პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

  სერბული დღიური

მოგზაურობა, როგორც შემეცნება. 2

„ყოველ მდინარეს თითქოს საკუთარი ხელწერა აქვს: მდინარეები წერენ ცალკეულ ასოს და ტოვებენ ცნობას, რომელსაც მხოლოდ ჩიტები ხედავენ, დიდ სიმაღლეზე აფრენილები.“  – წერს მილორად პავიჩი რომანში „ქარის შიგნითა მხარე“. მდინარეები სერბეთის სისხლძარღვებია. მათში სერბული სული და სისხლი ჩქეფს, ამიტომ ვერც შეამჩნევთ ზღვის არქონას მდინარეებით უხვ ქვეყანას.

ბელგრადი – სერბეთის დედაქალაქი, ორი დიდი მდინარის – სავასა და დუნაის ნაპირებზეა გადაჭიმული. ეს მდინარეები ამ ქალაქში ერთმანეთს კვეთს და მათი გადაკვეთის ადგილს კოცნას ეძახიან. თუკი ქალაქის დათვალიერებას გადაწყვეტ, ბელგრადელები ამ ადგილისკენაც მიგითითებენ.

ბელგრადი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის ძვ.წ.აღ-ით მე-3 საუკუნეში, კელტებმა დააარსეს. ისევ მილორად პავიჩს მოვიხმობ, მით უფრო, რომ მასზე უკეთესად ვერავინ აღწერს ამ ქალაქის თავისებურებას – „ვისაც ციხესიმაგრის დაუფლება უნდა, იმას ჯერ საკუთარი სულის დაუფლება მოუწევს. საკუთარი სულის წიაღ მივყავართ გზასაც ბელგრადისკენ – დედამიწის ზურგზე უძველესი ქალაქისკენ, რომელსაც სხვა ქალაქებზე ხშირად ანგრევდნენ და აოხრებდნენ“ („ბელგრადის ბიოგრაფია“). მარტო ამ მცირეტანიან წიგნში აღწერილი ამბები და უსასტიკეს ბრძოლათა ისტორიები დაგახვევთ თავბრუს, ხოლო თუკი წაკითხულს ნანახსაც შეუერთებთ, ბელგრადი დღემდე მოღწეული, ჭაღარა ტიტანივით წარმოგიდგებათ და მისი სიძველით და სიდიადით ნამდვილად მოინუსხებით.

მე და ნინოს მთელი დღე გვქონდა ბელგრადში სახეტიალოდ. ამინდშიც გაგვიმართლა – ოქტომბრისთვის უჩვეულოდ ცხელოდა კიდეც. ადრიანი დილა იყო, ჯერ სასტუმროს წინ სოკოსავით ამოზრდილ სკვერში შევიარეთ და პირველივე ძეგლი, რომელიც შეგვხვდა,  თესალონიკელი ძმების, კირილესა და მეთოდეს სკულპტურა აღმოჩნდა. ეს ამბავი დილის საჩუქარ-სიმბოლოდ მივიღეთ – მე-9 საუკუნეში მოღვაწე ამ ბერებს ხომ უდიდესი წვლილი მიუძღვით სლავური ანბანის შექმნაში.

ძველი ქალაქისკენ სავალ გზაზე რამდენიმე ტაძარი შეგვხვდა. წმინდა მარკოზის ტაძარში ჩვენი პატრიარქის ნაჩუქარი ივერიის ღვთისმშობლის ხატიც ვიხილეთ. სასოებით უფრთხილდებიან სერბები და სულაც, ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ეკლესიის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ. შთამბეჭდავი და სუნთქვისშემკვრელია მათი ტაძრების მოოქროვილი მოზაიკა, ფრესკებით მოჭედილი უზარმაზარი კედლები და ღვინისფრად შეფერილი ფასადები, მრგვალი, ოქროცურვილი გუმბათები და ნაკადულებივით ლავგარდანები.

ერთმანეთის გვერდიგვერდაა უნივერსიტეტები და ეკლესიები, ცენტრალური ქუჩის ჩაყოლებაზეა პარლამენტის შენობა, სასტუმროები, ვრცელი ბაღები. კალემეგდანის ციხე ქალაქის გულშია, საიდანაც ძველი და ახალი ქალაქის პანორამა იშლება. ეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია – ისტორიის ანაბეჭდებით სავსე.  მასში ოსმალეთის იმპერიის ტყვეობაში ყოფნისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ქრონიკები იფურცლება. სავასა და დუნაის კოცნაც ყველაზე მკაფიოდ ამ ადგილიდან ჩანს. ძალიანაც რომ გეჩქარებოდეს, ეს ხედი უნებურად გაგაჩერებს, ცოტა ხნით ჩამოგსვამს, გაგრინდავს და ბელგრადის მზით სავსე სივრცეებზე თვალს გაგაშტერებინებს.

ბელგრადი, ანუ თეთრი ქალაქი – როცა მზე ანათებს, მდინარეებში ჩაწობილი სივრცე თეთრად აელვარდება ხოლმე და ამიტომაც შეარქვეს თავის დროზე ბელგრადიო, გვითხრა ერთმა მასპინძელმა. დიდხანს ვისხედით მე და ნინო ფილფანი ამ ზღაპრულ ადგილას, ჩუმად, ჩვენ-ჩვენ საფიქრალს ვფიქრობდით და მერე კი რაღაც უსიტყვო შეთანხმებით, ერთად გავუყევით გზას ახალი ადგილების აღმოსაჩენად…

ბელგრადშიც ურბანული ქაოსია – ახალი მშენებლობების ბუმი, დეველოპერული ექსპანსია, რაც ქალაქის დიდ ნაწილს იერ-სახეს უცვლის, თუმცა არის ადგილები, სადამდეც ეს ხმაური და მძვინვარება  ნაკლებად, ან სულაც არ აღწევს, სადაც დიდი სიჩუმე და სიმშვიდე დგას და ერთი ასეთი ადგილი, უპირველესად, ბელგრადის საკათედრო ტაძარი და მისი ეზოა – წმინდა საბას ეკლესია – უდიდესი ტაძარი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში. წმინდა საბა მე-12-13 საუკუნეების სერბეთის არქიეპისკოპოსი და ეროვნული გმირია, მისი სახელობის ტაძარი კი იმ ადგილას ააგეს, სადაც მე-16 საუკუნეში, სინან-ფაშამ წმინდა მოწამის ნეშთი დაწვა.

სერბები სანთლებს ტაძრის გარე ეკვდერში, საგანგებოდ მოწყობილ (კენჭებითა და წყლით  სავსე) სასანთლეებში ანთებენ. თვითონ ტაძარში სანთლის დანთება არ შეიძლება. ალბათ, ხატებისა და ფრესკების დასაცავად. საკათედრო ტაძრის მთავარი ფრესკა – მაცხოვრის უზარმაზარი მოზაიკა კი სამუდამოდ ჩამრჩება თვალებში და გულში და ეს ის ხატება იქნება, რომელიც ხშირად ამახედებს ცისკენ, რათა ისევ წავაწყდე მზერით რაღაც ასეთ მშვენიერს, მშობლიურს, თითქოს დიდი ხნის უნახავი მამა დაგყურებდეს და გიღიმოდეს გულისწამსვლელად თბილი ღიმილით, ან თითქოს ყველაზე ძვირფასი მეგობარი გეპოვოს და ვეღარასდროს მოწყდე მას…

სერბეთში ჩვენი ყოფნის ბოლო დღე პანჩევოს ნაციონალურ მუზეუმში გამართული შეხვედრით მთავრდება. პანჩევოც პატარა ქალაქია, ბელგრადიდან ოციოდე კილომეტრში, მაგრამ მრჩაევცისგან განსხვავებით (სადაც უფრო სერბეთის სოფლების ეთნოგრაფიას შევეხეთ),  ეს ქალაქი სრულიად სხვა სტილისა და შინაარსისაა. ავსტრო-უნგრული არქიტექტურა ისტორიის სამ პერიოდს აერთიანებს – მე-19 საუკუნემდე, მე-19-20 და დღევანდელი. ეს კოპწია, ორსართულიანი ქალაქი სავსეა თეატრებით, მუზეუმებით, ცხოვრობს მჩქეფარე სახელოვნებო ცხოვრებით. მას მეთევზეების ქალაქსაც უწოდებენ, მდინარის პირასაა გაშენებული და მეთევზეებისთვის ნამდვილი მექაა. ახლა არ იკითხავთ, ამ მდინარეს რა ჰქვია? ტამიში! სუნთქვა შემეკრა, როცა ხიდზე გადასვლისას აბრას მოვკარი თვალი, დიდი ასოებით რომ ეწერა – ტ ა მ ი შ ი. მაშინვე ვუთხარი ჩვენს მასპინძლებს, ჩვენ აფხაზეთში გვაქვს სოფელი ტამიში-მეთქი. მერე ბევრი ვილაპარაკეთ – მე აფხაზეთზე და მათ თავიანთ კოსოვოზე. გორდანა ვლაიჩს დიდ ლურჯ და ულამაზეს თვალებში ცრემლები ედგა, ჩვენც ვტიროდით, აფხაზეთი ჩვენი ღია ჭრილობაა და ახლაც სისხლი გვდის გულიდან-მეთქი. რა დამავიწყებს ამ შეხვედრებს, ამ საუბრებს, ერთმანეთის ტკივილების გაზიარებას, ქვეყნებიც ხომ ადამიანებივით ხვდებიან ერთმანეთს და მარადისობა არ ეყოფა ამ შეხვედრების მშვენიერებას, ენაში, კულტურაში, სულიერებაში გამოხატულს…

პანჩევოს ნაციონალურ მუზეუმში გამართულ საღამოზე ოთხი პოეტი, სამი სერბი და ერთიც ქართველი, ვკითხულობდით ჩვენს ლექსებს, მერე ერთმანეთის ლექსების თარგმანებს. საღამოს პანჩევოს სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. საგანგებოდ მათთვის, გორდანა საქართველოს შესახებ ბევრს ყვებოდა. უამბო იმაზე, თუ როგორ გავს ორი ქვეყნის ისტორია ერთმანეთს გამუდმებული ტკივილებით და ომებით, უამბო საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის შესახებ, ჩვენი კულტურის შესახებ. სულ გვაინტერესებს, ორი სახელი რატომ გქვიათო – გრუზია თუ ჯორჯიაო. ვუპასუხეთ, რომ საერთოდაც, საქართველო გვქვია და ვეცადეთ, მათაც წარმოეთქვათ, მაგრამ ცოტა გაუჭირდათ, ამიტომ მარტივად  – „ჯორჯიით“ გადავწყვიტეთ ეს საკითხი, მით უფრო, როცა განვუმარტეთ კიდეც – ჩვენ, ქართველები, გეორგიანები, ანუ მიწათმოქმედნი ვართ, ჩვენთვის მიწას საკრალური ძალა აქვს და განსაკუთრებულად ვართ მასთან დაკავშირებულნი, ამიტომ, რა თქმა უნდა – ჯორჯია-მეთქი. სიამოვნებით აიტაცეს და ბოლოს უკვე ასეც მოგვიხსენიებდნენ – სტუმრები არა გრუზიიდან, არამედ ჯორჯიიდან.

ჩემი პატარა საქართველო კი ამ წარმოუთქმელი, ვერგატეხილი ბგერების მიღმა გველოდა. სერბეთმა კიდევ უფრო მაგრძნობინა მისი გულის ანდამატობა, მისი ხელთუქმნელი წიაღის ძალა – ამდენი პრობლემის, წინააღმდეგობის, ტკივილისა და შფოთის მიუხედავად მაინც მკაფიო და ნაღდი, როგორც ოკეანის ზვირთებქვეშ მიმალული მარგალიტი, ენაში დაფარული და ენაში გაცხადებული…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ზღვის ბალახი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“