კვირა, თებერვალი 23, 2025
23 თებერვალი, კვირა, 2025

პოეტები

ხშირად მსმენია ხოლმე უტრირებული მტკიცება, რომ დღეს, თანამედროვე საქართველოში, ოცი-ოცდაათი დიდი პოეტია. ოცი და ოცდაათი დიდი პოეტი რუსთაველიდან მოყოლებული ძლივს გვყავს. თუ შევთანხმდებით (და არანაირი საფუძველი არ გაქვს, არ შევთანხმდეთ) იმაზე, რომ დიდი პოეტი არის ის, ვინც ან ვერსიფიკაცია გადაახალისა, ან ძველი ფორმით-ფორმებით ოპერირებს, მაგრამ ამ ფორმას-ფორმებს სრულიად ინდივიდუალური ინტონაციური აკუსტიკა შესძინა, დიდი პოეტების ჩემეული ჩამონათვალი ასეთია:

1. რუსთაველი – კაცი, რომელმაც უკვე არსებული დაბალი და მაღალი შაირი გააერთიანა და მათი შემთხვევითი მოდულაციით გენიალური დუალისტური სიმფონია შემოგვთავაზა. წარმოდგენაც მზარავს, რა იქნებოდა “ვეფხისტყაოსანი”, პანტორითმებით უკიდურესად შებოჭილი ჩახრუხაულით ან შავთელურით რომ დაწერილიყო;

2. გურამიშვილი – კაცი, რომელმაც ქართულ პოეზიაში რუსთველური შაირის მრავალსაუკუნოვანი განუკითხავი ჰეგემონია დაასრულა, თვითონაც რუსთველური შაირით დაიწყო და აბსოლუტურ ინდივიდუალიზმსაც მიაღწია, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა, ოთხ ათეულამდე ახალი საზომით წელში გადატეხა ვერსიფიკაციულ ჩიხში შესული ქართული პოეზია;

3. “ნარგიზოვანის” უცნობი ავტორი – ვიღაც მადლიანი, რომელმაც კლასიცისტური ქართული პოეზიის თერთმეტლექსიან შედევრალურ ციკლში რამდენიმე ახალი საზომი და ძველი საზომების სრულიად ახლებური ინტერპრეტაციები შემოგვთავაზა;

4. ბესიკ გაბაშვილი – კაცი, რომელმაც შექმნა თოთხმეტმარცვლიანი საზომი, ე. წ. მცირე ბესიკური, და, ფაქტობრივად, გეზი შეუცვალა მომდევნო საუკუნეების პოეზიის ვერსიფიკაციულ მდინარებას, ოდნავ მოდიფიცირებული (შიდა რითმებისგან თავისუფალი და გარითმვის შეცვლილი სქემით) ბესიკური დომინანტური საზომი გახდა “რომანტიკოსებში”, ბესიკურით თარგმნეს შექსპირი ილიამ და მაჩაბელმა, ბესიკური დომინანტური გახდა მოდერნისტულ ქართულ პოეზიაში და დომინანტური კონვენციური საზომია დღესაც. თანაც მცირე ბესიკური ქართული ვერლიბრის ყბადაღებულ სქემაში, რომელიც მცირე და დიდბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და მეორე პეონურ-დიქორული და ლოგაედური კომბინაციებით კონსტრუირებული რამდენიმე მეტრული ერთეულის მოდულაციებს გულისხმობს, დომინანტი მეტრული ერთეულია;

5. ალექსანდრე ჭავჭავაძე – კაცი, რომელიც თავისი რაფინირებული და მელოსური პოეზიით მკვეთრად გამორჩეულია ქართველი “რომანტიკოსების” მონოფონიურ და ტექნიკურად მოკრძალებულ პოეზიაში;

6. ბარათაშვილი – კაცი, რომელმაც ქართული მედიტაციურ-ინტროსპექციური პოეზია დაამკვიდრა და თავისი დროის მსოფლიო გენიოსთა პოეზიის რეგისტრში აიყვანა, თანაც ეს გააკეთა ჩვენში მანამდე უჩვეულო რკალური რითმებით, ჰეტერომეტრული ლექსით და ანჟამბემანით;

7. აკაკი – კაცი, რომელმაც “რომანტიკოსების” რთული და არქაულ-მწიგნობრული ენისგან გაათავისუფლა პოეზია და ყველასთვის თვალ და ყურსმისაწვდომი გახადა, ვერ წარმომიდგენია, გიყვარდეს პოეზია და არ გიყვარდეს აკაკის ჯადოსნური შემოქმედება;

8. ვაჟა – კაცი, რომელმაც თავისი მიუწვდომელი ეპიკური პოეზიით ქართული ლექსი კიდევ უფრო მაღლა ატყორცნა;

9. გალაკტიონი – კაცი, რომელმაც აკაკის და ვაჟას დაბალ-მაღალი შაირის ეპიგონისტურ ჩიხში შესული პოეზია თავდაყირა დააყენა, კლასიცისტური ქართული პოეზიის და, პირველ რიგში, გურამიშვილის ვერსიფიკაციული მიღწევების სრულიად გააზრებული რეცეფცია-ათვისებით და ორიგინალური ფორმათქმნადობით რვა ათეულამდე ახალი საზომი შემოიტანა და შეცვალა მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის მდინარება;

10. ცისფერყანწელები – კარგი კაცები, რომელთა საუკეთესო წარმომადგენლებმა (ტიციანმა, პაოლომ, გაფრინდაშვილმა) დიდი ამაგი დასდეს ქართული ლექსის განახლებას (ტონური ლექსის დამკვიდრება, მყარი სალექსო ფორმების კულტივაცია), მე მიყვარს მათი საუკეთესო, დაახლოებით ოც-ოცი ლექსი, სადაც ისინი ინტონაციურ ინდივიდუალიზმს აღწევენ, და საშინლად მწყინდება საერთო პოეტიკით, მცირე ბესიკურით დაწერილი დუნე სონეტები და ლექსები. აქ გოგლაც უნდა ვახსენოთ, თუმცა, ჩემი აზრით, გოგლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პროზაიკოსია, ვიდრე – პოეტი;

11. გრანელი – კაცი, რომელმაც რეკორდულ დროში დააღწია თავი გალაკტიონის და ცისფერყანწელების გავლენას და შექმნა სრულიად უნიკალური სააზროვნო-ინტონაციური პოეტური სისტემა და ეს თითქმის ერთი საზომით – ლოგაედური ათმარცვლიანით მოახერხა. მისი ეპიგონების არმია დღემდე მრავალრიცხოვანია;

12. ნიკო სამადაშვილი – კაცი, რომელმაც ქართული პოეზიის კოსმიური ხაზი გაჭრა, კრეაციულ-ქრისტიანული და პაგანურ-მითოლოგიური მოტივების სინკრეტიზაციით გენიალური პოეზია შექმნა;

13. ლადო ასათიანი – კაცი, რომელმაც სიმბოლისტური და დეკადენტური სიმძიმის შემდეგ სილაღე შემოიტანა ქართულ პოეზიაში და ეს ღრმად ინდივიდუალისტური ინტონაციური აკუსტიკით მოახერხა;

14. ანა – ქალი, რომლის პირველი პერიოდის შემოქმედება აბსოლუტურად გენიალურია, არქაიზმებით შეზავებულმა მისმა პოეტიკამ შეუძლებელია, არ აგაღელვოს. მისი გამოჩენა დიდი ამბავი იყო ქართულ პოეზიაში, ერთი ცნობილი კრიტიკოსი იმასაც კი წერდა, ვაჟას მერე ძლივს ნამდვილი პოეტი გამოჩნდაო, ანუ, ფაქტობრივად, რამდენიმე დიდ ქართველ პოეტს და, მათ შორის – გალაკტიონს, აიგნორებდა, თუმცა ეგ სხვა საუბრის თემაა;

15. მურმანი – კაცი, რომლის ღვაწლი ქართული პოეზიის წინაშე შეუფასებელია, მან, სრულიად გააზრებულად და მეთოდურად, გალაკტიონის მერე ყველაზე მეტი ახალი საზომი შემოიტანა და ძველ საზომებს ღრმად ინდივიდუალისტური ინტონაცია შესძინა, ის იყო აბსოლუტური პროსოდიული სმენის მქონე პოეტი;

16. მუხრანი – კაცი, რომლის განუმეორებელი სინტაქსით დაწერილმა პატრიოტულმა ლირიკამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საბჭოთა სისტემის მიერ რედუცირებული ეროვნული ცნობიერების გაღვივებაში, თუმცა, პატრიოტული ლირიკის გარდა, მისი ადრინდელი პოეზია მკვეთრად ავანგარდისტული ნაკადებით ხასიათდება, შოთა ჩანტლაძესთან ერთად ის პირველია, რომელმაც ზემოთ უკვე ნახსენები ვერლიბრის ყბადაღებული სქემის სრულიად ანტიპოდური მიმართულება განავითარა;

17. შოთა ჩანტლაძე – კაცი, რომლის სრულიად ავანგარდისტული პოეზია ფასდაუდებელი განძია. ვერლიბრის რიტმიკაში, მუხრან მაჭავარიანთან ერთად, მისმა ძიებებმა სხვა არხი გაჭრა ქართულ თავისუფალ ლექსში, მართალია, მუხრანის და შოთას ეს ძიებები რამე სისტემას არ ქმნის და ინტუიციურია, მაგრამ ეს არ აკნინებს მათ მნიშვნელობას;

18. ოთარ ჭილაძე – კაცი, რომელმაც, გრანელის და სამადაშვილის დარად, ყველაზე გაცვეთილი საზომი – ლოგაედური ათმარცვლიანი აიღო და მკვეთრი ინტონაციური ინდივიდუალიზმით გენიალურად აამეტყველა;

19. გივი გეგეჭკორი – კაცი, რომელმაც ორი ფოლკლორული საზომის (4/3 და 4/2) შეერთებით სრულიად უნიკალური ევფონიის მქონე სალექსო საზომი შექმნა. ეს საზომები გურამიშვილმა გაალიტერატურულა (თუმცა პირველი მათგანის – შვიდმარცვლედის – მწიგნობრულ ვარიანტს გაცილებით ადრე, მეცხრე საუკუნეში ვხვდებით ატენის სიონის კედელზე), გეგეჭკორმა კი ამ ორი საზომის ინდივიდუალური პოტენციალები შეადუღაბა. 4/3 – საფერხულო საზომია, ამ საზომითაა შექმნილი ქართული საფერხულო-საცეკვაო სიმღერები, რადგან ამ შვიდმარცვლედის რიტმი თავისთავად გიბიძგებს კინეტიკური აქტივობისკენ, მოძრაობისკენ. გივი გეგეჭკორმა ბინარულ შვიდმარცლედს ქორეთი მოსხეპილი ექვსმარცვლედი დაამატა და მიიღო ეს უნიკალური საზომი. ზედიზედ ორი დაქტილური და ბოლოს ერთი ქორეული კადენციის მოდულაცია დაუვიწყარ ეფექტს იძლევა;

20. თამაზ ბაძაღუა – კაცი, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როცა რაღაც გენიალურ საბადოს მიაგნო, უფრო სწორედ, როცა ის-ის იყო, იპოვა თავისუფალი ლექსი, როგორც თვითგამოხატვის ოპტიმალური ფორმა. მისი კონვენციური ლექსები (მიუხედავად იმისა, რომ სხვათა ინტონაციების რელიქტური ექოები ისმის) მშვენიერია, მაგრამ ვერლიბრში მან საოცარ სიმაღლეებს მიაღწია, შექმნა თავისი სააზროვნო-სახეობრივი მოდუსი და ლექსის კომპოზიციური აგების სრულიად ორიგინალური მოდელი, მისეულ მოსხლეტილ აზრობრივ-ინტონაციურ ფინალ-კადენციებს დღესაც მრავლად გადააწყდები კაცი ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებაში;

21. დავით წერედიანი – კაცი, რომელმაც სხვა დიდი ქართველი პოეტების დარად, შექმნა სრულიად ორიგინალური იდიოლექტი და სინტაქსი, და ეს მოახერხა სულ რამდენიმე ათეული ლექსით;

22. ვახტანგ ჯავახაძე – კაცი, რომლის დაუცხრომელმა ექსპერიმენტატორულმა ჟინმა არაერთი შედევრით გაამდიდრა ქართული პოეზია, ასი წლის მერე თუ რამეს წაიკითხავენ, ერთ-ერთი მისი მკვეთრად ავანგარდისტული და სიახლით დახუნძლული პოეზია იქნება;

23. ბესიკ ხარანაული – კაცი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა მეინსტრიმული პოეზიისგან მარგინალიზებული თავისუფალი ლექსის ლიტერატურულ ლეგიტიმაციაში და საკუთარი მკერდი დაუხვედრა საპირისპირო მხარეს მდგარ, კონვენციური ლექსის კონფორმისტ ადეპტებს. ამ საქმეში მას სხვა პოეტებიც ედგნენ გვერდით, მაგრამ დროშა უდავოდ მას ეჭირა.

შეიძლება, ამ სიას სულ რამდენიმე ცოცხალი პოეტი დავამატოთ, მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“