? |
კეცის ქვეშ
შეკითხვები მე-6 პაუზის დროს: ● ამ ეპიზოდში ნაცარქექია ამბობს: ,,რა უნდა დამმართნოდა?” როგორი ინტონაციით იტყოდა ამას ნაცარქექია? ხომ არ შეგიძლიათ თქვენც ისე გაიმეოროთ ეს წინადადება? ● როდის შეიძლება ადამიანს ეტკინოს მუცელი? რა უნდა ქნას ამ დროს? რატომ არ შეიძლება ცხელი კეცის დადება? ● როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხვდება დევი ნაცარქექიას ტყუილებს? |
დევის გაქცევა / დევი სახლიდან გარბის
შეკითხვები მე-7 პაუზის დროს: ● როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა დევის სუფრაზე პურისა და ნანადირევის გარდა? ● როგორ აღმოჩნა ნაცარქექია ჭერში? ● შეგიძლიათ განასახიეროთ, როგორ დააცემინებდა დევი? ● რა არის წკეპლა? დირე? კიდევ ხომ არ შეგიძლიათ მოიფიქროთ სიტყვები, რომლებიც ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან? ● როგორ დამთავრდა დევისა და ნაცარქექიას შეხვედრა? როგორ ფიქრობთ, სამართლიანია ასეთი დასასრული? |
შეკითხვები ზღაპრის წაკითხვის შემდეგ:
● როგორ მოიქცა ნაცარქექია, როდესაც თავისი ძმები მოიწვია დევის სახლში? ● რა მოგეწონათ ზღაპარში? რა არ მოგეწონათ? ● რომელ ეპიზოდში შეგეშინდათ ყველაზე უფრო? რომელმა აპიზოდმა გაგახალისათ? როდის დაგწყდათ გული? ● რა რჩევა შეიძლება მივცეთ ნაცარქექიას? მის ძმებს? დევს? |
ზღაპრის პაუზების წაკითხვისა და საჭირო შეკითხვებზე პასუხების შემდეგ სასარგებლო იქნება ილუსტრაციების მიხედვით ამბის გახსენება, არეული ილუსტრაციების თანმიმდევრულად დალაგება. ვფიქრობთ, ამ და სხვა აქტივობებისთვის მასწავლებლებმა შეიძლება გამოიყენონ ჩვენ მიერ დამზადებული სლაიდებიც იმავე არჩილ კუხიანიძის ილუსტრაციებით: https://docs.google.com/presentation/d/1S9SIFzeLtBVXxrfmGovfZtNSAm_TSt9KPD6ewJtwppY/edit?usp=sharing
ამავე ილუსტრაციების გამოყენებით შეიძლება, ბავშვები გავახალისოთ შემდეგი ციფრული რესურსითაც: https://learningapps.org/38849571
რადგან წინასაანბანო პერიოდია (ჩვენ წერილების ამ სერიაში სწავლის საწყის პერიოდს მიმოვიხილავთ, თორემ სრულიად შესაძლებელია ეს და სხვა ზღაპრები მოგვიანებითაც გამოვიყენოთ), ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი — მოსწავლეებში ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოყალიბება. იმისდა მიხედვით, თუ რა ეტაპზე ვართ, — ჯერ მხოლოდ სიტყვების დამარცვლაზე ვმუშაობთ თუ უკვე ბგერებზეც ვვარჯიშობთ,— განვსაზღვრავთ შერჩეული სიტყვების მიხედვით ჩასატარებელი აქტივობების მიზნებს. ეს აქტივობები შეიძლება წარიმართოს შემდეგი სიტყვების გამოყენებით: დევი, ძმა, მდინარე, ბუხარი, პური, ყველი, ნაცარი, სადგისი, სახლი.
ფონოლოგიური სავარჯიშოები შეიძლება ჩატარდეს, როგორც რომელიმე პაუზის დროს, ასევე წაკითხვის დასრულების შემდეგაც, სათანადო ილუსტრირებული ბარათების გამოყენებითაც. ან ორივე შემთხვევაში.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუკი ფონოლოგიურ კომპეტენციაზე ვარჯიშს გამოვიყენებთ წერის საწყისი უნარების გამოსამუშავებლად და ბავშვებს ისეთ სავარჯიშოებს შევთავაზებთ, როგორიცაა: ნახატის შესაბამის სიტყვაში მარცვალთა (თუ ბგერებზე ვვარჯიშობთ, ბგერების) რაოდენობის შესაბამისი ხაზის (ან რკალის, ან რგოლის) ჩაწერა ქართულის ბადეში. ქვემოთ ნიმუშად მოცემულია სავარჯიშოს ფოტო „ახალი დედაენიდან”, სადაც ბავშვებმა ბგერების რაოდენობის მიხედვით უნდა ჩამოუსვან ხაზები:
ასეთი დავალებით ბავშვებისთვის სრულიად მკაფიო იქნება, რატომ წერენ შეთავაზებულ ხაზსა თუ რკალს. ნაცვლად იმისა, რომ უკონტექსტოდ და უაზროდ ააყოლონ რვეულის ერთი კიდიდან მეორემდე ხაზები და რკალები.
კარგი იქნება ზღაპრის ეპიზოდების ინსცენირებაც — ბავშვებს დავუნაწილებთ ნაცარქექიას, დევის, ძმების, მთხრობელთა როლებს…