შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„ტუხო“

იმ წელს არდადეგებზე ბაკურიანის ნაცვლად ბებიასთან აღმოვჩნდი სოფელში.  ცოტა ხანში კი სტუმრად მეზობელ რაიონში გავემგზავრეთ. მასპინძლის ოჯახს მთიული რძალი ჰყავდა. დიდ ეზოში უამრავი შინაური ფრინველი და ცხოველი ირეოდა: ქათამი, იხვი, ბატი, ინდაური, ძროხა, კვიცი. ამ უკანასკნელის დედა სამუშაოდ იყო წასული და ამიტომ მასთან თამაშით გული ვიჯერე. ეზოს კოლორიტი კი მაინც  პატარა თხა „ტუხო” იყო. დაბრეცილი უსწორმასწორო თვალები, სასაცილო წვერი და ორი მოხვეულ-მიხვეული რქა ჰქონდა. კუნტრუშით დადიოდა და ყველასკენ  სარქენად იწევდა, ოღონდ ეს ისე ეთამაშებოდა, თორემ საბოლოოდ ვერავის იმეტებდა. „ტუხოს” ისე, გასართობად ეძახდნენ (ელამი თვალების გამო შეურქმევიათ), თორემ ოფიციალური სახელიც ჰქონდა-„ჩეკურაანთ ვაჟი”. 

როცა პატარა ბეკეკო ყოფილა, ოჯახიდან საკმაოდ მოშორებით, ტყის პირას მცხოვრებ ჩეკურიშვილების ოჯახს უჩუქებიათ. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ „ტუხო” გარეული თხის შთამომავალი იყო, თითქოს მისი დიდი ბებია ტყის ბინადარზე ყოფილა გამიჯნურებული. თავად  მოარული ხმები არ აღელვებდა და მაღალ შავზოლა ფეხებზე შემდგარი აქეთ-იქეთ სასაცილოდ დაბაკუნობდა. არც ქურდობაზე ამბობდა უარს. ერთხელ მეზობელს შემოუვლია ნაყიდი ნაზუქებით. ეზოში მდგარ მაგიდაზე დაუწყვია და დიასახლისს სარდაფში შეჰყოლია რაღაცის სანახავად. „ტუხოც” მიბრძანებულა და სამივე ნაზუქი გემრიელად მიურთმევია. მესამეზე წაასწრეს და მისცხეს კიდეც, მაგრამ აბრეცილი ელამი თვალები მაინც სიამოვნებით უბრწყინავდა. ნაზუქი ისე ეგემრიელა, რომ ცემად აშკარად ღირდა. ეზოში მასპინძლის შვილიშვილის გაკეთებული თოვლის ბაბუა იდგა. უცბად ბავშვის ტირილი გაისმა, ამ საძაგელმა თხამ უკვე მეორედ მოჰპარა ჩემს თოვლის პაპას ცხვირიო. 

„ტუხოსადმი” რატომღაც სიმპათიით განვეწყე. სასაცილო და ეშმაკი იყო.  დიახ, ცოტას ქურდობდა, მაგრამ თვითონ სულაც არ ფიქრობდა ალბათ ასე. თავად ალბათ ეგონა, რომ ნაზუქიც და სტაფილოც სწორედ მას დაუდეს, და არ ეჭამა? 

წამოსვლის წინ მასპინძელმა გვითხრა, ხვალ ამ ვაჟბატონს ვკლავთ და თქვენც გელოდებითო. გამოვექომაგე, პატარაა და ცოტა კიდევ აცადეთ-მეთქი. არაო, მითხრეს, გადაწყვეტილიაო. მეორე დღეს მართლაც ვესტუმრეთ, ბებია დამპირდა გადავაფიქრებინებო, მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს. როცა მივედით, ყველაფერი მოთავებული ჰქონდათ, „ტუხოს”  თავი კი რაღაც სარზე წამოეცვათ, ელამი თვალები ღია დარჩენოდა და საქმიანად მოფუსფუსე კაცებს დამცინავი, ზიზღიანი ღიმილით უყურებდა.

ასეთივე გამომეტყველება მქონდა მეც, არც ხორცი მიჭამია, მაგრამ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, საქმიანად მოფუსფუსე კაცები უკვე შამფურებს ატრიალებდნენ. მოკლედ, შევეშვები ახლა  ჩემი ბავშვური გრძნობების აღწერას და თხის და ღორის ხორცს შევადარებ ერთმანეთს. მით უმეტეს, თხის წელი დადგა და ღორიც მალე დაგვიკრავს თავს.

მაშ ასე, დავიწყებ ქოლესტერინის შემცველობით. რამდენ პროცენტ ქოლესტერინს შეიცავს ცხვრის და ღორის ხორცი? ცხვრის ხორცში ქოლესტერინის შემცველობა 77%, ძროხის ხორცში კი 93%-ია.

აქ საუბარი დაბალი სიმკვრივის, ანუ „ბოროტ” ქოლესტერინზეა, რომლის ჭარბად დაგროვება ორგანიზმში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას და ინსულტის, ინფარქტის და ა.შ. განვითარებისთვის კარგი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

რკინის შემცველობა ცხვრის ხორცში უფრო მაღალია. ამას ფერითაც შეატყობთ, ცხვრის ხორცი ღორის ხორცთან შედარებით უფრო მუქი ფერისაა. 

ჰემინურ რკინას ვგულისხმობ, რომელიც ცილების-ჰემოგლობინის და მიოგლობინის  სინთეზში მონაწილეობს. 
ხორცი ცილაა, თუმცა ცხვრის ხორცი შეიცავს 16,3%-ს, ღორის ხორცში კიდევ 19,4%-ია. თუმცა, ცხვრის ხორცი ყველა შეუცვლელ ამინმჟავას შეიცავს.

ანუ, შეჯიბრის ანგარიში როგორია?

ცხვრის ხორცი ღორის ხორცთან შედარებით შეიცავს ნაკლებ ქოლესტერინს, მეტ ჰემინურ რკინას, აი, ცილა კი ღორის ხორცში უფრო მეტია. ანგარიში ცხვრის ხორცის სასარგებლოდ  2:1 ყოფილა.

გადავიდეთ რძეზე, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ ქიმიის ლაბორატორიიდან გამოსული მუდმივად მივირთმევ. ახლა ავდგები და თხის და ძროხის რძეს შევადარებ ერთმანეთს.

მაშ ასე, ახალი შეჯიბრი. ვინ აჯობებს თხა თუ ძროხა?

ცხიმს ორივე რძე შეიცავს, ოღონდ თხის რძის 100მლ. შეიცავს 168 ერთეულს, ძროხის რძის იგივე რაოდენობა კი-149-ს. ანუ გამოდის, რომ თხის რძე კალორიულია და ასუქებს. გარდა ამისა, ის ნაჯერ (ანუ, „ცუდ”) ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

რძეში კალციუმი  უნდა შედიოდეს.  გარდა ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა, კალციუმი ცილა კალმოდულინის სინთეზში მონაწილეობს. ეს უკანასკნელი მეხსიერების ფორმირებაში შეუცვლელია. თხის რძის 100მლ. 33 ერთეულს შეიცავს, ძროხის რძის იგივე რაოდენობა-28-ს. ჰმ, ამ მხრივ თხამ აჯობა. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ რძის მირთმევის შემდეგ, სისხლში გადასული კალციუმის იონები უჯრედებში თავისით გადანაწილდება. მას გადამტანი სჭირდება და ეს გადამტანი D ვიტამინია.

რძე ციანკობალამინის ანუ B12 ვიტამინის შემცველობითაც მნიშვნელოვანია. თხის რძის 100მლ 2,8 ერთეულს შეიცავს, ძროხის რძის იგივე რაოდენობა-18-ს. აქ უკვე ძროხა დაწინაურდა. 

აქ ციანკობალამინზე სულ ერთი წუთით უნდა შევჩერდე და დავწერო, რომ ერთადერთი მეტალ შემცველი ვიტამინია. წითელი ფერის კრისტალური ნივთიერებაა, წყალსა და სპირტში იხსნება, არ იხსნება ორგანულ გამხსნელებში. უძლებს 100 გრადუსამდე გაცხელებას, სინათლის მოქმედებით კი იშლება.  მისი ნაკლებობა ანემიას იწვევს. ამასთან ერთად, ნერვული სისტემის ფუნქციის  მოშლას და კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითებას აქვს ადგილი. B12 ვიტამინი ჩვენი ნაწლავის მიკროფლორის მიერაც სინთეზირდება და სადღეღამისო დოზა 0,0003მგ-ს შეადგენს.
 შევაჯამოთ: თხის რძე უფრო ცხიმიანია, თან ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, შეიცავს B12-ის მცირე რაოდენობას, კალციუმი კი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ძროხის რძეს. მოკლედ, ანგარიში 1:3-ია ძროხის სასარგებლოდ და ეს თხის წელშიც უნდა ვაღიაროთ. 

ახლა მესამე პროდუქტზე, ყველზე გადავიდეთ. თავიდანვე გეტყვით, რომ დიეტური არ არის, მარილიანი და ცხიმიანია. კი, ცილას შეიცავს, 100 გრამ პროდუქტზე 30 გ. ცილა მოდის. ნამდვილი თხის ყველი  რბილი და მოუმწიფებელია. თუმცა, სუპერმარკეტის თაროზე შეიძლება მყარს და მომწიფებულსაც გადააწყდეთ. თუ ასეთი ნახეთ, იცოდეთ, რომ მას ძროხის რძე აქვს დამატებული. თავად სუფთა თხის ყველს მხოლოდ მცირე, თითქმის ერთ ულუფიან პაკეტებში დაფასოებულს  ნახავთ. გახსნისთანავე  უნდა მიირთვათ, რადგან მალფუჭადია. თუ სალათასთან და ბევრ მწვანილთან ერთად დააგემოვნებთ, მთლად უკეთესი, რადგან მწვანილი მარილს გაანეიტრალებს და ყველში არსებულ ზედმეტ ცხიმს თქვენს ორგანიზმში მთლიანად შეწოვის საშუალებას არ მისცემს.

წერილის დასაწყისში თხაზე ვყვებოდი, სრულიად შეუფერებელი და უცნაური სახელი „ტუხო” ერქვა. თუმცა თავად მშვენივრად იყო დაუფლებული და უსწორმასწორო, აბრეცილი თვალებით იხედებოდა.  

…დედას ხილის საყიდლად  ბაზარში გავეგზავნე. ეს იცით რა დროა? არეული დროა, მე ასპირანტი ვარ. 

დამანებე ძია თავი, მეტს აღარ ვიზამ, – ჩამესმა ყურში ბავშვის ნამტირალევი ხმა.

ასაკოვან კაცს, რომელსაც ეტყობოდა არ ულხინდა, ყურით დაეჭირა პატარა, ათიოდე წლის, გაწუნწკლულ-გაჭუჭყული, თხელქურთუკიანი ბიჭი და აჯანჯღარებდა. მოზარდი აშკარად სოფლიდან იყო. ეტყობა თავის გადასარჩენად ქალაქს მოაშურა. არც გაწაფული ჩანდა და ბავშვურ თვალებში ეტყობოდა ჯერ ხელიდანაც არ წასულიყო. კაციც რაღაცას ყიდულობდა. ბიჭს მისი ჯიბის „გასუფთავების” მცდელობა ჰქონდა. გაჭირვებული ხალხი ისევ ერთმანეთს ძარცვავს, მდიდრებთან ხელი არ მიუწვდებათ, კარგად დაცულნი არიან. ბიჭი შემეცოდა. კაცი ხელს არ უშვებდა და თვალებით პოლიციელს ეძებდა. თავდებად დაუდექი, გაუშვით, მეტს აღარ იზამს-მეთქი. კაცმაც ხელი გაუშვა, ეტყობა გულში მასაც შეეცოდა. ბიჭი დაწითლებულ ყურს იზელდა და გაქცევა არც კი უცდია.

– რა გქვია?
– ტუხო! – ჩურჩულით თქვა…
– რა გქვია??? გამიმეორე,
-ტუხო… – მითხრა უფრო ხმამაღლა.
რაღაც თბილი ჩამეღვარა სხეულში. ვერც მოვეფერე, ისეთი დასაბანი იყო. ჯიბიდან ათლარიანი ამოვიღე და გავუწოდე.
– წადი ტუხო სახლში, დედა ალბათ გელოდება და ნერვიულობს. წახვალ ხო?
-კი… -ჯერ კიდევ სუფთა თვალებით ამომხედა.

„ტუხო” გამახსენდა. ის ადამიანების პატარა ჯგუფმა შეჭამა, ამ პატარა ბიჭს ალბათ ცხოვრების ორომტრიალი გაანადგურებს, თავის მორევში ჩაითრევს.

რთულია ცხოვრება თავისი იდუმალი საფეხურებით.

„თხის” სამართლიან  წელს გისურვებთ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი