(წინა თავის გაგრძელება)
დეიდა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის საგუბერნიო განყოფილების ხელმძღვანელი იყო, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმ ცნობილ ქალებში, რომელთა სახელები ადრე მხოლოდ ჟურნალიდან იცოდა. ორგანიზაციისთვის ოთახის დასაქირავებელი ფული არ ჰქონდათ, ამიტომ დეიდას სახლში იკრიბებოდნენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს გადაწყდა, სტატია დაეწერათ ცნობილ აბრაგ ქალზე, რომელიც არა მარტო – იმპერიაში, საზღვრებს გარეთაც იყო ცნობილი, მასზე უცხოური პრესა აქტიურად წერდა. აბრაგი ქალი მათ ორგანიზაციას მუდმივად სწირავდა მოზრდილ თანხებს და, როგორც შემოთვალა, მათი ჟურნალის ერთგული მკითხველი იყო, ამიტომ მასზე სტატიის დაწერას სიამოვნებით დათანხმდა. სტატიის დაწერა დეიდას დაევალა. უამრავი სტატიის ავტორი იყო, იმ წლების მანძილზე ძალიან გაიწაფა წერაში. მისი სტატიები, რომლებიც პუბლიცისტიკის და ბელეტრისტული ესეისტიკის ნაზავი გახლდათ, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველში.
– მეც წამიყვანე, გთხოვ! – შეევედრა თირთე.
– გაგიჟდი?! ყაჩაღებში მივდივარ. ეგ ქალი კაბიანი დიასახლისი ნუ გგონია! – იუარა დეიდამ
– თუ საშიშია, მაშინ რატომ მიდიხარ?!
– მე არაფერს დამიშავებენ.
– არც მე დამიშავებენ რამეს. ეგ ქალი ხომ ჩვენიანია?!
დეიდას “ჩვენიანზე” გაეცინა, მაგრამ მაინც ორჭოფობდა:
– დედაშენმა რომ გაიგოს, ფეხით ჩამოვა. მისი წუწუნის ნერვები არ მაქვს.
– ვერაფერს გაიგებს, არავის ვუთხრათ. – თქვა თირთემ. მიხვდა, დეიდას დაიყოლიებდა.
პარასკევს, ნაშუადღევს, ტრამვაიში ჩასხდნენ და ქალაქის მეორე ბოლოში, ტრამვაის ბოლო გაჩერებაზე ჩამოვიდნენ, ცოტა ფეხით გაიარეს და დუქანთან გაჩერდნენ. აბრაგი ქალის ხალხს დეიდისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ “თვითონ გამოეცნაურებოდნენ”, ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის უნდა დალოდებოდა. კარგა ხანს იდგნენ, მერე დეიდა დუქანში შევიდა, გაზეთში ცხვირჩარგულმა მედუქნემ გამოხედა, შეატყო, საჭმელად რომ არ იყო შემოსული, და კითხვა გააგრძელა. დუქანი თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ კუთხის მაგიდას უჯდა სამი კაცი, დეიდამ ცოტა ხანს უყურა, შემდეგ ისევ გარეთ გავიდა.
– ნახე ვინმე?! – ჰკითხა თირთემ.
– არა. რამდენიმე ლოთი ზის. საეჭვოა, ისინი იყვნენ!
– იქნებ, მოგატყუეს?!
დეიდამ არაფერი უპასუხა, პორტსიგარი გახსნა და სიგარეტს მოუკიდა. იმ დროის მანძილზე, რაც იქ იდგნენ, რამდენიმე ავტომანქანამ ჩაიარა, მაგრამ არც ერთს არ შეუნელებია სვლა, ახლა კი ერთმა დუქანთან შეანელა, ცოტა გაიარა და გადახურულთან გაჩერდა, სადაც ქალი ჩურჩხელებს ყიდდა. მანქანა ცოტა ხანს საეჭვოდ იდგა, რამაც დეიდას აფიქრებინა, რომ ისინი იყვნენ, და ნელა გაემართა იქითკენ, შუამდეც არ იყო მისული, როცა მანქანიდან ქალი და ბავშვები გადმოვიდნენ, ჩურჩხელები იყიდეს და ისევ უკან ჩასხდნენ.
– ალბათ, რაღაც მოხდა! – თქვა დეიდამ, როცა დაბრუნდა. ამის თქმა იყო და, დუქნის ცოტა ზევით, ორღობიდან დახურული ეტლი გამოვიდა, მათკენ გამოემართა და გაჩერდა. მეეტლეს თავი არ მოუბრუნებია, ისე ანიშნა ხელით, დასხედითო.
დაღამებული იყო, როცა რომელიღაც გზისპირა, იაფფასიანი სასტუმროს წინ, ელექტროგანათების ბოძის ქვეშ გაჩერდნენ, მეეტლემ ისევ ხელით ანიშნა, ჩადითო. ჩავიდნენ და, სანამ დეიდა რამეს ჰკითხავდა, მეეტლემ გზა გააგრძელა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, გზაში რომ შეისვენეს, დეიდამ საუბრის წამოწყება სცადა, მაგრამ მეეტლეს თავიც არ აუწევია, უხმოდ ღეჭავდა პურს და ძეხვს.
დეიდას წარმოდგენა არ ჰქონდა, სასტუმროში უნდა შესულიყვნენ თუ იქ უნდა მდგარიყვნენ. იქაურობის დათვალიერება გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს სასტუმროდან მარაოიანი, მსუქანი ქალი გამოვიდა:
– სტატიაზე?!
– ბატონო?! – ვერაფერს მიხვდა დეიდა.
– სტატიასთან დაკავშირებით ხართ?!
– დიახ! – შვებით ამოისუნთქა დეიდამ, რადგან გაბრაზებას ცოტაღა აკლდა.
ქალმა თირთე და დეიდა სასტუმროში შეიპატიჟა და ფოიეში, წინასწარ გაწყობილ მაგიდასთან დასვა სავახშმოდ. მშივრები იყვნენ და ჭამამ ორივე მოაყოჩაღა. შემდეგ ქალმა მეორე სართულზე, კუთხის ოთახში აიყვანა ისინი.
– კიდევ სადმე უნდა წავიდეთ, თუ აქ უნდა დაველოდოთ?! – ჰკითხა დეიდამ.
– აქ დაელოდეთ! – აივნის კარი გააღო ქალმა, მერე კი ისევ ქვევით ჩავიდა.
დეიდა სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, თირთე კი ლოგინზე წამოწვა, ძალიან დაღლილი იყო, გულის სიღრმეში ნანობდა კიდეც, ამხელა გზაზე წამოსვლა რომ აიჩემა, არ ეგონა, ასეთი მოსაწყენი თუ იქნებოდა ეს ყველაფერი. აივნის კარიდან, ხანდახან ჩავლილი, ავტომანქანების ხმა შემოდიოდა, სადღაც ძაღლებიც ყეფდნენ. ცდილობდა, ფხიზლად ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაეძინა. ლაპარაკმა გააღვიძა, თვალი არ გაუხელია, იფიქრა, ალბათ, ისევ სასტუმროს ქალი მოვიდაო, თუმცა ყური რომ მიუგდო, მიხვდა, ვინც იყო: სტუმარი ქალი დეიდას კითხვებს პასუხობდა.
თვალი გაახილა და ისე, რომ არ განძრეულა, მათკენ გაიხედა, კაცურად ჩაცმულ, იარაღასხმულ ქალს ელოდა, დეიდას გვერდით, მეორე სავარძელში მჯდომ ქალს კი ლამაზი კაბა ეცვა, სახეზე ფერუმარილი ესვა და ხელში ყავის ფინჯანი და ლამბაქი ეჭირა. თირთე თავიდან დაეჭვდა კიდეც, იქნებ სხვა ვინმე გამოგზავნაო, მაგრამ ქალი აშკარად პირველ პირში ლაპარაკობდა, ბავშვობას და ოჯახს იხსენებდა. შუქი ჩამქრალი იყო, მხოლოდ მაგიდის ნათურა ანათებდა დეიდას და აბრაგი ქალის სახეებს, ქალი არც ისე ლამაზი ჩანდა, როგორც აღწერდნენ ხოლმე, თუმცა მიმზიდველი ნამდვილად იყო. თავაზიანად ლაპარაკობდა და ერთი შეხედვითვე ეტყობოდა, რომ არისტოკრატული მანერები ჰქონდა. თირთემ, მიუხედავად იმისა, რომ სიბნელეში იწვა, თავი ოდნავ წამოწია თუ არა, ქალი ისე შეტოკდა და ისე სწრაფად გამოხედა, ყავა ლამბაქზე და კაბაზე გადმოეღვარა.
– გოგო, წესიერად ვერ ადგები?! – მკაცრად უთხრა დეიდამ თირთეს და ოთახის შუქი აანთო. მშვენივრად იცოდა, თირთეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ რამე ხომ უნდა ეთქვა.
– არაფერია. ჩემი ბრალია, ცხოვრებამ შემაჩვია. – მობოდიშებასავით გამოუვიდა ქალს, მერე თირთეს გაუღიმა, ფინჯანი და ლამბაქი მაგიდაზე დადო და გამოწვდილი ხელსახოცები გამოართვა დეიდას.
დილით, როცა თირთე და დეიდა ფოიეში საუზმობდნენ, ის კაცი მოვიდა, წუხელ, სანამ აბრაგი ქალი მათთან იყო, დერეფანში, მათი კარის წინ რომ იდგა, და გაყოლა სთხოვა.
– საწერი არ მოგაქვს?! იქ გაგესაუბრება! – უთხრა კაცმა დეიდას, რადგან შეამჩნია, თან არაფერი ჰქონდა.
დეიდას არ მოეწონა მისი ფამილარულობა და მიმართვის “შენობითი” ფორმა, ვერ იტანდა ხეპრე კაცებს, უნდოდა, რამე ეთქვა მისთვის, მაგრამ თავი შეიკავა და თირთე ნომერში ააგზავნა კალმის და ბლოკნოტის ჩამოსატანად. ეტლმა, რომელშიც ჩასხდნენ, სასტუმროს გვერდით შეუხვია და გაშლილ ველს გაუყვა. ცოტა ხანში სროლის ხმა მოისმა, შემდეგ ისევ მოისმა ზედიზედ, თანდათან უფრო მკაფიოდ ისმოდა. რა ხდება, ვინ ისვრისო, ჰკითხა შეშფოთებულმა დეიდამ მეეტლის გვერდით მჯდარ კაცს. ჩვენ ვართ, საშიში არაფერიაო, უპასუხა კაცმა და ისევ წინ გაიხედა.
ეტლი გორაკის ძირში გაჩერდა და ფეხით აუყვნენ გზას. ფერდობზე კუნელის ბუჩქები იყო შეფენილი, გორაკის თავზე კი ნაძვის კორომი ჩანდა. ახლა უფრო მკაფიოდ ისმოდა სროლა. ფერდობი რომ აათავეს, დაინახეს, ნაძვებს მიღმა, გაშლილ ადგილას იდგა ვიღაც და დამბაჩას დამიზნებით ისროდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კაცის ტანსაცმელი ეცვა და ყაბალახიც ჰქონდა შემოხვეული, მაშინვე მიხვდნენ, ვინც იყო. აი, ახლა კი ნამდვილად ჰგავდა აბრაგს.
– დაჩვეული ვარ ყოველ დილით მიზანში სროლას, სხვანაირად არ შემიძლია! – უთხრა დეიდას, როცა ახლოს მივიდნენ. – მოგწონს?! – ჰკითხა თირთეს, შეამჩნია, როგორი აღფრთოვანებული თვალებით მისჩერებოდა დამბაჩას. თირთემ თავი დაუქნია. – გინდა სროლა?! – თირთემ ისევ დაუქნია თავი. – წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?! – ისევ დეიდას მიუბრუნდა ქალი.
– არა, რა თქმა უნდა. მეც სიამოვნებით ვისროდი.
ქალმა გაიღიმა და მათ მომყვან კაცს ანიშნა, დამბაჩა მიეციო, კაცმა უკმაყოფილოდ გაუწოდა დამბაჩა დეიდას, მაგრამ ქალს ეს არ შეუმჩნევია, დეიდას კი ძალიან ესიამოვნა მისი უკმაყოფილება. კარგა ხანს ესროდნენ თუნუქის ქილებს, მერე კი იქვე, ხის ძირას დასხდნენ და წინა ღამეს შეწყვეტილი საუბარი გააგრძელეს, რამდენიმე კაცი, მათ შორის – მათი მომყვანი, შორიახლო დადიოდა და გარემოს ზვერავდა.
კვირა საღამოს ქალაქში დაბრუნდნენ. დეიდა მიხვდა, რომ სტატია კი არა, წიგნი გამოსდიოდა. კიდევ რამდენჯერმე შეხვდა ქალს სხვადასხვა ადგილას, ოღონდ თირთე აღარ წაუყვანია, რის გამოც ეს უკანასკნელი გაბუტულიც კი იყო დეიდაზე. ბიოგრაფიული რომანი ერთ წელიწადში გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა, იმპერიის მასშტაბით არაერთ ენაზე ითარგმნა, რამდენიმე ევროპულ ენაზეც თარგმნეს. წიგნის გამოსვლისთანავე დეიდა ჟანდარმერიაში დაიბარეს გამოკითხვაზე, აინტერესებდათ, რა კავშირი ჰქონდა აბრაგ ქალთან, რომელსაც წლები იყო, ამაოდ დასდევდნენ. დეიდამ აუხსნა, რომ თავისი წიგნის გმირი მას აინტერესებდა, როგორც ქალი და არა, როგორც – სახელმწიფოსთან დაპირისპირებული ადამიანი, მუდმივად რომ ძარცვავდა სახელმწიფო დაწესებულებებს და ჩინოვნიკებს და ფინანსურად ეხმარებოდა რევოლუციონერებს.
– თქვენს ორგანიზაციასაც ხშირად ეხმარება ფინანსურად!
– ჩვენ ბევრი გვეხმარება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას შეხედულებებს და მისწრაფებებს თანავუგრძნობთ! – თავს იმართლებდა დეიდა.
– სად შეხვდით?!
– ხელნაწერი ავტობიოგრაფია გამომიგზავნა და იმ მასალაზე დაყრდნობით დავწერე წიგნი.
– სადაა ხელნაწერი?!
– გადავაგდე, რაში მჭირდებოდა! – მერამდენედ იმეორებდა დეიდა ერთსა და იმავეს. ასე აწვალეს დღის ბოლომდე და გამოუშვეს, რადგან მიხვდნენ, ქალის დაჭერაში არ დაეხმარებოდა. მოთვალთვალე მიუჩინეს, რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე ამაოდ დაჰყვებოდა დეიდას, მერე ეგეც მობეზრდათ და შეეშვნენ. მშვენივრად მოეხსენებოდათ, რომ დეიდას მხოლოდ ქალთა უფლებები და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება აინტერესებდა, იატაკქვეშა მოძრაობა, რევოლუციური იდეები და მსგავსი რაღაცები შორს იყო მისგან, ხელისუფლების დამხობა არარეალისტურ მიზნად მიაჩნდა, ამიტომ იატაკქვეშა მოძრაობის წევრთა მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, არანაირი კავშირი არ ჰქონდა მათთან.
რაც შეეხება წიგნს, რა დასამალია და, დიდი ლიტერატურული ღირსებებით არ გამოირჩეოდა, განსაკუთრებით სუსტი ის ადგილები იყო, სადაც ავტორი ფაქტების გამხატვრულებას და პროტაგონისტის ზედმეტ ჰეროიზაციას ცდილობდა. წიგნზე რამდენიმე რეცენზია დაიწერა, აქედან მხოლოდ ერთი იყო დადებითი, რადგან მისი ავტორი ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წევრი და დეიდას ახლო მეგობარი გახლდათ (რეცენზია მათივე ჟურნალში დაიბეჭდა). რამდენიმე რეცენზია – ზომიერად კრიტიკული, ხოლო ერთი სრულიად გამანადგურებელი იყო, რეცენზენტი, წიგნის კრიტიკასთან ერთად, ავტორის შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდა. ჩანდა, კარგად ჰქონდა შესწავლილი დეიდას განვლილი ცხოვრება და ათას ღვარძლიან მაგალითს იშველიებდა მისი ბიოგრაფიიდან. რეცენზია კონსერვატორულ გაზეთში დაიბეჭდა, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გამოდიოდა, იქ ხშირად იბეჭდებოდა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის დამაკნინებელი სტატიები, გაზეთის რედაქციას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ორგანიზაციის მხრიდან ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის და მსგავსი საკითხებისთვის ბრძოლა, მაგრამ წევრებისთვის პირადი შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებიათ, ამჯერად კი ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ. რეცენზია ფსევდონიმით იყო გამოქვეყნებული, თუმცა გაცოფებულმა დეიდამ იმდენი ქნა, რომ მაინც გაარკვია რეცენზიის ავტორის ვინაობა. კიდევ უფრო გაცოფდა, როცა რეცენზიის ავტორი ქალი აღმოჩნდა, არადა რეცენზიის ქალთმოძულე პათოსით თუ ვიმსჯელებდით, უეჭველად კაცის დაწერილს ჰგავდა. სანამ რეცენზენტის სქესს გაიგებდა, დეიდას მისთვის, უბრალოდ, წერილის მიწერა ჰქონდა განზრახული, შეეძლო, წერილი რედაქციაში გაეგზავნა, მაგრამ პირადად მიწერა ერთგვარ შეფარულ მუქარას გულისხმობდა იმასთან დაკავშირებით, რომ, რაც არ უნდა ფსევდონიმს ამოფარებოდა, მსგავსი შეურაცხყოფის განმეორების შემთხვევაში, ვერსად დაიმალებოდა ავტორი. ვიღაცებმა ურჩიეს, სასამართლოში ეჩივლა რედაქციისთვის, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან რედაქციას უამრავი მფარველი ჰყავდა “ზემოთ”, ამიტომ დეიდა მხოლოდ წერილის მიწერით და თავიანთ ჟურნალში საპასუხო რეცენზიის გამოქვეყნებით დაკმაყოფილებას აპირებდა. სქესის გარკვევამ კი ამ, ასე ვთქვათ, ჰუმანურ, გეგმაზე ხელი ააღებინა და სრულიად სხვა, გაცილებით მკაცრი გეგმა შეიმუშავა, ოღონდ არავისთვის გაუმხელია. მხოლოდ მეზობელს, რომელიც დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა ასე უცებ დედაქალაქში წასვლა, უთხრა წინა ღამით, ვიღაც-ვიღაცების დედის სატირებლად მივდივარო. მეზობელი ვერაფერს მიხვდა, მისი ნათქვამი მხოლოდ უცენზურო ხატოვანებად ჩათვალა და გულიანად გაიცინა, რადგან დეიდას სჩვეოდა ასეთი ლაპარაკი.
მეორე დღის ნაშუადღევს დეიდა უკვე დედაქალაქში იყო და რეცენზენტის სახლის წინ, სკვერში იჯდა. იმ კაცისგან, ვინც მისამართი უთხრა, იცოდა, რომ რეცენზენტი ნაშუადღევს ბრუნდებოდა რედაქციიდან, კაცმა გარეგნობაც აღუწერა და, წესით, არ უნდა გასჭირვებოდა ცნობა. სკვერში უფრო მკაფიოდ იგრძნობოდა ადრეული შემოდგომა, ძელსკამებზე და წიდამოყრილ ბილიკებზე უკვე ეყარა ჩამოცვენილი ფოთლები. მოშორებით რამდენიმე მოხუცი იჯდა და ამაოდ ელოდა მზის გამოსვლას – ღრუბლიანი, მოღუშული დღე იყო. პარკის შემოსასვლელთან რამდენიმე ძაღლი დაეძგერა ერთმანეთს, გამორთული შადრევნის აუზში მოთამაშე ბავშვებმა თამაშს თავი მიანებეს და სეირის საყურებლად ძაღლებისკენ გაემართნენ.
– ახლოს არ მიხვიდეთ! – ისეთი მკაცრი ხმით დაუძახა დეიდამ, რომ იმ წამსვე გაჩერდნენ და შორიდანღა უყურებდნენ გაავებულ ძაღლებს. ძაღლები ჩხუბით დაიღალნენ და გაჩუმდნენ, იმედგაცრუებული ბავშვები კი ისევ ჩამშრალ აუზში ჩახტნენ. დეიდას სახლისკენ ჰქონდა თვალი, მაგრამ რეცენზენტი არ ჩანდა. სკვერის მოპირდაპირე მხრიდან მოხუცი ქალი გამოჩნდა. ძაღლებთან გაჩერდა, პროდუქტების ბადე ასწია და შიგნით ქექვა დაიწყო, ქვევიდან პურის ნატეხი ამოიღო და ძაღლებს გადაუგდო. ძაღლები ახლა პურის გამო დაერივნენ ერთმანეთს. მოხუცმა ქალმა ბადე მკლავზე ჩამოიკიდა და ტაში შემოკრა, თან უხმო, ამაზრზენი სიცილით იცინოდა და, დროდადრო, დასისხლიანებული ძაღლებისკენ იშვერდა თითს. პურის ნატეხი ერთ-ერთმა ძაღლმა მოიგდო პირში და გაიქცა, სხვა ძაღლები გამოეკიდნენ, მათი ყეფა სადღაც, ქუჩის ბოლოს მიწყდა. მოხუცი ქალი ცოტა ხანს კიდევ იცინოდა, მერე კი პარკიდან გავიდა. დეიდას გაახსენდა, რომ დილით არ უსაუზმია, ჩანთაში პური და ყველი ედო, მაგრამ ჭამის ნერვები არ ჰქონდა, ისე იყო აღტყინებული მომავალი შეხვედრით. სახლების ზევით, პლატოს თხემზე, იმპერატორის ძეგლის თავი ღრუბლით იყო დაფარული და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს უთავო მონუმენტი იდგა. დეიდამ თვალის კუთხით შენიშნა მოძრაობა და სახლისკენ გაიხედა, აშკარად ის ქალი იყო – მაღალი და გამხდარი, მოკლე, წითური თმით. დეიდა ინსტინქტურად წამოიჭრა ფეხზე, მაგრამ მალე მოთოკა თავი, ჩანთა მხარზე გაისწორა და ჩქარი, მაგრამ არასაეჭვო ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს, უნდა მიესწრო, სანამ შესასვლელში შევიდოდა. ქალი სახლის წინ გაჩერდა, დეიდა მისკენ გაემართა მტკიცე, ხაზგასმულად მუქარანარევი ნაბიჯებით, მაგრამ, სანამ მიუახლოვდებოდა, შესასვლელიდან პატარა გოგონა გამოვიდა და ქალთან მიირბინა. ქალმა ხელი ჩაჰკიდა და წავიდნენ. დეიდამ იმედგაცრუებისგან, ლამის, ტუჩი მოიკვნიტა, მაგრამ რას იზამდა. ერთი გაფიქრება გაიფიქრა, ისევ აქ დაველოდებიო, მაგრამ მერე გაყოლა გადაწყვიტა იმ იმედით, რომ სადმე მოიხელთებდა მარტოს. ქალი და ბავშვი ტრამვაის გაჩერებასთან იდგნენ, დეიდაც მიუახლოვდა და შორიახლოს დადგა. მალე ტრამვაი მოვიდა, ქალი და ბავშვი ავიდნენ, დეიდაც აჰყვა. ბევრი ხალხი არ იჯდა, ამიტომ ადვილი იყო თვალყურის დევნება. ასაკიანი კონდუქტორი გაღიმებული უყვებოდა რაღაცას წინა სკამზე მსხდომ, თავისი ასაკის ორ კაცს, რომლებიც ხმამაღლა იცინოდნენ. ტრამვაიმ კარგა ხანს იარა, სანამ ქალი და ბავშვი, მეფისნაცვლის სასახლის წინ, ჩავიდოდნენ და ფეხით გაუყვებოდნენ გზას, დეიდაც მიჰყვებოდა. პირველივე ასახვევთან აუხვიეს და ერთ-ერთ ჭიშკარში შევიდნენ. უკვე ცრიდა, დეიდას ქოლგა არ ჰქონდა, გზის აქეთ, ტირიფის ქვეშ იდგა და იმედოვნებდა, რომ ქალი მარტო გამოვიდოდა, მაგრამ გაუცრუვდა იმედი: ქალს, ამჯერად, ორი ქალი ახლდა, უფრო ახალგაზრდები. ზევით აუყვნენ გზას, მერე მარჯვნივ გადაუხვიეს და ფუნიკულიორის ქვედა სადგურის კიბეზე ავიდნენ. სანამ ვაგონი ჩამოდგებოდა, დეიდა ქალის ზურგს უკან იდგა, ერთი სული ჰქონდა, წვრილ კისერში ჩაევლო ხელი და ძირს დაგებულ, გრანიტის კვადრებზე ეთრია, მაგრამ სამის მორევა გაუჭირდებოდა, თან იქ სხვებიც იყვნენ და გააშველებდნენ. არც იცოდა, მოიხელთებდა თუ არა მარტოს, მაგრამ მაინც გაყოლა არჩია, ქალთან სიახლოვე და მისი თვალთვალი უფრო მეტად აღავსებდა შურისძიების ჟინით. ზედა სადგურზე, როცა ვაგონიდან გადიოდნენ, იმ ქალს ვიღაც მიაწვა მხრით და დეიდას მიაჯახა, ქალმა მოწიწებით მოიხადა ბოდიში, და ამან უფრო გააცოფა დეიდა, თავი ძლივს შეიკავა, რომ თვალები არ ამოეკორტნა მისთვის. ქალი და მისი თანმხლებნი იმპერატორის ძეგლისკენ წავიდნენ, დეიდა აქ არასოდეს იყო ნამყოფი, მაგრამ ახლა გარემოს თვალიერების თავი არ ჰქონდა. ძეგლის უშველებელ პიედესტალში კარი იყო დატანებული, შიგნით, ლიფტთან, ხალხი იდგა. ლიფტიორმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – ქალი და მისი თანმხლებნი, შეუშვა ლიფტში, დეიდას და დანარჩენებს შემდეგ მოუწიათ ასვლა. იმ დაწესებულებას, რომელშიც ლიფტიდან გასვლისთანავე აღმოჩნდა დეიდა, დუქანი კი ერქვა, მაგრამ კეთილმოწყობილი რესტორანი აღმოჩნდა. ყველა მაგიდა დაკავებული იყო, გრძელი ფანჯრის მიღმა, ქვევით, თხელ ბურუსში გახვეული სახლების სახურავები ჩანდა ბუნდოვნად. ვერასოდეს იფიქრებდა, რომ აქ აღმოჩნდებოდა, თანაც – თავისი ნებით. ეს ადგილი უთავმოყვარეო ხალხის თავშეყრის ადგილად მიაჩნდა სულ. ვინც არ მოსწონდა, კაცი იქნებოდა თუ – ქალი, “ყვერების მუშტარს” ეძახდა. ახლა კი თვითონაც აქ იყო, ოღონდ თავს იმით იმშვიდებდა, რომ საჭმელად და დროის სატარებლად არ მოსულა. იმ ქალს და მის თანმხლებებს დაუწყო ძებნა თვალებით, როიალის გვერდითა მაგიდასთან ისხდნენ, ქალი მისკენ ზურგით იჯდა, ქოთნის პალმის ტოტები ეფარებოდა და ცალი მხარი უჩანდა მარტო.
– ყველა ადგილი დაკავებულია, თუ შეიძლება, აქეთ მოიცადეთ! – უთხრა მიმტანმა დეიდას და დერეფნისკენ ანიშნა, სადაც ხალხი გრძელ სკამებზე იჯდა და მაგიდების გათავისუფლებას ელოდა. დეიდა დერეფნის კიდესთან დადგა, აქედან უკეთ ჩანდა ქალი. მაგიდები თანდათან თავისუფლდებოდა და ახალმოსულები სხდებოდნენ, დეიდა ყველას ატარებდა, მათ შორის – მასზე გვიან მოსულებსაც, რადგან არ უნდოდა დაჯდომა. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ ის ქალი ადგა და საპირფარეშოსკენ წამოვიდა, რომელიც დერეფნის გვერდით იყო. ასეთი შანსი მეტი აღარ ექნებოდა, ხოდა, მოემზადა. ქალი მიუახლოვდა თუ არა, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. ძილის წინ არაერთხელ დაუგეგმავს, როგორ სცემდა ქალს, მაგრამ, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, ყველაფერი აერია და მხოლოდ ინსტინქტით მოქმედებდა. სანამ ქალი გონს მოვიდოდა, წააქცია, ზედ შეჯდა და გამეტებით ურტყამდა, თან ფრჩხილებით უკაწრავდა ლოყებს, იმ სიმაღლე ქალის ცემა იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. განწირულ კივილზე ყველამ აქეთ გამოიხედა, სანამ ქალის თანმხლებნი და სხვა სტუმრები რამის გაკეთებას მოიაზრებდნენ, დეიდამ ჩანთიდან გაზეთის ის გვერდი ამოიღო, სადაც რეცენზია იყო დაბეჭდილი, დაჭმუჭნა და პირში ჩატენა რეცენზენტს, რომლის თანმხლები ქალები ახლოს მოსულიყვნენ, მაგრამ ცალსახად წაგებულ ჩხუბში ჩართვას ვერ ბედავდნენ და სხვებს უყვიროდნენ, გააშველეთო. მიმტანებმა დეიდა მოაშორეს ძირს დავარდხოლენილ ქალს, სეირის მაყურებელ ზოგიერთ სტუმარს კი აშკარა უკმაყოფილება ეტყობოდა წარმოდგენის ასე მალე დასრულების გამო. დეიდა ამაყად შევიდა ლიფტში. ძირს ჩასვლის მსურველები სხვებიც იყვნენ, მაგრამ არავინ შეჰყოლია. ლიფტიორი, რომელსაც ჩხუბი არ უნახავს, ამაოდ უხმობდა სხვებსაც, შემობრძანდითო, ბოლოს კი ხელი ჩაიქნია და მარტო დეიდა ჩაიყვანა ძირს. დეიდა იქიდან, კითხვა-კითხვით, პოლიციის უახლოესი განყოფილებისკენ გაემართა. პოლიციას ჩაბარება, რა თქმა უნდა, თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან ამ საქმის გახმაურება უნდოდა. ინციდენტი ისეთ ადგილას მოხდა და იმდენი თვითმხილველი ჰყავდა, ისედაც გახმაურდებოდა, თან იქაურ ფოტოგრაფს, რომელიც სტუმრებს ფოტოებს უღებდა ხოლმე, ცემის ამსახველი ფოტოც გადაეღო (დეიდას ეს არ დაუნახავს), რომელიც გაზეთებში დაიბეჭდა და სასამართლოზეც წარმოადგინა ბრალდების მხარემ. დეიდამ იმთავითვე მშვენივრად იცოდა, რომ ამ საქმიდან სასჯელის გარეშე ვერ გამოძვრებოდა, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან იყო ამაში რაღაც რომანტიკული. მართალია, მისი თანამებრძოლებიდან ზოგიერთი მის ამ საქციელს არ იწონებდა, თუმცა ციხეში გატარებულმა სამმა წელიწადმა ყველას თვალში აუმაღლა ავტორიტეტი. ციხიდან რომ გამოვიდა, თირთე და თეჯი გიმნაზია-ცხრაწლედის დამამთავრებელ კლასში იყვნენ უკვე. სამწლიანი განშორების მიუხედავად, თირთე დეიდისადმი არანაირ გაუცხოებას არ გრძნობდა, პირიქით, ისე შეხვდა, თითქოს წინა დღეს დაშორებოდნენ ერთმანეთს. დეიდა ციხის ამბებს უყვებოდა ხოლმე, თმაში ჭაღარა შეჰპარვოდა და, რაღაცნაირად, გაცილებით მშვიდი ჩანდა. უფრო აქტიურად დაუბრუნდა თავის საქმიანობას. ამჯერად, მათ გაცილებით მეტი ფულიანი ადამიანი ეხმარებოდა და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ცენტრალურ ქუჩაზე, რამდენიმე ოთახში იყო დაბინავებული.