„სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს არა იმ პროდუქტს,
რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის
მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ
განსაზღვრული მიმართულებით
მოსწავლის ძალების განვითარებას”.
დიმიტრი უზნაძე
რას ნიშნავს კარგი გაკვეთილის ჩატარება? ამ კითხვაზე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც განათლების სისტემასთან შეხება არ აქვს, მოკლედ გიპასუხებთ, მასწავლებელს გაკვეთილზე უნდა ჰქონდეს დისციპლინა და ასწავლოს კარგად.
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ, რა კომპეტენციების ფლობა სჭირდება პედაგოგს იმისათვის, რომ მართოს კლასი და საგანი სიღრმისეულად ასწავლოს.
ახალი ესგ-ს თანახმად, სწავლა-სწავლების ძირითადი აქცენტები გულისხმობს შემდეგს:
- საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
- წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერების, მედიაწიგნიერების, ციფრული წიგნიერების, მრავალენობრივი კომპეტენციის, სემიოტიკური კომპეტენციის, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის, სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარების (სწავლის სწავლა) განვითარების ხელშეწყობა;
- საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა;
- საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
- მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება.
ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია, მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკური ნორმების დაცვა, მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, კვლევა, სწავლის სწავლა და დამოუკიდებლად საქმიანობა, დროში და სივრცეში ორიენტირება, სწავლის პროცესის მონიტორინგი, პასუხისმგებლობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, წიგნიერება, ციფრული მოქალაქეობა.
ფორმალური განათლების ფარგლებში მუშაობა ძირითადად მოიცავს საგაკვეთილო პროცესს. მნიშვნელოვანწილად, სწორედ საგაკვეთილო პროცესში ხერხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების მიღწევა.
ცნება ცოდნა იყოფა სამ კატეგორიად – დეკლარაციული, პროცედურული, პირობისეული. საგნის სწავლება მოიცავს სამივეს ერთიანობას. ნებისმიერ საგანში სიღრმისეული ცოდნა გულისხმობს შემდეგს:
წარმატებული სწავლა-სწავლების პროცესი გულისხმობს შემდეგს – მოსწავლეებმა შეძლონ უპასუხონ კითხვებს:
რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?
- დეკლარაციული ცოდნა – სტატიკური ხასიათისაა და გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. პასუხობს შეკითხვას: რა ვიცი?
- პროცედურული ცოდნა – დინამიკური ხასიათისაა, აღიწერება, როგორც უნარი და გულისხმობს ქმედებათა თანამიმდევრობის ცოდნას და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას ოპერაციების, პროცედურების დონეზე. პასუხობს შეკითხვას: როგორ გავაკეთო? როგორ შევასრულო?
- პირობისეული ცოდნა – დინამიკური ხასიათისაა და გულისხმობს დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. საგანთა, მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრების, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა. პასუხობს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ?
სასწავლო პროცესი მოიცავს მოკლევადიანი, შუალედური და გრძელვადიანი მიზნების მიღწევას. გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელი საზღვრავს კონკრეტულ მიზანს – რა ცოდნის მიღება უნდა მოხერხდეს ამ გაკვეთილზე. გამოყენებული მეთოდები და სტრატეგიები გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, კრიტიკულ, ანალიტიკურ აზროვნებას. თემატიკის გათვალისწინებით შესაძლებელია, მიზანი მოიცავდეს ცოდნის ერთ, ორ ან სამივე კატეგორიას.
კარგად დაგეგმილი გაკვეთილი გულისხმობს კონკრეტული თემის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. მთლიანობაში თვითრეფლექსიისას მასწავლებელს უნდა შეეძლოს პასუხი შემდეგ კითხვებზე:
- რამდენად შეესაბამება გაკვეთილის თემა და მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და საგნობრივ სტანდარტს?
- რა სამიზნე ცნებებსა და ქვეცნებებზე გადის განხილული საკითხი?
- რამდენად მიზანმიმართულად აყალიბებს გაკვეთილის მოკლევადიან, შუალედურ და გრძელვადიან მიზნებს?
- რა მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებს სხვადასხვა აქტივობების დასაგეგმად?
- რა ხარისხით ახერხებს დიფერენცირებულ მიდგომებს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად?
- როგორ ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს?
- რა რესურსებს იყენებს და რა ინტენსივობით ასაბუთებს შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობას სასწავლო მიზანთან მიმართებით?
- შეფასების რა კრიტერიუმებს იყენებს?
- რა საშუალებით ახდენს თვითშეფასებას და როგორ ზრუნავს სამომავლოდ მუშაობის გასაუმჯობესებლად?
- გახადა თუ არა ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი?
- მოზარდებისთვის რა უნარების განვითარების ხელშეწყობა მოხდა გრძელვადიან პერსპექტივაში და სხვა.
სწავლა-სწავლების პროცესისთვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო. კარგი მასწავლებელი ხასიათდება პატივისცემით გამსჭვალული საუბრით, არის აქტიური მსმენელი, შეუძლია განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა. ყველა მოსწავლეს აღიქვამს, როგორც ინდივიდს. კარგად იცნობს ყოველი აღსაზრდელის პიროვნებას, მათ შესაძლებლობებს. მოზარდებთან ურთიერთობას აგებს თითოეულის ინდივიდუალობის, განსხვავებული კულტურის, სქესის თუ საჭიროებების მქონე მოთხოვნების გათვალისწინებით.
სასწავლო პროცესში უპირველესია კლასის მართვა. მასწავლებელი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს ქცევის წესებს და მომავალში აკონტროლებს მის შესრულებას. სწორედ პედაგოგის ვალდებულებაა წესების დაცვის პასუხისმგებლობის დელეგირება. ქცევის წესების გათავისების შემდეგ მასწავლებელი და მოსწავლეები საგაკვეთილო აქტივობების ცვლილებისას დროს აღარ დაკარგავენ და მას ეფექტურად გამოიყენებენ.
წარმატებული გაკვეთილის ჩატარება გულისხმობს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების ეფექტიან, მიზნობრივ გამოყენებას. ასეთ გაკვეთილზე რესურსი ყველა მოზარდისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია, ხოლო მისი გამოყენება კი – უსაფრთხო. სასწავლო რესურსის მომზადება ხდება ყველა მოსწავლის, მათ შორის, სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. სასწავლო რესურსის შერჩევისას მასწავლებელი განსაზღვრავს, როგორ აამაღლებს გამოყენებული რესურსი მოზარდის მოტივაციას, იქნება თუ არა ეფექტური მისი გამოყენება და რამდენად დაეხმარება ის გაკვეთილის მიზნის მიღწევაში. ზოგადად, სასურველია, ფიზიკური გარემოს მოწყობასა და რესურსის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეებმაც.
უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დონე. რაც შეეხება თავად გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესს, უნდა იყოს შინაარსობრივად გამართული, მიზანი კი ცხადი და ადეკვატური. კარგი მასწავლებელი კონცეფციებს, ცნებებს, წესებსა და ა.შ. განმარტავს მკაფიოდ, ზუსტად და ოპერირებს დარგობრივი ენით. საგნობრივ შინაარსს გადასცემს უშეცდომოდ. მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით აცნობს თემატიკის შესაბამის უახლეს და დადასტურებულ ინფორმაციას; გათავისებული აქვს შიდასაგნობრივი და საგანთაშორისი კავშირების დამყარება.
ნაყოფიერი გაკვეთილი გულისხმობს მიმართებით კავშირებს საგაკვეთილო მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის. ხარისხიანი სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული მასალით, შედეგის მომცემი გაკვეთილის მასალა გამდიდრებულია საინტერესო ინფორმაციით. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, თავიანთი წვლილი შეიტანონ შინაარსის განმარტებასა და დაზუსტებაში; გაკვეთილი მიმდინარეობს კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში; მოზარდი არის აქტიური მსმენელი. პედაგოგის მიერ გადაცემული ინფორმაცია კი კარგადაა ორგანიზებული და ადვილად აღსაქმელია. მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე როგორც საგნის ფარგლებში, ასევე ტერმინთა და სიტყვათა ზოგადი გამოყენების თვალსაზრისით.
გაკვეთილის ჩატარებისას მეტად საყურადღებოა და მნიშვნელოვანი პედაგოგის საუბრის ტემპი, ინტონაცია, კომუნიკაციის არავერბალური საშუალებების ეფექტური და ასევე, სამეტყველო ენის კორექტული გამოყენება.
წარმატებული მასწავლებლის აღსაზრდელებისთვის საკმარისია მოკლე მითითებაც კი. სამუშაო ინსტრუქციები არის მკაფიო და მოიცავს მოსწავლეთა სავარაუდო შეცდომების პრევენციას. სასწავლო აქტივობების შესრულების ინსტრუქციების შემუშავების დროს გათვალისწინებულია მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. პედაგოგი მიმიკასა და ჟესტიკულაციას იყენებს სიტუაციის შესაბამისად. მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დამყარებულია ეფექტური კომუნიკაცია. მოზარდისთვის გასაგებია მასწავლებლის მზერა, გახანგრძლივებული პაუზა და მინიშნებები.
მასწავლებელი განსხვავებული სააზროვნო დონეების აქტივაციის მიზნით უნდა იყენებდეს სწავლების შესაბამის სტრატეგიებს, სხვადასხვა ფორმის ღია და დახურული ტიპის შეკითხვებს (დამაზუსტებელს, მიმანიშნებელს, შემაჯამებელს და ა. შ.). კითხვის ტიპისა და სირთულის მიხედვით, პასუხის მოსაფიქრებლად დროს განსაზღვრავს სწორად. გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები მიზნის შესაბამისია – წინასწარ არის მომზადებული და კარგად დაგეგმილი.
მასწავლებლის მიერ გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოყენებული და თანმიმდევრულად დასმული მრავალფეროვანი კითხვები (იწყებს მარტივით და თანდათან ართულებს მათ) უნდა იწვევდეს მოსწავლეების დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით პედაგოგი ხელს უწყობს მოზარდის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. ხშირად კითხვის დასმის ავტორები თავად მოზარდები არიან. ისინი მსჯელობენ არგუმენტირებულად, აჯამებენ, გამოაქვთ დასკვნები. მასწავლებელი ფასილიტატორის როლშია და მთელ კლასს წარმატებით რთავს სწავლა-სწავლების პროცესში.
შედეგზე ორიენტირებული პედაგოგი ზრუნავს მოზარდთა მოტივაციასა და ჩართულობაზე, გაკვეთილი ხალისიანია, გამოყენებულია მრავალფეროვანი მამოტივირებელი აქტივობები. მოსწავლეები (მათ შორის სსსმ მოსწავლეები) აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, მაშინაც, როდესაც დავალებები შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს. გაკვეთილის მიმდინარეობა დინამიკურია, ტემპი ოპტიმალური – არც ნელი და არც სწრაფი. მოსწავლეები ამჟღავნებენ ინტერესს. მასწავლებელი ისე წარმართავს პროცესს, რომ გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და ინტერაქციულად მიმდინარეობს; პედაგოგის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე თანაბრად ჩართულია, ფაქტობრივად, ყველა მოსწავლე. სწავლების დაწყებით საფეხურზე უმაღლეს მიღწევად უნდა მივიჩნიოთ ამგვარი შედეგების გამოვლენა.
გაკვეთილზე მოსწავლეთა მიღწევების შემოწმება ეფექტურია სხვადასხვა მეთოდით: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა, პრეზენტაცია, კითხვების დასმა და ა.შ. მასწავლებელი მონიტორინგის საფუძველზე მოსწავლეებს რეგულარულად აწვდის უკუკავშირს, ეფექტურად იყენებს შექებასა და წახალისებას; ქმნის სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს, მათ შორის ჰოლისტურს, ანალიტიკურს; მოსწავლეები პედაგოგის მიერ გაცნობილ შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მონაწილეობენ შეფასების პროცესში (თვითშეფასება, ერთმანეთის შეფასება); სწავლის პროცესის მონიტორინგის საფუძველზე მოზარდები იღებენ სხვადასხვა სახის უკუკავშირს, როგორც მასწავლებლისაგან, ასევე თანაკლასელებისაგან. მიღებული უკუკავშირი კი ემსახურება დასწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი მუდმივად იყოს სიახლის ძიებაში, კარგად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, ერთგვარი მიმოხილვა გაუკეთოს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, გამოყენებულ მეთოდებსა და მიდგომებს, გააანალიზოს პროფესიული გამოცდილება და ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ცოდნა, შესაძლებლობები და უნარები.
პერიოდულად საჭიროა და სასურველი სამოდელო გაკვეთილების ჩატარება. სამოდელო გაკვეთილის ტიპებია – ინოვაციური, ინტეგრირებული, პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილები.
საგანთაშორის ინტეგრირების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ინტეგრირებული საგნების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები. ასეთი გაკვეთილი ორიენტირებულია ამ მიზნებისა და შესაბამისი შედეგების სრულად მიღწევაზე.
თუ გაკვეთილი პრობლემაზე ორიენტირებულია, დასმული პრობლემა აქტუალური უნდა იყოს მოსწავლეებისთვის, მათი ასაკობრივი თავისებურებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით, რაც განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ მოტივაციას. ამ შემთხვევაში მოსწავლეები გამოავლენენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების უნარს; გაკვეთილი სრულად შეუწყობს ხელს შედეგის მიღწევას.
ინოვაციურ გაკვეთილზე გასათვალისწინებელია, რამდენად შემოქმედებითად და საინტერესოდ არის შემოტანილი თემატური და მეთოდური სიახლეები, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მასალის თანმიმდევრულად და საინტერესოდ მიწოდების ხარისხი, რაც შედეგის სრულად მიღწევის საშუალებას იძლევა.
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილისთვის დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და ხელს უწყობს განზრახული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში; ასეთი გაკვეთილი სრულყოფილად განაპირობებს წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას.
პედაგოგმა თემატური ან მეთოდური სიახლე გაკვეთილზე შემოქმედებითად და საინტერესოდ უნდა შეიტანოს, რაც შედეგის სრულად მიღწევის საშუალებას იძლევა.
სამოდელო ტიპის გაკვეთილზე სასურველია კოლეგების დასწრება. გაკვეთილი ეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში, ბადებს მისი საკუთარ პრაქტიკაზე მორგების, გამოყენების დიდ სურვილს, უბიძგებს მასწავლებლებს ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვისაკენ. ხელს უწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობითი კულტურის ამაღლებას.
მასწავლებელი ჩატარებული გაკვეთილის გაანალიზებისას პასუხობს შემდეგ შინაარსის შეკითხვებს:
- იქნა თუ არა მიღწეული მიზანი;
- რამდენად შეესაბამება გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა დასახული მიზნის მიღწევას;
- გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირების შემთხვევაში, აანალიზებს განხორციელებული ცვლილებების აუცილებლობას; გამოვლენილ ხარვეზებს, დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
- სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს;
- სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას და პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს ჩატარებული გაკვეთილი;
- რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
- რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ;
- რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
- რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას;
ოცდამეერთე საუკუნის მასწავლებელი მხოლოდ დაფითა და ცარცით მოსწავლის დაინტერესებას ვერ მოახერხებს. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ხაზგასმით იკითხება, რომ მასწავლებლის ვალდებულებაა – თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ,,ციფრული მოქალაქეობის“ უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებით საქმიანობაში. ,,ციფრული მოქალაქეობის“ უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი და პედაგოგი, რომელიც ფლობს ამ ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს. ამას კი სჭირდება მასწავლებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.
ამ სტატიაში, მოკლედ, თეზისების სახით ჩამოვაყალიბე ის ძირითადი აქცენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მასწავლებელს სწორად დაგეგმოს, განახორციელოს და რეალურად შეაფასოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
გამოყენებული ლიტერატურა:
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა;
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
შეფასების ინსტრუმენტები-2018 წ.