რამდენი სარაინდო-სათავგადასავლო წიგნი და მათი ეკრანული ვერსია არსებობს? უამრავი… თუმცა, როდესაც საქმე რაინდებზე მიდგება, თავში პირველ რიგში „მწუხარე სახის რაიდნი“-დონ კიხოტ ლამანჩელი მოდის. ადრეც დამიწერია, ლიკანის სანატორიუმის ბიბლიოთეკაში მორიგი სათავგადასავლო წიგნის ძიებისას, ზედა თაროდან პირდაპირ თავში დამეცა (მსუბუქად დამეცა, არ ინერვიულოთ). ჰოდა, ეს ნიშნად ჩავთვალე, ძებნას შევეშვი და კითხვა დავიწყე. ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ბოლომდე მაინც გავედი. მოგვიანებით, უკვე მოზრდილმა კიდევ ერთხელ, როგორც საჭირო იყო, ისე წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს ერთი შეხედვით გზა აბნეული რაინდი სულ სიბრძნეებს ლაპარაკობს.
ალბათ, იმ ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებების გავლენა თუ არის, რომ თურქეთის ვენეციად წოდებულ ქალაქ ესქიშეჰირში დონ კიხოტის და პანსას ძეგლები ყოველ ჩასვლაზე აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში მაქვს.
სხვა რაინდი- უილიამ მარშალია. მასზე საუბარი ოდნავ შორიდან დავიწყოთ. მეთერთმეტე საუკუნეში ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებელი გარდაიცვალა, სამეფო ტახტს სამნი ეპატრონებოდნენ. ერთი ინგლისელი გრაფი იყო, მეორე ნორვეგიის მეფე და ერთიც ნორმანდიელი ჰერცოგი. ნორმანდია ჩრდილოეთ საფრანგეთის პროვინციაა, რომელიც 11-ე საუკუნეში მის ნომინალურ ნაწილად ითვლებოდა. თუმცა, იქაურ ჰერცოგებს დიდი ავტონომია ჰქონდათ. იმდენად დიდი, რომ ერთი მათგანი გიიომ მეწაღის შვილიშვილი -Bastard (მისი დედა მეწაღის შვილი იყო) წავიდა და 1066 წელს ინგლისი დაიპყრო. ამის შემდეგ მისი მეწაღეობასთან ნათესაური კავშირი არავის აღარ გახსენებია და ყველა ვილჰელმ დამპრყობელს ეძახდა. შედეგად, ინგლისში დიდი ხნის მანძილზე მეფეთა ფრანგულ-ნორმანდიული დინასტია დამკვიდრდა. ეს ხალხი წმინდა წყლის ფრანგები იყვნენ, ძველ ფრანგულ ენაზე საუბრობდნენ და ინგლისის სამეფო კარზე ფრანგული ტრადიციები დაამკვიდრეს. რაინდობაც ფრანგული კულტურის ნაწილია, რომელიც ნორმანდიელებმა ინგლისში შეიტანეს და გაავრცელეს.
გამარჯვების შემდეგ ვილჰელმმა ადგილობრივი საქსონელი დიდგვაროვნების მიწების კონფისკაცია მოახდინა და ნორმანდიელებს ჩამოურიგა. შემდეგ, ბუნებრივია მთელი ეს ფრანგები ინგლისელებს შეერივნენ. თუმცა, დაპყრობიდან გარკვეული ხნის მანძილზე ელიტა ფრანგულ ენოვანი დარჩა და საქსონურ-ინგლისური ენა უბრალო მოსახლეობაში იყო შემორჩენილი. თანამედროვე ინგლისური ენა კი იმ ძველი ნორმანდიულის და საქსონურის შერწყმის შედეგია.
ჩვენი რაინდი უილიამ მარშალი სწორედ ასეთი ნორმანდიული ოჯახიდან გახლდათ. ინგლისელი, ოღონდ სისხლით და წარმოშობით ნორმანდიელი. მისი ნამდვილი სახელი გიიომ დე მარეშალიც უილიამ მარშალად გადაკეთდა. ამ ჩვენი რაინდის დროს ის იულიამ მეწაღე-დამპრყობელი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი უმცროსი შვილი ჰენრიხი ავიდა ტახტზე- ინგლისსაც მართავდა და ნორმანდიასაც. მისი ვაჟი უბედურ შემთხვევას შეეწირა , შემდეგ ქალიშვილი მატილდა გამეფდა. ამ უკანასკნელს მეფობა ბიძაშვილმა სტეფანმა გამოსტაცა ხელიდან, აქაოდა ქალი ხარ და ტახტთან რა გესაქმებაო. მატილდაც თავისაზე იდგა, ტახტი ჩემიაო და დიდი არეულობა ატყდა ქვეყანაში. ამ დროს დაიბადა ჩვენი რაინდიც. მამამისი მარშალი გვარად კი არა თანამდებობით იყო (მარიშალ ფრანგულად ნიშნავს სამეფო მეჯინიბეს). ნამდვილი გვარი ფიც-ჰილბერტი გახლდათ. ჰოდა, ეს კაცი, რაინდის მამა, ჯერ სტეფანეს ემხრობოდა, მერე მატილდას მხარეს გადაბარგდა. ნებართვის გარეშე ნიუბერის ციხე-კოშკიც კი ააგო, რომელიც განაწყენებულმა სტეფანემ მაშინვე დაურბია. სწორედ შეწყალების თხოვნის მიზნით გაუგზავნა სტეფანეს თავისი ხუთი წლის ვაჟი, რომელიც გარანტი იყო, კარგად მოვიქცევიო. კარგად არ მოიქცა… პირიქით, არც დარბეული კოშკი დაცალა და მატილდას დახმარება განაგრძო. სტეფანე დაემუქრა, ბაღანას მოგიკლავო. ამან უპასუხა, რაც გინდა უყავი, კიდევ მეყოლება შვილებიო.. მამაც ასეთი უნდა!
სტეფანე ისე გაბრაზებულა, პატარა ბიჭის ტრებუშეტიდან გატყორცნა უბრძანებია, მაგრამ ბავშვი ძალიან საყვარელი და ანგელოზივით უცოდველი იყოო, ვერავის ხელი ვერ მოუბრუნდა, რამე დაეშავებინათო. მოკლედ გადარჩა.
1154 წელს ინგლისის ტახტზე მატილდას ვაჟი ჰენრიხ მეორე ავიდა. მემკვიდრეობით მიღებულ მიწებთან ერთად, მეუღლის მზითვიც მიიერთა და საბოლოო ჯამში ფლობდა ინგლისს, ნორმანდიას, ანჟუს, აქვიტანიას, ბრეტანს და ირლანდიას. სამხრეთ ევროპის ძლევამოსილი მონარქი გახდა. ჩვენმა რაინდმა კლასიკური რაინდული განათლება საფრანგეთში მიიღო. სავალდებულო საგნები იყო: ცურვა, ფარიკაობა, ნადირობა, ხმალაობა, ელეგანტურად ჩაცმა. კითხვა იცოდა და ბევრი სათავგადასავლო სარაინდო წიგნი ჰქონდა წაკითხული. ამით მისი განათლება დასრულდა და 1166 წელს ის რაინდათ აკურთხეს. ამ ცერემონიას Accolade ერქვა.
ეს ჩვენი ახლად დაფრთიანებული რაინდი, მაშინვე სახეტიალოდ წავიდა. მოხეტიალე რაინდების უმრავლესობა სრულიად არაფრის მქონე გახლდათ და „იქნებ რამე ვიპოვო“-მიზნებით დახეტიალობდა. რომანების უმრავლესობაში კი ძალიან რამონტიკულად აღწერდნენ. სწორედ ასეთი რომანტიზმით სავსე წიგნებმა გადარიეს დონ კიხოტიც და ისიც დულსინეას საძებრად გაეშურა. თუმცა, ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, მასაც არაფერი ებადა.
…ლამანჩის რომელიღაც სოფელში – სახელების მოგონება არა მსურს, არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ცხოვრობდა ერთი იდალგო – იმათთაგანი, რომელთა მთელ სიმდიდრეს,შეადგენს მამაპაპური შუბი, ძველისძველი ფარი, ერთი ჯაგლაგი ცხენი და ერთიც მწევარი. ეს იდალგო ძალიან უბრალო ცხოვრებას ეწეოდა: ბევრჯერ სადილად ძროხის ხორცის ოლასა ჭამდა, ცხვრის ხორცს კი იშვიათად მიირთმევდა, თითქმის ყოველ ვახშმად ვინეგრეტს გეახლებოდათ, შაბათობით ქონიან ტაფამწვარს, პარასკევობით ოსპის შეჭამანდს…“
მობეზრდა იდალგოს ასეთი უბადრუკი ცხოვრება და:
‘’…მეტად საჭიროდ მიიჩნია, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნის ქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნელად ეხეტიალნა…“
მოგზაური რაინდები გზადაგზა სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობდნენ. ეს ერთგვარი სპორტული შეჯიბრებასავით იყო. ასეთ მაშტაბურ ტურნირებში დონ კიხოტს არ მიუღია მონაწილეობა. ჩვენი რაინდი უილიამი კი ამ გზას დაადგა, ოღონდ საფრანგეთში, რადგან ინგლისში ეს საქმე უკვე იკრძალებოდა.
იცოდით, რომ ქიმიას თავისი რაინდები ყავს?
მაშ ასე! ორი თეთრი რაინდის შერკინება.
ავიღოთ 25%-იანი ამიაკი და კონცენტრირებული მარილმჟავა. ორ ქიმიურ ჭიქაში მათი ტოლი მოცულობა ჩავასხათ და ჭიქები ერთმანეთთან ახლოს მივიტანოთ. ქიმიური „ტურნირი“ დაიწყება და შედეგად თეთრი კვამლი წარმოიქმნება. თავად რეაქცია, მათი სრული შერევის შემდეგ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
NH3+HCl=NH4Cl
https://www.youtube.com/watch?v=5l1-5g_tnAw
„ტურნირი“ შეიძლება უფრო მეტ მოთამაშეს შორისაც ჩავატაროთ.
კოლბაში ვათავსებთ საკვები სოდის და ცარცის ნარევს, შეფარდებით 1:1. შემდეგ ვამატებთ 25%ამიაკს და ბოლოს კონცენტრირებულ მარილმჟავას. პირველად, მარილმჟავა მოქმედებს ნატრიუმის ბიკარბონატთან და კალციუმის კარბონატთან. HCl+NaHCO3=CO2+H2O+NaCl მარილმჟავა ასევე მოქმედებს ამიაკის ორთქლის ნარჩენებთან. HCl+NH4OH=H2O+NH4Cl რაც წარმოქმნის კვამლს, რომელიც წინა რეაქციისას წარმოქმნილი CO2 მეშვეობით გამოიტყორცნება.
https://www.youtube.com/watch?v=J0xK6Wn0Pfk
ან კიდევ:
აიღეთ კოლბა, ჩაასხით 50%-იანი წყალბადის პეროქსიდი და დაამატეთ „შავი რაიდნი“ სახელად მანგანუმის დიოქსიდი. დიდი თეთრი კვამლი ამოვარდება. თუ რაინდობიდან ქიმიაში დავბრუნდებით, ეს წყალბადის პეროქსიდი დაიშალა კატალიზატორით და ჟანგბადი და წყალი გამოიყო. რეაქცია ეგზოთერმულია და სარეაქციო ჭურჭელი ცხელდება.
ამ წერილის ინსპირაცია ერთი სურათი იყო, რომელსაც ინტერნეტის ლაბირინთებში შემთხვევით გადავაწყდი. მოხეტიალე რაინდი დონ კიხოტ კახი კავსაძე თავის ერთგულ მსახურ სანჩო პანსა მამუკა კიკალიშვილთან ერთად, გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მოხვედრილ გზა აბნეულ მძღოლ რაინდს წისქვილებისკენ მიმავალ გზას ასწავლის. ვინ იცის, იქნებ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად…
ჰოდა, სურათს გვერდი ვერ ავუარე, გულგრილი ვერ დავრჩი და ქიმიურ რაინდებთან დავაკავშირე.