შობა გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მყუდროდ საკითხავი და გულის გამთბობი წიგნების დრო მოდის. ამ წერილში სწორედ ერთ ასეთ წიგნს გირჩევთ, ამჯერად, თანამედროვე ირლანდიური ლიტერატურიდან – კლერ კიგანის „შვილობილს“.
წიგნი-მეთქი, ვამბობ და მოთხრობა კი არის, სულ 73 გვერდია, მაგრამ ისე სხარტად და ოსტატურადაა დაწერილი, კითხვისას პაუზების გაკეთება გინდება, რომ კარგად დაფიქრდე წაკითხულზე, შეიგრძნო, გაიჟღინთო იმ სამყაროთი ამ სამოცდაათ გვერდში რომ იქმნება. ეს ციცქნა წიგნი წაკითხვის შემდეგაც დიდხანს რჩება შენთან.
არადა, თითქოს სრულიად ბანალურ ამბავზეა: ხელმომჭირნე ოჯახი ერთ-ერთ ქალიშვილს ზაფხულში ნაცნობებს დაუტოვებს. კინსელები უშვილო ცოლ-ქმარია და პატარა გოგონას სიამოვნებით მასპინძლობენ, სიყვარულითა და სითბოთი. როგორ მოხდა, რომ ასეთ გაცვეთილ სიუჟეტზე დაწერილი წიგნი ასეთი მომნუსხველია?
ვფიქრობ, ამის მიზეზი სათანადო ატმოსფეროს შექმნაა, რის მოხერხებაც მცირე ზომის ტექსტში ძალზე რთულია და დიდ ოსტატობას მოითხოვს. კლერ კიგანი ამას, უპირველესად, სპეციფიკური პერსპექტივის არჩევით აღწევს – მთხრობელი ბავშვია და ამბავსაც თავიდან ბოლომდე მისი თვალით ვხედავთ. მაგრამ ეს მთხრობელი ბოლომდე სანდო ვერაა – ის ბევრ რამეს მხოლოდ ხედავს, თუმცა ვერ იაზრებს, ბევრ რამეს კი არ გვიყვება, თუმცა გულისხმობს. მაგალითად გამოდგება ბანაობის სცენა:
„ხელები დედაჩემისას მიუგავდა, მაგრამ მათში რაღაცას ვგრძნობდი, რაღაც ისეთს, რაც არასდროს მეგრძნო და არც ვიცოდი, რა დამერქმია. სიტყვებს ვერ ვპოულობდი, მაგრამ ეს ხომ უცხო ადგილი იყო, უცხო ადგილს კი ახალი სიტყვები სჭირდებოდა“ (გვ.20).
არც იმას გვიყვება, როგორ ცხოვრობენ სახლში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ქალბატონი კინსელასა და მისი ქმრის ქცევაში ეუცხოება, ზუსტად ვხვდებით, მისი ოჯახი როგორიცაა – რომ სიღარიბეში ბავშვებს მხოლოდ საჭმელი ან ტანსაცმელი კი არა, ყურადღება, სითბო და სიყვარულიც აკლდებათ. ამ მხრივ, გამორჩეულია ის ადგილი, ბატონი კინსელა რომ გადაწყვეტს, ახალი ტანსაცმელი ვუყიდოთო და შინიდან გასვლის წინ შენიშვნას მისცემს, მამაშენს არ უსწავლებია, ჯერ ხელები რომ უნდა დაიბანოო? დააკვირდით გოგონას რეაქციას:
„სკამზე გავშეშდი. ველოდი, რომ რაღაც უარესი მოხდებოდა, მაგრამ კინსელას აღარაფერი უქნია, უბრალოდ, იდგა, თითქოს საკუთარი სიტყვების გრგვინვით დაზაფრულიყო. როგორც კი შეატრიალდა, კიბეზე ავვარდი და სააბაზანოში შესვლა დავაპირე, მაგრამ კარი ჩაკეტილი დამხვდა.
- მე ვარ, – გამომძახა ცოტა ხანში შიგნიდან ქალმა და მალე კარიც გააღო, – ბოდიში, რომ გალოდინე.
ტიროდა, მაგრამ არ რცხვენოდა“ (გვ. 38, ხაზი ყველგან ჩემია – ნ.ა.).
რაღა გამოდის? ასეთ უმნიშვნელო რამეზე ჩხუბი და დასჯა გოგონას ოჯახში ნორმაა, ტირილი კი სირცხვილად ითვლება.
კიდევ ერთი დეტალი – გოგონას ენურეზი აქვს, რასაც, რასაკვირველია, სახელს არ არქმევს. უბრალოდ, აღწერს, რომ ლოგინი სველია და ამცივნებს. ამ დროსაც დასჯას მოელის ქალბატონი კინსელასგან. ის კი ლეიბს უბრალოდ გასამზეურებლად გაიტანს, ნესტი რომაა, ამიტომ დასველდაო. გოგონას ეს დაავადებაც მინიშნებაა იმ ემოციურად მძიმე ყოფაზე, რომელთანაც თავის ოჯახში უწევს გამკლავება.
მეორე, რითაც ტექსტის უნიკალური ატმოსფერო იქმნება, საოცრად ცოცხალი პერსონაჟებია – მილდრედისთანა ჭორიკანა მეზობელი, მაგალითად, ალბათ, ყველას გვყავს. ეს ტრანსკულტურული და ტრანსნაციონალური ფენომენია – ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს და ყველგან ცხვირს ყოფს, გარშემომყოფთა მიმართ კი დიდად კეთილგანწყობილი არ არის. სწორედ მისგან შეიტყობს გოგონა სიმართლეს კინსელების ოჯახზე და იმასაც მიხვდება, ვისი ნაქონი ტანსაცმელი ეცვა, სანამ ახალს უყიდდნენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მოტივია ტექსტში და მისი ასე ორიგინალურად, თანდათან გაშლა, ყველაზე უსიამოვნო და უხიაგი პერსონაჟის პირით მოურიდებლად დაბრეხვება სწორედ იმ ტრაგიზმს სძენს ტექსტს, რომელიც საჭიროა. ეს ყველაზე ნამდვილი და ალალი გზაა კინსელების ტკივილის გადმოსაცემად – არმოყოლა, მხოლოდ ჩვენება.
საერთოდ, მთელი ტექსტი ამ პრინციპით არის დაწერილი – იქ ყველაფერი მხოლოდ ნაჩვენებია დასაწყისიდან ფინალამდე, რომელშიც ასეთი ფრაზა კი არ წერია: „იმ დღიდან ბატონი კინსელა მამასავით გახდა ჩემთვის“, არამედ ჩახუტების სცენაა აღწერილი, აღწერილია, როგორ ხედავს გოგონა გზას, ბატონი კინსელას უკან რომაა და თან ქალბატონი კინსელასთვის სურს თქმა, რომ ჭაში ჩავარდნის ამბავი საიდუმლოდ დარჩება, თან ბატონ კინსელას ვერ უშვებს:
„მაგრამ რაღაც უფრო ღრმა გრძნობა კინსელას მკლავებში დარჩენას მთხოვდა.
- მამიკო, – გავაფრთხილე, დავუძახე, – მამიკო“.
არადა, სწორედ ჭა იყო ის ადგილი, ქალბატონმა კინსელამ რომ წაიყვანა გოგონა და უთხრა, ჩვენ საიდუმლოები არ გვაქვს ამ სახლში, რადგან საიდუმლო სირცხვილს იწვევსო. და სწორედ ჭას უკავშირდება მათი პირველი და ერთადერთი საიდუმლოც. ოღონდ, ეს ის საიდუმლო არაა, რომელიც სირცხვილს იწვევს, ეს სხვა საიდუმლოა – სიყვარულის საიდუმლო, სიყვარულისა, რომელიც მშობლების მიმართ უნდა ჰქონოდა და მშობლებისაგან უნდა მიეღო გოგონას და ამის ნაცვლად, სრულიად უცხო ადამიანებს დაუკავშირდა ამ გრძნობით.
პარადოქსია, არა? კარგი წიგნები სწორედ ასეთ პარადოქსებზე გვიამბობს…