პარასკევი, სექტემბერი 27, 2024
27 სექტემბერი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა

მიზნის დასახვისა და მისი განხორციელების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც ესაჭიროება ბავშვს სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად. უფრო მეტიც, მიზანდასახული მოქმედების უნარი საკვანძო უნარია წარმატების მისაღწევად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სწავლა, თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა. ის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. ეს ბუნებრივია რადგანაც, როცა ადამიანს რაღაცის მიღწევა სურს, ის მუდმივად წინ მიიწევს. მიზნები მოქმედებს როგორც კომპასი, რომელიც მოგვმართავს სწორი მიმართულებით და გვეხმარება დავრჩეთ ფოკუსირებული დავალებაზე და შევინარჩუნოთ მოტივაცია.

 რა დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მიზანდასახული მოქმედების უნარი:

  • მიზნები ქმნის სიცხადეს. მიზნის დასახვით ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ კონკრეტულად რის მიღწევა გვინდა. ეს ჩვენს ქმედებებს აზრს და მიმართულებას აძლევს; გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ენერგიისა და რესურსების ფუჭად ფლანგვა, ოპტიმალურად გამოვიყენოთ ისინი;
  • მიზნები ზრდის ჩვენს მოტივაციას, მოტივაციის წყარო ხდება, რადგანაც ვიცით, რომ ვმუშაობთ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. მიზანი გვეხმარება ვიყოთ კონცენტრირებული და დაჟინებული მაშინაც კი, როცა სირთულეებს ვეჯახებით;
  • მიზნები გვეხმარება პროგრესის გაზომვაში. ის წარმოადგენს მკაფიო კრიტერიუმს, რომლითაც შეიძლება პროგრესის გაზომვა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რამდენად ახლოს ვართ მიზნის მიღწევასთან და აუცილებლობის შემთხვევაში მოვარგოთ მოქმედებები დასახულ მიზანს, კორექტირება გავუკეთოთ ჩვენს ქმედებებს, ცვლილებები შევიტანოთ მათში;
  • მიზნები ხელს უწყობს თვითგანვითარებას. მიზნის დასახვისა და მიღწევის პროცესი მოითხოვს, საჭიროებს თვითრეფლექსიას, დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას;
  • მიზანდასახულ მოქმედებას არცთუ იშვიათად წარმატებამდე მივყავართ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანები, რომლებიც მიზნებს ისახავენ, უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში, რადგანაც იციან, რა სურთ და აქტიურად მუშაობენ მის მისაღწევად;
  • მიზნის დასახვა ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე ეხმარება მოზარდს სირთულეების დაძლევაში, სიტუაციის რაციონალურად შეფასებაში, გეგმის შედგენასა და ეტაპობრივად ამ გეგმის მიხედვით მოქმედებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ მოზარდი წარმატებული იყოს არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაში, არამედ სხვა სფეროებშიც, დროულად უნდა ვიზრუნოთ მასში მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავებაზე.

 რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა:

  • უპირველეს ყოვლისა, ავუხსნათ, განვუმარტოთ ბავშვს მიზნების მნიშვნელობა, გავარკვიოთ იმაში, თუ რა არის მიზანი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
  • დავეხმაროთ მიზნის ჩამოყალიბებაში და მის სწორად ფორმულირებაში. გავითვალისწინოთ, რომ მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი და დროში განსაზღვრული;
  • თუ ბავშვი ისახავს დიდ და გრძელვადიან მიზანს, ვურჩიოთ დაყოს ის უფრო პატარა და მოკლევადიან მიზნებად. ეს მიზნის მიღწევის პროცესს უფრო გააადვილებს და დაეხმარება ბავშვს, დაინახოს საკუთარი პროგრესი;
  • გამოვხატოთ მხარდაჭერა და გავუძლიეროთ ბავშვს მოტივაცია მიზნის მისაღწევად. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. შევაქოთ, როცა ის აღწევს პატარა მიზნებს დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, დავეხმაროთ გაუმკლავდეს წარუმატებლობას და დაბრკოლებებს;
  • ვურჩიოთ ბავშვს უფრო მარტივად, მსუბუქად შეხედოს წარუმატებლობას. ის, რომ რაღაც არ გამოგვივიდა, სრულიადაც არ ნიშნავს მარცხს. წარუმატებლობა არ უნდა გახდეს იმედგაცრუების მიზეზი, ვინაიდან ის შეიძლება წინსვლის წინაპირობადაც კი ვაქციოთ. უარყოფით ემოციებთან გამკლავება და არდანებება მსგავს სიტუაციებში ბავშვს მომავალში აუცილებლად გამოადგება. გვახსოვდეს, რომ პატარებისთვის ძალიან მტკივნეულია წარუმატებლობა და წაგება. ასეთ სიტუაციებში თავის ემოციებს ისინი შესაბამისად გამოხატავენ. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია მწვავე რეაგირება მარცხზე. ამიტომ, უშედეგო მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან მოვითხოვოთ მისგან „ნებისმიერი შედეგის მიღება“ და მისი დარწმუნება იმაში, რომ „მთავარია არა მოგება, არამედ მონაწილეობა“;
  • ავუხსნათ ბავშვს, რომ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას აუცილებლად დასჭირდება სიმტკიცე და დაჟინებულობა, რადგანაც ის მთავარი ფაქტორია მიზნის მისაღწევად. ამასთან, საჭირო იქნება იმის გათვალისწინებაც, რომ ყოველთვის ყველაფერი დაუბრკოლებლად, უმტკივნეულოდ არ კეთდება. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოძრაობა წინ, მაშინაც კი, თუ ეს საკმაოდ რთულია;
  • მოვერიდოთ ბავშვის განებივრებას საჩუქრებით და მისი ნებისმიერი სურვილის ასრულებას. დავუტოვოთ მას რაიმე საოცნებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდს ძალიან გაუჭირდება მიზნების დასახვა და აღნიშნული მიზნების მისაღწევად მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ოცნება, რომელიც თავისით არ ახდება. საჭიროა მოზარდს გავაგებინოთ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს მის მისაღწევად. ბავშვი იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს ოცნების ასასრულებლად. ასე ჩნდება მიზნები. შევთავაზოთ მოზარდს, თავად მოიფიქროს გეგმა მის მისაღწევად და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩინოთ დახმარება;
  • გავათავისუფლოთ მოზარდი უმწეობისა და უსუსურობის განცდისაგან. ბევრ ბავშვს ეჩვენება (ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ), რომ მშობლები მათ ნაცვლად წყვეტენ ყველაფერს – რა წიგნი წაიკითხოს, სად გაატაროს არდადეგები, რით დაკავდეს სკოლის შემდეგ, რომელ წრეზე იაროს და ა.შ. ასეთ დროს ბავშვს ესაჭიროება მასზე კონტროლის ცოტა შესუსტება. როდესაც მოზარდის ნაცვლად ყველაფერს დედა და მამა წყვეტს, მისთვის ძალიან რთულია, გაერკვეს, რა სურს თავად მას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გართულდება მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავება ბავშვში. ვენდოთ მოზარდის არჩევანს. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, მის ნაცვლად გადავწყვიტოთ ყველაფერი, არ ღირს ამის გაკეთება. თუ ბავშვს ყოველთვის მივუთითებთ რა გააკეთოს, ის ვერასოდეს გაიგებს, რა სურს თავად და ძნელად თუ შეძლებს ბოლომდე დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების. ვესაუბროთ ბავშვს მის ოცნებებსა და ინტერესებზე, მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა სურს და დავეხმაროთ სამოქმედო გეგმის შედგენაში. ამ პროცესში მას ჩვენი დახმარება დასჭირდება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საკუთარ მიზნებს დამოუკიდებლად დაისახავს;
  • ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის, ვუჩვენოთ მას, როგორ ვისახავთ მიზნებს და ვაღწევთ მათ იმ ამოცანების ჩართვით, რომელთა გადაწყვეტა ყოველდღიურად გვიწევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარი ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ ბავშვში იმისათვის, რომ მან შეძლოს წარმატებების მიღწევა. მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის სწავლება მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია ბავშვის განვითარებაში. ეს დაეხმარება მას, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და წარმატებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“