პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

„ვირის ხიდი“, „ხუთი თავადის ქეიფი“, „ექიმი ვირზე“ — აუდიოაღწერის ნიმუშები უსინათლო პირებისათვის

აუდიოაღწერა, სხვაგვარად, ვიზუალური აღწერა, არის თხრობის ფორმა, რომელსაც მიმართავენ ვიზუალური ელემენტების გადმოსაცემად კინოში, თეატრებში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ სხვადასხვა ვებპორტალებზე უსინათლო ადამიანების ინფორმირების მიზნით[1]. თხრობის ამგვარი ფორმა აქტიურად გამოიყენება მუზეუმებსა თუ ვიზუალური ხელოვნების გალერეებში, ვებგვერდებზე, რომლებსაც თან ახლავს დასურათებული მასალა. აუდიოაღწერის მეშვეობით უსინათლო პირს მიახლოებითი ან ზუსტი წარმოდგენა ექმნება ამა თუ იმ სურათზე მოცემული პეიზაჟების, პორტრეტებისა თუ სცენების შესახებ, ასევე ­– ფონის, კონტრასტების, საგანთა განლაგების, კონკრეტული დეტალების აღქმის თვალსაზრისით.

ვებსივრცეში ფოტოებსა თუ სხვადასხვა სურათზე აუდიოაღწერის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან უსინათლო პირებისთვის ხმოვანის სინთეზატორი ვერ გარდაქმნის ფოტოებს სურათხატებად, შესაბამისად, თუკი მათ რამდენადმე აქვს შესაძლებლობა, თვისებების ოპტიკური ამომცნობი პროგრამის (OCR) მეშვეობით მოისმინონ Sylfaen-ის შრიფტით აკრეფილი ესა თუ ის ტექსტი, ამგვარი საშუალება აღარ ეძლევათ ტექსტებზე თანადართული ვიზუალური მასალის გააზრებისთვის. არადა, მათ გარეშე ხომ შეუძლებელია ინფორმაციის სისავსით, სრულყოფილად მიღება, გადამუშავება თუ გააზრება?!

 

ავტორი – ნიკო ფიროსმანი (1862–1918)

ვირის ხიდი – 1895 წელი

ჟანრი ­– პრიმიტივიზმი

ორიგინალის ზომა: 93×117 სმ.

ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით მუშამბაზე.

სურათი ჰორიზონტალურია, ჭარბობს: შავი, თეთრი, რუხი, ბრილიანტის მწვანენარევი ლურჯი და მოყვითალო/ქარვის ფერები.

მთვარიანი მწუხრის პეიზაჟის ფონზე პატარა „ვირის ხიდის“[2] გარშემო გაშლილ სანახებში ადამიანები დგანან, დადიან, სხედან ან ქეიფობენ. ისინი სურათის ძირითად სივრცეს იჭერენ.

სურათის ზედა, მარცხენა კუთხესთან, შავში გარდამავალ მუქ მწვანე ფონზე, ბადრი მთვარეა, თეთრი და ლეგა ჰორიზონტალური ღრუბლების თავზე. ღრუბლებზევე წარმოდგენილია ოთხი დიდი, ფრთაგაშლილი ფრინველი. ღრუბლები ჰორიზონტალური ხაზით ერთვის მდინარეს, რომელშიც ჩანს ნავი სუფრით და მოქეიფე მამაკაცებით. ნავი არის სურათის ცენტრში. მის გარშემო, ორივე მხარეს, ჩანს მწვანე მაღლივი ფერდობები, რომლებიც თითქმის ბოლომდე ფარავს სურათის გვერდითა ნაწილებს და ქმნის მთისა და ზეცის, იმავდროულად, წყლისა და ცის ერთიანობას.

ამ პეიზაჟის ფონზე, მწვანე მდელოსა თუ მდინარეში, ტივსა თუ ნავზე ­— ადამიანები ქეიფობენ. სურათის ძირითადი ნაწილი მოქეიფეთა სხვადასხვა ტიპაჟებს უჭირავთ. აქვეა ცხოველებიც: ხეზე ჯაჭვით მიბმული დათვი, მისგან ოდნავ მოშორებით ასევე ჯაჭვით დაბმული ვერძი და ვიწრო ხიდზე მიმავალი ვირი, ზურგზე ხურჯინით. მთელ ამ კამპანიას ართობენ სხვადასხვა ადგილას მყოფი მუსიკოსები: მედუდუკეები, მედოლე და მეარღნეები. აქვე, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, არის ორი მოცეკვავე კინტო თავიანთი შავი, პატარა კეპიანი ქუდებით და სამოსით. სურათის ცენტრში, მდელოზე მიმტანი დგას თეთრი წინსაფრით და, უმეტესად, თეთრი ვარდების თაიგულით. მეორე მიმტანი მხარზე მოგდებული თეთრი ტილოთი და ხელში თეთრ სინზე შემწვარი დიდი ფრინველითაა წარმოდგენილი.

სურათის სიმეტრიას ქმნის მარჯვენა და მარცხენა მწვანე ბორცვებზე მდგარი მორკალული ნაგებობები, გაშლილი სუფრები და მოქეიფე ყარაჩოხელები.

სურათის მარცხენა, ქვედა ბოლოსკენ თეთრად წერია ორ ხაზად: „ვირის ხიდი“

მინაწერის გაგრძელებაზე ტივია მდინარეში, მეარღნით, 6 მოქეიფითა და ერთი მეთევზით. მათ წინ, თეთრ სუფრაზე, თეფშები, პურმარილი და ექვსი ღვინის ბოთლი უდგათ. ერთ მათგანს მომწვანო-მოცისფრო, თეთრად დატალღული მდინარიდან ანკესით დიდი თევზი ამოჰყავს. სურათზე თითქმის ყველა მოქეიფეს და ფეხზე მდგომ ადამიანს ხელები ზემოთ აქვთ აპყრობილი, ხელგაშლილობის, ღვთისადმი მადლიერების თუ ვედრების ნიშნად.

ხუთი თავადის ქეიფი, ნიკო ფიროსმანი, 1906

 ზომა — 726 × 384; მუშამბა, ზეთი.

სურათი ჰორიზონტალურია. ჭარბობს შავი, მორუხო თეთრი, მოყავისფრო-მოშავო მუქი ჭაობის მწვანე, ალისფერი და ლურჯი ხაზები.

 ცენტრში, თეთრ სუფრასთან, მაგიდის სამ მხარეს, ზამბახისებურ ფოთლოვანში ხუთი დიდგვაროვანი მამაკაცი მიმსხდარა. სუფრა გაშლილია ეზოში, თეთრი კედლის ფონზე. მაგიდის თავ-ბოლოში თავადებს ხელში ყანწები — ცხოველის რქის სამისები — უჭირავთ, სასმისები მოხატულია ოქროსფერი ცვრებით და ჰორიზონტალური ხაზებით, ოქროსფერი, დეკორირებული დაბოლოებებით.

სუფრა არ არის გადატვირთული და პერსონაჟები კარგად ჩანან.  

  • სურათის ცენტრში, პირველ პლანზე ღვინის ტიკია, იგი თითქოს ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია თავადების მოწითალო-მოყავისფრო, წვეტიანი, მაღალი ჩექმებით. 
  • სურათის მეორე პლანს თეთრი სუფრა და მის ორივე ბოლოში, ხის ღიასაზურგიან სკამებზე მსხდარი თავადები იჭერენ. სუფრაზე პირველ რიგად აწყვია: ფოთლებიანი, წითელდარაიასფერი ბოლოკის თეფში, მოგრძო სამარილე, თეფში ­­– დაჭრილი წითელდარაიასფერივე ორაგულით და ერთი შოთი; მეორე შოთი მრგვლად მოხარშულ დედალს, მოგრძო თევზებსა და ორ ღვინის ბოთლს შუა დევს; სუფრის მესამე რიგს ქმნის მესამე შოთი და წითელდარაიასფერი ღვინით სავსე ორი გამჭვირვალე ჭიქა, დოქი, რომელიც თავადების ჩექმისფერია.
  • სურათის მესამე პლანზე ზის სამი თავადი, მათ ჩოხების შიგნით წითელ-ალისფერი დარაიას[3] პერანგები, გარედან კი შავი ჩოხები აცვიათ. სამ მათგანს ყელზე ლურჯი ყურთმაჯები აქვს მოდებული, ყველა შავგვრემანია, მოკლე თმით, მკაფიოდ შავი თვალ-წარბითა და სქელი, ბოლოებდაწკეპილი ულვაშებით. სამივე მათგანის მზერა პირდაპირია.

ექიმი ვირზე, ნიკო ფიროსმანი

ნახატი ჰორიზონტალურია, მასზე ჭარბობს ნარინჯისფერი, რუხი, მწვანე, ცისა და შავი ფერები.

სურათის ცენტრში, თითქმის ქვემოდან ზედა ბოლომდე, ნარინჯისფერ მდელოზე წარმოდგენილია რუხ ვირზე ამხედრებული ექიმის პორტრეტი, ცალ ხელში დაკეცილი, შავი, გრძელი ქოლგითა და მეორე ხელში — ხის წვრილი წნელით.

ექიმს აცვია შავი, ატლასისებური სამოსი, პრიალა, შავი ფეხსაცმელი; ახურავს რუხი, ფარფლებიანი, მამაკაცის ფეტრის ქუდი, ერთი ცენტრალური მუქი ნარინჯისფერი ზოლით. ექიმის სახე ჩანს პროფილით, აქვს ვიწრო, ოვალური სახე, ნუშისებური თვალი, სწორი, პატარა ცხვირი და ჭაღარა წვერი. ექიმის მზერა ჩვენგან გვერდულია. იგი გზას გასცქერის. მისგან განსხვავებით, ჩვენკენაა მომართული ანფასში მყოფი ვირის მზერა. მას აქვს თეთრი ცხვირი, თეთრი თვალის ჭრილი და აცქვეტილი თეთრი ყურები.

სურათზე ცასა და მიწას შორის ჰორიზონტის ხაზს ქმნის მწვანე ბალახი, რომელიც გრადუალურად ერწყმის ნარინჯისფერ მიწას. ვირის სხეულზე გამოსახული ნარინჯისფერი ჰორიზონტალური, შუქის ხაზებით ნახატის ერთგვარი ტემპი იქმნება. ღია ნარინჯისფერია ექიმის ტუჩებიც, თვალის სკლერა და ქუდის ხაზი. ჰორიზონტის მწვანე ხაზს ერთვის ღია ცისფერი, რომელიც სურათის ზემოთკენ ოდნავ მკვეთრდება.

შეჯამების სახით დავძენ, რომ მსგავსი აღწერები განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს საგანმანათლებლო სივრცეებში უსინათლო ან მხედველობის დაქვეითების მქონე პირებთან მუშაობისას და მათ, აღქმის თვალსაზრისით, ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებზე ხელმისაწვდომობის მეტ შესაძლებლობას სთავაზობს.

[1] საქართველოში აუდიოაღწერის დანერგვის მცდელობა პოლონეთის მთავრობის დახმარებითა და ფონდ HumanDoc-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

[2] აუდიოაღწერისას არაა აუცილებელი ტერმინების ისტორიის გადმოცემა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ვირის ხიდი — ისტორიულ ძველ თბილისში, მდმტკვარზე გადებული საცალფეხო ხიდების პოპულარული სახელი იყო, თუკი ამის საშუალებაა, შესაძლოა, თარჯიმან-მეგზურმა, ასისტენტმა ან ხელოვნებათმცოდნემ დამატებით მიაწოდოს უსინათლო პირს გალერეაში ყოფნისას. ასევე დამატებითი იქნება ინფორმაციაც, რომ XIX-XX სს. თბილისში თითქმის ერთდროულად ორი ვირის ხიდი არსებობდა. პირველი მათგანი მტკვრის ქვედა დინებაში არსებულ, ხილ-ბოსტნეულის ბაღებით ცნობილ ორთაჭალის კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა. ეს იყო კოფოებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი, რომელზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებს გადაჰქონდათ. ამიტომ შეარქვეს მას თბილისელებმა ვირის ხიდი. მტკვრის სანაპიროების მშენებლობის შედეგად მდინარის ტოტი მოისპო, კუნძული გაქრა და ხიდიც დაანგრიეს. შემდგომში სახელი „ვირის ხიდი“ გავრცელდა ძველ მეტეხის ხიდზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. 1870 წელს მეტეხის კლდე მარჯვენა სანაპიროს ორი ხიდით დაუკავშირეს. ერთი ლითონის ხიდი ახლანდელი, 1951 წ. აშენებული ორმალიანი რკინაბეტონის ხიდის ადგილზე მდებარეობდა. მეორე, უფრო მცირე, ასევე ლითონის კონსტრუქციის ხიდი მის მახლობლად. დიდზე, რომელსაც ავლაბრისა ერქვა, ურმები, ეტლები და იმ დროის სხვა ტრანსპორტი მოძრაობდა, პატარაზე კი — მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები და ამიტომ ვირის ხიდს უწოდებდნენ. 1951 წელს ახალი ხიდის გახსნის შემდეგ ვირის ხიდი აიღეს. ვირის ხიდი – ვიკიპედია (wikipedia.org)/

[3] შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“