შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

დასჯისა და წახალისების გამოყენების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც მეხსიერებაში საკუთარი ბავშვობიდან რაიმე მოგონება არ შემორჩენია. ცნობილია, რომ შორეული წარსულიდან გვამახსოვრდება ის, რამაც თავის დროზე ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, განურჩევლად იმისა ეს ემოციები დადებითი იყო, თუ უარყოფითი. ჩემს მეხსიერებასაც შემორჩა რამდენიმე ასეთი შემთხვევა შორეული ბავშვობიდან და მინდა აქედან ერთის შესახებ გესაუბროთ, რომელიც დასჯას უკავშირდება და რომელიც დღემდე უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს ჩემში. იმ პერიოდში 4-5 წლის ვიქნებოდი და ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის აღსაზრდელად ვითვლებოდი. როგორც თავად მახსოვს და ასევე, როგორც მშობლებისგან მსმენია, საკმაოდ მშვიდი, უწყინარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მოვახერხე და რაღაც „დანაშაული“ ჩავიდინე, რადგან ერთი თანაჯგუფელის დედამ და საყვარელმა ნინო მასწავლებელმა ჩემი „დასჯა“ გადაწყვიტეს. დღემდე მახსოვს „დასჯის“ სცენა – დაბნეული ვდგავარ ორ გაბრაზებულ ქალბატონს შორის, ისინი თითის ქნევით, სახის მკაცრი გამომეტყველებით რაღაცას მსაყვედურობენ, მაგრამ ვერც ახლა, და მით უმეტეს ვერც მაშინ ვერ ვხვდებოდი, რით გავანაწყენე ისინი. მე გაოცებული და ცნობისმოყვარე თვალებით ხან ერთს ავხედავდი, ხან მეორეს. თითქოს პასუხს და ახსნას ველოდი მათგან. ისინი კი კარგა ხანს აგრძელებდნენ ჩემთან მუქარით საუბარს. კარგად მახსოვს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო უფროსებზე განაწყენებული და გაოცებული კი ვიყავი, მაგრამ შეშინებული ნამდვილად არ ვყოფილვარ და არც მიტირია. დროთა განმავლობაში ეს ამბავი თითქოს მიმავიწყდა კიდეც, მაგრამ წლების წინ, როდესაც უკვე სკოლაში მომუშავე ანალოგიური სცენის მოწმე გავხდი – კლასის ხელმძღვანელსა და საკუთარ მშობელს შორის მდგომი ცხარე ცრემლით მტირალი მეხუთეკლასელი გიო გაბრაზებული და მასთან თითის ქნევით მოლაპარაკე უფროსებისაგან საყვედურებს ისმენდა. მე ჩემი ბავშვობის არცთუ ისე სასიამოვნო, დროებით მიძინებული მოგონება ამომიტივტივდა გონებაში და პატარა გიოს „დახმარება“ გადავწყვიტე, მივუახლოვდი ბავშვთან მოჩხუბარ უფროსებს, ვთხოვე ბავშვი ჩემთან, ფსიქოლოგთან გამოეშვათ, მათ კი მის გარეშე გაეგრძელებინათ საუბარი.

ბავშვის აღზრდის პროცესში მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ან უკვე არსებული სირთულეების დაძლევის მიზნით ჩვენ, უფროსებს ხშირად გვიწევს სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, ხერხის გამოყენება ბავშვის ქცევის გასაკონტროლებლად. გამოყენებული ხერხები შეიძლება იყოს ნეგატიური (დასჯა, აკრძალვები, ბრძანებები, შენიშვნები), ან პოზიტიური (თხოვნა, შექება, წახალისება). აკრძალვებისა და შენიშვნების გარეშე ბავშვის აღზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია. დასჯის, აკრძალვების, შენიშვნების აზრი ის გახლავთ, რომ დროულად აღვკვეთოთ მიუღებელი ქცევა და შევთავაზოთ ბავშვს უფრო კონსტრუქციული გზები შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად. მაგრამ იმისათვის, რომ გამოყენებულმა სასჯელმა, აკრძალვებმა, მოთხოვნებმა და შენიშვნებმა გავლენა მოახდინოს ბავშვზე, მან უნდა მოისმინოს და მიიღოს ისინი.

რეკომენდაციები – როგორ დავუწესოთ ბავშვს აკრძალვები და სწორად წავუყენოთ მოთხოვნები:

• ბავშვის მიმართ გამოყენებული სასჯელის ესა თუ ის ფორმა, დაწესებული აკრძალვები და მოთხოვნები მისი ასაკის შესაბამისი უნდა იყოს. ბავშვს უნდა შეეძლოს იმის გააზრება, რატომ ისჯება, რატომ უწესებენ აკრძალვებს და რატომ უყენებენ ამა თუ იმ მოთხოვნას. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდები აზრს დაკარგავს და ბავშვის ქცევაში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს;
• მოთხოვნები და აკრძალვები არ უნდა იყოს ზედმეტად ბევრი. ბევრი შეზღუდვა და აკრძალვა ბავშვს უნებისყოფოს და მერყევს ხდის, უკარგავს ინიციატიურობას, გამბედაობას;
• მოთხოვნები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს ბავშვის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებებთან. მაგ. არ უნდა შევზღუდოთ ბავშვის მოძრაობის მოთხოვნილება, ან კვლევითი ინტერესები მხოლოდ იმიტომ, რომ გვეშინია არ დაზიანდეს, არ წაიქცეს, რამე არ გატეხოს. უკეთესი იქნება, თუ მას უსაფრთხო გარემოს შევუქმნით;
• მოვერიდოთ ბავშვისთვის ბუნდოვანი, გაურკვეველი მითითებების მიცემას. ბავშვისკენ მიმართული ყველა მოთხოვნა თუ მითითება უნდა იყოს კონკრეტული. ეს საშუალებას მისცემს მას, უკეთესად გაიგოს, რა სურთ მისგან. მაგ. ბუნდოვანია მოთხოვნა – „ღირსეულად მოიქეცი!“ კონკრეტული მოთხოვნა იქნება – „ცოტა ხმადაბლა ისაუბრე!“;
• მივცეთ ბავშვს მოკლე და მკაფიო მითითებები. მისთვის უფრო ადვილია შეასრულოს მკაფიო მოთხოვნა;
• ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნები პოზიტიური ფორმით უნდა იყოს მიწოდებული. ვუთხრათ მას, რა უნდა გააკეთოს და არა – რა არ უნდა გააკეთოს. ბავშვებს აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება იმ მოთხოვნების მიმართ, რომლებიც იწყება სიტყვებით: „გაჩერდი“, „შეწყვიტე“, „არა“ და ა.შ.;
• ნუ დავამცირებთ ბავშვს, ნუ შეურაცხვყოფთ მის ღირსებებს, გამოვიჩინოთ პატივისცემა მისი პიროვნების მიმართ, როგორი უკმაყოფილოც არ უნდა ვიყოთ მისი ქცევით. წავუყენოთ მოთხოვნები ნეიტრალური ტონით, ნუ დავუწყებთ ხვეწნას და ნურც ვუყვირებთ. მოთხოვნები და აკრძალვები, რომლებიც მიწოდებულია გაბრაზებული, განაწყენებული და შეურაცხმყოფელი ტონით, ორმაგად რთულად აღიქმება;
• ბავშვთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ მხოლოდ ისეთი აკრძალვები და მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც მას შეუძლია. არ იქნება გამართლებული დავსაჯოთ ბავშვი გაუგონრობის გამო, თუ მას, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, არ შეუძლია ჩვენი მოთხოვნის შესრულება;
• ბავშვის მიმართ დაწესებული შეზღუდვები, მოთხოვნები, აკრძალვები შეთანხმებული უნდა იყოს მშობლებს შორის. თუ ერთი მშობელი ერთ მოთხოვნას უყენებს ბავშვს, მეორე კი – მის საწინააღმდეგოს, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ;
• მართალია, აკრძალვები და დასჯა გვეხმარება მივაღწიოთ სასურველს და აჩვევს ბავშვს დისციპლინას, მაგრამ ბოროტად ნუ გამოვიყენებთ მას. გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი დასჯა ბავშვში იწვევს ნეგატიურ ემოციურ განცდებს, აღშფოთებას. ჩახშობილი, დათრგუნული მრისხანება შეიძლება გადაიზარდოს ქცევის პასიურ-აგრესიულ ფორმებში. ასეთ შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება დაიწყოს ეშმაკურად, შეფარულად მოქმედება – სპეციალურად, სამაგიეროს გადახდის მიზნით განზრახ გააკეთოს მიუღებელი რამ;
• დასჯის მუდმივ მოლოდინს შეუძლია დათრგუნოს ბავშვის ინიციატივა. მას ექნება შიში დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და წამოიწყოს ახალი საქმე, რადგან მასში დომინანტური იქნება „წარუმატებლობის თავიდან აცილების“ და არა „წარმატების მიღწევის“ მოტივაცია. ამიტომ, ბავშვის დასჯა შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ამასთან დასჯის კონსტრუქციული ფორმების გამოყენებით;
• დასჯა უნდა იყოს სამართლიანი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ დაზარალდება ბავშვის თვითშეფასება და სასჯელი, დაწესებული აკრძალვები რეალური სარგებლის მომტანი იქნება. მაგ. თუ ბავშვმა იატაკზე დაღვარა წყალი იმიტომ, რომ სურდა ყვავილების მორწყვა, მაგრამ მძიმე ბოთლი ვერ დაიჭირა ხელში, ვერ მოერია მას – ეს არ უნდა გახდეს არა დასჯის, არამედ პატარა სარწყავი ჭურჭლის ყიდვის მიზეზი;
• დასჯა, აკრძალვა იქნება სარგებლის და არა ზიანის მომტანი იმ შემთხვევაში, თუ ის კანონზომიერია და არა შემთხვევითი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აკრძალვები და სასჯელის ფორმები წინასწარ იყოს განხილული და არა მაშინ, როცა „დანაშაული“ უკვე ჩადენილია. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ და რისთვის შეიძლება დაისაჯოს. ის უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს, თუ ეცოდინება, რა შეიძლება მისთვის და რა არა. ბავშვის დასჯა მისთვის უცნობი წესის დარღვევისთვის უაზრობა და უსამართლობაა. აუცილებელია ავუხსნათ მას, რომ ის არასწორად მოიქცა. მან უნდა დაინახოს და შეაფასოს საკუთარი ქცევის შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში დასჯა, აკრძალვები აზრს დაკარგავს და ვერანაირ სასარგებლო დასკვნებს ის ვერ გააკეთებს;
• დასჯის და აკრძალვების დაწესების დროს აუცილებელია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. მაგ. თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, მუდმივი დასჯა, შენიშვნები, ყვირილი, საყვედურები და ნოტაციები მის ქცევას ვერ გააუმჯობესებს, პირიქით – შეიძლება გააუარესოს კიდეც. ასეთ ბავშვთან ურთიერთობაში სასურველია მოთმინება და სიმშვიდის შენარჩუნება;
• მოვერიდოთ ბავშვის დასჯას ძილის წინ, ჭამის დროს, ფსიქიკური ან ფიზიკური ტრავმის შემდეგ, ან როცა ის ცდილობს რაღაცის გაკეთებას, მაგრამ არ გამოსდის. ასევე, როცა თავად ჩვენ ცუდ ხასიათზე ვართ;
• დაუშვებელია ფიზიკური სასჯელის გამოყენება, რადგანაც ის უარყოფითად აისახება ბავშვის პიროვნებაზე, ხელს შეუწყობს მასში ხასიათის არასასურველი თვისებების ჩამოყალიბებას.

დასჯისა და აკრძალვების პარალელურად ბავშვის აღზრდის პროცესში აუცილებელია შექებისა და წახალისების გამოყენება, რადგან ის ეხმარება ბავშვს გახდეს თავდაჯერებული. თუმცა, იმისათვის, რომ შექებამ და წახალისებამ თავისი როლი შეასრულოს, საჭირო იქნება გარკვეული პირობების დაცვა:

• არ არის საჭირო ბავშვის შექება იმისათვის, რაც მისთვის ძალიან ადვილია, რაც მას ბუნებით ეძლევა;
• საზიანოა ბავშვის ქება ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე და არაგულწრფელად. ეს აუფასურებს ქებას. ქების განმეორება აუცილებლობის გარეშე ნარკოტიკივით მოქმედებს – ბავშვი ეჩვევა და ელოდება მას. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ეგოიზმისა და სხვებზე უპირატესობის გრძნობის განვითარებამდე;
• შექება და წახალისება უნდა მოხდეს დროულად. მათი არც დაგვიანება შეიძლება და არც დაჩქარება. დროულად შექება გამოიწვევს ძალისხმევის კონცენტრაციას, დაგვიანებულ ქებას კი არ ექნება სასურველი ეფექტი;
• მნიშვნელოვანია შევაქოთ ბავშვის კონკრეტული ქცევა, მოქმედება და არა მთლიანად მისი პიროვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ჩამოვუყალიბოთ არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება და ეგოიზმი. თუ მოგვიანებით ბავშვი შეეჯახება ფაქტს, რომ გარშემომყოფები მას ისე არ აფასებენ, როგორც თავად ფიქრობს, მაღალ შეფასებას არ აძლევენ, ამან შეიძლება ის ნევროზამდე მიიყვანოს;
• არ შეიძლება ერთი ბავშვი მეორეს მაგალითად დავუყენოთ, მეორის მაგალითად ვაქციოთ. ერთის გაკიცხვით და მეორის ქებით ჩვენ ადვილად დავაპირისპირებთ მათ ერთმანეთთან. ბავშვების ერთმანეთთან დაპირისპირებამ კი შეიძლება გამოიწვიოს მათში ნეგატივიზმი, არაჯანსაღი კონკურენცია და უარის თქმა ისეთ საქმიანობაზე, რომელიც არ იძლევა წარმატების გარანტიას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წახალისებისა და დასჯის, აკრძალვების სწორად, გარკვეული კანონზომიერების დაცვით გამოყენება შეიძლება სერიოზული სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვის აღზრდის პროცესში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“