მონდომებით ვადევნებ თვალს ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორის, ცნობილი ფილოლოგის – პროფესორ ცირა ბარბაქაძის წერილებს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ. მეცნიერი, მისთვის დამახასიათებელი სილაღითა და პროფესიონალიზმით, აღწერს ხელოვნური ინტელექტის განუზომელ შესაძლებლობებს, საუბრობს ამ შესაძლებლობების განათლებისა და მეცნიერების სისტემაში შედეგიანად გამოყენების თაობაზე. მოხიბლული ვარ პროფესორის აღმოჩენებით, მასწავლებლებსა და ავტორს შორის მიმდინარე დისკუსიებით. მიხარია, რომ ბევრ პროფესიონალს შრომა შეუმსუბუქდება და დრო გამოუთავისუფლდება შემოქმედებითი საქმეების ბოლომდე მისაყვანად. თუმცა, ქ-ნი ცირაც აღნიშნავს და ჩვენც ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ დიდ ტექნოლოგიურ ნახტომებს მნიშვნელოვანი საფრთხეებიც ახლავს თან.
არავინ აპირებს ლუდისტური მოძრაობის ჩამოყალიბებას, ტექნოლოგიების განადგურებას. გასაგებია, რომ ჩვენს მომავალზე უზარმაზარი გავლენა ექნება ხელოვნურ ინტელექტს. უბრალოდ, აუცილებელია, მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე არ დავხუჭოთ თვალი და ოდნავ უფრო ცივი გონებით მივუდგეთ დიგიტალურ რევოლუციას, რომელიც ლამის ყოველწამიერად იკრებს ძალას.
შევეცდები, თქვენი ყურადღება ჩემს დარგსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ურთიერთმიმართების საკითხს მივაპყრო.
ვუპასუხოთ შეკითხვას: რა სიკეთე მოუტანა ახალმა გამოგონებამ დემოკრატიას?
დასავლური სამყაროს უამრავი პოლიტიკური ძალა რესურსების სიმცირეს განიცდის. მოკრძალებულ პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებსა თუ მოძრაობებს არ აქვთ შესაძლებლობა, მდიდარი სუბიექტების მსგავსი კამპანიები აწარმოონ. ხან კარგი ვიზუალური მასალის შესაქმნელად არ ჰყოფნით ფული, ხან კადრები არ ჰყავთ მონაცემთა ანალიზისთვის. დღეს, ამგვარ გაერთიანებებს, სულ რაღაც 18-20 დოლარად შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის რომელიმე პროგრამის შეძენა. ერთი ბრძანების გაცემაა საკმარისი და პროგრამა არც თუ ისე უხარისხო პოსტერებს, აუდიოჩანაწერებს, ვიდეორგოლებს დაამზადებს, პოლიტიკური ბრძოლის ორგანიზატორებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ, ხელში ჩაიგდონ თავიანთი მოქმედების მთავარი იარაღი – სააგიტაციო რესურსები. იმავე პროგრამისთვის მიცემული ბრძანებით, ასევე შესაძლებელია უამრავი მონაცემის დამუშავება ქალაქის მოსახლეობის, უბნის გეოგრაფიის, სამიზნე ჯგუფის სტატისტიკური მახასიათებლების შესახებ. ერთი სიტყვით, ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს სუსტთა ძლიერი ინსტრუმენტებით აღჭურვას და ამგვარად თანასწორობის წისქვილზე ასხამს წყალს.
თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ აუდიო-ვიდეო მასალების სინთეზი ბოროტმოქმედებსაც აძლევს ხელს. აშშ-ის 2024 წლის საარჩევნო კამპანია დახუნძლული იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ცნობებით. დავაზუსტოთ! ჩვენ არ ვსაუბრობთ პროპაგანდისტული მიზნით დამზადებულ შარჟებზე, ე.წ. „მემებზე“ და სხვა მსგავს საშუალებებზე. დემოკრატიას საფრთხეს უქმნის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი Deepfake. მაგალითად, წლის დასაწყისში ნიუ-ჰემფშირის შტატის ზოგიერთ საგრაფოში მცხოვრებთა ტელეფონებზე უცნაური ზარის ხმა გაისმა. ახალი ინგლისის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ბაიდენმა დაურეკა და სთხოვა, არ მიეღოთ მონაწილეობა შტატის წინასწარ კენჭისყრაში. ადგილობრივთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ე.წ. რობოქოლი დემოკრატთა წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილად მიიჩნია და პრეზიდენტის თხოვნას დაემორჩილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დემოკრატებს ასეთი სააგიტაციო მასალა არ დაუმზადებიათ. ბაიდენის ყალბი ზარით მოქალაქეთა თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება სცადეს.
AI-ის იარაღებს მონდომებით იყენებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი ყველაზე თვალსაჩინო მანიპულაცია ტეილორ სვიფტს უკავშირდება. რესპუბლიკელმა თავის გვერდზე არაერთი ყალბი ფოტო გაავრცელა, სადაც პოპ მომღერალს ტრამპის მხარდამჭერი მაისური აცვია, კონსერვატიულ დროშას აფრიალებს, ახურავს კეპი წარწერით Make America Great Again. არადა, მოზარდი თაობის კერპი კამალა ჰარისის ღია გულშემატკივარი გახლდათ.
გერმანიაში ხელოვნური ინტელექტით დამზადებულ სააგიტაციო მასალას ჩვენთვის ნაცნობი ფორმა აქვს. ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს მაინც ახსოვს 2010 წელს საქართველოს ერთ-ერთი ტელევიზიით გასული გადაცემა „იმიტირებული ქრონიკა“. საგანგებოდ დამონტაჟებული, გამოგონილ ამბებზე დაფუძნებული საინფორმაციო გამოშვება მოსახლეობას რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის, ხელისუფლების დამხობის, სატრანსპორტო კომუნიკაციების დაბომბვისა და პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ მოუთხრობდა. მაშინ ამ გადაცემის მომზადებას მთელი თვე დასჭირდა, ცალკე დაიწერა სცენარი, ცალკე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც კადრები შეარჩია არქივიდან, ხმების მონტაჟმაც უამრავი დრო წაიღო. დღეს, რომელიმე გერმანელ ულტრამემარჯვენეს შეუძლია, AI-ის პროგრამაში ჩაწეროს: „ვიდეო უნდა აღწერდეს არალეგალურ მიგრანტთა ძალადობრივ ჯანყს რომელიმე ტიპურ, საქსონიურ პატარა ქალაქში“, ველში ატვირთოს რამდენიმე ფოტო, რამდენიმე პოლიტიკოსის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და სულ რამდენიმე წუთში „იმიტირებული ქრონიკის“ აღმოსავლეთ გერმანული ვარიანტიც მზად არის. სულ რამდენიმე თვის წინ ასეთი ვიდეოებით დაიბომბა ევროპის უმდიდრესი ქვეყნის სოციალური ქსელები, ტელევიზორს აღარც იქ უყურებენ.
წარმოიდგინეთ, რა მოგველის, როცა AI განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს.
ერთი სიტყვით, მომავალში რეალობასა და სინთეზურ სიმულაციას შორის ზღვარი რომ არ წაიშალოს, მოსწავლეთა შორის სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გავრცელება. ყველამ უნდა იცოდეს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სიყალბის ნამდვილი ცნობებისგან განსხვავება, თორემ დემოკრატიას ტექნოლოგიური საფრთხეც ემუქრება.