შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

დღიურიდან

30.11.2024

ხვალ ადვენტი იწყება. დასავლურ ტრადიციაში ეს ლიტურგიკული კალენდრის დასაწყისია, წინასაშობაო პერიოდი. ამ დროს შეძლებისა და სურვილისამებრ ვმარხულობთ, ვკითხულობთ ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნებს, ქრისტეს დაბადების შესახებ რომაა (ესაია წინასწარმეტყველს, მაგალითად). ვფიქრობთ ღმერთის ამქვეყნად მოვლინებაზე, მის დაბრუნებაზეც. საერთოდ, ადვენტი სიხარულიანი მოლოდინის დროა.

აი, მე კი მსგავსი არაფერი მაქვს გულში.

ან როგორ მექნება, როცა ჩემ თვალწინ სცემენ, ასისხლიანებენ, იჭერენ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო უყვართ და მისი დაცვა გაბედეს. მე კი ამას წინააღმდეგობას ვერაფრით ვუწევ, ამ ხალხს ვერ ვიცავ, ვერაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ ასეთი სისასტიკით არავინ ჩაწიხლოს.

რანაირად უნდა ვიფიქრო ახლა შობაზე?! რის მოლოდინი უნდა მქონდეს, როცა წინ მხოლოდ გაურკვევლობაა.

საერთოდ, მგონია, ჩემი გული მხოლოდ ერთი რამის სამსახურს იტევს და ერთ რამეზე ფიქრებს: თუ ჩემი ქვეყანაა, მხოლოდ ჩემი ქვეყანა უნდა იყოს, თუ ლიტერატურაა, მხოლოდ – ლიტერატურა და თუ ღმერთია, მხოლოდ – ღმერთი. არ ვიცი, რანაირად შევუთავსო ეს სამი ჯერ ერთმანეთს და მერე – ჩემს სუსტ ჯანმრთელობას.

ჰო, ბარიკადებზე სადგომი ჯანმრთელობა, დიდი ხანია, აღარ მაქვს. და კი, შევაკლავდი თავს ამ ქვეყანას, მაგრამ ვის რაში გამოადგება ჩემი უაზრო თავგანწირვა? ჩემს გამოყვანაზე უნდა გაწვალდნენ და ბრძოლას მოცდნენ. ამით ვერავის დავეხმარები, მხოლოდ ხელს შევუშლი. ამიტომ ვდგავარ იქ, სადაც გონება მკარნახობს და არა იქ, საითკენაც გული მერჩის.

საინფორმაციო ომიც არანაკლები ომია. უფრო სწორად, გადამწყვეტი მნიშვნელობის ომია – ნუ გგონიათ, რომ ბელორუსიასა და ჰონგ-კონგში ჩვენზე ნაკლებად იბრძოდა ხალხი. უბრალოდ, რეჟიმი ადაპტირდა ამ ბრძოლასთან და რაც ფიზიკური ძალით ვერ ჩაახშვეს, პროპაგანდით გაანადგურეს. ამიტომ ვცდილობ, სასარგებლო ინფორმაცია გავავრცელო (რომელი ინფლუენსერი მე ვარ, მაგრამ მაინც) და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას კი ხელი შევუშალო. უსაქმოდ არც აქამდე ვმჯდარვარ – ყველგან, სადაც ჩავსულვარ, ჩემი ქვეყნის ამბავიც ჩამქონდა, დაუსრულებლად ვლაპარაკობ და ვწერ ხან რუსულ და ხან ცენზურის კანონებზე. მაგრამ, ასე მგონია, სრულიად არაფერი გამიკეთებია და, როგორც მოქალაქე, სრულიად უნიათო, უსუსური და გამოუსადეგარი ვარ.

დაწერეს, როგორ უმკლავდებით ბრაზსა და უიმედობასო. ვერ ვუმკლავდები, განვიცდი – რა ვიცი, ჩვენი ქვეყანაა და ვდარდობთ, ჰო, აბა, ომში გახარებულები ხომ არ ვიქნებით?! მით უმეტეს, რომ ეგ განცდები მოქმედებაში გადაგვაქვს – ყველას ისე, როგორც შეგვიძლია.

ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა, ძალიან კარგმა მწერალმა დარიამ, მომწერა გუშინ. რაც პროტესტში ვართ, სულ მეხმიანება და მამხნევებს.

რამე ხომ არ შემიძლია, თქვენთვის გავაკეთოო.

თვითონ ახლაც ლვივშია.

მეტი რაღა უნდა გააკეთო-მეთქი.

იმ დღის იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნები რომ რუსეთის კლანჭებისგან განთავისუფლდებაო.

ჰო, ჩემი საადვენტო იმედიც ზუსტად ეგ არის.

საადვენტოც და სამერმისოც.

 

1.12.2024

დაიწყო ადვენტის პირველი კვირა. წირვის შემდეგ ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივედი – ვიფიქრე, ნაკლები ხალხი იქნება-მეთქი და ფრონტს გავამაგრებ. ვნახე რამდენიმე მწერალი, ერთიც – ჩემი მეგობრის მეგობარი. ხალხი კი მართლაც ცოტა იყო თავიდან. აი, მერე, მერე სასწაული მოხდა:

ხელმძღვანელობამ ცოცხალი თავით ყური არ შეიბერტყა მოთხოვნებზე და ხალხმა, აბა, თუ ეგრეო, ჩავიდნენ ქვემოთ და გადაკეტეს გზა.

  • ცოტანი ვართ, ვერ გადავკეტავთ, – ამბობდა ჩემი მეგობრის მეგობარი გოგო, – იურისტი ვარ, დამიჯერეთ. ადმინისტრაციული წესით აგვიყვანენ ყველას.

მაინც ჩავედი.

გზა გადაიკეტა. რამდენიმე წუთში კი ვხედავ: მოდიან, მოაქვთ ის ისტორიული ბანერი „არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე“.

დედაჩემს მივწერე, სხვა აქციიდან მოვიდნენ-მეთქი, მე მგონი.

ვიცი, გიყურებო, – მომწერა, – კინოფესტივალიდან შემოგიერთდნენო.

კიდევ რამდენიმე წუთში კი გმირთა მოედნიდან დაიძრა ხალხის უზარმაზარი ნაკადი. სმარტფონების ფანრები ენთოთ და ასე მოაპობდნენ სიბნელეს. ჩვენც ავანთეთ აქედან. მერე კიდე მეორე ნაკადიც დაიძრა.

ჩემ წინ ოჯახი იდგა: დედა, მამა, გოგო.

– შეხედე, მოდიან! – გოგომ შესძახა.

– ვინ მოდიან, კაცო? – უცებ ვერ მიხვდა დედამისი.

– აგე, ხალხი.

– ვინ? ჩვენები თუ რობოკოპები?

– ჩვენები, კაცო, რა რობოკოპები!

– „საზმაუ“ ნიშნავს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, მაგის წინ ვდგავარ, – ეუბნებოდა აქეთ ერთი ბიჭი ტელეფონზე ვიღაცას, – მეტი როგორ აგიხსნა?! პირველი არხი, აი, ერთიანს რომ დააჭერ და გადართავ… არა, მერე გადმოვალთ მანდ. მოდი, ჰო, გმირთა მოედნამდე გადავკეტეთ.

– თემო დააკავეს ადმინისტრაციული წესით, – მიუბრუნდა ის გოგო ისევ დედას, – ჰოდა, ჰყავდათ ერთი მოწმე, ანუ ეს ერთი პოლიციელი, მეორე ხო, ვინც დაიჭირა და კიდე რაღაც ჩვენება დაწერილიც ჰქონდათ. ჰოდა, ამ მოწმეს ეკითხებიან, რომ რატომ დააკავეთო და, არ დაგვემორჩილაო. და, რაში არ დაგემორჩილათო, და, სახლში არ წავიდაო. ნუ, ამაზე გაიცინა თურმე ყველამ. და ეს ჰო, თქვა ამ მოწმემ და დაჯდა ისევ – არადა, არ შეიძლება კანონით, ჩვენებას რომ მისცემ, უნდა გახვიდე დარბაზიდან. და მოსამართლე ეკითხება, რას აკეთებთო?! და ამან, აქ დავრჩები, რომ ჩემი პოზიცია ბოლომდე დავიცვაო. გაუბათილეს ეგ ჩვენება და გამოუშვეს თემო.

იცოდნენ, რომ ცოტანი ვიყავით, დახმარება გვჭირდებოდა, სიბნელე გააპეს და მოვიდნენ – ასე დაიწყო ადვენტის პირველი კვირა, რომელიც, ეკლესიის ტრადიციით, იმედისაა…

გაგრძელება იქნება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“