კლასის მართვა სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია როგორ მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. კლასის მართვა მრავალ ასპექტს მოიცავს: დისციპლინის შენარჩუნებას, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სასწავლო პროცესის ორგანიზებას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. თანამედროვე განათლების სისტემა კლასის მართვას მხოლოდ დისციპლინის დამყარების საშუალებად არ განიხილავს, არამედ ის ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სხვადასხვა სწავლების სტილს და ემოციურ ინტელექტს. ამასთან ერთად, სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და დიდ როლს ასრულებს კლასის მართვის პროცესში, რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, მრავალფეროვანი ონლაინ რესურსების დახმარებით, ეფექტურად გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევებს.
რატომ არის კლასის მართვა მნიშვნელოვანი მასწავლებლისთვის?
- მასწავლებლებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა საგნის სწავლების;
- პროფესიული გადაწვა მნიშვნელოვნად მცირდება;
- მასწავლებელი მეტად ენერგიულია და ნაკლებად იღლება. შესაბამისად აქვს მოტივაცია უკეთ დაგეგმოს მრავალფეროვანი აქტივობები და პროექტები;
- მასწავლებელს ბევრად უმარტივდება კლასის კონტროლის შენარჩუნება, რაც შემდგომ უზრუნველყოფს წლის დასაწყისში შემუშავებული სასწავლო მიზნების წარმატებით განხორციელებას.
რატომ არის კლასის მართვა მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის?
- მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში;
- მოსწავლეთა ჩართულობა იზრდება და მობილიზებულები არიან;
- მოსწავლეების ინტერესი და პასუხისმგებლობა საგნის მიმართ იზრდება;
- წლის ბოლოს ისინი წარმატებულ აკადემიურ შედეგებზე გადიან.
გიზიარებთ კლასის მართვის 5 მნიშვნელოვან სტრატეგიას, რომლებიც სწორედ აღნიშნული მიზნების განხორციელებაში მეხმარება.
#1 საკლასო წესების გაცნობამდე
ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, საკლასო წესების გაცნობამდე, მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: წარმოიდგინეთ:
- გზა საგზაო ნიშნების გარეშე.
- ფეხბურთი (სხვა თამაშები) მსაჯის გარეშე.
მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ მათ მიერ მოყვანილ მაგალითებს. შემდეგი კითხვა საკლასო წესებს ეხება:
- ახლა კი წარმოიდგინეთ საგაკვეთილო პროცესი საკლასო წესების გარეშე.
აღნიშნული მსგავსი სიტუაციების განხილვის შემდეგ მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ საკლასო წესების მნიშვნელობას და ხალისით იწყებენ საკლასო წესების შემუშავებას.
#2 საკლასო წესების გაცნობა
ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული ვიდეოების გამოყენება საკლასო წესების გაცნობა/გახსენებაში წარმატებულად მუშაობს. Vindoz AI – მოცემულ გვერდზე დევს ნიმუშები, რომლებსაც ვირჩევ მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. მაგალითად: დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ვირჩევ ანიმაციურ პერსონაჟებს, რომელთა ალაპარაკების საშუალებასაც გვაძლევს ეს პლატფორმა. ყველა ვიდეოს ახლავს თავისი ტექსტი, რომელსაც ვცვლი და ვწერ მოსწავლეების მიერ შემუშავებულ საკლასო წესებს. ამ გზით, საკლასო წესების გაცნობა/გახსენება მათთვის სახალისო და საინტერესო პროცესია. აქვე გიზიარებთ ჩემ მიერ აწყობილი ერთ-ერთი ვიდეოს ბმულს: Link
#3 მასწავლებელი=სარკე
მომდევნო ეფექტური კლასის მართვის ხერხი თავად მასწავლებლის ქცევას ეხება: საუბარს, ნაბიჯებს და განწყობას. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა აკონტროლოს ხმის ტემბრი, ისაუბროს არც ძალიან ხმადაბლა და არც ძალიან ხმამაღლა. ჩვენი ხმის ტონი, ლექსიკა, მოსწავლეებს აძლევს მაგალითს, თუ როგორ გვესაუბრონ ჩვენ და თანაკლასელებს. გაკვეთილზე ჩვენი ნაბიჯებიც მეტყველებენ ჩვენს ემოციურ განწყობაზე. მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში ვიაროთ მშვიდად და არა ქაოსურად. გარდა ამისა, უნდა დავანახოთ მოსწავლეებს რომ სირთულეების მიუხედავად ვცდილობთ განწყობის შენარჩუნებას, რთულ ქცევაზე ვრეაგირებთ მშვიდად და ვცდილობთ მოსწავლეთა დახმარებას. ერთი სიტყვით, მასწავლებელი არის სარკე, რომელშიც შემდგომ მოსწავლეების ქცევა აირეკლება. მაგალითად, მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით (Canva AI) შექმნან მასწავლებლის სასურველი სახე – “როგორი იქნება შენი მასწავლებელი? როგორი გამომეტყველება ექნება (ღიმილიანი თუ სერიოზული?) რა თვისებები ექნება? რთულ სიტუაციებში როგორ დაეხმარება მოსწავლეებს?” და სხვა. (აქვე გიზიარებთ მაგალითს – Link). აღნიშნული დავალება ჩემი, როგორც მასწავლებლის, ერთ-ერთი საუკეთესო თვითრეფლექსიაა, რაც მეხმარება გავიგო რა მოლოდინები აქვთ მოსწავლეებს ჩემგან, რა ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას და როგორ შეგვიძლია ერთად შევქმნათ უფრო მეგობრული, უსაფრთხო და პოზიტიური საკლასო გარემო.
#4 Classdojo
კლასის მართვაში გვეხმარება კიდევ ერთი ონლაინ პლატფორმა -ClassDojo.com – ClassDojo, რომელსაც ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ვიყენებ. აღნიშნულ საიტზე წლის დასაწყისში ვქმნი ჯგუფებს კლასების მიხედვით. ყველა მოსწავლეს შერჩეული ყავს თავისი პერსონაჟი, რომლებსაც სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ქულები ენიჭებათ, მაგალითად: გაკვეთილში ჩართულობა, საშინაო დავალება, ჯგუფური მუშაობა და სხვა. მოსწავლეები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ქულა მოაგროვონ კონკრეტული მიზნისთვის. აღნიშნული მეთოდი მნიშვნელოვნად ამარტივებს კლასის მართვას და სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო პროცესად აქცევს.
#5 გაკვეთილის ბოლო 5 წუთი
მე-5 სტრატეგია გაკვეთილის ბოლო 5 წუთს ეხება, რომელიც ზოგჯერ მთლიანად ცვლის სასწავლო კვირის განწყობას. ამ ხერხს სასწავლო კვირის დასაწყისში ან ბოლოს ვიყენებ. პერიოდულად ვქმნი ონლაინ თამაშებს (მაგ: wordwall – ზე) სხვადასხვა სახალისო კითხვებით, რომლებიც გაკვეთილის თემას არ ეხება (აქვე გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ რესურსს – Link). ეს თამაში მოსწავლეების წარმოსახვის უნარს ავითარებს და მათ დადებითად განაწყობს საგნის მიმართ. მაგ: “არჩევანის საშუალება რომ გქონდეს, რომელს მიანიჭებდი უპირატესობას? დავალებების არ ქონას თუ ტესტების?,” “რომელი იდეა უფრო მოგწონს? მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა თუ 10 ენაზე საუბარი?, “ “რომ შეგეძლოს რომელ სუპერძალას აირჩევდი?,” და სხვა.
კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება წარმოადგენს წარმატებული სწავლა- სწავლების პროცესის აუცილებელ პირობას. შესაბამისად, მათი გამოყენება ამცირებს არა მხოლოდ დისციპლინურ პრობლემებს, არამედ ზრდის სწავლის ხარისხს. თანამედროვე განათლების სისტემაში კი კლასის მართვა დინამიკური პროცესია, რომელიც მასწავლებლის მუდმივ პროფესიულ განვითარებას, მოქნილობასა და მზაობას მოითხოვს, ინოვაციური მიდგომების დასანერგად.
გამოყენებული ინტერნეტგვერდები:
https://www.canva.com/ai-image-generator/
https://aiapp.vidnoz.com/video/index.html
https://www.classdojo.com/en-gb/?redirect=true
https://newteacherlibraryandtools.square.site/