პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ანტისემიტიზმი ევროპასა და საქართველოში

2023 წლის 7 ოქტომბერს ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა მოხდა. ტერორისტული ორგანიზაციის – „ჰამასის“ წევრებმა ისრაელის ათასზე მეტი მოქალაქე ველურად ამოხოცეს, ათობით ადამიანი დაატყვევეს, ზოგიერთი მათგანის ტანჯვა ამ დრომდე გრძელდება. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის რადიკალებისა და ექსტრემისტებისგან დაკომპლექტებულმა მთავრობამ ომი წამოიწყო, რომელსაც უკვე ემსხვერპლა ათასობით უდანაშაულო მოხუცის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე. გასული ერთი წლის განმავლობაში ხანძარი მთელ ახლო აღმოსავლეთს მოედო. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში სისხლიან მოჯადოებულ წრეს გარღვევა არ უწერია, ჩვენ კიდევ ბევრი უსამართლობის ნახვა მოგვიწევს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

7 ოქტომბერს დაწყებული ომი მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისა და საერთაშორისო პოლიტიკის საგნად არ დარჩენილა. მდინარე იორდანეს მიმდებარედ დაწყებული ტრაგედია არაერთი კონფლიქტის წარმოშობის წინაპირობად იქცა თითქმის ყველა დასავლეთ ევროპული საზოგადოებისთვის. ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე დაპირისპირება საფრანგეთსა და გერმანიაში, ამერიკასა და ბრიტანეთში ხალხის დაყოფის, გახლეჩის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოგვევლინა. გასული წლის შემოდგომაზე ევროპის ქუჩებში კვლავ მძლავრად წამოიმართა ფეხზე ძველი და საზარელი აჩრდილი – ანტისემიტიზმი, ებრაელთა ზიზღი. შეძრწუნებული ვადევნებდი თვალს კადრებს, რომლებიც ბერლინის ქუჩებში გამართულ დემონსტრაციებზე მოგვითხრობდნენ. მზის ხეივანში შეკრებილი უამრავი ადამიანი ერთმანეთისთვის ტკბილეულის გაზიარებით აღნიშნავდა საზარელ ტერორისტულ აქტს. მოგვიანებით ევროპული მეგაპოლისის ზოგიერთ უბანში ებრაელთა საცხოვრებელ სახლებსა თუ კულტურულ ცენტრებზე სპეციალური აღნიშვნები და წარწერები გამოჩნდა. წარსულით ტრავმირებულ გერმანელებს ხელახლა წარმოუდგათ თვალწინ 30-იანი წლები, როდესაც ებრაელთა მაღაზიებსა თუ ვიტრინებზე საგანგებოდ ტოვებდნენ განმასხვავებელ ნიშნებს, რათა ადამიანებს სცოდნოდათ, სად ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ „ბოროტმოქმედნი“. მხოლოდ გერმანიის თავზე არ მოქუფრულა ცა. 2023 წლის მიწურულს ხანძარი გაუჩნდა ვენის ებრაულ სასაფლაოს, თავს დაესხნენ პარიზში მოქმედ რამდენიმე ასოციაციას, პრობლემები შეუქმნეს ებრაული თემის წარმომადგენლებს შვედეთსა თუ იტალიაში.

საინტერესოა, რა ფორმებს იძენს თანამედროვე ევროპაში ანტისემიტიზმი?

ცნობილი ისტორიკოსი და კულტუროლოგი, ალეიდა ასსმანი დასავლეთში გავრცელებული ანტისემიტიზმის სამ ფორმას გამოყოფს:

მემარჯვენე-ექსტრემისტულ ანტისემიტიზმს ფესვები უძველეს წარსულში აქვს გადგმული. იგი სათავეს იღებს თავზეხელაღებული ფსევდოქრისტიანების ქმედებებიდან, რომლებსაც სხვა რელიგიის მიმდევარი ჯგუფები ქრისტიანობის საფრთხედ მიაჩნდათ და ცდილობდნენ მათ განადგურებას, გარიყვას ან გაძევებას. ასწლეულების განმავლობაში წარმოებულმა დევნამ მეოცე საუკუნეში სეკულარული ხასიათი მიიღო და ნაციზმის საყრდენი გახდა, რომელიც ებრაელებთან შედარებით ადგილობრივი ევროპელი ერების რასობრივ უპირატესობაზე სვამდა აქცენტს. საუბედუროდ, მემარჯვენე-ექსტრემისტული ანტისემიტიზმის მიმდევრები დღესაც ბლომად არიან ევროპაში, მათი მთავარი მახასიათებელია ჰოლოკოსტის მნიშვნელობის შემსუბუქებისკენ მიდრეკილება, შოაზე მსჯელობა, როგორც ტრივიალურ და ჩვეულებრივ, სამწუხარო მოვლენაზე.

მრავალი რადიკალი საჯარო პირი ამტკიცებს, რომ ჰიტლერისა და მუსოლინის შემდეგ, მეოცე საუკუნის მიმდინარეობისას მიღებული საშინელი გამოცდილების კვალდაკვალ ევროპაში მემარჯვენე ანტისემიტიზმს საფუძველი გამოეცალა. ისინი აცხადებენ, რომ თანამედროვე დასავლეთში ებრაელი ხალხისა და მათი რელიგიის მიმართ მტრული დამოკიდებულება გარედან არის შემოტანილი. მაშასადამე, ამ მოვლენას საფუძვლად უდევს მიგრაცია და მუსლიმური მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. მუსლიმებს შორის ებრაელთა საწინააღმდეგო განწყობები კი ნამდვილად არსებობს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო 1948 წლის შემდეგ გახდა. ალეიდა ასსმანი მოგვიწოდებს, რომ ყურადღება გავამახვილოთ მოვლენაზე, რომელსაც ისლამურ სამყაროში „ნაკბას“ უწოდებენ. „ნაკბა“ არაბული სიტყვაა და ქართულად კატასტროფას, განსაცდელს, უბედურებას ნიშნავს. აღმოსავლეთში ამ ტერმინით მოიხსენებენ 1940-იანი წლების მიწურულს 700 000 პალესტინელის გასახლებას თანამედროვე ისრაელის ტერიტორიიდან. „ნაკბა“ პალესტინელთა კულტურის, იდენტობის, საზოგადოებრივი ურთიერთობების განადგურებისა და ნგრევის, ადგილობრივთა დევნისა და შევიწროების წინაპირობად იქცა. მოვლენა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის არ გახლდათ, მან გამოხმაურება პოვა რეგიონის ყველა ქვეყანაში და ტკივილისა თუ დამცირების საშინელ შეგრძნებად დაილექა მრავალი მუსლიმის მეხსიერებაში. „ნაკბასა“ და თითქმის საუკუნოვანი სისხლისღვრის ფონზე, ბუნებრივია, რომ ექსტრემისტ მუსლიმთა შორის მრავლად არიან ანტისემიტურად განწყობილი პირები.

თუმცა, პრობლემის მხოლოდ მიგრაციული წარმოშობის მოქალაქეებისთვის გადაბრალება არასერიოზული და მავნებლური ტენდენციაა. მეტადრე მაშინ, როდესაც ევროპას მემარცხენე ანტისემიტიზმის მრავალწლიანი გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში თანამშრომლობდნენ მემარცხენე ტერორისტული ბრიგადები პალესტინაში მოქმედ იატაკქვეშა ორგანიზაციებთან და მათგან იღებდნენ სამხედრო გამოცდილებას, მათთან ერთად გადიოდნენ წვრთნებს. თანამედროვე მემარცხენე ანტისემიტები იარაღით არ იბრძვიან, მათ კლასობრივი და კრიტიკული თეორიები უპყრიათ ხელთ, ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას, ვინაიდან აღნიშნული პოლიტიკური სისტემა კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის წყალობით ჩამოყალიბდა, ამჟამად კი რასისტული ბუნება აქვს და ჩაგრავს, ანადგურებს ღარიბ პალესტინელებს.

დღეს ებრაელთა სიძულვილის სამივე ფორმა მთელი სისავსით ცდილობს ევროპის დედაქალაქებში ამოხეთქას და ხშირად სახელს უტეხს პატიოსან პროტესტს, რომელიც მილიონზე მეტი პალესტინელის სიცოცხლის გადარჩენას ესწრაფვის.

რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

საქართველო მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენს ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტიზმის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. პირიქით, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე დისკუსიის დროს უაღრესად სამართლიან, ღირსეულ პოზიციაზე დგას. ერთი მხრივ, მე არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს გაუქმების მოთხოვნით გამოვიდოდა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე პასუხისმგებლობას ყველა ებრაელს ერთდროულად დააკისრებდა. მე არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც „ჰამასი“ დემონურ ძალად არ მიაჩნია. მეორე მხრივ კი, ყოველდღიურად ვაწყდები გულად ახალგაზრდებს, რომლებიც თამამად აპროტესტებენ ისრაელის ექსტრემისტული, რელიგიურ-ნაციონალისტური და რადიკალური ძალების მიერ დატრიალებულ ტრაგედიას. შეუძლებელია პროტესტის გარეშე, გულგრილად აკვირდებოდე ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ ერთად შეკრიბა ყველა ის მონაცემი, რომელიც ღაზას ჯოჯოხეთს აღწერს: ბოლო ერთ წელიწადში იქ 42 ათასამდე ადამიანი დაიღუპა (მათი უმრავლესობა მოხუცები, ბავშვები და ქალები არიან), 100 ათასამდე ადგილობრივი დაშავდა, მილიონზე მეტ მოქალაქეს დაენგრა სახლ-კარი, მილიონ-ნახევარზე მეტი პირი შიმშილობს, ვერ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას, ცხოვრობს დევნილობასა და შიშში.

მგონი დროა, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორიის გარდა, ანტისემიტიზმზეც დავიწყოთ საუბარი. რაც მთავარია, მეგობრობის გამოცდილებამ, კაცობრიობის ისტორიისთვის შოას უალტერნატივო მნიშვნელობის გაცნობიერებამ უპირობო სოლიდარობის გრძნობა არ უნდა დაგვიკარგოს ღაზის დაუცველი, წამებისთვის განწირული მოსახლეობის მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ზღვის ბალახი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“