ძნელად იპოვით ისეთ მშობელს, რომელსაც არ სურს, მისი შვილი ხალისით და გატაცებით სწავლობდეს. სწავლა ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არცთუ იშვიათად ჩნდება კითხვა, როგორ დავაინტერესოთ ის სწავლით.
პატარები ადრეული ასაკიდან მიისწრაფვიან, შეიცნონ გარემომცველი სამყარო ახალი ინფორმაციის ათვისებით და ახალი ჩვევების გამომუშავებით. ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერ ახალს. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად შემეცნებისადმი ეს ბუნებრივი სწრაფვა ხშირად იკარგება, ბავშვი უხალისოდ დადის სკოლაში და არავითარ ინტერესს არ იჩენს სწავლის მიმართ. ასეთ დროს, ნაცვლად პრობლემის მოგვარებისა, სკოლა და ოჯახი ერთმანეთის დადანაშაულებას იწყებენ. პრაქტიკა მოწმობს, რომ ასეთი დაპირისპირება პრობლემას მოგვარების ნაცვლად უფრო მეტად ამძაფრებს. სკოლასა და ოჯახს თავ-თავისი ადგილი აქვთ. ერთი მეორეს ვერ შეცვლის. საეჭვოა, სკოლამ შეძლოს იმის გაკეთება, რაც მშობლის გასაკეთებელი იყო ჯერ კიდევ ბავშვის სკოლაში შეყვანამდე, ისევე როგორც მშობელს პედაგოგებთან თანამშრომლობის გარეშე გაუჭირდება, სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოს ბავშვს.
არსებობს სტრატეგიები სწავლის მიმართ ბავშვის ინტერესის გასაძლიერებლად.
როგორ შევაყვაროთ ბავშვს სწავლა
* უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ კომფორტული და მშვიდი სასწავლო გარემოს შექმნაზე. სწავლა-სწავლების პროცესი ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს არ უშლის გარე გამღიზიანებლები: სტრესი, უგუნებობა, თავის ტკივილი, შიმშილი. სამეცადინოდ ბავშვი უნდა დაჯდეს გამოძინებული, დასვენებული, გამოკვებილი და კარგ განწყობაზე მყოფი.
* ვიზრუნოთ თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. თუ მოზარდს აქვს შინაგანი რწმენა, რომ ის ჭკვიანი და ნიჭიერია, სწავლის სურვილი არ გაუქრება, ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქით, რომ გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა. ნუ გავუშვებთ შესაძლებლობას ხელიდან, ვუთხრათ, თუ როგორ ვამაყობთ მისით, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ქება უნდა იყოს დამსახურებული და გამართლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ეფექტი ძალიან სწრაფად გაქრება.
* დავანახოთ ბავშვს მის სასკოლო ცხოვრებაში ჩვენი ჩართულობა. დავინტერესდეთ იმით, რაც მას აინტერესებს, მონაწილეობა მივიღოთ სასკოლო ღონისძიებებში.
* ნუ დავიზარებთ ბავშვისთვის სიურპრიზების მოწყობას. საიდუმლო არა არის, რომ რუტინა უარყოფითად აისახება მოტივაციაზე. საყვარელი საქმეც კი დროდადრო მოსაბეზრებელი ხდება მოვალეობათა შესრულების უსასრულო, ციკლური ხასიათის გამო. იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც მოსწონთ სწავლა, დროდადრო ენთუზიაზმი უქრებათ, განსაკუთრებით – დღესასწაულებისა და ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ. ასეთ დროს შევეცადოთ, გავამრავალფეროვნოთ მისი წახალისების არსენალი.
* შეძლებისდაგვარად შევასუსტოთ კონტროლი. რაც უფრო ემატება ბავშვს ასაკი, მით უფრო მეტად სჭირდება დამოუკიდებლობა და მისი საზღვრების პატივისცემა. უფროსებმა უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი; ერთი მხრივ, ვიცოდეთ, რითი ცხოვრობს ბავშვი, მეორე მხრივ კი თანდათან შევასუსტოთ კონტროლი იქ, სადაც ბავშვს თავისუფლად შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება. თუ საქმე ეხება სწავლას, უზომო კონტროლმა შესაძლოა მოზარდს საერთოდ დაუკარგოს სწავლის სურვილი. ამიტომ, ნაცვლად ქულების შემოწმებისა, ვკითხოთ, რა ისწავლა, რა გაიგო ახალი, რამ გააკვირვა, რა მოეჩვენა საკამათოდ, ანუ გამოვიჩინოთ ინტერესი არა ქულების, არამედ თავად სასწავლო პროცესის მიმართ. ბავშვისთვის ავტორიტეტული უფროსის გულწრფელი ინტერესი მისი პიროვნების მიმართ, მისი მხარდაჭერა ძლიერი სტიმულია შემეცნებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.
* შევეცადოთ, ბავშვის ინტერესები დავუკავშიროთ სასკოლო საგნებს. მოზარდებს მიაჩნიათ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა არაფერში გამოადგებათ და უბრალოდ დროს კარგავენ. კარგი იქნება, თუ ვაჩვენებთ, როგორ დაეხმარება ეს ცოდნა მომავალში, გაუადვილებს ცხოვრებას, დაეხმარება, გახდეს გარშემო მყოფთათვის საინტერესო ადამიანი. თუ ბავშვი ოცნებობს, გახდეს მწერალი, მას დასჭირდება ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა. თუ სურს, გახდეს კონსტრუქტორი – მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნა მისთვის აუცილებელია. უფრო მეტიც: მნიშვნელოვანია, გავაგებინოთ მოზარდს, რომ სწავლა მხოლოდ სკოლით არ შემოიფარგლება. სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება, არა იმიტომ, რომ „უნდა“ ისწავლოს, არამედ იმიტომ, რომ ეს პროცესი მართლაც ძალიან საინტერესოა.
* ვესაუბროთ ბავშვს, მოვუყვეთ ჩვენი სკოლის წლების შესახებ. ასეთი საუბრები დაგვეხმარება, გამოვიწვიოთ მასში ინტერესი სკოლის მიმართ და გავანეიტრალოთ შესაძლო შიშები. გავუზიაროთ ჩვენი მოგონებები საყვარელ მასწავლებლებზე, საყვარელ საგნებზე, სასკოლო მიღწევებზე, ოლიმპიადებში მონაწილეობაზე ან სასკოლო კონკურსებში გამარჯვებაზე. დავათვალიეროთ მასთან ერთად ჩვენი სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტოები. მნიშვნელოვანია, ჩამოვუყალიბოთ მას დადებითი დამოკიდებულება სკოლის როგორც ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის მიმართ. რაც უფრო მეტად გაჟღერდება სიტყვები „სწავლა“, „განათლება“ დადებით კონტექსტში, მით უფრო გაიზრდება ბავშვის ინტერესი ახალი ცოდნის შეძენის მიმართ.
* ადრეული ასაკიდან ვუკითხოთ ბავშვს წიგნები, ჩავუნერგოთ მათი სიყვარული. ეს არის ახალი ცოდნის შეძენისათვის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპი.
* გვჯეროდეს ბავშვის, მისი შესაძლებლობების. უბრალოდ კი არ ვუმეოროთ: „შენ შეგიძლია“, „შენ გაქვს ამის უნარი“, „შენ მიაღწევ წარმატებას ცხოვრებაში“ და ა.შ., – მართლა უნდა გვჯეროდეს ამის. სხვაგვარად ბავშვი ჩვენს სიტყვებში სიყალბეს იგრძნობს. ბევრ მშობელს მართლა არ სჯერა საკუთარი შვილის, მისი შესაძლებლობების. ეს დაურწმუნებლობის გრძნობა გადაეცემა ბავშვსაც და შიშს უჩენს სასწავლო პროცესის მიმართ. შიში კი, თავის მხრივ, ბლოკავს ტვინის შემეცნებით უნარებს. ასე აღმოჩნდება ის მოჯადოებულ წრეში, საიდანაც გამოსვლა ადვილი არ არის.
დღეს მოზარდებს უწევთ უზარმაზარი მოცულობის ახალი ცოდნის ათვისება, უნარების დაუფლება და ეს ყველაფერი ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ფსიქიკას ძალიან მგრძნობიარეს და მყიფეს ხდის. საჭიროა, ბავშვს გამუდმებით ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ვართ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დავუჭერთ მხარს და არ განვიკითხავთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თვითდინებაზე მივუშვათ, თვალი დავხუჭოთ ბავშვის სიზარმაცეზე, რასაც მოისურვებს, ყველაფრის გაკეთების უფლება მივცეთ. გარკვეული წესებისადმი მორჩილება მისთვის სავალდებულო უნდა იყოს, მაგრამ იმავდროულად ვაგრძნობინოთ, რომ გვიყვარს და თუ რამე აკრძალვას ვუწესებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვღელავთ მასზე, მის მომავალზე.
* მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, თქვას სათქმელი, ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვესაუბროთ მას, განვიხილოთ ახალი ამბები, ფილმები, ვიმსჯელოთ წაკითხულ წიგნებზე და ა.შ. საუბრის დროს ნუ დავთრგუნავთ, ნუ გავაუფასურებთ მის თვალსაზრისს, ნუ შევაწყვეტინებთ საუბარს. მნიშვნელოვანია ბავშვები იზრდებოდნენ ისეთ გარემოში, სადაც წახალისებულია საკუთარი აზრის გამოხატვა, საკუთარი თვალსაზრისის ქონა და არგუმენტირება. ყოველთვის ვთხოვოთ ბავშვს საკუთარი აზრის დასაბუთება, მაგრამ თუ გვეჩვენება, რომ არგუმენტი არ არის საკმარისად დამაჯერებელი, დელიკატურად, მეგობრულად, მშვიდად, თავაზიანად მივუთითოთ ამაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, განვუვითაროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა და, ამასთან ერთად, ლოგიკური აზროვნების უნარიც, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად.
დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიპოვოთ მიდგომა, რომელიც უკეთესად იმუშავებს კონკრეტულ ბავშვთან. გავითვალისწინოთ მისი ინტერესები, მოთხოვნილებები, ინდივიდუალურობა და სწავლაც მისთვის სახალისო და სასიამოვნო საქმიანობად იქცევა.