შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ჩილეს ამაყი შვილი, ლაუტარო – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უწყვეტი ისტორია

მეორე ნაწილი

(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)

 

ვისთვისაც უცნობია ჩილეს ტყეები, მისთვის უცნობია ეს პლანეტა. მე ამ ადგილებიდან მოვდივარ, ამ ტალახიდან, ამ სიჩუმიდან, რათა ვიმღერო მთელი მსოფლიოს გასაგონად.

პაბლო ნერუდა, ჩილელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, 1971

 

ისტორია გვიჩვენებს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი ლათინური ამერიკისა და ზოგადად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების ხალხებისა და მათი კულტურების დაპყრობითა და მათი გარკვეულწილად, „ევროპეიზაციით“ დაიწყო, რამაც სრულად შეცვალა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ცივილიზაციური და ისტორიული განვითარება. სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისტორიის „უკან დაბრუნება“ შეუძლებელია.

ესპანელი კონკისტადორების (ესპ. conquistador — დამპყრობელი) სახელები, როგორებიცაა ვასკო ნუნიეს დე ბალბოა, ერნან კორტესი, ფრანსისკო პისარო, პედრო დე ალვარადო, ლოპე დე აგირე, პანფილო დე ნარვაესი, დიეგო დე ალმაგრო და მრავალი სხვა, გაცილებით ცნობილია, ვიდრე მკვიდრი სამხრეთ ამერიკელების ლიდერთა ცხოვრება და მოღვაწეობა. ესპანელი, პორტუგალიელი, ფრანგი, ჰოლანდიელი და ბრიტანელი დამპყრობლების სახელები სისხლისფერი ასოებით ჩაიწერა სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ისტორიაში. ევროპულმა მონარქიებმა დაიპყრეს ამერიკის ორივე კონტინენტი და სამხრეთ ამერიკის ნებისმიერ ქვეყანას, კოლონიზაციისა და მისი მარწუხებისგან გათავისუფლების თავისი მწარე ისტორია აქვს.

ჩილელი და არგენტინელი მკვიდრი მოსახლეობის, მაპუჩეს (ესპანურენოვან წყაროებში, არაუკანები) ისტორია გარკვეულწილად უნიკალურია. სამხრეთ ამერიკაში ცოტაა ის ხალხი თუ კულტურები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის. სწორედ ასეთნი აღმოჩნდნენ მაპუჩე-არაუკანელები, რომლებიც დღევანდელი ჩილეს რესპუბლიკის უდიდესი ამერიკულ-ანდური (არაევროპეიდული, ან მცირე მეტისიზაციის) ეთნიკური ჯგუფია, რომელიც ძირითადად ქ. სანტიაგოს სამხრეთით ჩილესა და არგენტინის ცენტრალურ რაიონებში, ანდების მთაგრეხილის ორივე მხარეს ცხოვრობს.

არაუკანების ჯიუტი წინააღმდეგობისა და ესპანეთის მონარქიის წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ესპანელების კოლონიზაციის დროს, მათ მოიპოვეს რეალური ავტონომია, რომლის ფარგლებში შეეძლოთ, ჰყოლოდათ საკუთარი შეიარაღებული რაზმები და აეგოთ სამხედრო-საფორტიფიკაციო ნაგებობები საზღვრისპირა რაიონებში – ეს უნიკალური შემთხვევაა, ზოგადად კოლონიების ისტორიაში. „არაუკოს ომები“ საბოლოოდ მხოლოდ ჩილეს რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, „არაუკანიის დაწყნარების“ შემდეგ, 1891 წელს!

ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკის როლის გააზრება, გლობალიზაციისა და „ევროპული“ ჰეგემონიის კონტექსტში და მისი გამოყოფა დღევანდელ გლობალურ მოდელში. ამერიკა შეიქმნა როგორც ძალაუფლების ახალი მოდელის პირველი სივრცე/დრო, რომელსაც სათავეში გლობალისტური მიმართულება და მისწრაფებები ჰქონდა. ამ იდეოლოგიამ ეს სამყარო (ამერიკა) თანამედროვეობის პირველ და მთავარ იდენტობად ჩამოაყალიბა. საზოგადოებისა და სამყაროს მოწყობის „ამერიკული წესი“ მსოფლიოს წესად ან სხვაგვარად, მსოფლიოში „მიღებულ“ რეგულაციად გადაიქცა.

ამ გლობალური სივრცის/დროის ფორმირებისთვის აუცილებელი გახდა ორი ისტორიული პროცესი, რომელთა თანხვედრამ წარმოშვა მმართველობის/ძალაუფლების მოდელის ორი ღერძი.

ერთი მათგანი გახდა „დამპყრობლებსა“ და „დაპყრობილებს“ შორის განსხვავებების კოდიფიკაცია „რასის“ იდეის მეშვეობით – თითქოსდა ადამიანებს შორის არსებული ბიოლოგიური სტრუქტურების განსხვავებულობის მიხედვით, რაც დაპყრობილებს, სხვებთან შედარებით, ავტომატურად „აქცევდა“ არათანაბარ მდგომარეობაში. დამპყრობლებმა ეს იდეა ფუნდამენტურად აქციეს, რამაც გამოიწვია დაპყრობილებთან ურთიერთობების მთელი „სისტემის“ შექმნა. ეს „სისტემა“ გულისხმობდა დამპყრობლების მიერ თავსმოხვეულ დომინაციას დაპყრობილ ხალხებზე (!)

ამ მანკიერი იდეოლოგიისა და „სისტემის“ საფუძველზე, ორივე ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, შემდგომ კი დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობაც (აფრიკაში, აზიაში და ოკეანიაში), ძალაუფლების ახალი მოდელის მიხედვით დაჰყვეს კლასებად, ან ჯგუფებად. ამის თანმდევი პროცესი გახდა შრომის, ბუნებრივი რესურსებისა და პროდუქტების კონტროლის ახალი სტრუქტურის ფორმირება. ეს ახალი სტრუქტურა აერთიანებდა შრომის კონტროლის ადრე ცნობილ ყველა ფორმას – მონობას, ბატონ-ყმობას, წვრილ წარმოებასა და ურთიერთდახმარება-თანამშრომლობას, რომელიც ემსახურებოდა და ეყრდნობოდა ევროპის ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაში ახლად წარმოქმნილ ბურჟუაზიულ კაპიტალსა და მსოფლიო ბაზარს.

ისტორიული ფაქტი: 1558 წელს ესპანელებმა არაუკანებით (მაპუჩე) დასახლებულ ტერიტორიებზე (დღევანდელი სამხრეთი ჩილე და არგენტინის პატაგონია) შემოიღეს ახალი კანონი, დაწერილი XVI . ესპანელი იურისტის, ფერნანდო დე სანტილიანის მიერ.. „სანტილიანის ვალდებულება/წესი“ (ესპ. Tasa de Santillán), რომელიცარეგულირებდაურთიერთობებს ესპანელებსა და მაპუჩეს ხალხებს შორის. ამ კანონის შემოღება განაპირობა მკვიდრი მოსახლეობის მკვეთრმა შემცირებამ და მიგრაციამ, რაც ინდიელებისადმი ესპანელების ცუდმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. „სანტილიანის გადასახადისარსი ის გახლდათ, რომ მაპუჩეს (არაუკანების) ტომის თითოეულ ბელადს (კასიკს) ესპანელები ავალდებულებდნენ, წიაღისეულის საბადოებზე და მაღაროებში გაეგზავნა ყოველი მეექვსე მამაკაცი, ხოლო სასოფლოსამეურნეო სამუშაოებზეყოველი მეხუთე. სამუშაოებისგან თავისუფლდებოდნენ ქალები და 18 წელზე ახალგაზრდა და 50 წელს გადაცილებული პირები. „სანტილიანას წესიასევე ითვალისწინებდა იმას, რომ ესპანელები გამოკვებავდნენ და უმკურნალებდნენ მაპუჩეს ხალხს, უზრუნველყოფდნენ მათ მოქცევას ქრისტიანობაზე, უარს იტყოდნენ მათთან ცხოველურ მოქცევაზე და არ დააძალებდნენ მათ კვირაობით და დღესასწაულებზე მუშაობას. აქვე დგინდებოდა სამუშაოებზე მყოფთათვის ალკალდების (დაახლოებით, ადგილობრივი ბრიგადირების) სისტემის შემოღება, რომლებიც მაღაროებში ოქროს მრეცხავებს შორის დისციპლინასა და წესრიგს მიხედავდნენ.

ანიბალ კიხანოს ზემოთ ხსენებული, გახმაურებული სამეცნიერო სტატიის მიხედვით, ადამიანთა რასა მენტალურ კატეგორიად არის ჩამოყალიბებული და დღევანდელი მმართველობის მოდელის არსებულ ნაწილს წარმოადგენს. რასის იდეას, მისი თანამედროვე მნიშვნელობით, ამერიკის კოლონიზაციის პერიოდამდე არ გააჩნდა მეტ-ნაკლებად ცნობილი წარსული ან ისტორია. შესაძლოა, მისი გაჩენა დამპყრობლებსა და დაპყრობილებს შორის არსებულ ფიზიკურ და ფენოტიპურ განსხვავებას უკავშირდებოდეს. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ კოლონიზაციის პირველი წლებიდან მალევე მოხდა რასობრივი თეორიის შექმნა-კონსტრუირება, ამ ჯგუფებს შორის სავარაუდო ბიოლოგიური განსხვავებების ხაზგასმისა და აღნიშვნის მიზნით! სამწუხაროდ, რასისტული „თეორიებისა“ და იდეოლოგიის ჩამოყალიბება-გამყარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ევროპის ისეთმა მოაზროვნეებმა დ ავტორებმა როგორებიც იყვნენ ვოლტერი, რობერტ ბოილი, ანრი დე ბულენვილიე, კარლ ლინეი, იმანულ კანტი, იოჰანეს ბლუმენბახი, ბენჯამინ რაში, ჟორჟ კიუვიე, გეორგ ჰეგელი, შარლ დე მონტესკიე და სხვები, რომლებიც ქმნიდნენ რასობრივი თეორიის საფუძვლებს.

სოციალურმა ურთიერთობებმა, რომლებიც რასის კატეგორიას ემყარებოდნენ, დასაბამი მისცეს ახალი ისტორიული იდენტობის – ინდიელები, შავკანიანები და მეტისები – ჩამოყალიბებას ამერიკაში. ტერმინებმა „ესპანელი“ ან „პორტუგალიელი“ და მოგვიანებით „ევროპელი“, რომლებიც მანამდე მხოლოდ გეოგრაფიულ შინაარს გულისხმობდნენ, „ახალ სამყაროში“ რასობრივი კონოტაცია შეიძინეს ზემოთ ნახსენებ ახალ იდენტობებთან ერთად.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩამოყალიბებული სოციალური ურთიერთობები დომინირების ურთიერთობებს წარმოადგენდნენ, ასეთი იდენტობები არსებული იერარქიის, ადგილისა და შესაბამისი სოციალური როლების შემადგენელ ელემენტებად ითვლებოდა. სხვა სიტყვებით, იქმნებოდა კოლონიური ბატონობის მოდელი, რომელსაც თავს ახვევდნენ ახლად დაპყრობილ ხალხებს მათსავე ტერიტორიაზე. შედეგად მივიღეთ ის, რომ რასა და რასობრივი იდენტობები, სოციალური კლასიფიკაციის საბაზო ინსტრუმენტად გადაიქცა.

ანიბალ კიხანოს წარმოდგენით, ძალაუფლების კოლონიალურმა სტრუქტურებმა, განვითარების განმავლობაში შვეს სოციალური დისკრიმინაციის სპეციფიკური ფორმები, რომელთა გაგება შესაძლებელია (დროის, აგენტებისა და მოსახლეობის გათვალისწინებით) „რასობრივი“, „ეთნიკური“, „ანთროპოლოგიური“ და „ნაციონალური“ კატეგორიებით. სამწუხაროდ, ეს ინტერსუბიექტური კონსტრუქციები წარსულში მიღებულ იქნა, როგორც „ობიექტური“ და ხშირად, „მეცნიერული“ კატეგორიები; როგორც ბუნებრივი მოვლენა, რომელიც თითქოსდა არ არის კავშირში ძალაუფლების ისტორიასთან(!)

თუ პროცესს გვერდიდან შევხედავთ, დავინახავთ რომ იგი ითვალისწინებს მსოფლიო რესურსების ძალადობრივ კონცენტრაციას, პირობითად „ევროპული“ (ან „თეთრი“) უმცირესობის მმართველი კლასების სასარგებლოდ და ამ რესურსების მოპოვების, გადამუშავების თუ ტრანსპორტირება-განაწილების სრულ კონტროლს.

„იმ საზოგადოებებისა და კულტურების დაპყრობით, რომელსაც დღეს ლათინურ ამერიკას ვუწოდებთ, დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება, რომლის კულმინაციადაც ხუთასი წლის შემდეგ იქცა გლობალური ძალა, რომელიც დღეს მთელს პლანეტას ფარავს. ეს პროცესი გულისხმობდა მსოფლიოს რესურსების ძალადობრივად კონცენტრაციას მცირერიცხოვანი ევროპული უმცირესობისა და მისი მმართველი კლასების კონტროლქვეშ და მის სასარგებლოდ. მიუხედავად ჩაგრულთა აჯანყებების შედეგად დროებითი ან შემთხვევითი შერბილებებისა, ეს პროცესი, იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე გრძელდება“, – წერს ანიბალ კიხანო.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კოლონიალიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფორმალურად იქნა ლიკვიდირებული, დამოკიდებულება ევროპულ (ან „დასავლურ“) და სხვა კულტურებს შორის, კვლავ კოლონიური ბატონობის ხასიათს ატარებს. საუბარია არა მხოლოდ „ევროპული“ კულტურის ბატონობასა და გავლენაზე სხვა კულტურებზე, არამედ სხვა (არადასავლური) კულტურების მეტ-ნაკლები ინტენსიურობითა და სიღრმით „კოლონიზაციაზე“. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს პროცესი, ე.წ. ლათინურ ამერიკაში, სადაც ევროპული კულტურული ფენა დიდად ჭარბობს ინდიგენურ, ავტოქტონურ კულტურულ ფონს, რომელიც ბევრგან თითქმის დაკარგულია.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ეს პროცესი ეს პირველ რიგში გულისხმობდა დაქვემდებარებულთა წარმოსახვის დაპყრობა-კოლონიზაციას, ახალი, „დასავლური“ ან „პროგრესული“ ხატებითა და წარმოდგენებით. წარმოსახვის კოლონიზაციის ერთ-ერთი მეთოდი გახდა საკუთარი (ევროპული ან დასავლური) წარმოების მოდელებისა და შინაარსების გარკვეულწილად მისტიკური ხატის შექმნა. ნელ-ნელა, კოლონიზაციის მსხვერპლ ქვეყნებსა და მის მმართველ კლასებს, კოლონიზატორები საშუალებას აძლევდნენ „ზიარებოდნენ“ კოლონიზატორთა მართვის წესებსა და განათლების სისტემებს. შემდგომ ხდებოდა ახალი ადგილობრივი ელიტის ჩართვა მმართველობის არსებულ ინსტიტუტებში (სამხრეთ ამერიკაში ეს, ძირითადად, უცხოური სამთო-მომპოვებელი და სასოფლო-სამეურნეო კორპორაციების მენეჯმენტში ადგილობრივების ჩართვას გულისხმობდა, 1960-დან დღემდე, მეტ-ნაკლები ცვლილებებით, ლათინური ამერიკის ბაზრებზე სრულად დომინირებდნენ უცხოური, ძირითადად ამერიკული კორპორაციები: British American Tobacco, Bunge, Philip Morris, Alocoa, ADM (Archer Daniels Midland), Norsk Hydro (ნორვეგია), Cargill, Unilever PLC, Colgate-Palmolive Company და Procter & Gamble, Louis Dreyfus (ჰოლანდია).

შედეგად, საზოგადოების ნაწილისთვის დასავლური კულტურა და წესები მიმზიდველი მიზანი ხდება, რადგან იგი მას საშუალებას აძლევს „მოხვდეს“ ახალ ელიტაში ან ძალაუფლებაში. ჩვეულებრივ, გარდა რეპრესიებისა, ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ცდუნებაც გამოიყენება. საბოლოოდ, კულტურული ევროპეიზაცია გადაიქცევა „მისწრაფებად“ ან „ლტოლვად“. ის ხდება თანამონაწილეობის საშუალება, რაც საბოლოოდ იმ მატერიალურ სიკეთეებს გვპირდება, რომლებიც ევროპელ მოქალაქეებს აქვთ. შესაბამისად, ევროპული ან სხვაგვარად, ევროცენტრისტული კულტურა, უნივერსალურ კულტურულ მოდელად გადაიქცევა.

„ლათინურ ამერიკას განსაკუთრებული ურთიერთობა და დამოკიდებულება აქვს ევროპასთან. ევროპელი მოაზროვნეების უტოპია, ევროპელებამდე იქ მცხოვრები ხალხებისთვის დისტოპიად გადაიქცა. ეს გახლდათ პირველი კონტინენტი, რომელიც პირველი დაემორჩილა ევროპელთა კოლონიურ ბატონობას. აქ, სამხრეთ ამერიკაში, ევროპელი მკვლევრები და დამპყრობლები რეპეტიციას გადიოდნენ მსოფლიოს სხვა რეგიონების ექსპლუატაციაში, რაც საბოლოოდ, მე-19 საუკუნეში ევროპის აღზევების საფუძველი გახდა. ამავე დროს, ამერიკა გახდა ის ადგილი, სადაც მოსახლეობისა და კულტურების მრავალფეროვნებამ, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოსულთა მონაწილეობით, ახალი, განსაკუთრებული კულტურის ფორმები შეიძინა. ბოლო ხუთასი წლის განმავლობაში, ეს ფენომენი ნელ-ნელა გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მე-20 საუკუნიდან მოყოლებული, მას ევროპასა და მსოფლიოში ტერმინით „გლობალიზაცია“ მოიხსენებენ“, – წერს გერმანელი ისტორიკოსი, პროფესორი შტეფან რინკე, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

ასეთი სახის კულტურული კოლონიზაციისა და გლობალური მასშტაბის ექსპანსიის ფორმები და მისგან მიღებული შედეგები, სხვადასხვანაირ სახეს იღებდნენ დროისა და შემთხვევების შესაბამისად.

ლათინურ ამერიკაში, კულტურულ რეპრესიებსა და წარმოსახვის კოლონიზაციას, თან ახლდა მასობრივი რეპრესიები და მკვიდრი მოსახლეობის არნახული განადგურება. ეს ძირითადად ხორციელდებოდა ადგილობრივების სახარჯო სამუშაო ძალად გამოყენებისა და სამთო-მოპოვებით წარმოებაში ადგილობრივი მუშახელის უკიდურესი ექსპლუატაციით; ამას ემატებოდა ევროპელების მიერ შემოტანილი დაავადებები და დაპყრობით ოპერაციებთან დაკავშირებული ძალადობა.

თუ გავიხსენებთ, ამერიკაში ესპანურ-პორტუგალიური ექსპანსიის ისტორიას  აცტეკების, მაიას და კარიბის და ინკების იმპერიის ქვეყნებში (ანდების ზონა), სულ რაღაც 50 წელიწადში დაახლოებით 65 მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრი განადგურდა (!). ამ დემოგრაფიული ჰოლოკოსტის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ იგი, გარდა დემოგრაფიული კატასტროფისა, მოიცავდა მთელი საზოგადოებისა და კულტურების სრულ განადგურებას!

ევროპელთა არნახულმა სისასტიკემ, რეპრესიულმა დამოკიდებულებამ ადგილობრივთა მიმართ და სამხრეთ ამერიკაში განხორციელებულმა გენოციდმა, ადრე არსებული მაღალი კულტურები გაუნათლებელ და უწიგნურ სუბკულტურებად გადააქციეს, რომლებიც ზეპირსიტყვიერი მემკვიდრეობისთვის გაიწირნენ. „ევროპეიზაციამ“ მათ წაართვა საკუთარი პლასტიკური, ინტელექტუალური და ვიზუალური მოდელების წარმოებისა და გამოხატვის საშუალებები. ამიერიდან (მე-15 საუკუნის შემდგომ) კოლონიზაციას „გადარჩენილებს“ აღარ გააჩნიათ ინტელექტუალური თუ ვიზუალური გამოხატვის სხვა საშუალება, გარდა დამპყრობელთა კულტურული ხატებით შთაგონებული ფორმებისა. ლათინური ამერიკა, დოქტორ კიხანოს აზრით, ევროპული კულტურული კოლონიზაციის ერთ-ერთ უკიდურეს და უარყოფით გამოვლინებას წარმოადგენს.

ანიბალ კიხანოს წარმოდგენით, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ევროპელებმა ვერ შეძლეს ადგილობრივი კულტურული ქსოვილის ისეთი ინტენსივობითა და სიღრმით განადგურება, როგორც ეს ლათინურ ამერიკაში განხორციელდა. თუმცა აზიისა და აღმოსავლეთის ხალხები მაინც მოექცნენ დაქვემდებარებულ (subordinate) მდგომარეობაში არა მხოლოდ ევროპელთა წარმოდგენაში, არამედ საკუთარი აღქმითაც! ევროპისა და ზოგადად, დასავლური კულტურამ, თავისი მოწინავე საზოგადოებით, პოლიტიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური ძლიერების საშუალებით, მოახერხა, ყველასათვის თავს მოეხვია მათი უპირატესობის პარადიგმული წარმოდგენა და მისი ძირითადი კოგნიტიური ელემენტები. ეს წარმოდგენა გადაიქცა საყოველთაო, თითქმის უნივერსალურ ორიენტირად და ნორმად ინტელექტუალური თუ მხატვრული განვითარების ნებისმიერი ფორმისათვის. აფრიკაში კულტურის განადგურება უფრო ინტენსიური იყო, ვიდრე აზიაში, თუმცა არა ისეთი მასშტაბისა, როგორც ეს ამერიკაში მოხდა. ევროპელებს აფრიკაში გაუჭირდათ თვითგამოხატვის მოდელების სრული განადგურება, თუმცა მოახერხეს ის, რომ აფრიკელებს და აფრიკულ კულტურებს „წაართვეს“ ლეგიტიმაცია, გლობალურ კულტურულ სცენაზე, სადაც ევროპული წარმოდგენები და ხატები დომინირებდნენ. აფრიკელებს ე.წ. „ეგზოტიკურობის“ უფლება დაუტოვეს, რაც ხშირად გამოიყენება ევროპეიზებული აფრიკელების ან აფროფილი ევროპელი მხატვრების ვიზუალურ, მუსიკალურ თუ პლასტიკურ გამხატვრულებაში. თუმცა ეს არ გახლავთ აფრიკული კულტურის ან ხატების თვითმყოფადი და ორიგინალური გამოვლინება – „ეს აფროკულტურა“ მხოლოდ ევროპულთან მიმართებაში განიხილება და მხოლოდ მასთან ხდება მისი შედარება. ნათელია, რომ ასეთი დამოკიდებულებები იმ საზოგადოებებისა და კულტურების აღწარმოების პირობად იქცა, რომლებსაც უბიძგეს სრული ან ნაწილობრივი ევროპეიზაციისკენ.

მიუხედავად პერიოდული ცვლილებებისა, რომლებიც დაკავშირებულია ჩაგრული (დომინაციის ქვეშ მყოფი) მოსახლეობის აჯანყებებსა და წინააღმდეგობასთან, პროცესი კვლავ გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღევანდელი კრიზისის პირობებში, ევროპელთა მიერ რესურსებისა და გავლენების კონცენტრაციის რეალიზაცია სხვადასხვანაირად და „ახლებურად“ ხდება: მას უფრო მკაცრი და ხშირად, სასტიკი ხასიათი აქვს ხოლმე, რადგან პროცესი დღეს უკვე გლობალურია და უფრო დიდი მასშტაბი აქვს.

დასავლეთ ევროპელი მმართველები და მათი ჩრდილოეთ ამერიკელი შთამომავლები კვლავ რჩებიან მსოფლიოს რესურსებისა და სიკეთეების მთავარ ბენეფიციარებად მსოფლიოს არაევროპულ და არაკოლონიზებულ ნაწილებთან ერთად (უმთავრესად, რუსეთი და იაპონია და მათი მმართველი კლასები). რაც შეეხება ლათინური ამერიკისა და აფრიკის მოსახლეობის ექსპლუატირებულ და ჩაგრულ ფენებს, ისინი კვლავ რჩებიან თანამედროვე გლობალიზაციის პროცესის მთავარ მსხვერპლად.

ლათინური ამერიკის უახლესი ისტორიის მკვლევრებისთვის და ზოგადად, კოლონიალიზმის პირობებში შექმნილი თუ ჩამოყალიბებული ერებისთვის მთავარ კითხვად რჩება შემდეგი: ნიშნავდა თუ არა ევროპული კოლონიალიზმის დასასრული ადრეულ მე-19 საუკუნეში სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ევროპაზე ფოკუსისა და ორიენტაციის დასასრულს? მკვეთრად თუ ვიტყვით – არანაირად! ლათინური ამერიკის მცხოვრებთა ფოკუსი იბერიელებიდან (იბერიელებად დასავლურ ლიტერატურაში პირენეის ნახევარკუნძულის ხალხები, ესპანელები, ბასკები და პორტუგალიელები იწოდებიან, ლ.ა.), ფრანგებსა და ბრიტანელებზე გადავიდა, რომლებიც უფრო „პროგრესულებად“ ჩაითვალნენ.

ამ დროიდან მოყოლებული, ეს პროგრესული ევროპა თითქმის ასი წლის განმავლობაში განიხილებოდა და მიიღებოდა როგორც განვითარების ერთადერთი მოდელი და პოლუსი, კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით. კრეოლთა ელიტები („კრეოლი“ – „ადგილობრივი; ლათინურ ამერიკაში და კარიბის კუნძულებზე დაბადებული ევროპეიდული – ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური და აფრიკულ-აზიურ-ევროპული წარმოშობის მოსახლეობა, ლ.ა.) ხშირად დადიოდნენ ევროპაში (განსაკუთრებით პარიზში) და იქ იღებდნენ განათლებას, რომელიც ევროპის ისტორიასა და მის კლასიკურ და ანტიკურ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობდა სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს.

ხელოვნებასა და ლიტერატურაში ევროპული და ევროპეიზებული ცხოვრების წესი, ხშირად წარმოშობდა მოულოდნელ იმიტაციებსა და გამოხატვის უცნაურ ფორმებს იძენდა. ძველი სამყაროს მოდელის მიბაძვამ მაშინვე გააჩინა „ევროპული“ წესებისა და აღქმების კრიტიკოსთა მრავალრიცხოვანი ფენა, რომლებიც ითხოვდნენ გულწრფელ რეფლექსიასა და რეორიენტაციას ლათინური ამერიკის რეალობისადმი. მე-19 საუკუნის დასაწყისში ლათინური ამერიკის პოსტკოლონიურმა სინამდვილემ ბევრი რამ შეცვალა და ადგილობრივ მოაზროვნეებსა და საზოგადოებას ევროპული კოლონიზაციის შედეგები დაანახა.

„ეს გახლდათ ახალი ტიპის კოლონიალიზმი და დომინაცია, რომელიც განსხვავდებოდა კლასიკური კოლონიური მოდელებისგან. ნაპოლეონ III-ის წარუმატებელმა მცდელობამ ვასალ სახელმწიფოდ ექცია მექსიკა. ესპანეთის მიერ მექსიკის 1860-იანი წლების რეკოლონიზაციის უშედეგო მცდელობამ და კუბელებისა და აშშ-ს ამერიკელების 1899 წლის მოგებულმა ომმა ესპანეთთან ფაქტობრივად დაასრულა ევროპელთა კოლონიალიზმი ლათინურ ამერიკაში. ამავე დროს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, სხვა ევროპული იმპერიალისტური ძალები (გერმანია და იტალია) და „ახალი კოლონიალიზმის“ ევროპელი ენთუზიასტები ბევრად უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ, ვიდრე ადრეული კოლონიზატორები. ამან ლათინურ ამერიკულ წრეებში გააჩინა ახალი დამოკიდებულება ევროპელებისადმი, რომლებიც კვლავ ცდილობდნენ ლათინური ამერიკის „დანაწილებას“ აფრიკული მოდელის მიხედვით“, აღნიშნავს პროფესორი რინკე თავის სტატიაში, რომელიც ლათინური ამერიკისა და ევროპის ისტორიული პერსპექტივის საკითხებს განიხილავს.

ბოლოს შეიძლება ითქვას ის, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ლათინური ამერიკის რეგიონის ხალხები გათავისუფლდნენ „ყოფილი ევროპელი“ ბატონების უპირატესობის კომპლექსისგან და მათთან თავის თანაბრად აღმა და საკუთარი პრობლემებისა და კონფლიქტების თვითონვე მოგვარება გადაწყვიტეს. „კულტურული დეკოლონიზაციის“ ნამდვილი გამოვლინება გახდა 1980-იანი წლების ლიტერატურული ბუმი ლათინურ ამერიკაში, როდესაც მსოფლიო ლიტერატურის ასპარეზზე ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ლათინურ ამერიკული წარმოშობის გამორჩეული მწერლები კარლოს ფუენტესი (მექსიკა), რომულო გალიეგოსი (ვენესუელა) გაბრიელ გარსია მარკესი (კოლუმბია), ხულიო კორტასარი და ხორხე ლუის ბორხესი (არგენტინა), ჟორჟი ამადუ (ბრაზილია), მარიო ვარგას ლიოსა (პერუ), ოქტავიო პასი (მექსიკა), პაბლო ნერუდა და გაბრიელა მისტრალი (ორივე ჩილე), მიგელ ანხელ ასტურიასი (გვატემალა) და სხვები, რომელთა შემოქმედებამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა მსოფლიოს ლათინური ამერიკის, ან სხვაგვარად, „ახალი სამყაროს“ განსხვავებული და უკვდავი სული, რომელიც კვლავ უკვდავია და პირდაპირ გამოხატავს მკვიდრი ამერიკელების, კრეოლების, ან უბრალოდ სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ხალხების, მაპუჩეს, აცტეკების, მაიას, ინკების, გუარანის და გაეროს მონაცემებით, კიდევ რვაასამდე (!) მკვიდრი ხალხების (ე.წ. Nativos, ესპანურად) სწრაფვას ავტონომიისა და დამოუკიდებლობისკენ, დღევანდელ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“