სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

6… 8… 10…

ჩაფიქრებული მივდივარ. მიყვარს ზოგჯერ ასე სიარული. ამ დროს თან არაფერზე ფიქრობ და თან თითქოს სამყაროს ყველა პრობლემა შენ აგკიდესო, ისე ხარ სხვა მხარეს ჩაძირული. ასე კი მივდივარ, მაგრამ ის მახსოვს, რომ საქართველოში ვარ და ქუჩის მწვანეზე გადაკვეთისასაც კი ყურადღებით უნდა ვიყო. რა ვიცი, ვინ რა ხასიათზეა გამოსული. დაიწყე მერე (თუ რამის თავი გექნება) მტკიცება, გზა ჩემი იყო, მწვანე ფერი ენთოო…

ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ თუ არა, ბოშა ქალის მზერის ქვეშ ვხვდები. მხარზე პატარა მწვანე თუთიყუში ჰყავს და ორივენი მარჩიელობენ. ჩემკენ შეუპოვრად მოდის, ჩემივე ბედზე მნიშვნელოვანი რამ  აქვს სათქმელი. მათ მოსვლას გვერდითი მხედველობით ვაფიქსირებ და მყისვე მობილიზებული ვხდები, ვცდილობ მარჯვედ ავუქციო გვერდი. ვინ გაცდის. ის ორნიც წამსვე სხვა რეჟიმში გადადიან და ბოშა ქალი ჩემ წინ ჩნდება. 

– არც კი იცი რა უნდა გითხრა, – იდუმალი ხმით მეჩურჩულება.
– არ მინდა ქალბატონო, მადლობა, – ვპასუხობ და ნაბიჯს ვუჩქარებ.
ვინ ჩამოგეხსნება, კარგ ფორმაშია და ფეხდაფეხ მომდევს.
– შვილებზე გეტყვი…
– არ მყავს ქალბატონო, არ მინდა…
– მაშინ ცხოვრების მეგზურზე, – არ მეშვება,
– არც ეგ მყავს ქალბატონო, ეგეც არ მაინტერესებს, – უკვე სირბილზე გადავდივარ.
არაა, მშვენიერ ფორმაშია, ისიც სირბილზე გადმოდის და ტოლს სულაც არ მიდებს.
 ქუჩაში სახელდახელოდ გათხრილ თხრილს მარჯვედ ვახტები.
 კვლავ მომდევენ, თუთიყუში და ბოშა. 

მაშინ იმას მაინც  გეტყვი, მომდევნო ათი წელი იცოცხლებ თუ არა, – მგონი უკვე  აზარტში შევიდა და რაღაც მაინც უნდა რომ მითხრას.

აქ უკვე სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იქვე გაჩერებული ტაქსის კარებს ვაღებ და ვეუბნები სწრაფად დაძარი–მეთქი. მდიე ახლა შენი თუთიყუშით…

ათი წელი ვიცოცხლებ თუ არა, ეგ თავადვე ვიცი და თქვენც გეტყვით. აქ საქმე ბოშა ქალის მარჩიელობაზე მარტივად არის და ყველაფერი სათაურად გამოტანილ  სამ მაგიურ ციფრზეა დამოკიდებული…

6… 8… 10…

მაშ ასე, თუ ეს მაჩვენებელი 6-ზე ნაკლები მექნება, მომდევნო ათი წელი ვიცოცხლებ.  რაზე ვსაუბრობ?…

იმ ჰემოგლობინზე, რომელიც „დაშაქრულია”, ანუ მასთან დაკავშირებულია გლუკოზის მოლეკულები. თუ ასეთი ჰემოგლობინის რაოდენობა 6%-ზე მაღალი მექნება, მაშინ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი  ჩემს ორგანიზმში 5-6-ჯერ მოიმატებს და შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფონზე მომდევნო ათი წელი ვერ ვიცოცხლებ…  ბიოქიმიურ ენაზე, ასეთ ჰემოგლობინს გლიკო ჰემოგლობინი (HbA1c) ეწოდება და სისხლში შაქრის საერთო დონის ანალიზთან ერთად მისი ანალიზიც აუცილებელია. ეს მაჩვენებელი ასახავს ბოლო სამი თვის განმავლობაში სისხლში შაქრის შემცველობის სურათს. გლიკოჰემოგლობინი, ე.წ. მაიარის რეაქციის შედეგად წარმოიქმნება სისხლის გლუკოზასა და ჰემოგლობინს შორის. შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის მომატებული რაოდენობა ამ რეაქციას მნიშვნელოვნად აჩქარებს. რაც შეეხება მაიარის რეაქციას (Maillard reaction), ქიმიური რეაქციაა ამინომჟავასა და შაქარს შორის. 

ზოგადად, რეაქცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:

1.შაქრის კარბონილის ჯგუფი ურთიერთქმედებს ამინმჟავას ამინო ჯგუფთან და წარმოქმნის არამდგრად N-ჩანაცვლებულ გლიკოზილამინს და წყალს. 

2.გლიკოზილამინი განიცდის გადაჯგუფებას და კეტოზამინად გარდაიქმნება.

3.კეტოზამინს კი შეუძლია სხვადასხვა გარდაქმნებით წარმოქმნას მოკლეჯაჭვიანი პროდუქტები ან ნიტროგენური პოლიმერები და ა.შ. 

ახლა მეორე ციფრი… 8… 
თუ  ჩვენი სამუშაო დღე  8-საათიანია… და თან მჯდომარედ მიედინება, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულები კვლავ მჯდომარე ცხოვრებას ვაგრძელებთ… ჰო, ჩვენი მომდევნო ათი წელიც საეჭვო იქნება. ასეთი მჯდომარე ცხოვრებით ჩვენივე კუნთების ჩვენივე ნებით ცხიმით გარშემორტყმას და ატროფიას უწყობთ ხელს. გარდა ამისა, ცხიმი ჰორმონალურად აქტიური გახლავთ, ანუ ზოგიერთი ჰორმონის გამომუშავების მაინიცირებელია, რომელთა მოჭარბებული რაოდენობა სიმსივნის განვითარების პროვოცირებას იწვევს. მოკლედ, ვარჯიშია საჭირო, ფეხით სიარული და მოძრაობა.

დაგვრჩა მესამე ციფრი… ათიანი…

10 კილოგრამით წონის გადაჭარბება იმ ნორმასთან შედარებით, რომელიც ჩვენივე ორგანიზმისთვის იდეალურად ითვლება. ზედმეტ წონასთან ერთად აქ ათეროსკლეროზული  ფოლაქების განვითარების საფრთხეც მატულობს. 
ლიპოპროტეინებზე თუ გსმენიათ რამე? რთული ცილა გახლავთ და ცილოვანი ნაწილის გარდა ლიპიდურ ნაწილსაც შეიცავს. ეს ნაწილი, წარმოდგენილია ფოსფოლიპიდებით, ქოლესტეროლით, ქოლესტეროლის ეთერით, ტრიაცილგლიცეროლებით და ცხიმოვანმჟავებით. 

ლიპოპროტეინებში ცილასა და ლიპიდურ კომპონენტს შორის ბმა არაკოვალენტურია. იგი შეიძლება იყოს იონური ან ჰიდროფობური.  მიაჩნიათ, რომ ლიპოპროტეინებში ფოსფოლიპიდები იონური ბმით უკავშირდება ცილას და თავის მხრივ, მათზე სხვა ლიპიდები არაპოლარული ჰიდროფობური ურთიერთქმედების შედეგად ადსორბირდება. ამრიგად, ფოსფოლიპიდები ერთმანეთს უკავშირებს ლიპოპროტეინების ცილოვან და ლიპიდურ კომპონენტებს. 

სიმკვრივის მიხედვით,  ლიპოპროტეინების რამდენიმე ფრაქციას ასხვავებენ: ქილომიკრონები (d<0,95), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები VLDL ( very low density lipoproteins) d=0,95- 1,006, შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინები IDL (Intermediate density lipoproteins) d=1,006-1,019, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები LDL (low density lipoproteins) d=1,09- 1,063  და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები HDL (High density lipoproteins) d=1,063-1,210.

ჩვენს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმომქმნელი  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებია, რომლებსაც საშიში, „ბოროტი”, დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი გადააქვთ. 

თუმცა ქოლესტეროლზე ასე ხელაღებით უარს ვერ ვიტყვით და მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლი ძალიანაც გვჭირდება. მისი გადამტანი კი მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებია. 

სიტყვამ მოიტანა და ქოლესტეროლის აღმომჩენ  ექსპერიმენტებს გაგიზიარებთ. 

1.სინჯარაში ასხამენ ქოლესტეროლის ქლოროფორმიანი (ქლოროფორმში კარგად იხსნება) ხსნარის 1მლ-ს და ფრთხილად, დახრილ სინჯარაში, კედლის ჩაყოლებაზე დაამატებენ კონცენტრირებულ გოგირდმჟავას. ორი სითხის ზღვარზე წარმოიქმნება წითელი ფერის რგოლი.

2.სინჯარაში ათავსებენ 1-2 მლ ქოლესტეროლის ქლოროფორმიან  ექსტრაქტს, 10 წვეთ ძმრის ანჰიდრიდს და 2 წვეთ კონცენტრირებულ გოგირდმჟავას. სითხეს ინტენსიურად შეანჯღრევენ და აკვირდებიან ფერების წარმოქმნას. ჯერ წარმოიქმნება მოიისფრო, შემდეგ მუქი იისფერი, ლურჯი, რომელიც მუქ ლურჯში გადადის და საბოლოოდ მწვანე ფერი მიიღება. ეს რეაქცია საფუძვლად უდევს ქოლესტეროლის რაოდენობრივ განსაზღვრას.

ქიმიური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ ზემოაღწერილ სამ სინჯარაში, ერთმანეთის მსგავსია. გოგირდმჟავას მოქმედების შედეგად მიმდინარეობს ქოლესტეროლის დეჰიდრირება და დაჟანგვა. შედეგად, ქოლესტეროლის ორი მოლეკულა (რომლებიც კარგავენ ორ მოლეკულა წყალს) ერთმანეთს უკავშირდებიან მესამე ნახშირბადის ატომის მიხედვით და წარმოიქმნება ნივთიერებები, რომელთა ჯამური ფორმულები შემდეგია: C54H86  და  C54H88. ეს უჯერი ნახშირწყალბადებია, რომელთაც ორმაგი შეუღლებული ბმები აქვთ და გოგირდმჟავას და ძმრის ალდეჰიდთან მოქმედების შედეგად წარმოქმნიან სხვადასხვა ფერად  წარმოებულებს.

3.სინჯარაში ქოლესტეროლის ქლოროფორმიანი ხსნარის 2მლ-ს ამატებენ ტოლი მოცულობის ფორმალინის და გოგირდმჟავას ნარევს, შეანჯღრევენ. ხსნარი ორ ფენად იყოფა: ზედა ფენა-ალუბლის ფერისაა, ქვედა ფენა-რუხი-წითელი ფერის ინტენსიური მწვანე ფლუორესენციით. ზედა ფენას გადმოასხამენ (ქლოროფორმიანი ფენა) მეორე სინჯარაში და ამატებენ 2-3 წვეთ ძმრის ანჰიდრიდს. ალუბლის ფერი  ლურჯ შეფერილობაში გადადის.

სულ სამ ფაქტორზე დავწერე და საქმე ასეა – ორგანიზმში შაქარს მუდმივი კონტროლი ესაჭიროება (ისე, რაფინირებულ შაქარზე თუ უარს იტყვით, ურიგო სულაც არ იქნება), ვარჯიში, მოძრაობა, სირბილი აუცილებელია (ეს მგონი ბოშა ქალმაც იცოდა და ისეთ ფორმაში გახლდათ, მშვენივრად დარბოდა). და ბოლოს, ზედმეტ წონასაც თუ ომს გამოვუცხადებთ, კიდევ უკეთესი. 

მომდევნო ათი წელი მე სიცოცხლეს ვაპირებ, თუ მისი უდიდებულესობა „შემთხვევა” არ ჩაერია და რაიმე ხაფანგი არ დამიგო. ყოველ შემთხვევაში, მე, ჩემი მხრიდან, სიცოცხლის მცდელობა მექნება… რადგან…

„ზევით ცა მხურავს, კრიალა, ღია,
ირგვლივ მთებია მკერდგაგლეჯილი,
ჩემი სამშობლო იალაღია,

ზედ საამური ხარობს ჯეჯილი…” (ლადო ასათიანი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“