შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

როგორ ვასწავლო კვლევის ჩატარება საბაზო და საშუალო საფეხურზე

ანალიტიკური უნარების განვითარება ზოგადი განათლების ერთ-ერთ ეროვნულ მიზანს წარმოადგენს. ამის კვალობაზე, მოსწავლეებისთვის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

კვლევითი უნარების ადრეულ ასაკში განვითარება მრავალმხრივი სარგებელი მოაქვს:

  • ანალიტიკური აზროვნების განვითარება: კვლევის პროცესი მოსწავლეებს ასწავლის ინფორმაციის კრიტიკულ აღქმას, გაანალიზებას, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას და ლოგიკური დასკვნების გამოტანას;
  • დამოუკიდებელი სწავლის უნარების გამომუშავება: მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი ინტერესების მიხედვით ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას, რაც მათ მომავალში უწყვეტი განათლების პროცესში დაეხმარება;
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება: კვლევის დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, დასკვნების გამოტანა – ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარებია;
  • ცნობისმოყვარეობის წახალისება: კვლევითი საქმიანობა აღვივებს მოსწავლეთა ბუნებრივ ინტერესს სამყაროს შემეცნების მიმართ და უვითარებს მათ მეცნიერულ აზროვნებას.

რაც მთავარია, კვლევითი უნარების წყალობით მოსწავლე ხდება პროცესის აქტიური მონაწილე და არა ინფორმაციის პასიური მიმღები.

 

პრაქტიკული მაგალითები

სტატიაში წარმოდგენილია ორი საინტერესო კვლევითი პროექტი, რომლებიც მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს. VII და X კლასების მოსწავლეებს სერიოზული კვლევის ჩატარება არ მოეთხოვებათ, ამიტომ, პირველ ეტაპზე, გავაცანი მათ რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. ამის შემდეგ გადავედით ისეთი საკითხების დამუშავებაზე, როგორიცაა:

  • საკვლევი საკითხის ფორმულირება;
  • საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება;
  • აუდიტორიის განსაზღვრა.

ამ მცირე თეორიული ექსკურსის შემდეგ ორივე ჯგუფი შეუდგა პრაქტიკულ სამუშაოს.

საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში ადვოკატირება და მისი ინსტრუმენტები VII კლასიდან ისწავლება. კვლევის ჩატარება და მისი შედეგების წარდგენა ადვოკატირების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

ადვოკატირების კამპანიის წარმოებისა და პროექტებზე მუშაობის ეტაპზე ერთ-ერთმა ჯგუფმა გამოთქვა სურვილი, ჩართულიყო კვლევით პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა მიუსაფარი ცხოველების პრობლემისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას გამოკვლევას.

 

პროექტი „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“ (VII კლასი)

  • მოსწავლეებმა შეისწავლეს უპატრონო ცხოველების პრობლემა;
  • გამოკითხეს მოსახლეობა;
  • განათავსეს საინფორმაციო პოსტერები;
  • მოაწყვეს ცხოველების გამოკვების აქცია.

კვლევის შედეგები:

კვლევითი ჯგუფის წევრები მოსახლეობას უსვამდნენ სამ კითხვას:

  1. რამდენად ხშირად ხედავთ უპატრონო ცხოველებს თქვენს უბანში?
  2. თქვენი აზრით, რა არის უპატრონო ცხოველების მთავარი პრობლემა მარნეულში?
  3. ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა?

გამოკითხულთა 45% უპატრონო ცხოველების მთავარ პრობლემად შიმშილს მიიჩნევს, 38% კი ანტისანიტარიისა და დაავადებების გავრცელების რისკს. მათი პრობლემის მოგვარების გზად გამოკითხულთა 44.5%-ს სახელმწიფოს ძალისხმევა მიაჩნია. ასევე იკვეთება მოსახლეობისა და ვეტერინარული სამსახურების როლი.

 

ელექტროსიგარეტის (ე.წ. ვეიპი) პრობლემა სკოლებში

ბოლო ხანს მოსწავლეებში შეიმჩნევა ელექტრონული სიგარეტის გამოყენების მზარდი ტენდენცია. უფროსკლასელები დაუბრკოლებლად ახერხებენ მისი შეძენას ბაზრობებსა და სპეციალურ მაღაზიებში. მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მეათეკლასელების მიერ ჩატარებული კვლევა 10-15 წლის მოზარდებში თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტის მოხმარების სიხშირეს ეხებოდა.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული მოსწავლეების 61.8% ხშირად აწყდება თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტის გამოყენების შემთხვევებს სკოლის სივრცეში.

სკოლის გარეთ, ეს მაჩვენებელი უფრო სავალალოა და 82.4% შეადგენს.

ამგვარი კვლევითი სამუშაოს შესრულების შემდეგ შესთავაზეთ მოსწავლეებს, დაწერონ შემაჯამებელი ანგარიში და შედეგები ფართო საზოგადოებას გაუზიარონ.

კვლევითი უნარების განვითარება სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, გახდნენ კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი და აქტიური მოქალაქეები. მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მაგალითზე ნათლად ჩანს, როგორ შეუძლიათ მოზარდებს კვლევის საშუალებით რეალური სოციალური პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ძიება. მეშვიდეკლასელების პროექტმა „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“ და მეათეკლასელების კვლევამ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შესახებ აჩვენა, რომ სწორად დაგეგმილი და განხორციელებული კვლევა არა მხოლოდ აკადემიურ უნარებს ავითარებს, არამედ საზოგადოებრივი პრობლემების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობასაც ზრდის.

მსგავსი კვლევების ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, ანალიზის უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ვფიქრობ, მსგავსი კვლევებით აქტიურად უნდა დაკავდნენ მოზარდები, რათა შეძლონ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და განიცადონ პროგრესი ყოველდღიურობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“