შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

მამა ჩიტებს ჭიკჭიკით ცნობდა

„ერთი მწერალია. ალბათ, არ მოგეწონებათ, ისეთი უბრალო, ყოველდღიურად გამოსაყენებელი ენით წერს, მაგრამ მაინც უნდა წაიკითხოთ“, – მითხრა ხანში შესულმა ფრანგმა ქალმა, რომელიც წიგნების მაღაზიაში გავიცანი. პატარა ბლოკნოტშიც კი ჩამიწერა იმ წიგნის სათაური, ყველაზე მეტად რომ მოსწონდა. რამდენიმე თვეში ანი ერნომ ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში, მე კი ვერაფრით ვივიწყებდი, რა უცნაურად დამამახსოვრებინეს ეს სახელი.

ცოტა ხნის წინ სოფელში, ძველ წიგნებში აღმოვაჩინე ქართულად ნათარგმნი მისი მოკლე რომანი თუ გრძელი მოთხრობა „ადგილი“, საუკუნის დასაწყისში გამოსული. ისიც გამახსენდა, რომ წაკითხული მქონდა, რომ მასწავლებლის, მის წარსულში მოფუთფუთე ჩრდილების, მამასთან რთულად სახელდასარქმევი ურთიერთობის ამბავი იყო.

„საღამოობით, როცა სამზარეულოს მაგიდასთან დავალებებს ვამზადებდი, მამა ჩემს წიგნებს ფურცლავდა, მეტადრე ისტორიის, გეოგრაფიისა და სხვა საგნების სახელმძღვანელოებს, – ჰყვება მთავარი გმირი. – უყვარდა, როცა ჩამჭრელ კითხვებს ვუსვამდი. ერთხელ მთხოვა, კარნახი დამაწერინეო. სურდა, ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ კარგად წერდა“. მამამ არ იცის, რომელ კლასშია მისი ქალიშვილი, მხოლოდ მასწავლებლის გვარს იმახსოვრებს და იმეორებს. უბრალო კაცია, მძიმე ცხოვრებაგამოვლილი. ნორმანდიელი მუშა. წვრილი მოვაჭრე.

ამ ავტობიოგრაფიულ მონათხრობში მამაც და ქალიშვილიც, რომელიც საბოლოოდ მოჯადოებული წრის გარღვევას, მასწავლებლობის უფლების მოპოვებას, სხვა სამყაროს სიკეთეების ნახვას ახერხებს, მეტად მკაფიოდ ჩანან. ახალ-ახალი შტრიხების დამატების აუცილებლობაც აღარ დგას. ზამთარში სკოლიდან დაბრუნებულ, აქოშინებულ, დამშეულ ბავშვს შინ ძნელად გასაძლები სურათი ხვდება: ფანჯარასთან ჩამომჯდარ კაცს სათქმელი არაფერი აქვს, წამოწყებულმა საქმიანობამ არ გაამართლა, უნდა გაყიდოს ყველაფერი, რასაც ფასი ჯერ ისევ ადევს. გოგონა ხვდება – დავალებების შესრულებას აზრი დაჰკარგვია, მთელი ძალა ამ სიჩუმის ატანას უნდა მოახმაროს.

„ხშირად სერიოზულად, თითქმის ტრაგიკულად მეუბნებოდა ხოლმე, სკოლაში მასწავლებელს კარგად უსმინეო, – იხსენებს მთავარი გმირი, – შიში ჰქონდა, რომ ბედის ეს უცნაური წყალობა – ჩემი კარგი ნიშნები – უცებ არ გამქრალიყო. ყოველი წარმატებული თხზულება, მოგვიანებით კი ყოველი გამოცდა კმაროდა იმის იმედად, რომ მასზე უკეთესი ვიქნებოდი“. წელი წელს ემატება და მამა-შვილს შორის გაუცხოებაც სულ უფრო თვალში საცემი ხდება. გაზრდილი მანძილი ტკივილის წყაროა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა, უბრალოდ, გამქრალია – ერთმანეთის თვალებით გამოხედვას ვეღარასდროს მოახერხებენ.

ყველაფრის მიუხედავად, კაცი კავშირს ვერ ხედავს სწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის. კლიენტებთან თავს იწონებს, ჩემი ქალიშვილი სწავლობს, მასწავლებელი უნდა გახდესო, თუმცა „თანამედროვე ლიტერატურა“ მისთვის კვამლია და მეტი არაფერი. ბევრად უფრო კმაყოფილი იქნებოდა, მას მათემატიკის ან ესპანური ენის შესწავლა რომ გადაეწყვიტა, სამომავლო კეთილდღეობის წყაროდაც უფრო მარტივად წარმოიდგენდა. თავად ჩიტებს ჭიკჭიკით ცნობდა, ამინდის გამოსაცნობად ცას უყურებდა. მისი ცოდნა-წარმოდგენები სხვა რიგისა იყო და ალბათ სიამოვნებით გადასცემდა ახალ თაობასაც, ამის შესაძლებლობა რომ მისცემოდა.

არადა, ხიდი აღარ იყო, რომელზეც გოგონა და მისი ტოლები გადმოირბენდნენ და ცოტა ხნით მაინც ყურს დაუგდებდნენ.

„წელიწადის დროთა მარადიული ტრიალი, უბრალო სიამენი და ყანების სიჩუმე. მამაჩემი სხვების მიწას ამუშავებდა. დედამიწის სილამაზე და ბრწყინვალება არ დაუნახავს“, – ამასაც დაწერს წიგნის ავტორი. ცოტა არ იყოს, ზედაპირული დაკვირვების მაგალითად.

ყოველდღიურად გამოსაყენებელ ენაში ხანდახან ლამაზი სიტყვებიც გამოერევა ხოლმე. სიმართლის გზა კი ამ შემთხვევაშიც ვიწროა, საცალფეხო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“