სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ცირა ბარბაქაძე – როგორ წავიკითხოთ ერთი ლექსი სამ სემიოტიკურ ენაზე

სამყარო ჩვენში განსხვავებულად შემოდის, განსხვავებული არხებით: ხმებით, ხედვით, შეგრძნებებით… სამივეთი ერთად, ან ერთით – განსაკუთრებით… ამას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთსა და იმავე მოვლენებს განსხვავებულად აღვიქვამთ და რომ ამ განსხვავებულობამ კონფლიქტი არ უნდა გამოიწვიოს… არადა, რამდენი და რამდენჯერ მინახავს ამის გამო მოკამათე ადამიანები. ან ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთს ვერ გაუგეს მხოლოდ იმის გამო: რომ განსხვავებული აღქმის ენებით საუბრობენ…

ნიშანთა სამი განსხვავებული სემიოტიკური სისტემა: ბგერები, სახეები, შეგრძნებები… ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ ეს განსხვავებული ენები (მეტაფორული გაგებით, ენები) თავს იყრის ენაში – ყველაზე უნივერსალურ სემიოტიკურ სისტემაში…

ენით გამოითქმის პოეზია – რითმი, რიტმი, ბგერადობა ქმნის მუსიკას… ქმნის სრულიად განსხვავებულ მუსიკას… ქმნის სიმფონიას… იწვევს განსხვავებულ შეგრძნებებს, აღვიძებს წარმოდგენებს…

აბა, კიდევ ერთხელ მოუსმინეთ გალაკტიონის მიერ წაკითხულ „მთაწმინდის მთავრეს” (ბუნებრივია, გალაკტიონის ხმით წაკითხული სხვა ეფექტია და წიგნიდან წაკითხული – სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ავტორს მოვუსმინოთ) და მერე მოსწავლეებსაც (სტუდენტებსაც) დაუსვით კითხვა: ლექსის მოსმენის შემდეგ როგორი აღქმა უჩნდებათ, როგორ მოქმედებს მათზე ლექსი, რას გრძნობენ პირველ რიგში…? თუ შეგრძნებების გადმოცემა გაუჭირდებათ, შეგიძლიათ მეტაფორული სიტყვა დაასახელებინოთ…

ჩემი გამოცდილებით, სტუდენტებს ძალიან საინტერესო და განსხვავებული პასუხები აქვთ, რომლებიც ძირითადად სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ და რომლებიც შეესაბამება ჩვენი აღქმა-აზროვნების სამ არხს: აუდიალურს, ვიზუალურს და კინესთეტიკურს; არის შემთხვევები, როდესაც სამივე არხით ხდება შემეცნება და ასეთ შემთხვევაშიც უპირატესი არის ერთი რომელიმე.

1)ესმით მუსიკა და ავიწყდებათ ტექსტი – აუდიალური;
2)ისმენენ ტექსტს და ხედავენ სურათებად – ვიზუალური;
3)შეიგრძნობენ ემოციებს – კინესთეტიკური.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები (სტუდენტები) გაარკვევენ, მათთვის აღქმა-აზროვნების რომელი ტიპია უფრო მეტად დამახასიათებელი, ლექსი შეგვიძლია განვიხილოთ „სამ ენაზე”, სამ განსხვავებულ სემიოტიკურ განზომილებაში:
ლექსის მუსიკალობას ქმნის: ავტორის ხმა, რითმა, რიტმი… ბგერათმეტყველება…

ფერები, ფორმები, ხაზები, მეტაფორები, შედარებები… – ვიზუალურ აღქმას აძლიერებს, ხოლო კინესთეტიკას – შეგრძნებებზე მიმართული ლექსიკა („თუ როგორ ვგრძნობ, რომ…”)… და სხვა.

რა თქმა უნდა, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ მოსწავლეები სრულიად განსხვავებულ ვიზუალურ აღქმებს წარმოადგენენ, ისეთებს, როგორიც შეიძლება ტექსტში საერთოდ არ იყოს… ეს დამოკიდებულია მათ ემოციურ და სულიერ კონტექსტებზე… უნდა მისცეთ საშუალება, რომ ლექსის მოსმენის შემდეგ საკუთარი „ტექსტები” შექმნან და გამოავლინონ იმ სემიოტიკურ ენაზე, რომელიც მათთვის უფრო ახლობელია, ასევე მოისმინონ განსხვავებული აღქმები, რაც საინტერესო იქნება მათთვის და რაც გაამთლიანებს ლექსის აღქმას… ძალიან ხშირად ისინი გამოავლენენ ნეგატიურ ემოციებსაც და უნდა აუხსნათ, რომ ნეგატიური ემოცია „ცუდს” არ ნიშნავს, რომ პოეზიას ეს ფუნქციაც აქვს… ერთგვარი განწმენდის…

ლექსის წაკითხვა არ ნიშნავს ლექსის კითხვას… ლექსის წაკითხვა არ ნიშნავს მის გაგებას, ლექსის გაგება არ ნიშნავს მის შეგრძნებას… ლექსი – საერთოდ არ „იკითხება”… ნამდვილი ლექსი – ეს არის ამოუწურავი ემოციების განახლების წყარო… მისი წაკითხვა ინდივიდუალურია და ყველა წაკითხვა „სწორია”… პოეზიას აქვს სიღრმეები და მასწავლებელი არსებობს იმისთვის, რომ ამ სიღრმეში შეიყვანოს მოსწავლე და არასდროს არ უკარნახოს, რა არის სწორი და არასწორი, არამედ მისცეს საშუალება, გამოავლინოს მოსწავლემ ის აზრი, ემოცია, შეგრძნება, რომელიც გაუჩნდება… და მერე დააკვირდეს ამ მოვლენებს, რაც ხდება მასში, რატომ და როგორ ხდება?

საბოლოოდ, პოეზია (ლექსი) გარკვეული სიხშირეა, გარკვეული ენერგია და მისი შეცნობა ნიშნავს მასთან რეზონანსში მოსვლას და ეს რეზონანსი შეიძლება გამოიწვიოს ლექსის მუსიკალობამ, ვიზუალურობამ, კინესთეტიკურმა შეგრძნებებმა… ან – თითოეულმა, ან – სამივემ…

გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარის” მოსმენის შემდეგ ერთმა სტუდენტმა ასეთი პასუხი გამცა: მე ეს ლექსი სხეულით შევიგრძენი, არ მესმოდა სიტყვები, არც მუსიკა, არ გამჩენია წარმოდგენები… უბრალოდ, მონაცვლეობით: მაციებდა და მაცხელებდა… სხვა პასუხი იყო მეტაფორული: თითქოს ბომბი ამიფეთქეს თავში… ან ასეთი: მე, უბრალოდ, გაფრენა მომინდა…კიდევ სხვა: ეს იყო ვულკანის ამოფრქვევა…

ლექსის სიცოცხლე სწორედ ამაშია: ის იწვევს რეფლექსიას, ქმნის ახალ და განუმეორებელ შეგრძნებებს, ბადებს ახალ მეტაფორებს… ის ყოველი მოსმენისას თავიდან იწერება იმისთვის, ვინც კითხულობს (ისმენს)…

პოეზიაც განსხვავებულია ამ მხრივ: ის, რომელიც მუსიკას ანიჭებს უპირატესობას, ის, რომელიც ხატოვანია და რომელიც შეგრძნებებზეა მიმართული… იმის თქმა მინდა, რომ შეგვიძლია პოეტებიც ამ მხრივ „გამოვიკვლიოთ”. თუ გალაკტიონთან ყველაფერია, ზოგიერთ პოეტთან უფრო ვიზუალური ჭარბობს, ზოგიც მთლიანად კინესთეტიკურ შეგრძნებებზეა აგებული. ახლა გასაგებია, აუდიალური აღქმის ადამიანს რომ ვიზუალური პოეზია არ მოეწონება და პირიქით… ზოგადად, პოეზიის დიფერენცირება პოეტების აღქმის მიხედვითაც შეიძლება გავაკეთოთ: აუდიალური პოეზია, ვიზუალური პოეზია, კინესთეტიკური პოეზია…. შეიძლება ამ ტიპის სხვა დაყოფაც.

კლასიკური ჰაიკუ უმეტესად ვიზუალური პოეზიაა:
„ალუბლის თვალწინ
ღრუბლის კვამლში
ჩაიძირა ეული მთვარე” (ბასიო მაცუო)

ამ ტიპის ვიზუალური პოეზია ერთგვარი „სავარჯიშოცაა” ვიზუალური აზროვნების გასაძლიერებლად, იმდენად ხილვადია, შეუძლებელია ამ ლექსის სხვაგვარი აღქმა.

ან ეს სახე:
ჩემს ძველ სახლში,
რომელიც დავტოვე,
ალუბალი ყვავის… (კობაიაში ისა)

ბუნებრივია, ვიზუალური სახეები მხოლოდ სახეებად არ რჩება, ისინი აღვიძებენ ემოციებს და ჰაიკუს მთელი ფილოსოფიაც იმაში მდგომარეობს, რომ წარმოქმნას ვიზუალური სახეები, გამოიწვიოს ემოცია და რეფლექსია… უფრო მეტი ითქმება სტრიქონებს შორის, სტრიქონებს მიღმა…

აუდიო-პოეზიის ნიმუშია თანამედროვე კულტურაში პოეტ ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსები… მასში იმდენად ძლიერია აუდიო-აღქმა, თითოეული სიტყვა ვიბრირებს და ენერგიას წარმოშობს, ამ ენერგიას პოეტი აძლიერებს სხვა რიტმებითაც, რითაც პოეზია ემსგავსება ერთგვარ რიტუალს. ეს არის ლექსი-შესრულება, შეუძლებელია ამგვარი პოეზია მხოლოდ გრაფიკულად გადმოიცეს, მასში ჩართულია პოეტის ყოველი ნერვი, ყველა კუნთი, ყველა საცეცი… შეგიძლიათ, მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ ამგვარი პოეზია, მაგრამ ის არსებობს და ვფიქრობ, გაცილებით უფრო „უშუალოა”, ვიდრე წიგნის ფურცლებით გაშუალებული პოეზია.

და, რა თქმა უნდა, ლექსში მთავარი ის არის, რაც გამოუთქმელი რჩება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“