ანა კალანდაძე 100
„რა გინდ ტრაგიკული მიზეზიც არ უნდა მქონდეს, ლექსს მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა მთელს ჩემს არსებას დიდი სიხარული ეუფლება!..“ – ანა კალანდაძის დღიურიდან
2008 წლის მარტის ცა მახსოვს – მთაწმინდაზე, ზღვა ხალხის თავზე თალხივით ჩამომხობილი, ღრუბლებჩალურჯებული და მრუმე. ქარიც მახსოვს, მთაწმინდის პანთეონის კედლებში გზააბნეული ფრინველივით ტრიალებდა და ღმუოდა თითქოს. ჩუმი გვრინით გაისმოდა მისი ხმა და მთელ იმ ამბავს დაუვიწყარი ფინალივით აბოლოებდა.
ანა კალანდაძის დაკრძალვის დღე იყო. მარადისობის ახელილი თვალივით ასცქეროდა ცას პოეტის გაჭრილი საფლავი.
იმ ქარზე – ანას მოტირალ ქარზე მერეც მიფიქრია. ოჯახის წევრებთან და მკითხველებთან ერთად ქარმაც გააცილა. იმ ქარმა, რომელსაც ასეთი კრძალვითა და ვნებით უმღეროდა მთელი ცხოვრება. იქნებ მარტშიც ამიტომ გაიყვანა განგებამ – მარტიც ხომ ქარების და პოეტების თვეა, გაზაფხულის ტკივილიანი და ცეცხლოვანი დაბადების თვე… ანა კალანდაძის ცხოვრება და პოეზია მარტის თვეში დაბოლოვდა – ამ დასასრულით მისი მარადისობა დაიწყო…
…ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად…
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
. . .
ყველას თავისი ანა კალანდაძე ჰყავს. ვის გულსაც მისი პოეზია ერთხელ მაინც შეხებია, წარუშლელად აღბეჭდია სინაზე, რაღაც სრულიად განსაკუთრებული და მაგიური, არა სუსტი და უმწეო, არამედ მძლავრი სინაზე… ეს ანა კალანდაძის პოეზიის ნიშანია – სიკეთის და მშვენიერების უპირობო აღმსარებელი. პოეზიის დედოფალი უწოდეს, თუმცა თვითონ ყოველთვის აპროტესტებდა, არამხოლოდ თავმდაბლობის გამო, არც ზრდილობის და ღრმა შინაგანი კულტურის, არამედ ალბათ იმიტომაც, რომ ამქვეყნიური გვირგვინებისთვის არ ემეტებოდა ხელქმნილი განძი – პოეზია და მარტოობა. ვინც ჭეშმარიტად მარტოსულია, მან ისედაც იცის, რომ თავის დიდ სამყაროში მეფეცაა და გლახაკიც. ამ იგავმიუწვდომელ თავისუფლებას კი არ გაცვლის არაფერზე. ანას მარტოობაც – დედოფლურიც იყო და ქრისტეს მხევლურიც, ზეცის თაღებში ქროლაც იყო და დედამიწის ცვარ-ნამზე გადარბენაც, წარსულიც იყო და მომავალიც და ყოველივე აწმყოს მარადიულ წამში იკრიბებოდა…
ანა კალანდაძის დღიურებიდან – „ვერავინ ხედავს, როდის და როგორ ვმუშაობ… ვერც შინაურები და ვერც მეგობრები. მესამე თვალისაგან უსათუოდ დამალული უნდა ვიყო. ძალიან დიდხანს შემიძლია ვიფიქრო ერთ რამეზე, ძალიან დიდხანს. შემდეგ გადამაქვს ქაღალდზე… ფანქრით ვწერ. ალბათ, შევეჩვიე, განწყობილება არ მეკარგება ხოლმე. ხშირად წლობით ვატარებ განწყობილებას, სიხარულსა თუ ტკივილს…“.
. . .
ანა კალანდაძის პოეტური დებიუტი 1946 წლის მაისში მწერალთა კავშირის (ახლანდელი მწერალთა სახლი) სარკეებიან დარბაზში შედგა.
ანა კალანდაძის დღიურებიდან: „1946 წლის 24 მაისს მწერალთა კავშირის საქმეთა მმართველი წერილობით მატყობინებდა: გთხოვთ, მობრძანდეთ 25 მაისს, 1 საათზე მწერალთა კავშირში თქვენი ლექსების კითხვა ეწყობაო. მოულოდნელი რამ იყო. შინ არაფერი მითქვამს, არც უნივერსიტეტში იცოდნენ არაფერი.
კითხვა პოეზიის სექციამ მოაწყო. სექციის ხელმძღვანელი ცნობილი პოეტი და მთარგმნელი კონსტანტინე ჭიჭინაძე იყო. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა იუწყებოდა: „კითხვა, როგორც წესი, პოეტების ვიწრო წრეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოულოდნელად ახალგაზრდა პოეტს ფართო საზოგადოების წინაშე მოუხდა გამოსვლაო“.
ახალგაზრდა პოეტის დებიუტი იმ რანგის მოვლენად იქცა, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის ჭრილობები ჯერაც ტკივილით იწვოდა, ამ ტკივილებსა და განსაცდელებში სულშეხუთულ სივრცეში კი ახალმა პოეტურმა ხმამ ისე შემოაღწია, როგორც დახშულ ოთახში სუფთა ჰაერმა. იმ დღეს ყველამ იგრძნო, რომ ქართულ პოეზიაში ახალი სახელი დაიბადა. ახალი ზეცა გადაიშალა – ანა კალანდაძე.
თავს დამეღვარა მე სიხარული
და დამანახა მთიების ბრწყინვა…
ცისა და მიწის მშვენიერებას
აღმოუცნობი უძღოდა წინა…
ერქვა გვირგვინი მას სხივოსანი –
ხელშეუხები, წმიდათაწმიდა…
იდუმალი ხმით მაუწყა ისევ:
_ კვლავ გავხსნი ციერს, თუ ეს შენ გინდა!
თავს დამეღვარა მე სიხარული…
. . .
საბჭოთა ტოტალიტარულ დროში, უღმერთობის ზეობისას, ღვთაებრივისკენ მზერამიპყრობილი პოეტი დიდი გაოგნებაც იყო და დიდი გამოწვევაც. თუმცა ეს მზერა იმდენად სავსე იყო მეხსიერებით, ისეთი ღონიერი იყო ისტორიის და კულტურის განცდით, რომ მისი აკრძალვა და ჩაბნელება წარმოუდგენელი აღმოჩნდა. პირიქით, ანას ხმას, ანას სათქმელს სიმღერას მოწყურებული სოფელივით აჰყვა მთელი ქვეყანა. „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო…“, „მოდიოდა ნინო მთებით…“, „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან…“, „შენ მე ყოველთვის მომცემ წყნარ სადგურს, სულთ დასამკვიდრებს…“, – ანას პოეზია უმრევლო და მიტოვებულ ტაძარში დანთებულ სანთელს ჰგავდა, რომელმაც დროთა განმავლობაში მძლავრი შუქით შემოიკრიბა პოეზიის მომლოცველები.
ანა კალანდაძის დღიურებიდან – „მეორდება ისტორია. სამწუხაროდ, დღესაც გვჭირდება მტკიცება იმისა, რომ ჩვენი ჩვენია… საკუთარი, მამა-პაპეული, ღვთითბოძებული მიწა-წყლის შენარჩუნებისთვის, მამულის განუყოფლობისთვის დღესაც ისევე ვიცლებით სისხლისგან, როგორც ეს ადრეულ საუკუნეებში ხდებოდა…
დიდი ილიას მოხევისა არ იყოს, „რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს!“ თუ ერთმანეთს მხარში დავუდგებით, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, „ყოველი იარაღი, ჩვენ წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება“, მხოლოდ მაშინ წავა ჩვენი გზა გამარჯვებისაკენ!..“.
. . .
ანა სიყვარულის პოეტია. ეს იდეა ყველაფერს მსჭვალავს – სამშობლოს, ღმერთის, სატრფოს, მშობლისა თუ ისტორიის მიმართ ურთიერთობას. ამ სიყვარულის გამოსათქმელად კი ის ენა შეურჩევია, რომელშიც დაშიფრული კოდებივით აღბეჭდილა დამარხული ენის საიდუმლო. თამაზ ჭილაძე წერდა, გიორგი მერჩულეს, ჟამთააღმწერლისა და გალაკტიონ ტაბიძის ლოგიკური ერთიანობით გაშლილი სამყაროა ანას პოეზიაო. ეს ენაც ამ უსაზღვრო სივრცეშია დაბადებული, მერჩულესა და იოანე ზოსიმეს ენობრივი გრავიურა, ფშაურ კილოზე გაწყობილი სატრფიალო ლექსები, თანამედროვე ჰიმნოგრაფიის შედევრებად ქცეული სადიდებლები – ეს ანა კალანდაძის პოეტური ლიტურგიაა, მზერით ზეცისკენ, იქ სადაც დაუსრულებლად დიან ღრუბლები…
მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები… კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…
. . .
ანა კალანდაძე იმ პოეტების სულიერ-კულტურული მემკვიდრეა, ვისთვისაც ლიტერატურა, სიტყვის მსახურება უპირობოდ ქვეყნის მსახურებასაც ნიშნავს. ამიტომაც იყო ანასთვის ილია ჭავჭავაძე უმთავრესი ორიენტირი, საკუთარ მისიასაც განიცდიდა ისე, როგორც მე-19 საუკუნის მოღვაწეები.
„… როგორი ბრალიც არ უნდა დასდონ შემოქმედს („სად არიან მწერლები?“), რომლის „უღელზე ძნელი არა არის რა ცისქვეშეთში“, იგი მაინც ქვეყნის ჭირის შეძლებისდაგვარად პირველი გამზიარებელია და ამდენად, მაინც „ცხოვრების შუაგულში ტრიალებს“ – ჩაუწერია თავის დღიურში.
პირუთვნელობა, უმაღლესი იდეალების მიმართ ერთგულება, ლამის ბავშვური გულწრფელობა და სიფაქიზე ის ნიჩბებია, რომლებითაც ანა ცხოვრების ამ შუაგულს იგერიებდა და მოძრაობდა მომავლისაკენ. ეს გადამდები პროცესია, ვინც ამას მისი პოეზიით განიცდის, ისიც საიმედოდ შეიჯავშნება შუაგულის გადასალახად.
15 დეკემბერს ანა კალანდაძის დაბადების დღეა. ის 100 წლის გახდებოდა. მართლაც დედოფლური განცდაა – ასი წლის ანა კალანდაძე. მჯერა, ვიდრე ქართული ენა იქნება, იქამდე იცოცხლებს ანას პოეზიაც. რადგან მასში ამ ენის საიდუმლოცაა, მისი უხსოვარი მუსიკა და სინათლე.
ამ პოეზიაში ადამიანად ყოფნის საიდუმლოცაა დაუნჯებული. ერთ პატარა დიდ ლექსში გაცხადებული მთელი საზრისი წარმავალი წუთისოფლისა და მარადისობის შესახებ:
თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
– რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა…
– მეც სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა…