შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

„ნაწილიანი” – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე

(მეორე ნაწილი)

 

ნინო ზედელაშვილმა 2012 წელს გამოსცა წიგნი, სახელად „ნაწილიანი – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე“. ავტორი მწერალსა და მის ოჯახთან დამეგობრების ულამაზეს ამბავს მოგვითხრობს, მერე მისი მწერლობისა და რეჟისორობის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვაცნობს, რასაც მოჰყვება გოდერძი ჩოხელის მეგობრების, კოლეგების, ოჯახის წევრების მიერ წერილებში ასახული მოგონებები. წიგნს დართული აქვს ფოტომასალა ოჯახის არქივიდან.

წიგნის კითხვისას მკითხველის თვალწინ იძერწება მწერლის პორტრეტი, გოდერძი ჩოხელი – შვილი, ძმა, მოსწავლე, სტუდენტი, მეუღლე, მამა, მეგობარი, რეჟისორი, მწერალი, პოეტი, სცენარისტი, მეზობელი, ბიძა, სულიერი შვილი, მოქალაქე. ვეცნობით მას მრავალმხრივ: წარმატებულსა და ცხოვრებისეულ ქარიშხალში მოყოლილს, აღტაცებულსა და სევდიანს, ხალისიანსა და ფიზიკური ტკივილებით სავსეს, წერაზე, კინოზე, სამშობლოზე, ოჯახზე თავდავიწყებით შეყვარებულ კაცს. მოგონებების ადრესანტებს ერთადერთი ადრესატი ჰყავთ – ყველასთვის საყვარელი გოდერძი ჩოხელი, ადამიანთა გულების გამაერთიანებელი.

ნინო ზედელაშვილის წიგნი „ნაწილიანი – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე“ საინტერესო იქნება როგორც მწერლის შემოქმედების მკვლევრებისთვის, ისე მისი ბიოგრაფიის დაწვრილებით გაცნობის მსურველთათვისაც. ამასთანავე, მოგონებები ეპოქის პოლიტიკურ, ისტორიულ და კულტურულ მოვლენებს ასახავს. მწერლის ფსიქოლოგიური პორტრეტის გაცნობა მკითხველს მისი მრავალმხრივი შემოქმედების – ფილმების, პროზისა და პოეზიის – აღქმას გაუადვილებს.

მოგონებებიდან ამონარიდების გაზიარებამდე მოვიყვანთ წიგნში ასახულ ინფორმაციას გოდერძი ჩოხელის ფილმების შესახებ, რადგან მის მწერლურ შემოქმედებასთან ერთად ფართო საზოგადოებისთვის გოდერძი ჩოხელის კინონამუშევრების შეხსენება მნიშვნელოვანი მგონია:

„ადგილის დედა“, „ნამეხარი მუხა“, „ბაკურხეველი ხევსური“, „აღდგომა“, „მიწისმზომელები“, „ლუკას სახარება“, „ადამიანთა სევდა“, „მეკვლე“, „ცოდვის შვილები“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“, „სიყვარულის ცეცხლი“, „აღდგომის ბატკანი“, „უცხო“ -გოდერძის ფილმები, როგორც წესი, საერთაშორისო კინოკონკურსების პრიზებით აღინიშნებოდა. ობერნჰაუზენის კინოფესტივალის გრან-პრი, ჰიროშიმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, მონტე-კარლოს კინოფესტივალის ვერცხლის ნიმფა, საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი, რუსეთის კინოფესტივალ „კინო-შოკის“ მთავარი პრიზი (სამჯერ), სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის პრიზი, საქართველოს კინოფესტივალ „ოქროს არწივის“ ჟიურის სპეციალური პრიზი და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია – ეს არის არასრული ნუსხა გოდერძი ჩოხელის მიერ კინემატოგრაფიაში გაწეული ღვაწლის აღიარებისა, ყველაზე დიდი ჯილდო კი, რაღა თქმა უნდა, ქართველი ხალხის სიყვარულის დამსახურებაა“.

 

ამონარიდები მოგონებებიდან

„გოდერძი ჩოხელის მრავალმხრივი შემოქმედება სიკეთისა და სიყვარულის სადიდებელია. ეს არის პიროვნება, რომელიც მთელი გულწრფელობით უხსნის თავის შინაგან მდიდარ სამყაროს ადამიანებს და საოცარი უბრალოებით აფიქრებს მათ ღრმა ფილოსოფიურ საკითხებზე“. – ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი

„მას ჰქონდა საოცარი უნარი – მთელი არსებით განიცდიდა მოყვასის ტკივილს, ნებისმიერ ჩაგვრას, უსამართლობას და, ამავე დროს, შეეძლო დამტკბარიყო მშვენიერებით, სიკეთით, სიყვარულით. გოდერძი რაღაც განსაკუთრებული სიმძაფრით აკეთებდა ამას“. – მეუფე დანიელი (დათუაშვილი), ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი

„გოდერძი ჩოხელი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. იგი ქართულ ნიადაგზე დგას შესანიშნავი შემოქმედებით, მაგას შემოევლოს ჩემი თავი! გოდერძი ჩვენი ქვეყნის სიამაყეა“. – გურამ დოჩანაშვილი, მწერალი

„გოდერძი ჩოხელი უნიჭიერესი ადამიანი, უპატიოსნესი პიროვნება და უდიდესი შემოქმედი იყო. იშვიათად მინახავს ასეთი მართალი მხატვარი, ასეთი მართალი პიროვნება, გენიალური იყო როგორც მწერალი, ასევე რეჟისორიც“. – გიგა ლორთქიფანიძე, კინორეჟისორი

„მე გოდერძის ახლო მეგობარი არ ვიყავი, მაგრამ ნამდვილად კარგად ვიცნობდი მას და მის შემოქმედებას. გენიალური ადამიანი იყო. ძალიან დიდ პატივს ვცემდი როგორც ქართველ კაცს და დიდ შემოქმედს“. – ოთარ ჭილაძე, მწერალი

„დარწმუნებული ვარ, რომ იმქვეყნად მას პირველად ვაჟა შეეგებება, დაჰკრავს ბეჭზე ხელს და ეტყვის: „ყოჩაღ, ბალღო!“ – გოგი დოლიძე, კინომცოდნე

„თავი სიზმარში მეგონა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში გოდერძი ჩოხელი კითხულობდა ვაჟა-ფშაველას ულამაზეს პოეზიას და დღესაც გული მწყდება, რომ მე მისი ერთადერთი მსმენელი ვიყავი. ეს იყო წუთები, რომელიც უნდა ენახათ ახალგაზრდებს. წლები გავიდა, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს ის დღე, მახსოვს მისი მშვიდი, მტკიცე და ლამაზი ხმა. არაჩვეულებრივად კითხულობდა“. – ნინო ზედელაშვილი

„ამირან, მე წავედი. შეიძლება მთის ხატებმა ჩემი უკან დაბრუნება მოიწადინონ. გკოცნი ბევრს. გოდერძი“. – მიაწერე ერთხელ ჩემი საერთო რვეულის ყდას და წახვედი მთაში. სამი ათეული წლის წინანდელი ის რვეული დღემდე შემომრჩა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ახლაც ამ სიტყვებით მემშვიდობები და ჩვენი განშორებაც დროებითია“. – ამირან არაბული

„ერთხელ ამერიკაში ყოფნის დროს ვიჯექი და ვფიქრობდი, სად დამერეკა. პირველი, ვინც გამახსენდა, გოდერძი იყო. სიტყვა „მოიფიქრა“ არ შეესაბამება იმას, რასაც გოდერძი აკეთებდა. ის სიუჟეტები და სიტყვები მასში ბუნებრივად იბადებოდა. ვინმემ რომ მკითხოს, რომელ თვისებას გამოვყოფდი გოდერძის პიროვნების დასახასიათებლად, უყოყმანოდ ვუპასუხებ, რომ ეს იყო მისი გასაოცარი თავმდაბლობა, რომელშიც ჩანდა მისი სიდიადე“. –კახი კავსაძე, მსახიობი

„თოვლი არ იყო, არადა, გადაღებისთვის აუცილებლად გვჭირდებოდა. გოდერძი ადგა და სალოცავში წავიდა, საღამოს დაბრუნდა. მეორე დილას რომ გავიღვიძეთ, ისე ბარდნიდა, გარშემო აღარაფერი ჩანდა. ყველანი გავოცდით, ვერ ვიჯერებდით, უზარმაზარი ფანტელები მოდიოდა ციდან. გოდერძის ვეკითხებოდით: მართლა სთხოვე ღმერთსო? ის კი იღიმებოდა ალალი ღიმილით: ჰო, რა ვიცი, მე კი ვთხოვე და… დღემდე მიკვირს ეს ამბავი, არადა ჩემ თვალწინ მოხდა“. – გურამ ფირცხალავა, მსახიობი

„გოდერძი ჩემი სიბერის ნათელი წერტილი იყო. ჩვენი შეხვედრა გვიან მოხდა, მაგრამ დიდი წარმატებით დაიწყო, იმიტომ, რომ პირველმა ფილმმა, რომელიც ერთად გადავიღეთ, გრან-პრი აიღო. ეს იყო „სამოთხის გვრიტები“. ამ ფილმის შემდეგ სულ ერთად ვიყავით, განუყრელნი გავხდით“. – გივი ბერიკაშვილი, მსახიობი

„ის მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში პირდაპირ გუდამაყრის ხეობიდან, თავისი ჩოხიდან, – რაც კარგები ვართ, ჩოხელები ვართო, ამბობდა სიცილით, – პატარა გამხდარი ბიჭი, რომელიც სრულებით არ ჰგავდა სტერეოტიპულ მთიელს და მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება თავისი არაახალგაზრდულად დაკვირვებული მზერით, სხვებისგან განცალკევებისა და სიჩუმისადმი მიდრეკილებით, და, რაც მთავარია, წერის ღვთით მომადლებული ნიჭით. ეს მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემი დავალებით – პირველი კურსის სტუდენტმა – პირველი მოთხრობა დაწერა ხევსურული სოფლის ანატორის ტრაგიკული ბედის შესახებ. უკვე მაშინ, ამ აშკარად გამოუცდელი ხელით ნაწერში, სიტყვის ისეთი ძალა, წარმოსახვის ისეთი უნარი იგრძნობოდა, რომ უცებ სული შემეხუთა, რადგანაც მივხვდი – ამ მორცხვი და თავისებურად ფაქიზი მთიელის სახით საქართველოს ჭეშმარიტი მწერალი მოევლინა!“ – ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი

„დიდი მადლობა, რომ ბაგრატის სასახლის ნანგრევების ჩუქურთმებს კოცნიდი, მერე ხელები გაშალე არწივის მართვესავით, სირბილით მიადექი მისი ეზოს კბოდეს და გაბრწყინებული სახით რიონის ხეობას ომახიანად გასძახე: – შენ გენაცვალე, საქართველო! დიდი მადლობა მითქვამს, ჩემო გერგეტის ტაძრის ანგელოზო, ხევის, ხევსურეთის მარგალიტო, გმადლობ, რომ არსებობდი, ამშვენებდი, ამდიდრებდი შედევრებით ხელოვნებას და მწერლობას“. – ნინო ჩხეიძე

„ერთხელ ცდოში ქვაზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. ახალი დუბლი უნდა გადაგვეღო, მთელი ჯგუფი მოემზადა და ველოდით გოდერძის. ის ჩვენგან ზურგშექცევით იჯდა, აღარ ვახსოვდით. გვერდით მივუჯექი, წყნარი ხმით მისი ლექსის „სად დაგიჩოქო, არაგვო“ კითხვა დავიწყე. ნელ-ნელა ხმას ავუწიე, დავამთავრე ლექსის წაკითხვა და მოვიხედე, გოდერძი გაღიმებული მომჩერებოდა: „წავიდეთ, ქალბატონო თამარ, გადავიღოთ!“ თავისივე ლექსით გამოვიყვანე იმ გარინდებიდან და ჩვენთან დავაბრუნე“. – თამარ სხირტლაძე, მსახიობი

„აუუუო! – დაიყვირა გოდერძიმ, – ცოცხალ ეთეროს შევხვდიო… – შავი ტყავის „კურტკის“ ჯიბეში ჩაყოფილი ხელით ტყავი სარჩულის მხარეს გადაიბრუნა. კინაღამ დავიკივლე: დახეული ჯიბის სარჩულიდან ბაყაყს თავი არ გამოუყვია?! დგაფადგუფი გაუდის მის ყელს. თვალები ზომაზე მეტად დაუჭყეტია და კრუტუნებს… გოდერძიმ ჯიბესთან მიუტანა ტუჩები და ბაყაყს აკოცა. ჩემთვის გავიფიქრე, მთლად დალაგებული ვერ არის-მეთქი. ასე გადავწყვიტე, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად სჯიდა და იმ დღის შემდეგ დავახლოვდით“. – ეთერ თათარაიძე, პოეტი

„შეიძლება, ვინმემ მკრეხელობად ჩამითვალოს, მაგრამ ვიტყვი, რომ გოდერძი ჩოხელის შემოქმედება ბიბლიასავითაა, ის ჭკუას არ გარიგებს, – გასწავლის, როგორ არ უნდა იცხოვრო, თუ ოდნავ მაინც გინდა უფალთან მიახლოება“. – ჯემალ ჭკუასელი

„გოდერძის ცხედარი სახლიდან ქაშვეთის ეკლესიაში უნდა გადაესვენებინათ. საღამო იყო, ბინდი იდგა, მაგრამ ლამპიონები არ ენთო. დამამახსოვრდა საოცარი ფაქტი: როდესაც ის ეზოში გამოიყვანეს, გარშემო უცნაური, იისფერი ნათება იყო“. – დარეჯან ხაჩიძე, მსახიობი

„გოდერძი სტუდქალაქში ყოფილა მეგობრებთან მიწვეული. დაუგვიანია. წვეულებაზე მისულს მხრებით მიუტანია ძლიერი ქარისგან ფესვებიანად მოგლეჯილი ხე და უთქვამს: „ქარს მოეგლიჯა, შემეცოდა, მარტო ვერ დავტოვე და თან წამოვიღე!“ ამ ამბავს რომ ვიხსენებ, ბუნებრივად მიჩნდება აზრი: გოდერძი ჩოხელი თავად იყო მისი ყველა მოთხრობის გმირი: ვაჟი გოგიც, ბერიც, მაქსინაც, გამიხარდაიც, ბიბღაც, შუღლაიც, სტეფანეც, აჩლახუნეც, სებაც, თადეოზიც, ლუკაც…“ – ვახტანგ გურული

„ჩვენ ვთანამშრომლობდით საფრანგეთში ჟორჟ პომპიდუს სახელობის კინოცენტრთან. ამ ცენტრმა 1991-1992 წლებში ორი ფილმი დააფინანსა. ერთი ფილმის გადაღების უფლება მიეცა ნოდარ მანაგაძეს, მეორე კი რეზო ჩხეიძემ, სცენარის უნახავად, გოდერძის მისცა. იცოდა, რომ გოდერძის საინტერესო სცენარები ჰქონდა. ფრანგები ფილმების თანამონაწილენი იყვნენ. გოდერძიმ თავისი ბრწყინვალე რომანის „მგლების“ მიხედვით დაწერა სცენარი და ფილმის თითქმის ნახევარი გადაიღო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა საომარმა მდგომარეობამ ყველანაირი კინოსაქმიანობა გაყინა და, შეიძლება ითქვას, გაანადგურა“. – ანდრეი ლოგვინოვი, პროდიუსერი

„გადაღებაზე 60 კაცია დასაქმებული, შალიკო დაიგვიანებს, ჩვენი მოცდენა არ იქნებაო – უთქვამთ გოდერძისთვის. გოდერძის გაღიმებია: შალიკო მე არ მიღალატებსო. ღამე კოცონთან მსხდარან. როცა ღამე დათვის ჯვრის უღელტეხილი გადმოვიარეთ, გოდერძის შუქები დაუნახავს და უთქვამს ხალხისთვის: აგე, მანქანის შუქები ჩანს, შალიკო მოდისო, დილით განახლდა გადაღება“. – შალვა ქირიკაშვილი, მსახიობი

„დაყოფილ-დაწეწილი ქვეყნის დარდი მჭამსო… ის, რომ ერთიანობისა და ურთიერთგაგების მადლთან ერთად ერთმანეთის სიყვარულიც დავკარგეთ… მტრისგან რომ იყოს, არც დამწყდება გულიო, მტერია და უნდა გიმტროს, შენი სისხლი რომ გიღალატებს და გაგიბზარავს სულს, იმ გაბზარულის გამთელება იოლი არ იქნებისო…“ – თამარ შაიშმელაშვილი, პოეტი

„ყაზბეგში ალექსანდრე ყაზბეგის საფლავთან მივედით. გოდერძიმ დაიჩოქა და მოეფერა, უცებ ცხვირიდან სისხლი წასკდა, გადავაწვინეთ, რომ წამოდგა, ისევ დაიჩოქა საფლავთან და ისევ სისხლდენა დაეწყო. ეს რამდენჯერმე განმეორდა. დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა“. – გოდერძი მარსაგიშვილი, გოდერძის ძმადნაფიცი

„14 აპრილის დემონსტრაციებში ყველა ვმონაწილეობდით. გოდერძი ემოციებს ვერ ფარავდა. დაგვიჭირეს, მაგრამ მალევე გამოგვიშვეს.

ჩვენს კორპუსს ფანჯრებზე რკინის გისოსები ჰქონდა მიკრული, ოთახშიც რკინის საწოლები გვედგა. ციხეში მეგონა თავი, საწოლს რკინის თავი მოვაშორე და ტახტის ფორმა მივეცი. გოდერძიმ ნახა, მოეწონა, სხვებსაც ანახა და ყველამ თავის საწოლს მოაჭრა თავი. ერთგვარი პროტესტი გამოგვივიდა“. – ქეთევან ჩიხაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი

„ბავშვივით სუფთა ბუნების გოდერძი უზნეობას ვერ იტანდა, მისი თანდასწრებით ცუდის თქმა არ შეიძლებოდა, დენთივით იყო, თუ აფეთქდებოდა, კაცი ვერ გააჩერებდა. ჩვენს კორპუსში ერთი აფხაზი, გვარად ჭკადუა ცხოვრობდა. ამ აფხაზმა შეყვარებულს ბავშვი გააყიდვინა. ეს ამბავი გოდერძიმ რომ გაიგო, ყურებს არ უჯერებდა, შეუვარდა იმ ჭკადუას და ისე სცემა, ერთი კვირა ფეხზე ვეღარ დადგა. იმან უჩივლა და გოდერძი დაიჭირეს, ღმერთმა გაანათლოს იაკობ ტრიპოლსკი, მან გამოაშვებინა“. – ლევან აბულაძე, მხატვარი

„ახლა რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი დგას, პირდაპირ დიდი მოედანი იყო და მამას იქ დავყავდი – ჭიანჭველებსა და ჭიამაიებს ქვებითა და ჯოხებით სახლს ვუშენებდით… ერთხელ კალია შემოხტა და ჭაღზე დაჯდა. მოსაკლავად მივვარდი. არ მოკლაო, – გოდერძიმ მთხოვა. ფეხებში მოვკიდე ხელი და გარეთ გავსვი. სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. ბუზის მოკვლასაც არ მანებებდა“. – ლუკა ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის უფროსი შვილი

„ახლა, როცა მამა აღარ არის, ხშირად ვფიქრობ მის საოცარ დამოკიდებულებაზე ჩვენ მიმართ. ის ერთდროულად თითქოს მამაც იყო, ბაბუაც, თანატოლიც, უყვარდა ჩვენი მეგობრები, მათთან საუბარი. დედა ზოგჯერ რაღაცას გვიკრძალავდა, მამა პატივს გვცემდა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევდა“. – ნიკა ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის უმცროსი შვილი

„მე და გოდერძი უმამოდ გავიზარდეთ. მთაში ძნელია ცხოვრება, ოჯახის გაძღოლა. დედას დიდი ჯაფა უწევდა, მთელი დღე შრომობდა, თიბავდა, ხვეტავდა, საქონელს უვლიდა. სულ საქმეს აკეთებდა, არ ეცალა და გოდერძი მე გავზარდე.

ბავშვობაშიც თავისებური იყო. დაჯდებოდა თავისთვის მარტო და აყვავებულ ხეებს უყურებდა. თუ ეცალა, წიგნს ვერ მოაშორებდი, ძალიან უყვარდა კითხვა.

დედაჩემს და ჩემს ძმას უცნაური სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი, უსიტყვოდ, შორ მანძილზეც ესმოდათ ერთმანეთის ფიქრი და გულისცემა“. – ელისო ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის და

„ლელა კარგი ქალი იყო, მაგრამ ვერ შევეწყვეთ. ალბათ, ჩემი ახალგაზრდობის ბრალიც იყო. სხვა ოჯახი შევქმენი, თუმცა შვილები აღარ მყოლია. გოდერძიმ მაპატია, რომ მამობა ვერ გავუწიე. როცა ჩემს შვილებს ვჭირდებოდი, მათ გვერდით არ ვიყავი. ახლა გოდერძი აღარ არის, 80 წლის ასაკში მყოფს გული მტკივა იმ წლების გამო“. – ნიკო ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის მამა

„მე და ჩემმა მეგობრებმა გავიცანით გოდერძი. არ მახსოვს, მაშინ რაზე ვილაპარაკეთ. ალბათ, მოვეწონე, რადგან წამოსვლისას, უკვე ავტობუსში მყოფს, ულამაზესი თეთრი ყვავილი მომართვა. თითქოს მორიდებული გოდერძი თავისუფალი აზროვნებითა და ქცევით გამორჩეული, უცნაური ბიჭი იყო. დამშვიდობებისას ქურთუკის ღილზე მომკიდა ხელი, მოატრიალა და მოწყვიტა. დაქორწინების მერე სახლში ვნახე ის ღილი, შეუნახავს.

1982 წელი იყო, გოდერძი ტელევიზიაში ჩემთან მოვიდა, ცალკე გამიყვანა და მითხრა: „ან დღეს გამომყვები ცოლად, ან არასოდეს!“ მიტრიალდა და წავიდა, გულში რაღაც ჩამწყდა, მეგონა ყველაფერი დამთავრდა, დამთავრდა რაღაც ძალიან სუფთა, ლამაზი… და მივხვდი, მივხვდი, რომ მეც არ შემეძლო უიმისოდ არსებობა… იმ საღამოს ზურა ქაფიანიძემ გადაგვიხადა პირველი ქორწილი. ზურამ მოიტანა ღვინო, გაიშალა პურმარილი და ისეთი ქორწილი გვქონდა თავისი ცეკვა-სიმღერით, ლექსებით, დღესაც მახსენდება ხოლმე. ძალიან ბედნიერები ვიყავით.“ – ნინო მელაშვილი, გოდერძი ჩოხელის მეუღლე

ზურაბ კიკნაძე ქართული მითოლოგიის ენციკლოპედიაში ქორწილს ამგვარად განმარტავს: „ძველი ცხოვრების დასასრულისა და ახლის დასაწყისის სიმბოლო. ქორწილით, როგორც საბოლოო მიზნის აღსრულებით, მთავრდება ჯადოსნური ზღაპრების მეტი წილი… ქორწილი ერთიანობის, სიხარულის, იმედის ჟამია“.

გოდერძი ჩოხელზე მოგონებებიდან ამოკრეფილი ამონარიდები სიმბოლურად მისი მეუღლის, ნინო მელაშვილის მიერ ქორწილის გახსენებით სწორედ ამიტომ დავასრულეთ. ბავშვობაში სიზმრად ნანახი გოგო მწერალმა მრავალი წლის შემდეგ ქალაქში იპოვა და წყვილმა ზღაპრის მსგავსად დაბრკოლებებითა და სიხარულით სავსე ცხოვრება გაიარა. მათი სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებ მეგობრები ულამაზეს ამბებს ჰყვებიან, „გვაგონებს ერთიანობის, სიხარულის, იმედის ჟამს“.

ცხადია, სტატიაში მოყვანილი ამონარიდები მხოლოდ ნაწილია წიგნში არსებული მასალისა. განსაკუთრებით ამაღელვებელია მეგობრების მოგონებები და მწერლისადმი მათი მიმართვის ფორმა – „გოდე“.

ნინო ზედელაშვილის წიგნის წაკითხვის შემდეგ გაკვირვებული ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, ამდენ ადამიანში დატოვო ულამაზესი კვალი, სითბო, სიყვარული; თითქოს გოდერძი ჩოხელის გახსენებისას ადამიანები ძალიან სათუთ, სულიერებით ავსებულ სამყაროში მოგზაურობენ; მთელი არსებით იაზრებ, როგორი დადებითი, კეთილი ძალა ჰქონდა გოდერძი ჩოხელს.

შესაძლებელია ჩემ მიერ შერჩეული ამონარიდების მიხედვით წარმოდგენის დადგმა – ბავშვები წაიკითხავენ მოგონებებს, შევარჩევთ მუსიკას, დავდგამთ კოსტიუმირებულ პანტომიმას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ნინო ზედელაშვილმა გამოსცა წიგნი სახელად „დარდების შემგროვებელი“, რომელიც გოდერძი ჩოხელის შესახებ არსებული მოგონებების ახალი კრებულია. ამ წიგნის სახით მკითხველს წინ დიდი ბედნიერება ელის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნინო ზედელაშვილი, ნაწილიანი. რედ. კატო ჯავახიშვილი. თბილისი, საუნჯე, 2012

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“