შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ფიქრი ცაცხვის ხეებზე

 

„როდის მივაღწევთ ხის სიპეტაკეს

ჩვენ – ტირანები, ჩვენ – ჯალათები!

დიდი მადლობა ხეს, რომ ამშვენებს

ჩვენს დედამიწის ღარიბ უდაბნოს.“

ვალერიან გაფრინაშვილი

ცაცხვის ხეებზე ფიქრი ბრიუსელში ყოფნისას ამეკვიატა. რენე მაგრიტის მუზეუმის დათვალიერება მთელი გულით მინდოდა, მაგრამ სანამ ქალაქში გზა გავიკვლიე, დამაგვიანდა და მუზეუმი დაკეტილი დამხვდა. იმედგაცრუებული გრძელსკამზე ჩამოვჯექი. ივლისის საღამო იდგა. ქუჩა ხალხით იყო სავსე. უცხო ქალაქმა ამაღლებული განწყობა მომიტანა. შევნიშნე, რომ გრძელსაკმი ვეებერთელა ცაცხვის ხის ქვეშ იდგა. გამეღიმა. ჩემი საყვარელი ცაცხვის ხეები გამახსენდა გლდანულასა და უწერაში. თავი შინ ვიგრძენი. მანამდე ამგვარი განცდა შტუტგარტის ბიბლიოთეკაში დამეუფლა, როცა რვასართულიანი შენობის დათვალიერებისას საყვარელი მწერლების წიგნები მხვდებოდა. მაშინ ვიფიქრე, რომ წიგნები სამყაროს კეთილი ნების ელჩები არიან. რენე მაგრიტის მუზეუმის წინ მდგარმა ცაცხვმა კი ხეებზე დამაფიქრა. მიუხედავად განსხვავებული ეროვნების, კანის ფერისა და რელიგიური აღმსარებლობისა ადამიანებს ამ სამყაროში ბევრი რამ გვაერთიანებს, მაგალითად, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ხეებიც ერთგვარი მეტაენაა, რომელიც ადამიანად ყოფნის სიხარულზე გვესაუბრება?!

ჰერმან ჰესეს „33 ზღაპარი“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. სარჩევში სათაურების კითხვისას გადავწყდი ზღაპარს სახელად „სამი ცაცხვის ხე“ და წაკითხვის შემდეგ ჩემი ცხოვრების სამ ცაცხვის ხეზე დაწერის სურვილი გამიჩნდა.

ჰერმანე ჰესეს ლიტერატურული ზღაპრები პოეზიას ჰგავს. პოეტურ განწყობას ამძაფრებს წიგნისთვის დართული რეზო ყარალაშვილის ულამაზესი წერილი სახელად „ზამბახის გულის საიდუმლოება, ანუ მოგზაურობა ჰერმან ჰესეს ზღაპრების სამყაროში“. მთარგმნელი მიმოიხილავს ჰერმან ჰესეს ლიტერატურული ზღაპრების მოტივებს, ესთეტიკას, სემანტიკას. წერილი თავადაც ჰერმან ჰესეს ზღაპრებს ჰგავს – ღრმა, მშვენიერი და პოეტურია, ამასთანავე, მკითხველს წარმოდგენას უქმნის გერმანელი მწერლის ლიტერატურული ზღაპრების შესახებ, რომლებიც საზრდოობს ხალხური რწმენა-წარმოდგენებით, თუმცა, ჰერმან ჰესე თითოეულ ზღაპარს თავისი ფილოსოფიური ხედვით წარმოაჩენს. რეზო ყარალაშვილი შესავალი სიტყვის ბოლოს წერს:

„ჰერმან ჰესეს პოეზიის ბაღში დიდრონი ზამბახებივით იზრდებიან სიზმარივით უცნაური და მომხიბლავი ზღაპრები. ისინი ნელ-ნელა, მაგრამ ჯიუტად ითავისუფლებენ თავს ჰესეს ქვეცნობიერის მკვრივი მომწვანო-მოყავისფრო ფოთლაკებისგან და შემდეგ, გაიშლებიან თუ არა, დაღლილები, აბრეშუმის ენაგადმოგდებულები, ეძლევიან თავიანთ იისფერ ოცნებებს. ვისაც ამ ყვავილნარის ნაზი სუნით დატკბობა და მისი მშვენების აღქმა სურს, იგი პატარა ანსელმივით ცოტა ხნით მაინც უნდა დააკვირდეს ყვავილთა ხანჯლის მსგავს ფოთლებს, გვირგვინის სოსან ფურცლებს და მსუბუქ მტვრიანებს, წამით მაინც უნდა გააყოლოს თვალი პატარა დაძარღვულ იისფერ ბილიკს, ყვავილის წიაღში რომ იკარგება და მაშინ, ვინ იცის, შეიძლება ეს ზღაპრები მისთვის იმ კარად გადაიქცეს, რომელიც სრულიად ახალ სივრცეებს გადაუშლის წინ“.

ზღაპარმა სახელად „სამი ცაცხვის ხე“ ჩემი მოგონებების კარი შეაღო და ცაცხვის ხეებზე ხანგრძლივი ფიქრები გააერთიანა.

ბრიუსელში, რენე მაგრიტის მუზეუმის წინ, დგას ვეებერთელა ცაცხვის ხე, რომელიც ივლისის საღამოს გავიცანი და შევიყვარე. მაშინ ვიფიქრე, რომ ერთ მშვენიერ დღეს რენე მაგრიტის მუზეუმის სანახავად ამ ქალაქში ისევ დავბრუნდებოდი. ბრიუსელში კი სულხან-საბა ორბელიანის დღიურმა „მოგზაურობა ევროპაში“ ათ მასწავლებელთან ერთად მამოგზაურა.

მეორე ცაცხვის ხე თხუთმეტი წლის წინ გავიცანი, როცა პირველად ვესტუმრე სოფელ უწერას. არაგვის ხეობაში გაზრდილი მთიული გოგო გამაოგნა მთებისა და ხეების სიდიდემ. როგორც კი ონიდან სოფელ უწერისკენ მიმავალ გზას დავადექით, თითქოს მთები უცაბედად გაიზარდნენ, უწერაში კი ხეები გოლიათებად მომეჩვენა. იქ ყოფნისას ნელ-ნელა მათ სიდიდეს თვალი შევაჩვიე. უწერის ტაძრის ეზოში მდგარი მრავალსაუკუნოვანი ცაცხვის ხის შესახებ ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ ხე თამარ მეფეს დაურგავსო. მართლაც ისეთი ლამაზი, ძლიერი და მრავლისმნახველია, პირველივე ნახვისას გიყვარდება. ცაცხვის ხის სანახავად პირველ შვილთან ერთად გავეშურე. მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ გაივლიდა რამდენიმე წელი და თეკლა უწერის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი იქნებოდა, მე კი ამ ცაცხვის ხის ირგვლივ გაზრდილ ბავშვებს ლიტერატურული თავგადასავლებისკენ ვუბიძგებდი.

გლდანულაში, ჩვენი კორპუსის წინ, ულამაზესი სკვერი გვაქვს. ალბათ, კორპუსის ტოლი ცაცხვის ქვეშ აქაც გრძელსაკმი დგას. მოუთმენლად ველოდები ხოლმე მის აყვავებას. ცაცხვის ყვავილები მაისისა და ივნისის დასაწყისში მწერებს იზიდავს. მისი ჩრდილის ქვეშ კი მოსასვენებლად კორპუსის მაცხოვრებლები იკრიბებიან. ამ ცაცხვის ქვეშ გავზარდე ჩემი შვილები, შემდეგ უკვე ხე მასწავლებლური ამბების თანაზიარადაც იქცა. ყოველ დილას სკოლისკენ მიმავალმა მას უნდა ჩავუარო, ბავშვებს გული სიხარულით ავუვსო, თავდაჯერებულობა შევმატო, განსაკუთრებულობაში დავარწმუნო, დავამშვიდო, ჩავეხუტო, სიტყვის სიყვარულით ავანთო და მერე მათი ნახატებით, ნაწერებით, ყვავილებითა თუ ტკბილეულით სავსე ჯიბეებით შინ დავბრუნდე. სადარბაზოსთან მისული ხშირად ცაცხვის ხის ძირას გრძელსკამზე ვჯდები – დაღლილი, ემოციებით დაცლილი, მაგრამ ჩემი პროფესიისადმი მადლიერებით სავსე.

რამდენიმე დღის წინ სანამ ჩემი 7 თვის ბიჭს ფოთლებგაცვენილი ცაცხვის ძირას ეძინა, მე ჰერმან ჰესეს ზღაპრებს ვკითხულობდი. ამასობაში 11 წლის გაბრიელი სკოლიდან დაბრუნდა და გვერდით მომიჯდა. მოვუყევი, რომ ჩემი ცხოვრების ცაცხვის ხეებზე სტატიის დაწერას ვაპირებდი და მერე ჰერმან ჰესეს ზღაპარიც ვუამბე:

ძველად ბერლინის სასაფლაოს სამი უზარმაზარვარჯებიანი, ტოტებგადახლართული ცაცხვი ამშვენებდა. ცაცხვის ხეების შესახებ ხალხში ასეთ ამბავს ჰყვებოდა:

ოდესღაც ცხოვრობდა სამი ძმა. ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ. ერთ საღამოს უმცროსი  ძმა შინიდან გავიდა. გოგოს უნდა შეხვედროდა და სასიამოვნო ფიქრებით სავსემ ბნელ ორღობეში შეაბიჯა.  უეცრად ხროტინისა და გმინვის ხმა მოესმა. ბიჭი გულში სასიკვდილოდ დაჭრილ მამაკაცს გადააწყდა. დახმარება სცადა, მაგრამ  დაჭრილმა მის ხელში დალია სული. ბიჭმა გარდაცვლილი იქვე დატოვა და უკან გამობრუნებისას ყარაულს შეეფეთა. რადგან ბიჭი სისხლით იყო დასვრილი, მკვლელად ჩათვალეს და საპყრობილეში ჩააგდეს. უმცროსი ძმა უარყოფდა ბრალდებას. მისი ამბავი შუათანა ძმამ რომ გაიგო, მოსამართლესთან მივიდა და უთხრა, რომ ძმა უდანაშაულოა და დანაშაული მან ჩაიდინა. მოსამართლე დაიბნა. შუათანა ძმაც დააპატიმრეს. ამასობაში მოგზაურობიდან უფროსი ძმა დაბრუნდა. რომ გაიგო ძმების ამბავი, მოსამართლეს გამოეცხადა და ახლა მან დაიბრალა მკვლელობა. მოსამართლე კიდევ უფრო დაიბნა და ქალაქის მთავართან გაეშურა რჩევის საკითხავად. მთავარმა მოისმინა სამი ძმის ამბავი და თქვა, რომ არც ერთი დამნაშავე არ იქნება, მაგრამ სასჯელი რადგან უნდა აღსრულდეს, მივცეთ ცაცხვის ხის სამი ნერგი, ძმებმა ყლორტებით დარგონ ნერგები და რომლის დარგულიც პირველად გახმება, ის დავსაჯოთო. ასეც მოიქცნენ. ძმებმა გულმოდგინედ ამოთხარეს ორმოები და ნერგები დარგეს. გავიდა დრო და სასწაული მოხდა – სამივე ნერგი აყვავდა, გაიზარდა, გამწვანდა და ძმებიც სიკვდილს გადაურჩნენ. მას შემდეგ ძალიან დიდხანს ამშვენებდა ბერლინის სასაფლაოს სამი უზარმაზარი ცაცხვის ხე.

11 წლის ბიჭმა გულისხმიერად მომისმინა და თხრობა რომ დავასრულე, ცისფერ თვალებში სითბო ჩაეღვარა. ვიფიქრე, რომ სწორედ ეს ჯადოსნური ძალა აქვს ზღაპრებს – ადამიანის გულსა და გონებაში კეთილი ძალების შეტანისა და პატარა ბიჭების თვალების გათბობისა.

გლდანულაში, ჩვენი ეზოს ცაცხვის ხის ძირას, მოვუყევი ჩემს შვილს ჰერმან ჰესეს ზღაპარი „სამი ცაცხვის ხე“ და ამ შემთხვევამ კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა ჩემი ცხოვრების ცაცხვის ხეების ამბავი, რომელიც მასწავლებლურ და ლიტერატურულ თავგადასავლებს აერთიანებს.

ქალაქში ბავშვები ხეებს ვერ ცნობენ. ბუნებასთან გაწყვეტილი კავშირი მათ შინაგან სამყაროს აუხეშებს, სისასტიკისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ხეების შესახებ. ვუამბოთ ჩვენი საყვარელი ხეების შესახებ, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონში განმარტება მოვძებნოთ, ლათინური შესატყვისი Google-ში ჩავწეროთ და ციფრულ სამყაროში სიტყვების ვიზუალურ აღქმაზე დავაფიქროთ.

ცაცხვი [Tilia] მაღალი (ან საშუალო სიმაღლის ხე); აქვს ლამაზი ვარჯი, დაკბილული ფოთლები; იკეთებს მოყვითალო სურნელოვან და თაფლოვან ყვავილებს; მის მერქანს იყენებენ მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში.

 

ამ სტატიაზე მუშაობისას რადიო „თავისუფლების“ სტატია ვიპოვე, სახელად „ხეები და ადამიანები“ (ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი), რომელშიც აღწერილია, როგორ გადაარჩინა უძველესი ცაცხვები მოჭრისგან დავით კლდიაშვილმა:

„არჯევანიძის გადმოცემით, როცა მესანგრენი ცაცხვებს ნაჯახებით მიადგნენ, მათ წინ დაუხვდნენ კლდიაშვილის ჯარისკაცები. სამხედრო ხელმძღვანელობამ (გენერალმა ლიახოვმა) პოდპოლკოვნიკ კლდიაშვილის ეს მოქმედება მძიმე სამხედრო დანაშაულად ცნო, ეტაპის კომენდანტის თანამდებობიდან გადააყენა და ბათუმში გამოიძახა საველე სასამართლოს წესით გასასამართლებლად, თუმცა მწერალს ბედმა გაუღიმა – სულზე მოუსწრო თებერვლის რევოლუციამ.“

ჰერმან ჰესეს ზღაპარმა ძმობაზე, თავდადებაზე, ხით გადარჩენილ სიცოცხლეზე დაგვაფიქრა, დავით კლდიაშვილის მიერ ცაცხვის ხეების ცოცხალი ადამიანებივით დაცვა შთამბეჭდავი პირადი მაგალითია ერთი ადამიანის პასუხისმგებლობისა.

ცაცხვის ხეები, წიგნები, ადამიანების ისტორიები – ბავშვების გულებში სიკეთის, სიყვარულისა და ცოდნის შეტანის საუკეთესო გზაა. გზა, სადაც არ მოიწყენ.

„ადამიანო! ხე – ანგელოზი

შენ აირჩიე, როგორც მფარველი,

რომ მსოფლიოში არ დაიკარგო

და იყო ღირსი ჭეშმარიტების!“

ვალერიან გაფრინდაშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“