შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის

 

რამდენიმე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას ჩემ წინ მჯდომ ორ მოზარდ გოგონას შორის საინტერესო, საყურადღებო და შეიძლება ითქვას, ნებისმიერი მშობლისთვის ერთგვარად საგანგაშო დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „რომ იცოდე რა ბედნიერი ხარ დედა გვერდით რომ გყავს“ – ხმაში ერთგვარი სინანულით მიმართა ანანომ მეგობარს – „ყველაფერს დავთმობდი დედაჩემი ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო. როგორ ვეხვეწებოდი, უცხოეთში სამუშაოდ რომ მიდიოდა, უარი ეთქვა თავის გადაწყვეტილებაზე. ის ცდილობდა დავემშვიდებინე, შენს მომავალზე ვზრუნავ და იმიტომ მივდივარო. უკვე შვიდი წელი გავიდა, რაც დედა ჩემს გვერდით არ არის. მართალია მირეკავს, მესაუბრება, საჩუქრებსაც არ მაკლებს, მაგრამ მე მასთან ჩახუტება მენატრება. იცი, ახლა ცოტა მაშინებს კიდეც მასთან შეხვედრა, თანდათან ის ჩემთვის თითქოს უცხო ადამიანი ხდება. ხშირად, როცა მირეკავს, ორივე სასაუბრო თემებს ვეძებთ, არ ვიცით რაზე ველაპარაკოთ ერთმანეთს“.  მეგობარი ერთგვარი სევდით უსმენდა თანატოლს. შემდეგ კი მისი დამშვიდება დაიწყო – „არ ინერვიულო. შენ გგონია რახან დედაჩემი ჩემ გვერდით არის და უცხოეთში არ წავიდა, დიდი მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან?! ხანდახან ისეთი დაღლილი მოდის სამსახურიდან, ჩემთან საუბრის არანაირი სურვილი არა აქვს. არის შემთხვევები, როცა მე უკვე მძინავს მისი მოსვლისას. იმ დღეებში კი, როცა ორივე სახლში ვართ, ან საქმეებშია ჩაფლული, ან საკუთარ მეგობრებთან სატელეფონო საუბრებით არის დაკავებული. მე კი როგორ მჭირდება მისი რჩევები, რომ სირთულეების გადალახვა შევძლო, მართალია ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენც თანდათან უცხო ადამიანები ვხდებით ერთმანეთისთვის“. – გულდაწყვეტილი თიკო არ ცდილობდა დაემალა საკუთარი გულისტკივილი მეგობრისთვის და ამით ერთგვარი თანაგრძნობაც გამოეხატა მის მიმართ.

გაუცხოება რომ უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ვფიქრობ ამას ყველა უნდა ამჩნევდეს. გაუცხოება მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს შორის დღეს აღარავის აკვირვებს. თუმცა, მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. პიროვნული ფორმირების პროცესში მყოფ მოზარდს ყველაზე მეტად მშობლების სიახლოვე, მათი ყურადღება, მზრუნველობა და ჩართულობა ესაჭიროება. ვერავინ შეძლებს ბავშვისთვის იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც მშობელს შეუძლია, ვერავინ შეძლებს მის ჩანაცვლებას. თუ მათ შორის გაუცხოება დაისადგურებს, ამას ბევრი უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს და სერიოზულად დააზარალოს ბავშვი, მისი განვითარება.

     მშობლებთან გაუცხოების შესაძლო შედეგები ბავშვებში:

  • დაქვეითებული თვითშეფასება;
  • სირთულეები საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისას. ბავშვს ექნება საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმის შიში;
  • შფოთვა, ბრაზი, აგრესია;
  • სტრესული მდგომარეობა, ემოციური ლაბილურობა და ემოციური გადაღლა;
  • ნევროზული დარღვევები, ისეთი, როგორიცაა მაგ. დეპრესია, შიშები, მაღალი შფოთიანობა;
  • მტრული დამოკიდებულება გარე სამყაროს და სხვა ადამიანების მიმართ;
  • თანაგრძნობის, თანაგანცდის, ემპათიის ნაკლებობა;
  • ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების უუნარობა;
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
  • შებოჭილობა ქცევაში.

იმისათვის რომ შევძლოთ მშობლებთან გაუცხოების შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობის ერთგვარად შემსუბუქება, უნდა ვიცნობდეთ იმ მიზეზებს, რომლებიც მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოებას იწვევს.

მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • უკანასკნელ ათწლეულებში ჩვენს ქვეყანაში მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად იქცა მშობლების, განსაკუთრებით კი დედების უკონტროლო გადინება ქვეყნიდან. ლუკმა-პურის საშოვნელად, შვილების გამოსაკვებად და მათი მომავალი ცხოვრების მოსაწყობად უცხოეთში გადახვეწილი დედები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ხედავენ საკუთარ შვილებს, არ არიან მათ გვერდით მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, არცთუ იშვიათად სრულიად უცხო ადამიანებად იქცევიან შვილებისთვის და წლების შემდეგ, როცა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, აღმოაჩენენ, რომ საერთოდ არ იცნობენ საკუთარ შვილებს. შვილებთან გაუცხოება მათ ქვეცნობიერად ახალი მიზეზების ძებნას აწყებინებს, რომ კვლავ დატოვონ ოჯახი და უცხოეთში წასვლის მიზეზად ამჯერად შვილიშვილების დახმარების სურვილს ასახელებენ;
  • ბავშვების მშობლებთან გაუცხოების საკმაოდ ხშირ მიზეზს წარმოადგენს მშობლების უზომოდ დაკავებულობა და შვილებთან ურთიერთობისათვის დროის სერიოზული დეფიციტი. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მშობლები და შვილები თითქმის ვერ ხედავენ ერთმანეთს – დილით, მშობლების სახლიდან გასვლისას ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ, საღამოს კი სახლში გვიან დაბრუნებულ მშობელს შვილი უკვე დაძინებული ხვდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვი არ იძინებს და ელოდება დედის დაბრუნებას, რომ მასთან საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე ესაუბროს, დაღლილ-დაქანცული დედა თავს არიდებს შვილთან საუბარს იმ მოტივით, რომ ძალიან დაღლილია, საუბრის თავი არა აქვს და უნდა დაიძინოს, რომ დილით დროულად ადგომა და სამსახურში წასვლა შეძლოს. თუ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება ბავშვმა სხვაგან დაიწყოს იმ ადამიანების ძებნა, რომლებიც მას მოუსმენენ, პატივს სცემენ, რჩევებს მისცემენ. არის შემთხვევები, როცა ეს ადამიანები ერთგვარი საფრთხის შემცველებიც ხდებიან ბავშვისთვის, მაგრამ მშობლებთან გაუცხოებული მოზარდისთვის შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი დიდ ავტორიტეტად იქცეს და მისი რჩევებიც კრიტიკის გარეშე გაითვალისწინოს;
  • მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე დაძაბული ვითარება ოჯახში და გაუთავებელი კონფლიქტები მეუღლეებს შორის. ასეთ დროს ხშირად ერთ-ერთი მშობელი შეგნებულად, განზრახ უარყოფითად განაწყობს ბავშვს მეორე მშობლის წინააღმდეგ. მოზარდები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში ხვდებიან, განიცდიან რთულ, ამბივალენტურ გრძნობას. მათ უყვართ ორივე მშობელი, მაგრამ იძულებულები არიან მუდმივად ასიამოვნონ ერთ-ერთ მათგანს, იმას, ვინც მოცემულ მომენტში იკავებს ძალის პოზიციას და აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს ბავშვზე. შედეგად მოზარდი იწყებს იმის დაჯერებას, რომ მეორე მშობელი ნამდვილად ცუდია; ის არ გრძნობს თავს დამნაშავედ მშობლის სიძულვილის გამო და არ ღელავს მასზე, გაურბის მასთან ურთიერთობას, პირისპირ საუბარს;
  • მშობლებისა და შვილების ურთიერთობას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს და ერთ-ერთი მშობლის მიმართ გაუცხოების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის მეუღლეების განქორწინება, ოჯახის დანგრევა. ასეთ დროს ძალიან ხშირად ერთ-ერთი მშობელი ბავშვის მანიპულირებით არის დაკავებული და ძალისხმევას არ იშურებს, რომ მომართოს მოზარდი მეორე მშობლის წინააღმდეგ. რადგანაც ბავშვს არა აქვს ასეთი მშობლისაგან განცალკევებით ცხოვრების შესაძლებლობა და მთლიანად დამოკიდებულია მასზე ცხოვრების ყველა ასპექტში, ის მძევლის მდგომარეობაში იმყოფება. ის იკავებს იმ მშობლის მხარეს, რომელიც მას სხვადასხვა გზით აიძულებს უარყოს მეორე მშობელი, შეურაცხყოს, განდევნოს ის საკუთარი ცხოვრებიდან. გულის სიღრმეში ბავშვებს, როგორც წესი, სურთ ღიად გამოხატონ თავიანთი სიყვარული უარყოფილი მშობლის მიმართ, მაგრამ ეშინიათ მეორე მშობლის აგრესიული რეაქციის. პრობლემა იმაშია, რომ გარკვეულ მომენტში ბავშვები თავად იწყებენ იმის დაჯერებას, რომ სძულთ მშობელი. სასურველი მიზნის მისაღწევად ბავშვზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა ემოციური განდგომა, განცალკევება, გულგრილობა, სიცივე და სიყვარულის გაცემაზე უარის თქმა, თუ ბავშვი თავს უფლებას მისცემს გამოხატოს დადებითი დამოკიდებულება მეორე მშობლის მიმართ. დროთა განმავლობაში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეიძლება სერიოზული გაუცხოება გამოიწვიოს ბავშვსა და მშობლებს შორის.

     რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის – რეკომენდაციები:

  • მოვერიდოთ ბავშვთან ხანგრძლივ განშორებას, თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის ბავშვისთვის, ან მშობლისთვის. გავითვალისწინოთ, რომ დედის სიახლოვეს, მის სითბოს, სიყვარულს, მასთან მუდმივ ურთიერთობას ბევრი სირთულის დაძლევა და ასევე ბევრი პრობლემის კომპენსირება შეუძლია ბავშვისთვის. თუმცა, მატერიალური კეთილდღეობა და საჩუქრების სიმრავლე ნამდვილად ვერ ანაცვლებს დედის სითბოს, სიყვარულს, მასთან ჩახუტებით მიღებულ სიამოვნებას;
  • ნურასოდეს მოვიმიზეზებთ დაღლილობას და ნუ მოვიცილებთ ბავშვს უხეშად, თუ მას ჩვენთან ურთიერთობის და საუბრის სურვილი აქვს. მაშინაც კი, თუ ძალიან დაღლილი ვართ და გვიჭირს ბავშვის მოსმენა, შეგვიძლია გამოვნახოთ საუბრის გადავადების ისეთი ფორმა, რომელიც მოზარდს არ გაანაწყენებს და პირიქით, ემპათიას, თანაგრძნობას აღუძრავს ჩვენ მიმართ ჩვენი მდგომარეობის გამო. მაგ. შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, ამასთან გვსურს კიდეც მასთან საუბარი, მაგრამ იმისათვის, რომ ყურადღებით მოსმენა შევძლოთ, ცოტას დავისვენებთ და შემდეგ აუცილებლად მოვისმენთ მის მონათხრობს. ეს უფრო მისაღები იქნება ბავშვისთვის, ვიდრე მისი უხეშად მოცილება სიტყვებით: „შენი თავი არ მაქვს, ჩემთან ლაპარაკს გირჩევნია დაჯდე და გაკვეთილები მოამზადო“! გავითვალისწინოთ ისიც, რომ უფროსებს ძალიან ცოტა დრო გვაქვს ბავშვთან მეგობრული, ნდობით განმსჭვალული  და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ეს მხოლოდ გარდატეხის ასაკამდეა შესაძლებელი. თუ ამ დროისათვის ვერ მოვასწრებთ, გარდატეხის ასაკში მოზარდი უკვე თავად იპოვის იმ ადამიანებს, ვისაც გულს გადაუშლის, ვინც მოუსმენს და რჩევებსაც მისცემს. თუმცა, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს რჩევები, შეიძლება ჩვენთვის ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩეს;
  • ნუ გავხდით უფროსები ბავშვებს ჩვენ შორის კონფლიქტების განხილვის მოწმედ. ეს ჩვენ ვერაფერში დაგვეხმარება, ბავშვს კი სერიოზულად დააზარალებს ემოციურად და ნდობასაც დაუკარგავს ჩვენ მიმართ;
  • განქორწინების შემთხვევაში ნუ ვისაუბრებთ უარყოფითად ყოფილ მეუღლეზე, ნუ წამოვწევთ წინ მის ნაკლოვან მხარეებს. ნება მივცეთ ბავშვს ურთიერთობა იქონიოს ორივე მშობელთან. მეტი დრო გავატაროთ პატარასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3-დან 7 წლამდე პერიოდში, როდესაც ყალიბდება მიჯაჭვულობა და საფუძველი ეყრება გენდერულ როლებს.  მშობლებთან გაუცხოების თავიდან აცილების მიზნით ბავშვი უნდა იღებდეს მეტ-ნაკლებად თანაბარ ყურადღებას  ორივე მშობლისგან.

დაბოლოს გავითვალისწინოთ, რომ მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების თავიდან აცილება შეიძლება ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა შესაძლებელია. ამაში სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმ უარყოფითი შედეგების გააზრება და გაანალიზება, რაც შეიძლება მოყვეს გაუცხოებას ბავშვებთან. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ არავის და არაფერს არ შეუძლია ისეთი სერიოზული გავლენის მოხდენა ბავშვის განვითარებაზე, როგორც მშობელთან ურთიერთობას. კაცობრიობას ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“