შრი ლანკა, 1980-იანი წლები. კომუნისტები ხოცავენ მუშათა კლასს, რათა კაპიტალიზმი დაამხონ, თამილელი ვეფხვები (The Liberation Tigers of Tamil Eelam) ჟლეტენ იმ თამილებს, რომლებიც მათ დამოკიდებულებას არ იზიარებენ და ფიქრობენ, რომ შრი ლანკაში ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა მშვიდობიანად უნდა იცხოვროს და ქვეყანა მხოლოდ თამილებს არ ეკუთვნით; ინდოელი მშვიდობისმოყვარეები კი ხოცავენ განურჩევლად ყველას, რა თქმა უნდა, მშვიდობის დასამყარებლად.
ჰო, კიდევ არის მთავრობა, ანუ ერთიანი ეროვნული პარტია (United National Party), თავის დაქვემდებარებაში მყოფი საგანგებო დავალებათა ძალებით (Special Task Force). ამ უკანასკნელს სინამდვილეში მხოლოდ ერთი საგანგებო დავალება აქვს: მოიტაცოს, აწამოს და უკვალოდ გააქროს ყველა, ვინც ზემოთ ჩამოთვლილი დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომელიმესთან თანამშრომლობს. თუმცა ეს ჯგუფები არც ისე დაპირისპირებულია – ერთმანეთშიც და მთავრობასთანაც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვაჭრობენ იარაღით, რომლითაც ხან ამერიკა და ხანაც ჩინეთი ამარაგებთ.
სწორედ ამ დროს ფოტოგრაფსა და ომის მიმომხილველს, მაალი ალმეიდას, რომელმაც უკვე მოასწრო საიდუმლო რომანის გაბმა ახალგაზრდობის მინისტრ სტენლი დჰარმედანის ვაჟ დილან დჰარმედანთან, გამოუცნობ ვითარებაში კლავენ.
ასეთია „ბუკერის“ 2022 წლის ლაურეატის, შეჰან კარუნატილაკას რომანის სიუჟეტი. მაგრამ „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ არაა კლასიკური დეტექტივი. ეს არც კლასიკური გეი რომანი (მით უმეტეს) და არც პოლიტიკური რომანია. საქმე პასტიშთან გვაქვს – ჟანრების ირონიულ ნაზავთან. და ეს დასაწყისიდანვე ცხადია – რომანი იწყება თავით „პასუხები“:
„You wake up with the answer to the question that everyone asks. The answer is Yes, and the answer is Just Like Here But Worse. That’s all the insight you’ll ever get. So you might as well go back to sleep.“ – „იღვიძებ პასუხით კითხვაზე, ყველა რომ სვამს. პასუხი არის დიახ. პასუხი არის: ისე, როგორც აქ, ოღონდ უარესად. სულ ეს არის საკითხის მთელი არსი, მეტს ვერაფერს შეიტყობ. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლია, ძილი შეიბრუნო“ (გვ. 4).
კი, სწორად მიხვდით – თხრობის დასაწყისში მაალი უკვე მკვდარია. არ ახსოვს, ვინ მოკლა, მაგრამ ახსოვს, რომ სიკვდილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს მისი საგულდაგულოდ გადამალული ფოტოები. ამისთვის კი შეყვარებულსა და მეგობარს უნდა დაუკავშირდეს სულების სამყაროდან. ეს თავისთავად პრობლემაა. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ რეინკარნაციამდე დროებით განსასვენებელში, სინათლეში, გადასასვლელად მაალის მხოლოდ შვიდი დღე-ღამე, ანუ შვიდი მთვარე აქვს. ამ დროში დედამიწაზე დაუსრულებელი საქმის მოგვარებაც უნდა მოასწროს და განსასვენებლამდე მიღწევაც, თორემ დემონ მაჰაკალის ლუკმა გახდება.
მთელი რომანი სწორედ სულების სამყაროს პერსპექტივიდანაა დაწერილი: აქ დამხმარეები (სინათლის თეთრსამოსიანი მსახურნი) და დემონები ცოცხალი ადამიანებივით რეალურები არიან. ორ სამყაროს შორის გაჭედილი სულებიდან კი ზოგი ასეთ მდგომარეობაში ნებით რჩება, რათა მთავრობასა და ყველა სისასტიკის ჩამდენზე შური იძიოს. მაალი მათაც გადაეყრება და ასე იწყება მისი ძალიან სასაცილო და, ამავდროულად, ტრაგიკული თავგადასავალი – თავგადასავალი სწორედ სიკვდილის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მაალის პროტოტიპი შრი ლანკაში მთავრობის მიერ გატაცებული და მოკლული ჟურნალისტი რიჩარდ დე ზოისაა. სწორედ ზოისას ლექსის სტრიქონები აქვს წამძღვარებული ეპიგრაფად რომანს: „Father, forgive them,/for I will never“ – „მამაო, მიუტევე ამათ,/ რამეთუ მე არასდროს მივუტევებ“.
შეჰან კარუნატილაკა ოსტატი მთხრობელია. მისი სხარტი ფრაზები, იუმორი და დაუნდობელი ირონია, ალბათ, წიგნის მთავარი ღირსებაა. ტიპური დიალოგი რომანში (ამჯერად, ორ პოლიციელს შორის – სახელდახელოდ გითარგმნით):
„- ჩვენ ჩვენი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.
– და რა არის ჩვენი სამუშაო?
– უდანაშაულო ადამიანებს ვიცავთ, – ამბობს დეტექტივი კასიმი.
– მე მეგონა, ძალაუფლების მქონეებს ვიცავდით.
– ახლა მაგის განხილვის დროა? – კასიმი ღილაკს თითს უშვებს და ლიფტის კარებიც იხურება. კასიმი იგინება, მკლავს გაიწვდის და ლიფტს ყბებს შორის სჩრის.
– კიდე ერთი რაღაც ვერ გავიგე…
– ლიფტში შემოდი! დროზე!
– ამ საქმეს ვიძიებთ თუ ვფარცხავთ?“ (გვ.70).
წიგნში თითქმის არაა ისეთი გვერდი, ერთხელ მაინც ხმამაღლა რომ არ გაგაცინებთ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ავტორს მხოლოდ ასეთი თხრობა ემარჯვება – არა, ის დრამატულ, სასტიკ და შემზარავ პასაჟებსაც ასეთივე ოსტატობით წერს. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა წაიკითხავთ თავს „The Palace“ – „სასახლე“. სასახლე ის ადგილია, სადაც საგანგებო დავალებათა ძალებს ტყვეები გადაჰყავთ – სპეციალურად ადამიანების საწამებლად აგებული შენობა. მთავარი ჯალათი აქ ნიღაბია – ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად უწყინარი, მსუქანი და მელოტი ძია, შვილებს რომ კრიკეტს ეთამაშება საღამოობით. ღამით კი იცვამს ნახმარ ტანსაცმელს, იკეთებს სამედიცინო პირბადეს და მორიგ პოლიტიკურ პატიმართან შედის.
მაალი ალმეიდა ნამყოფია ამ შენობაში. ის, ალბათ, ერთადერთია, ვინც იქიდან ცოცხალმა გამოაღწია, მაგრამ ნუ შეცდებით: „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ პროტაგონისტის არჩევის თვალსაზრისითაც, პოსტმოდერნისტულ პრინციპს მიჰყვება – არავითარი გმირი მაალი არაა, ის არც ზნეობრივი სიმტკიცით გამოირჩევა, არც განსაკუთრებული სიმამაცითა და არც ერთგულებით, როცა საქმე შეყვარებულს ეხება – შემთხვევითი სექსუალური კავშირები მისი ცხოვრების წესია. დილანი მკაცრად აფრთხილებს, რომ ვნახო, ამას სხვასთანაც აკეთებ (ანუ სექსი სხვასთანაც გაქვს), მოგკლავო. და ის-ისაა, მკითხველი ფიქრობს, ნამდვილად დილანია მკვლელიო (რაც, თავის მხრივ, აბსურდამდე სასაცილოა – კაცი, რომელიც ომში ცხოვრობს და ყველა დაპირისპირებული მხარე გადაიმტერა, მოკლეს არა თამილელმა ვეფხვებმა, არა კომუნისტებმა, არა მთავრობამ, არამედ – შეყვარებულმა, ეჭვიანობის მოტივით), სიუჟეტი სრულიად სხვანაირად ტრიალდება, კიდევ უფრო აბსურდულად და კიდევ უფრო სასაცილოდ. ასეთივე სასაცილო და აბსურდულია გადამალული ფოტოების ამბავიც, რომელიც აჩრდილად ქცეული სულების, დემონისა და მედიუმის ჩარევით ბოლოს მაინც გამოიფინება. მაგრამ არც ეს დემონია ის, რადაც მაალის თავი შემოასაღა და არც ფოტოებს ეწევათ ის ბედი, მაალის და მასთან ერთად, ჩვენც, მკითხველებს, რომ გვგონია. ამასობაში კი ჩვენ წინ იშლება არა მხოლოდ 80-იანი წლების არეულობა, არამედ შრი ლანკის მთელი ისტორია და მწვავედ დგება კოლონიური წარსულის საკითხიც:
ერთ თავში მაჰაკალი მაალის სულს შეიპყრობს და ეკითხება, ვისი ბრალია, რაც გვჭირსო. იქნებ პორტუგალიელების? ან იქნებ ჰოლანდიელების, რომლებმაც პორტუგალიელები მოაშორეს შრი ლანკას? ან იქნებ ბრიტანელების, რომლებიც ჰოლანდიელების მერე მოვიდნენ? დასკვნა კი, აი, როგორი გამოაქვს: „We have fucked it up. All by ourselves“. – ყველაფერი ჩვენ გავაფუჭეთ, ჩვენ თვითონ ავურიეთო. ეს, ალბათ, ის მწარე სიმართლეა, რომელიც კარუნატილაკამ თავის ხალხს შეახსენა: კოლონიზებული ქვეყანა თუ მსხვერპლის როლიდან არ გამოვა და წარსულსა და აწმყოზე თავის წილ პასუხისმგებლობას არ აიღებს, იქ არც მშვიდობა დაისადგურებს და არც კეთილდღეობა. ერთგვარად ირონიულია საკითხის ასე დაყენებაც – რომანი ხომ არა შრი ლანკის რომელიმე ადგილობრივ ენაზე, არამედ ინგლისურადაა დაწერილი. „ბუკერმა“ კი ავტორს სულაც ბარიკადებზე მდგომს მოუსწრო – შრი ლანკაში მაშინაც არეულობა იყო, ხალხი კორუმპირებულ დიქტატორს აუჯანყდა.
მეორე მხრივ, აუცილებელია მითოლოგიიდან გამოსვლაც – ვფიქრობ, ამბის მკვდართა სამყაროდან დანახვა და მოყოლა სწორედ ამას ემსახურება. კარუნატილაკა შრი ლანკის რელიგიურ ფოლკლორს იყენებს, ის მითების დესაკრალიზაციას მათი ირონიზებით ცდილობს. გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მართავდეს ავტორიტარულ რეჟიმს სრული ობსკურანტიზმი და ათასი ცრურწმენა – აკი ყველა მინისტრი მედიუმ და მჩხიბავ ყვავკაცასთან (Crow Man) დაიარება თილისმებისა და ჯადო-შელოცვებისთვის. ან იქნებ იდეა ისაა, რომ ავტოკრატიული რეჟიმი თავისი არსით დემონურია? დემონური, შავ-ბნელი, მკვდართა მიერ მართული, ანუ სიკვდილისათვის განწირული?
ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: კოლონიზებული ქვეყანა ხელახლა უნდა დაიბადოს, როგორც ამ წიგნის პერსონაჟი იბადება ხელახლა. როდის მოხდება ეს? წიგნის ფინალში მაალი თავის ამბავს ლეოპარდის სულს უყვება. უყვება დეტალურად, თავიდან ბოლომდე. და როცა იგრძნობს, რომ მოსაყოლი აღარაფერი დარჩა, ხვდება: ახლა უკვე შეუძლია, ახალ სხეულში დაიბადოს. პასუხიც ესაა: როცა წარსულის სიმძიმე და შეცდომები პირუთვნელადაა მოთხრობილი, ანუ აღიარებული და გააზრებული, მაშინ ხელახლა შობაც შესაძლებელია.