კრიტიკულ აზროვნებასა და ანალიტიკურ უნარებს თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს სტატიაში მოცემული პრაქტიკული დავალებები და სტრატეგიები დაეხმარება V-VII კლასის მოსწავლეებს აღნიშნული უნარების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებაში. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ რაციონალურ აზროვნებას, სვამენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებს, ყურადღებით აკვირდებიან გარესამყაროს. მათი განვითარებისთვის ეს სწორედ ის პერიოდია, როცა სწორად შერჩეული აქტივობებით კრიტიკული აზროვნების და ანალიტიკური უნარების განვითარებაა შესაძლებელი, რაც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის და მომავალი განვითარებისთვის.
რა არის კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური უნარები?
კრიტიკული აზროვნება არის ფაქტებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციის, შეფასების და ანალიზის უნარი. რაიმე საკითხის განსჯა და გადაწყვეტა სწორია თუ არასწორი. ეს უნარი საჭიროა იმისათვის, რომ შევძლოთ არგუმენტირებულად მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე. ანალიტიკური უნარი გვეხმარება კავშირების დანახვაში, ინფორმაციის დაშლასა და პრობლემის გადაჭრაში, გვეხმარება დავამყაროთ კავშირი ლოგიკურ იდეებს შორის უფრო დიდი სურათის დასანახად.
რატომაა ეს უნარი ფასეული და რაში გვეხმარება?
– ინდივიდში ზრდის კრეატიულობას;
– ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარებს;
– ვიღებთ ეფექტიან გადაწყვეტილებებს;
– ამაღლებს აკადემიურ და პროფესიულ წარმატებას.
როგორ განვავითაროთ ეს უნარები?
- კითხვების დასმა
უმნიშვნელოვანესი ასპექტი კრიტიკული აზროვნების განვითარებაში კითხვების დასმის უნარია. კრიტიკული აზროვნება გახლავთ იმ პასუხების ძიების ერთ-ერთი საიმედო გზა, რომელიც ჩვენ მუდმივად გვებადება კითხვებზე საპასუხოდ სხვადასხვა მოვლენების თუ ფაქტების გათვალისწინებით, დაკვირვებითა და აღქმით.
პრაქტიკული დავალება: 5 კითხვა
– აირჩიეთ ნებისმიერი თემა ან მოვლენა;
– შეგიძლიათ დასვათ და უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
- რა (რა მოხდა?)?
- ვინ (ვინ არის ჩართული?)?
- სად (სად მოხდა?)?
- როდის (როდის მოხდა?)?
- რატომ (რატომ მოხდა?)?
ამ აქტივობით მოსწავლე ტექსტს სიღრმისეულად ამუშავებს. არა მხოლოდ გადმოსცემს თემის ზედაპირულ შინაარსს, არამედ სიზუსტით ასახელებს ფაქტებს და ბოლოს მიდის ლოგიკურ დასკვნამდე. ეს აქტივობა თავისუფლად შეიძლება მოერგოს სხვა საგნებსაც.
- ინფორმაციის ანალიზი
ინფორმაციის ანალიზი ანალიტიკური მსჯელობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც აუცილებელია წაკითხულის გააზრების, მოსმენილის ან თუნდაც ნანახის გასაანალიზებლად და შესაბამისი რაციონალური დასკვნების გამოსატანად. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეაფასოს ინფორმაციის წყაროები, გაარჩიოს ფაქტები და მოსაზრებები ერთმანეთისგან.
პრაქტიკული დავალება : ფაქტი თუ აზრი?
– შეგიძლიათ წაიკითხოთ მოკლე სტატიები ან თუნდაც მოუსმინოთ ახალი ამბების რეპორტაჟს.
– ამოწერეთ წინადადებები და განსაზღვრეთ, რომელი შეიძლება იყოს ფაქტი და რომელი – აზრი.
– არ დაგავიწყდეთ განმარტოთ, რატომ მიიღეთ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელ წინადადებას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება და გაითვალისწინეთ.
ამ აქტივობის განსახორციელებლად მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს დასამუშავებლად მისცეს რაიმე ტექსტი, სტატია და დაავალოს, თავად ამოწერონ წინადადებები. შეიძლება პედაგოგმა თვითონ მიუტანოს კლასს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული წინადადებები და დაავალოს, გაარჩიონ, რომელია ფაქტი და რომელი მოსაზრება.
- არგუმენტების შეფასება
კრიტიკული აზროვნებისთვის აუცილებელია, მოსწავლემ შეაფასოს, თუ რამდენად დამაჯერებელი და ლოგიკურია მოყვანილი არგუმენტები. არგუმენტაციის პროცესი, ჩვენი გონებისთვის აუცილებელი სავარჯიშოა. მისი დახმარებით, ჩვენი გონება უკვე წაკითხულს, ნანახს აანალიზებს, რათა შეარჩიოს სწორი არგუმენტები და გაავლოს ზუსტი პარალელები.
პრაქტიკული დავალება : დებატების ანალიზი
– უყურეთ და ყურადღებით მოუსმინეთ დებატებს თქვენთვის საინტერესო თემის გარშემო, ან წაიკითხეთ ორი საპირისპირო მოსაზრება;
– ჩამოწერეთ თითოეული მხარის მთავარი არგუმენტები;
– შეაფასეთ თითოეული არგუმენტის ძლიერი და სუსტი მხარეები;
– გადაწყვიტეთ, რომელი მხარის არგუმენტები იყო უფრო დამაჯერებელი და ახსენით – რატომ?
მოცემული დავალება, კონკრეტული თემის დასრულების შემდეგ, შეიძლება განხორციელდეს კლასში. ამ აქტივობით მასწავლებელი დაინახავს, რამდენად მყარი და საფუძვლიანი არგუმენტებით შეუძლიათ მოსწავლეებს საკითხის ირგვლივ მსჯელობა. აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც კლასში სამუშაოდ, ისე წერით საშინაო დავალებად, სადაც ბავშვები იმსჯელებენ და დაასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს და გაუზიარებენ თავიანთ კლასელებს.
- პრობლემის გადაჭრა
ანალიტიკური უნარები პირდაპირაა დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის უნართან. პრობლემის მართვის უნარები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ დინამიკურ ეპოქაში, სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს უნარი გვეხმარება არ დავნებდეთ, ვიპოვოთ გამოსავალი და ვიყოთ ორიგინალურები გამოსავლის ძიებაში.
პრაქტიკული დავალება : გამოძიების პროექტი
– აირჩიეთ პრობლემა თქვენს სკოლაში ან ქალაქში (მაგ., ნაგვის პრობლემა, ტრანსპორტის საკითხი);
– ჩაატარეთ მცირე კვლევა პრობლემის შესახებ (გამოკითხვა, დაკვირვება);
– გააანალიზეთ შეგროვებული ინფორმაცია;
– შეიმუშავეთ პრობლემის გადაჭრის გეგმა;
– წარმოადგინეთ თქვენი აღმოჩენები და გადაწყვეტილებები კლასის წინაშე;
მოცემული აქტივობა მოსწავლის ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს: კვლევის ჩატარებას, შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებას და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. მოცემული აქტივობა შესაძლებელია ჩატარდეს არაერთ საგანში.
- კრეატიული აზროვნება
კრიტიკული და კრეატიული აზროვნება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომაც ამ უნარების განვითარება აუცილებელია პრობლემის გადასაჭრელად. შესაბამისად განვითარებული გონება ყოველთვის ეძებს სიახლეებს, არ აშინებს გამოწვევები და ხშირად კრეატიულ, განსხვავებულ ან ორიგინალურ გადაწყვეტილებებს იღებს.
პრაქტიკული დავალება :რა იქნებოდა, თუ…
– დაასრულეთ წინადადება: “რა იქნებოდა, თუ…” (მაგ., “რა იქნებოდა, თუ ინტერნეტი აღარ იარსებებდა?”);
– ჩამოწერეთ მინიმუმ 10 შესაძლო შედეგი;
– გააანალიზეთ თითოეული შედეგის დადებითი და უარყოფითი მხარეები;
– წარმოადგინეთ თქვენი ყველაზე საინტერესო ან მოულოდნელი დასკვნა კლასის წინაშე.
მოცემული აქტივობის შესასრულებლად მოსწავლემ საჭიროა საკითხს მრავალმხრივ შეხედოს და წარმოადგინოს ალტერნატიული გზა. მან უნდა იპოვოს მოცემული საკითხის მოგვარებისთვის გზები და დაასაბუთოს , რატომ აირჩია ეს გზა და რატომ თვლის, რომ ეს სწორი და საუკეთესო არჩევანია.
კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარება ხანგრძლივი და შეუქცევადი პროცესია. საკუთარ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს „ეჭვის თვალით“ უნდა შევხედოთ, რაც საკუთარ თავზე დაკვირვების უნარის განვითარებაში დაგვეხმარება და აუცილებელია წარმატებისთვის. შესაძლებელია თანდათანობით დავხვეწოთ საჭირო უნარები გავიღრმაოთ კავშირები, გავაანალიზოთ ინფორმაცია და მივიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებები. რეგულარული პრაქტიკით შესაძლებელია კრიტიკული აზროვნების და ანალიტიკური უნარების განვითარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უწყვეტი პროცესია.
დამატებითი რესურსები
ონლაინ თამაშები და აპლიკაციები:
Sudoku: ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის (https://sudoku.com/)
Set: პატერნების ამოცნობის უნარის გასავითარებლად (https://www.setgame.com/set/puzzle)
Brilliant: მათემატიკისა და მეცნიერების ამოცანები (https://brilliant.org/)
ვებ-გვერდები საინტერესო ლოგიკური ამოცანებით
Logic Puzzles: კლასიკური ლოგიკური ამოცანები (https://www.logic-puzzles.org/)
Project Euler: მათემატიკური/პროგრამირების ამოცანები (https://projecteuler.net/)
Puzzler’s Paradise: სხვადასხვა ტიპის თავსატეხები (https://puzzlersparadise.com/)
გამოყენებული ლიტერატურა:
(ნანახია: 27/10/24)
https://mtm1984.wixsite.com/sophie/-4
(ნანახია: 23/10/24)
(ნანახია: 23/10/24)