შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

„თავისუფალი არჩევანი“ მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის

სწავლისა და სწავლების მრავალფეროვან მიდგომებში სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს „თავისუფალი არჩევანის“ პრინციპს. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს, თავად აირჩიოს პასუხები ან გზა, რომლითაც გადაწყვეტს კონკრეტულ დავალებას, უპასუხებს დასმულ შეკითხვებს. „თავისუფალი არჩევანის“ პრინციპს ხშირად მიმართავენ:

  • აზროვნების სტიმულირებისათვის;
  • მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისა და კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის;
  • სწავლების პერსონალიზაციისთვის, უბიძგებს რა მოსწავლეს პასუხისმგებლობისკენ, რის შედეგადაც უკეთ აანალიზებს საკუთარ ცოდნას და უკეთ სწავლობს; მოსწავლეს ინდივიდუალური უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევა. მას შეუძლია შეაფასოს ყველა შესაძლო ვარიანტი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
  • მოტივაციისთვის, რადგან მოსწავლე თავად ირჩევს თავისთვის საინტერესო საკითხს, რაც ზრდის შედეგების ეფექტიანობას.

შედეგიანობის თვალსაზრისით ეფექტურია როდესაც „თავისუფალი არჩევანის“ პრინციპი ორიენტირებულია ღია და დახურულ შეკითხვებზე და არგუმენტირებებზე.

დავალებების პირველი ტიპი – ღია და დახურული შეკითხვები – მოითხოვენ განმარტებებს, პასუხების ჩამოყალიბებას. პრობლემის ანალიზს, ფიქრს შესაძლო გადაწყვეტილების გამოსატანად, რაციონალური დასკვნების გამოტანის უნარს, „აიძულებს“ მოსწავლეს, გააკეთოს სწორი არჩევანი, დაადასტუროს ფაქტობრივი ცოდნა. ღია ტიპის შეკითხვები განსაკუთრებით ეფექტურია კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის, ხოლო დახურული შეკითხვები ძირითადად გამოიყენება კონკრეტული ცოდნის შესამოწმებლად. თუ დავალებაში ორივეა წარმოდგენილი, ეს მოსწავლის ცოდნისა და უნარების სიღრმისეულად შეფასებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება დავალებების მეორე ფართოდ გავრცელებულ ტიპს – არგუმენტირებაზე ორიენტირებულ დავალებებს – ის ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას, რადგან ვითარდება აზროვნების ორი ფორმა – ირაციონალური და რაციონალური აზროვნება. ირაციონალური აზროვნების დროს მნიშვნელოვანია ემოციური დამოკიდებულებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეცდომების დაშვებაც, რაციონალური აზროვნების დროს კი აქტიურდება ინტუიცია და საკითხის შესწავლა ხდება კრიტიკული თვალით.

განვიხილოთ ნიმუში კონკრეტული ისტორიული მასალის საფუძველზე:

საგანი – ისტორია; კლასი X.

ძირითადი რესურსი: მოსწავლის სახელმძღვანელო, ავტორები: გ. უგულავა და სხვ. გამომცელობა „სულაკაური“

თემა – ძველი აღმოსავლეთი: შუმერი. ეგვიპტე. აქადი / საკითხი: ძველი აღმოსავლეთის მემკვიდრეობა

დავალებების I ტიპი – „თავისუფალი არჩევანის“ პრინციპით მუშაობა ღია და დახურული ტიპის შეკითხვებზე

https://read.bookcreator.com/RI2LuCTdPNdTJwznILGACLuCtzw2/ySVjwPMmQr2UTKzGY0sGdg

აქტივობა 1: მოცემული ღიადაბოლოებიანი და დახურული შეკითხვები ორიენტირებულია ფაქტობრივი ცონის გამოვლენაზე და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე:

 

აქტივობა 2: ანალიზი და დამოკიდებულებები:

აქტივობა 3: შეკითხვების კიდევ ერთი ტიპი ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა ფაქტობრივი ცოდნისა და ანალიტიკური უნარების შეფასებაში:

დავალების II ტიპი – არგუმენტირება – მიმართულია ლოგიკური აზროვნების განვითარებისკენ. 

დავალების პირობა: ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებზე, კერძოდ აქადსა და შუმერზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენდა ზემოქმედებას, რამაც ამ უძველესი სახელმწიფოების სისუსტე და საბოლოოდ დაღუპვაც განაპირობა.

ჩამოთვლილია რამდენიმე თეზა (დებულება, რომელსაც მსჯელობისას იცავენ), თუ რატომ დაეცა აქადი და შუმერი. მოსწავლეებს ვთავაზობთ, ამოირჩიონ რომელიმე სამუშაო ვერსია და სახელმძღვანელოს ტექსტსა და რუკაზე დაყრდნობით (იხ. აქვე, რუკა 1) მოიყვანონ შესაბამისი მტკიცებულებები (მაგალითები, კონკრეტული ფაქტები).

რუკა 1. აქადელთა იმპერია

  1. პოლიტიკური არასტაბილურობა და შიდა დაპირისპირებები:
  • აქადი: სარგონ დიდის მიერ შექმნილი აქადის იმპერია პირველი დიდი სახელმწიფო გაერთიანება იყო, რომელშიც მესოპოტამიის ცალკეული ქალაქ-სახელმწიფოები გაერთიანდნენ, თუმცა მისი მემკვიდრეები ვერ ახერხებდნენ ცენტრალური ძალაუფლების გამტკიცებას. შიდა დაპირისპირებები და მეფის ხელისუფლების შესუსტება კი ხელს უწყობდა რეგიონის დაშლასა და დაყოფას.
  • შუმერი: შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები (როგორიცაა ურუქი, ური, ლაგაში) მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს გავლენისა და რესურსების გამო. შიდა კონფლიქტებმა შუმერი დააუძლურეს და კიდევ უფრო დაასუსტეს გარე საფრთხეების მიმართ.
  1. გარეშე მტრის თავდასხმები:
  • აქადი: აქადის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა ჩრდილოეთიდან მომთაბარე, მტრულად განწყობილი გუტიების შემოსევები, რომლებმაც დაასუსტეს და საბოლოოდ დაიპყრეს აქადის ტერიტორიები.
  • შუმერი: შუმერზე დიდი გავლენა იქონია აქადელების თავდასხმებმა, რომელთა მმართველობაც პერიოდულად დომინირებდა შუმერზე. მოგვიანებით ელამელებისა და სხვა მტრული ტომების შემოსევებმაც მნიშვნელოვნად შეასუსტა შუმერების ძლიერება.
  1. ეკონომიკური პრობლემები და რესურსების დეფიციტი:
  • შუმერსა და აქადს არ გააჩნდათ საკმარისი ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით ისეთი სტრატეგიული მასალები, როგორებიცაა, ლითონი და ხე-ტყე. მათი ეკონომიკა დამოკიდებული იყო სავაჭრო ურთიერთობებზე, რომლებიც შიდა დაძაბულობისა და ომების დროს უფრო და უფრო რთულდებოდა.
  • სარწყავი სისტემების მწყობრიდან გამოსვლა და მიწების დამლაშება მესოპოტამიის დაბლობებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც სოფლის მეურნეობის დაცემა და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
  1. კლიმატური ცვლილებები და ბუნებრივი კატასტროფები:
  • კლიმატური ცვლილებები, მაგალითად, ხანგრძლივი გვალვები, ხშირად იწვევდა მდინარეების დონის დაწევას, რაც, თავის მხრივ, მორწყვის პრობლემას წარმოშობდა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ზიანს აყენებდა. ეს განსაკუთრებით მძიმე იყო აქადისთვის, რომელიც ასეთ რესურსებზე იყო დამოკიდებული.
  • მესოპოტამიაში ნიადაგის გამოფიტვამ და დამლაშებამ გამოიწვია ნაყოფიერების შემცირება და სოფლის მოსახლეობის მიგრაცია, რამაც რეგიონი დემოგრაფიულად დაასუსტა და ქალაქების როლი და თავად ქალაქებიც შეამცირა.
  1. კულტურული და რელიგიური მღელვარებები:
  • რეგიონში მომრავლდა კულტურულად განსხვავებული ჯგუფები, რაც ხშირად იწვევდა რელიგიურ დაძაბულობებსაც. შუმერული ქალაქები ცდილობდნენ რელიგიურ სფეროში ერთმანეთის დამორჩილებას (დაქვემდებარებას, დომინაციას), რაც მათ სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალ მიზეზებს აძლევდა.
  • ამ ფაქტორების ერთობლიობამ საბოლოოდ გამოიწვია აქადისა და შუმერის ცივილიზაციების დაცემა. თუმცა მათმა კულტურულმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შემდგომი ცივილიზაციების განვითარებაზე, მათ შორის ბაბილონისა და ასურეთის სამეფოების განვითარებაზე.

მოტივაციაზე, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებაზე, მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენაზე ორიენტირებული დავალებები ეფექტიანია შედეგების თვალსაზრისით და მოსწავლეთა აკადემიური წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“