მარო წერეთლის დღიური ერთ დღეში წავიკითხე, მღელვარებით. მართალია, საშინელ წლებში, გასული საუკუნის ყველაზე შემზარავ ნაწილში აღმოვჩნდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი თვალით დავინახე დასანახი, მოწმე გავხდი. ოცდაათიანების, ორმოციანების უბედურებებზე, უდანაშაულოთა მკვლელობებსა და გადასახლებებზე, წამების მრავალგვარ ფორმებზე ადრეც წამეკითხა, ახლა კი მეც იქ ვიყავი, განწირული ადამიანების რიგში, დარდით გულდამძიმებული, გამოსავლის გამუდმებული ძებნით გადაღლილი.
ვინ არის მარო წერეთელი? საკვირველი ძალისა და შესაძლებლობების მქონე ქალი, რომლის ცხოვრების ამბავიც ისტორიის წიგნებშია ჩასაწერი, ისტორიის გაკვეთილებზეა მოსაყოლი. 1935 წელს, შუაღამისას, მის ქმარს, პროფესორ ალექსანდრე წერეთელს აპატიმრებენ, უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს. მას ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური, ფაშისტური ორგანიზაციის წევრობას თუ სულაც შექმნას აბრალებენ. მკვლევრის, მასწავლებლის გზა მოულოდნელად წყდება. წინ შუა აზიის ბანაკები და ცხოვრებაწართმეულის გაუსაძლისი ყოფაა.
წიგნში ორი ათწლეულის ამბებია მოთხრობილი – საყვარელი ადამიანის კვალის ძებნის, პოვნის და დაკარგვის, სიყვარულის სახელით ჩადენილი გმირობის, სასოწარკვეთასთან ბრძოლის, ერთგულების, რომელსაც იმხანად ბევრი, ალბათ, ვერც გაიგებდა და ვერც გაამართლებდა. ჩემთვის კი ისიც ძვირფასია, როგორ ავსებს ავტორი დღიურის გვერდებს, რა ალღოთი და გამბედაობით, მისაბაძი წინდახედულებით – იქ სვამს წერტილს, სადაც ფეხი იოლად გადაუბრუნდებოდა, გულწრფელობით სავსე მონათხრობი რაღაც სხვად გადაექცეოდა.
„მიკვირს, საიდან მომეცა ძალა და ენერგია, რა ყოფილა ადამიანი?! რის ატანა შესძლებია?! უწინ ღამით ვერ გამოვიდოდი გარეთ მარტო, მოულოდნელი გაფაჩუნებისაც მეშინოდა, ეხლა კი უცხო ხალხშიდ, უცნობ ადგილებში დავდივარ მარტოდ-მარტოდ. იმგვარი ძალა მაქვს მოცემული, მგონია, რომ ქვის წვიმაში გავივლი და არაფერი დამიშავდება“, – წერს მარო წერეთელი, თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული. სხვა ადგილას კი იტყვის: „აგრე მგონია, ხელ-ფეხი ქვისა მაქვს და ვერა ვხრი“.
ტანჯვას დასასრული არ უჩანს. დარბის გამწარებული ქალი ერთი ბანაკიდან მეორეში, ცდილობს, ქმარს ფული და საკვები მიაწოდოს, შეატყობინოს, რომ ახლოსაა, რომ ისევ ისე უყვარს და ენატრება, რომ ნახვის მცდელობაზე ხელის აღებას არ აპირებს. იშვიათი შეხვედრებისას კი დრო მეტად სწრაფად გადის, იმის დაჯერებასაც ვერ ასწრებენ, რომ სასწაული მოხდა. „ვეღარცერთი ვიღებთ ხმასა: გარღვეული ნაქსოვის თვლებივით გველევა ერთმანეთისთვინ სათქმელი სიტყვები და ვართ ასე. ვდუმვართ, ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანია, საერთოდაც ჩვენა ვართ სიცოცხლის ბუნდოვანი გაგრძელებანი. მაინტერესებს, სადამდე აქვს შეძლება ადამიანს, ამგვარი ყოფა აიტანოს, თუკი დასასრული აქვს ყოველივეს, ამგვარ ყოფას რად არ უჩანს ბოლო?“ – კითხვას სვამს მარო წერეთელი და ამ სიტყვებსაც მოაყოლებს: „რა წუთსაც ვიფიქრებ, რომ ყველა გასაძლებს უკვე გავუძელი, მერე ახალ-ახალი გასაძლებები არ ილევა და ბრუნავს და ბრუნავს ყველაფერი ფოლადის ბზრიალასავით თავის გარშემო“.
ძალიან გრძელი ამბავია, ოცი წლის განმავლობაში ბრძოლისა და გადარჩენის. წიგნი კი თითქოს მწერლის ხელითაა დაწერილი, მომნუსხველი მხატვრული სახეებით, შედარებებით, მეტაფორებით… მარო წერეთელი, პროფესიით ექიმი, მხოლოდ ის ქალი არ არის, გადასახლებულ ქმარს ქვეყნის დასალიერში რომ მიჰყვება, ყველა შემხვედრს შეძლებისდაგვარად რომ ეხმარება, დიდი თუ მცირე განსაცდელისთვის თვალის გასწორებას რომ ახერხებს, ის შეუდარებელი მთხრობელიცაა, ენის წიაღში დამალული განძის მძებნელი.