ჩვენს წინა წერილში „ქებათა ქება“ როგორც რიზომა“ გავიხსენეთ ამონარიდი ბიბლიური ტექსტიდან, რომელსაც სოლომონს მიაკუთვნებენ: „ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. ავდგები–მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი–მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი – ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?“ (ქებათა ქება, თავი მე-4).
როცა რუსთაველის, გურამიშვილის, ვაჟას, აკაკის მსგავსი შინაარსის ტექსტების სწავლებაზე მიდგება საქმე, კარგი იქნება, კვლავ გავიხსენოთ სიტყვა „რიზომა“ და „ქებათა ქების (შაირთ შაირის)“ მუდამმოსაგონებელი ტექსტი. კარგი იქნება, მოსწავლეებს აქვე მოვაგონოთ „შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა“ – „ვეფხისტყაოსნის“ თავი, რომლის დასასრულს ტარიელი ასმათს ევედრება, მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, მკვდარი მნახო, დამიტირე, აქა მიწა მიაკვანეო. მერე კი მოთქვამს:
„ჰაი, ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!“
სატრფოს ძიების ეს მრავალპლანიანი წინაპირობა (სატრფო იმედია, სიცოცხლეა, ცნობიერებაა, სული, გული და ღვთაებრივი მშვენიერება) მომწიფებულ შედეგებამდე რა ოდისეას გაივლის, აკაკის შესწავლამდე, ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსნიდან“, წესით, უნდა ვიცოდეთ.
ანალიზისთვის გამოგვადგება, კლასი დავყოთ ჯგუფებად და ყურადღება გავამახვილოთ იმგვარ საკითხებზე, როგორიცაა:
ზიარი და განმასხვავებელი ცნებები:
- ამაღლებული სიყვარული;
- ძლიერი ემოცია;
- ბუნებასთან კავშირი;
- სხვა ალუზიები;
- სიყვარულის იდეალიზაცია.
ძირითადი განსხვავებანი:
- ტონი და განწყობები;
- შინაარსები;
- ურთიერთობათა დინამიკა;
- წარმოსახვის ფოკუსი.
რიზომატული თვალსაზრისით, ეს ტექსტები ერთმანეთს ემსგავსება და უკავშირდება სიყვარულის თემის გარშემო, მაგრამ აქვე იქმნება განსხვავებული ფესვები და განშტოებები. ამ ტექსტებისთვის რიზომა იქნება:
- სიყვარულის როგორც ცხოვრების ძალის წარმოდგენა – ორივე ტექსტი სიყვარულს აფასებს როგორც სიცოცხლის განმსაზღვრელ ძალას. ესაა ძირითადი „ფესვი“, რომელიც ამ ორ ტექსტს აკავშირებს.
- განშტოებები/ტუბურები –
- მაგალითად, „ქებათა ქება“ სიყვარულს აღწერს ჰარმონიული ურთიერთობის, სიხარულის, ფიზიკური და სულიერი გაერთიანების ჭრილში.
- დავაკვირდეთ, სად და როგორ ვითარდება სიყვარული ტრაგიკული და მარადიული ასპექტის გარშემო და სად განშტოვდება დანაკარგისა და ტკივილის ემოციებით.
- მრავალმხრივი კავშირები: ორივე ტექსტში ბუნებისა და სულიერი ელემენტების გამოყენება სიყვარულის სიმბოლოდ შეიძლება მოვიაზროთ როგორც კავშირების ქსელი, რომელიც ტექსტებს უფრო ღრმად აკავშირებს.
- სოციალური და კულტურული კონტექსტი:
- ერთი ბიბლიდან ცნობილი ტექსტია,
- მეორე კი ოდენ მხატვრული ნაწარმოები.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, რიზომული ანალიზის სარგებელი შეიძლება იყოს:
- მრავალმხრივი კავშირების გამოვლენა: რიზომა საშუალებას იძლევა, ტექსტები მრავალმხრივ შეიკავშიროს, დაუშვას და გამოიკვლიოს ახალ პერსპექტივებს შორის ურთიერთობები.
- ეს მეთოდი ხელს უწყობს ტექსტების ინტერაქციულ ანალიზს, სადაც არ არსებობს მონოტონური ან ტრადიციული მიკერძოება, არამედ ნათელი და გამოკვეთილია ტექსტური ქსოვილები – ბმა არათუ ტექსტებს, არამედ მათ ნაწილებს შორისაც კი.
მითითებულ ტექსტებზე მუშაობისას ასევე მოგვეთხოვება დავით გურამიშვილის „ზუბოვკის“ გახსენება (მერე რა, რომ მისი „სწავლა მოსწავლეთაც“ ამოიღეს საგამოცდო პროგრამიდან!).
„ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,
მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა თვალი.
შავ თვალ-წარბას, პირად თეთრსა, ასხდა შავი ხალი,
მისმან ეშხმან დაცამლეწა, შემიმუსრა ძვალი…
აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?
ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.
ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!..“
„ზუბოვკის“ მთავარ ფესვად გამოვიტანოთ სამშობლოს დაკარგვის ტკივილი და დანაკარგის ტრაგედია. როგორც ცნობილია, ეს ტექსტი ასახავს ქართველი ადამიანის ემოციურ და მორალურ განწყობას უცხო მიწაზე ყოფნისას, რაც შეიძლება რიზომული ქსელის ეროვნული და პიროვნული განშტოება იყოს.
ახლა ეს ლექსები აკაკის „სულიკოს“ შევადაროთ:
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“
წარმოვიდგინოთ, რომ აქ მთავარი ფესვი მარადიული სიყვარულის ძიებაა. განშტოებები კი შემდეგია :
- ბუნებისა და ადამიანის ერთიანობა;
- ტკივილიანი ნოსტალგია და დაკარგვის ემოცია;
- ლექსის მეშვეობით სულის უკვდავების გამოხატვა.
სხვათა შორის, აკაკის ეს ლექსი 1895 წელს დაუწერია, გაცილებით ადრე კი (1876 წლის 1-ელ იანვარს) მან მრავალი კუთხით საინტერესო „აღმართ-აღმართ“ დაწერა. მოვიყვანთ პატარა ნაწყვეტს და დავაკვირდეთ, რამდენი ღირებულებითი პლასტია აქ თავმოყრილი:
„ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.
ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: „ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!“
და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?“
გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?“
აკაკის ამ ლექსში მთავარი ფესვი ბრძოლის უნარი და ადამიანის სულიერი სიძლიერეა. ტექსტი გვიჩვენებს ადამიანის სურვილს, დაძლიოს სირთულეები და მიაღწიოს სასურველს, რაც შეგვიძლია რიზომული ქსელის ერთ-ერთ განშტოებად განვიხილოთ. განშტოებები ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
- „აღმართის“ სიმბოლო – ცხოვრება როგორც დაუსრულებელი ბრძოლა;
- დროისa და მორალური გამძლეობის ხაზვა;
- ლირიკული გმირის სოციოკულტურა და მტკიცე სული, რომელიც პიროვნებას ცხოვრებისეულ მიზანს აძლევს.
სიმართლე, შეუპოვრობა, მარადიულობისთვის ბრძოლა და სიყვარული – იმსჯელეთ ამ ღირებულებებზე. გაიხსენეთ ამონარიდი ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ ღმრთისმეტყველებიდან“, რომელშიც ავტორი იხსენებს გერმანიაში მდებარე ვორმსის ტაძრის სამხრეთ შესასვლელზე მე-14 საუკუნეში შესრულებულ ქანდაკებას, რომელსაც ჰქვია „ქალი – მიწა“. მერე გულდასმით წაიკითხეთ „სულიკოზე“ ერთი წლით ადრე, 1894 წელს დაწერილი ვაჟას „სამეფო სიყვარულისა“. ბარემ ამონარიდსაც მოვიყვანთ:
„მე კი ვიძახდი: „სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?!“[1]
ერთად დააკვირდით, იფიქრეთ, იმსჯელეთ, აღმოაჩინეთ, გამოყავით და ჩაიწერეთ, რა აქვს ამ ლექსებს საერთო, გაზომეთ, რამდენად ღრმაა მათი საზიაროობა. გამოყავით ვაჟა–ფშაველას „სამეფო სიყვარულისას“ მთავარი ფესვი – სიყვარული როგორც სულიერი და ესთეტიკური ძალა. ვაჟა აქ აღწერს ისეთ სიყვარულს, რომელიც მოიცავს არა მარტო ფიზიკურ მიმზიდველობას, არამედ მაღალ მორალურ და სულიერ ასპექტებსაც.
განშტოებები:
- სიყვარული, როგორც ღირებულებათა მწვერვალი;
- ურთიერთკავშირი ბუნებისა და ადამიანისა;
- სიყვარულის არსებობის დრამა, რომელიც მსხვერპლსა და სიხარულს მოიცავს.
ასევე ძალიან საიტერესოა და საგაკვეთილო პროცესში შეიძლება მსჯელობის თემად იქცეს ხელნაწერთა ინსტიტუტის ვაჟას ფონდში დაცული ხელნაწერი №128 ვაჟას ავტოგრაფით. შუა გაკეცილი თაბახის ფურცლებისაგან აკინძულ კრებულში მოთავსებული ხელნაწერი, რომელსაც გარედან აწერია: „წვრილი ლექსები ვაჟა-ფშაველასი“, სულ სამ ლექსს შეიცავს. ესენია: „სამეფო სიყვარულისა“, „სიმღერა“ (ათასჯერ მოხველ, იავო) და „შავი ღრუბელი“. აქვეა ვაჟას მინაწერი: „გაგზავნილია „მოამბის“ V №-სათვის 1894 წ.“ ამრიგად, ეს ორი ლექსი ერთმანეთის ახლო ხანებში უნდა იყოს დაწერილი და ვაჟას ისინი ერთადვე გაუგზავნია რედაქციისთვის. მაგრამ რატომღაც „სამეფო სიყვარულისა“ ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, „ათასჯერ მოხველ, იავო“ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, 1899 წელს დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში“, „შავი ღრუბელი“ კი 1894 წელსვე გამოქვეყნდა „კვალში“.
უაღრესად საინტერესო იქნება ბავშვების აზრი აღნიშნულ საკითხებზე, მეტადრე მაშინ, თუ ედგარ ალან პოს “Annabel Lee”-ს[2] წავაკითხებთ და მათ მსგავსება-განსხვავებებზეც ვასაუბრებთ.
ტექსტების რიზომული ანალიზით უფრო მკაფიოდ წარმოჩნდება, როგორ ერთიანდება ქართული ლიტერატურის მთავარი თემები: სიყვარული, ბრძოლა, სულიერი ძლიერება და სამშობლოს ერთგულება. ტექსტების ერთმანეთთან დაკავშირებულ, მაგრამ დამოუკიდებელ შრეებზე დაკვირვებით ბავშვები თავად აღმოაჩენენ ცალკეული ტექსტის სხვადასხვა განშტოებას და იმას, თუ როგორ ერწყმიან საბოლოოდ ისინი ერთმანეთს სიყვარულისა და ბრძოლის მარადიულ ქსოვილში.
[1] https://tagiweb.wordpress.com/2012/02/12/samefo-siyvarulisa/
[2] https://www.poetryfoundation.org/poems/44885/annabel-lee