ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა სიახლეების დანერგვას საჭიროებს. ფაქტია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის თეორიის რუტინული დასწავლა მოსაწყენი და დამღლელია.
უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ ნდივიდუალური, შემოქმედებითი მიდგომა, რაც რთულის – მარტივად, მოსაწყენის – სახალისოდ, რუტინულის – საინტერესოდ ქცევას ემსახურება და, ხშირ შემთხვევაში, ძალიან შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
მასწავლებელი აქტივობების დასაგეგმად იყენებს წინარე ცოდნას, პედაგოგიურ თეორიებს ან საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე ჩამოყალიბებულ შეხედულებებს, ან ამ ყველაფერს ერთად. ეს განაპირობებს კიდეც მის აკადემიურ თავისუფლებას. მაგრამ ერთი რამ ცხადია – თამამი, კრეატიული მიდგომებით პედაგოგი შეიძლება გახდეს მოტივატორი მოსწავლისთვის.
ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები უდროობას უჩივიან და ამის გამო უარს ამბობენ ინოვაციური მეთოდების გამოყენებაზე, თუმცა საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მცირედი ძალისხმევაც მოსწავლეთა დასაინტერესებლად შესაძლოა საკმარისზე მეტიც აღმოჩნდეს.
ჩემ მიერ მე-6 კლასში ჩატარებული გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინე (თემა:„ზმნის ცვლა პირების მიხედვით“) კონსტრუქტივისტული მიდგომა, როგორც „ჟ. პიაჟეს, ლ. ვიგოტსკის და ჯ. ბრუნერის თეორიების ლოგიკური შედეგი“. ვეცადე, ხაზი გამესვა მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელობისთვის და, უპირველეს ყოვლისა, მეხელმძღვანელა კარლ როჯერსის ჰუმანისტური თეორიით.
ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული გაკვეთილის ეფექტურად ჩასატარებლად გადავწყვიტე, გამეკეთებინა პრეზენტაცია Power point-ის პროგრამის გამოყენებით. ტექსტი თითქმის მთლიანად ეფუძნებოდა სახელმძღვანელოში მოცემულ თეორიას, რომელსაც დავამატე ჩემ მიერ მოფიქრებული აქტივობები (წიგნში დაბეჭდილი სავარჯიშოების ანალოგიით).
პრეზენტაციამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. მიზეზი მათთვის მისაღები და საინტერესო ვიზუალური ფორმა და თამაშის ფორმატით მიწოდებული თეორია აღმოჩნდა.