შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობის ორმაგი შესაძლებლობების ამერიკული ჩარჩო

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის განათლების სამაგისტრო სკოლის ლექტორმა, დოქტორ კარენ მაპმა შეისწავლა, თუ რა უნდა შეიცვალოს სკოლისა და მშობლების ურთიერთობაში იმისთვის, რომ მათ  ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული თანაშრომლობა შეძლონ.

კარენ მაპის ხელმძღვანელობით მკვლევარებმა გადაამუშავეს უკვე ჩატარებული კვლევების შედეგები, შეისწავლეს წარმატებული პრაქტიკები და გამოწვევები, ითანამშრომლეს სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის, მასწავლებლებთან.

სწორედ ამ შრომის შედეგად შეიქმნა თანამშრომლობის ორმაგი შესაძლებლობების ჩარჩო, რომელიც ავტორებმა კვლევის ფარგლებშივე გამოსცადეს სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიიღეს გამოხმაურება მშობლებისა და მასწავლებლებისგან. კიდევ ერთხელ დახვეწეს, გააუმჯობესეს და მხოლოდ ამის შემდეგ ის ფართოდ გავრცელდა საგანმანათლებლო წრეებში.

ოჯახსა და სკოლას შორის პარტნიორობის ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩო (Dual Capacity-Building Framework, DCBF) სცილდება ტრადიციულ მიდგომებს, რომლებიც ოჯახებს სკოლასთან ურთიერთობას ასწავლის. დოქტორ კარენ მაპის ნაშრომის მიხედვით, წარმატებული პარტნიორობისათვის საჭიროა სკოლამ შესაძლებლობები განუვითაროს არა მხოლოდ ოჯახებს, არამედ მასწავლებლებსაც, რათა შეიქმნას თანამშრომლობითი გარემო, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეთა განვითარებას.

ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩო ეყრდნობა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს სკოლამ მშობელთა ჩართულობის სისტემური დაგეგმარებისთვის.

კომპონენტებს შორის პირველია გამოწვევების იდენტიფიცირება. გამოწვევების იდენტიფიცირება გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ არ აქვთ სკოლებს და ოჯახებს ერთმანეთის ნდობა და რატომ უჭირთ თანამშრომლობა.

შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტია საკვანძო პირობების დაცვა. პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სკოლამ შემდეგ ექვს მახასიათებელზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:

  • პროცესები უნდა იყოს ურთიერთნდობაზე დაფუძნებული – სკოლებში ნაკლები დრო ეთმობა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ასეთი ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში, სკოლებში უფრო ხშირად იღებენ არასწორ, არაპრაქტიკულ ან ზოგჯერ მავნე გადაწყვეტილებებს მოსწავლეების შესახებ.
  • პროცესები უნდა იყოს მიმართული მოსწავლეების სწავლისა და განვითარებისკენ – კვლევები აჩვენებს, რომ ოჯახებიც და სკოლებიც უფრო დაინტერესებულნი და მოტივირებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ პროცესებში, როდესაც ღონისძიებები და პროგრამები ორიენტირებულია ბავშვების კოგნიტური, ემოციური, ფიზიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობაზე და სკოლის ზოგად გაუმჯობესებაზე. სხვა შემთხვევაში, თუკი პროცესები მოსწავლეზე ორიენტირებული არ არის, მშობელთა ჩართულობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
  • პროცესები პოზიტივს უნდა ეფუძნებოდეს – სისუსტეებზე, ნაკლოვანებებზე, ნეგატივზე აქცენტების დასმა უარყოფითად აისახება ოჯახების ჩართულობაზე. წააგავს წარსულის მიდგომებს, მაშინ როდესაც პოზიტივზე დაფუძნებული მიდგომა აღიარებს და აფასებს ბავშვისა და ოჯახის ძლიერ მხარეებს. ამგვარი მიდგომებით სკოლა ადვილად იზიდავს მოსწავლეების მშობლებს ჩაერთონ ორმხრივად სასარგებლო პროცესებში.
  • პროცესები უნდა იყოს კულტურულად მგრძნობიარე და პატივისცემას ეფუძნებოდეს – კულტურულად მგრძნობიარე ჩართულობის სტრატეგიების შემთხვევაში სკოლა აცნობიერებს და აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებასა და განსხვავებებს, არსებული სხვაობა თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სულ უფრო ცოტაა ეთნიკურად, რელიგიურად, ენობრივად მონოკულტურული გარემო. სკოლებმა შეიძლება მოაწყონ კულტურული დღესასწაულები, სადაც ოჯახები აზიარებენ თავიანთ ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიებს. ეს არა მხოლოდ მასწავლებლებს ეხმარება გააცნობიერონ მოსწავლეთა მრავალფეროვნება, არამედ აღიარებს და აფასებს ყველა ოჯახის კულტურულ იდენტობას. მრავალფეროვნების აღიარების და მასში ტოლერანტულად ცხოვრების მაგალითებს პირველ რიგში სკოლა უნდა იძლეოდეს.
  • პროცესები უნდა იყოს თანამშრომლობითი – ძალისხმევა უნდა მიემართოს სკოლასა და ოჯახებს შორის თანამშრომლობითი პროექტებისკენ. საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო აქტივობების დაგეგმვისას მასწავლებლები პერიოდულად მშობელთა ჩართულობაზეც უნდა აკეთებდნენ აქცენტს.
  • პროცესები უნდა იყოს ინტერაქტიული – ცალმხრივი და დახურული კომუნიკაცია შედეგის მომტანი ვერ იქნება. ოჯახებს სასკოლო სიახლეებზე წვდომა ექნებათ, მაგრამ მხოლოდ სასკოლო ბიულეტენის დაგზავნით მათი ჩართვა ვერ მოხერხდება. ამიტომ ბიულეტენების გარდა, შეიძლება არსებობდეს ფორუმები, სოციალურ ქსელებში ჯგუფები, სადაც მეტი ინტერაქცია იქნება შესაძლებელი.

შემდეგი კომპონენტია ორგანიზაციული პირობების დაცვა, რასაც თავის მხრივ ეფექტური ლიდერობა სჭირდება. ორგანიზაციულ პირობებში 3 მახასიათებელი იკვეთება.

  • ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა უნდა იყოს სისტემური – ოჯახების ჩართულობა გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნად უნდა იყოს დასახული, მკაფიოდ გაწერილი სასკოლო დოკუმენტებში.
  • ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა უნდა იყოს ინტეგრირებული დანარჩენ სასკოლო ცხოვრებასთან – ოჯახის ჩართულობა უნდა იყოს „ჩაშენებული“ სკოლის ყოველდღიურ აქტივობებში. სტრატეგიული გეგმის კალენდარზე მშობელი არსად უნდა იყოს გამოტოვებული.
  • ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა უნდა იყოს მდგრადი – ოჯახის ჩართულობის პროგრამები უნდა იყოს გააანალიზებული, ის რაც კარგად მუშაობს, უნდა მეორდებოდეს. ის, რაც ვერ მუშაობს უნდა უმჯობესდებოდეს. იმისთვის რომ ხანგრძლივად შენარჩუნდეს მდგრადი ეფექტიანი თანამშრომლობა, ეს პროცესები უნდა იყოს დაფინანსებული.

საბოლოო ჯამში, იმისთვის რომ სკოლაში მშობელთა ჩართულობის სისტემა ამოქმედდეს საჭიროა:

  • შესაძლებლობები (ადამიანური კაპიტალი – ცოდნა და უნარები) – სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი უნდა იცნობდნენ თავიანთ მოსწავლეებს და მათ ოჯახებს, მათ საჭიროებებსა და სირთულეებს. შესაბამისად, სკოლა უნდა ფლობდეს სტრატეგიებსა და ტექნიკებს ოჯახებთან საკომუნიკაციოდ, ხოლო ოჯახებს უნდა ჰქონდეთ სკოლის ფუნქციონირების და მათი შვილების განათლების ხელშეწყობის უნარები.
  • კავშირები (სოციალური კაპიტალი – ურთიერთობები და ქსელები) – ოჯახებს და სასკოლო საზოგადოებას სჭირდებათ ნდობასა და პატივისცემაზე აგებული ძლიერი ქსელების მეშვეობით წვდომა სოციალურ კაპიტალზე. ამ ქსელებში შედის ოჯახისა და მასწავლებელის ურთიერთობები და კავშირები სათემო ორგანიზაციებთან.
  • თავდაჯერებულობა და თვითეფექტურობა – ნდობის ნაკლებობა ხშირად ხელს უშლის წარმატებულ პარტნიორობას. მასწავლებლებმა და ოჯახის წევრებმა უნდა განავითარონ თავდაჯერებულობა და თვითეფექტურობა, რათა შეძლონ ურთიერთობების დამყარება და ეფექტურად მუშაობა. ეს კი შესაძლებელი ხდება პატარ-პატარა წარმატებული პროექტებით, რაც მეტის მოსინჯვის სურვილს აჩენს.
  • ვარაუდები, რწმენა-წარმოდგენები და მსოფლმხედველობა – შესაძლებლობების, კავშირების და ნდობის განვითარება მოითხოვს სწორი ვარაუდების, რწმენა-წარმოდგენების და პერსპექტივების არსებობას ან გარდაქმნას. მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შეცვალონ მავნე სტერეოტიპები და რწმენები პოზიტიური აზროვნებით.

დოქტორ კარენ მაპის ჩარჩო დოკუმენტი ადასტურებს, რომ მასწავლებლებისა და ოჯახების ურთიერთხელშემწყობ მუშაობას მივყავართ მოსწავლეების და მთლიანად სკოლის გაძლიერებისკენ.

ოჯახსა და სკოლას შორის პარტნიორობის ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩოს შედეგები კი ასე გამოიყურება:

პედაგოგები შეძლებენ, დააკავშირონ ოჯახის ჩართულობა სწავლასა და განვითარებასთან; ჩართონ ოჯახები, როგორც თანაშემქმნელები; პატივი სცენ ოჯახის გამოცდილებას; პატივი სცენ კულტურულ მრავალფეროვნებას.

ოჯახები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ  სასკოლო პროცესებში, როგორც თანაშემქმნელებმა, მხარდამჭერებმა, წამახალისებლებმა, მეთვალყურეებმა, ადვოკატებმა და როლურმა მოდელებმა.

 

სტატია შეიქმნა სახელმძღვანელოს „მშობელთა ჩართულობა სკოლაში“ ერთ-ერთი თავის „მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმვა სკოლაში“ მიხედვით, რომლის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი. https://mshobeltaskola.ge/wp-content/uploads/2024/10/A5_2024.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“