შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ინკლუზიის მძლავრი ნიშანი

წლებია, დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებს ვსწავლობ, ხანდახან ცოდნას სტუდენტებსაც ვუზიარებ ხოლმე. თეორიული მასალების შესწავლის პარალელურად, აუცილებლად მიმაჩნია მიმდინარე, ყველაზე აქტუალური საკითხებისთვის თვალ-ყურის მიდევნებაც. აქედან გამომდინარე, პერიოდულად ვაკვირდები არაერთი ევროპული ქვეყნის საპარლამენტო მუშაობას.

რამდენიმე თვის წინ, გერმანიის ბუნდესტაგის ერთ-ერთი სხდომის შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გარჩევისას მოულოდნელ სურათს გადავაწყდი. სხდომათა დარბაზის შუაგულში ორი ქალი ტრიბუნისგან ზურგშექცევით იჯდა. გამიკვირდა, ამიტომ კადრს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მივუბრუნდი უკან. აღმოვაჩინე, რომ ისინი მათ პირისპირ მოკალათებულ ახალგაზრდა ქალს ჟესტების ენაზე უთარგმნიდნენ გამომსვლელთა სიტყვას. როგორც შემდეგ გავარკვიე, თურმე, სხდომის სხვა მიმომხილველებთან ერთად უპრეცედენტო ისტორიული მოვლენის თვითმხილველი ვყოფილვარ.

გასული წლის გაზაფხულზე 44 წლის ჰაიკე ჰოიბახი გახდა პირველი სმენადაქვეითებული ადამიანი, რომელიც ევროპის უძლიერესი ქვეყნის ძლევამოსილ პარლამენტში აირჩიეს. ცხადია, ერთ დეპუტატს სიტუაციის კარდინალურად შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ საზოგადოებამ მაინც პროგრესის მძლავრ ნიშნად აღიქვა ქ-ნი ჰოიბახის პარლამენტში გამოჩენა. ახალი დეპუტატი იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, დასავლურ დემოკრატიებს მაინც შეუძლიათ ყველა გარიყული ჯგუფისთვის ხმის დაბრუნება. ახალგაზრდა ბავარიელის საქმიანობა ევროპის ყველა სმენადაქვეითებულს აგრძნობინებს, რომ სათანადო ბრძოლის შემთხვევაში მათ კუთვნილი ადგილის მოპოვება პოლიტიკაშიც კი შეუძლიათ; რომ დემოკრატიულ სისტემაში პოლიტიკის კარი ღიაა ყველასთვის.

გარდა ამისა, სმენადაქვეითებული მოქალაქის პარლამენტარად არჩევით დემოკრატიული ძალები პოპულისტთა არაჰუმანურ ლოგიკასაც უპირისპირდებიან. ულტრამემარჯვენეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან შშმ პირებისა და ინკლუზიური პოლიტიკის მიმართ. ექსტრემისტები ფიქრობენ, რომ არცერთმა ინკლუზიურმა ინიციატივამ არ იმუშავა. ისინი ამტკიცებენ, რომ ამგვარი პროექტები იქცნენ ზარალად, ტვირთად და სიმძიმედ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები არ აქვთ.  არადა, ფაქტია, სახელმწიფო მზრუნველობისა და მხარდაჭერის გარეშე, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის გარეშე სმენადაქვეითებულთათვის პარლამენტის კი არა, დასაქმების უბრალო ცენტრის კარიც კი დაიხურებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ბავარიელ პარლამენტარს ახალი სტანდარტის დამყარება სურს. იგი წინა მოწვევის ბუნდესტაგში მშენებლობისა და საცხოვრისის კომისიის შემადგენლობაში ირიცხებოდა და აქტიურად მუშაობდა კლიმატის ცვლილებისა და საქალაქო განვითარების ურთიერთმიმართების პრობლემებზე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი თანამოქალაქეებს უმტკიცებს, რომ სმენადაქვეითებულები მხოლოდ შშმ პირთა პოლიტიკაზე არ საუბრობენ, მათი საქმე მხოლოდ თავიანთ თემზე მუშაობა არ გახლავთ. ჰოიბახი თავისი საქმიანობით აჩვენებს, რომ ბარიერების მიუხედავად მაინც შესაძლებელია საკუთარი ჯგუფის მიღმა, უნივერსალური მნიშვნელობის პრობლემებზე ფიქრი და მათი გადაჭრის გზების ძიება.

ევროპის ისტორიაში სმენადაქვეითებული დეპუტატის პირველი გამოსვლაც ქალაქგანვითარების საკითხებს მიეძღვნა. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გახლდათ ქ-ნი ჰოიბახის ტრიბუნაზე ასვლა. მთელი დარბაზი ჟესტურ ენაზე უკრავდა ტაშს, დეპუტატის სიტყვას სურდო თარჯიმანი ახმოვანებდა, უზარმაზარ შენობაში დროდადრო ისეთი სიჩუმე ისადგურებდა, რომელიც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ხმის დაბრუნების, სიხარულნარევი ყიჟინის ტოლფასი გახლდათ.

სოციალ-დემოკრატი კიდევ ერთხელ იბრძვის ბუნდესტაგში მოსახვედრად. მან სურდო თარგმანი პოლიტიკური პროცესის ყველა საფეხურის ნაწილად აქცია. ჟესტური ენის სპეციალისტები მხოლოდ ბუნდესტაგის სხდომებსა და დერეფნებში კი აღარ დაჰყვებიან გამოუცდელ პარლამენტარს, არამედ უკვე მასთან ერთად დადიან კარდაკარ კამპანიის საწარმოებლად, მასთან ერთად ამაგრებენ სააგიტაციო კარვებს აუგსბურგის ქუჩებში. ჰოიბახის წყალობით, უკვე არცთუ ისე მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრების თარგმნაც კი ჩვეულ მოვლენად ითვლება. ერთმა დეპუტატმა თავისი გაელვებით წარმოუდგენლად დააწინაურა სმენადაქვეითებულთა საკითხი საზოგადოებრივ დღის წესრიგში.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჰოიბახი კიდევ ერთხელ შეძლებს მანდატის მოპოვებას და გარიყული ჯგუფებისთვის ველის გაფართოებას შეუქცევად პროცესად აქცევს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“