კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

კითხვის სტრატეგიები

ამ წერილით ვასრულებთ  წინა წერილებში დაწყებული კითხვის სტრატეგიების განხილვას.  წინამდებარე წერილში მოკლედ წარმოვადგენთ კითხვის ბოლო ათ სტრატეგიას. რასაკვირველია, ჩვენი მიერ განხილული 30 სტრატეგია იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს კითხვის სხვა სტრატეგიაბი, თუმცა ვეცადეთ, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მიმოგვეხილა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი წინა წერილებში განხილულ სტრატეგიებს, დავუმატოთ წინამდებარე წერილის ათეულიც და შევადგინოთ კითხვის სტრატეგიათა ერთგვარი დაფა. თუ ამ დაფას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ამ სტრატეგიების დაჯგუფება შესაძლებელია სხვადასხვა პრინციპით. მაგალითად,
● ასაკის მიხედვით (4 წლამდე, 4-6 წელი, 6 წელზე ზემოთ)
● წიგნის კითხვის ფაზის (წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ) მიხედვით
● გააზრების დონის მიხედვით (ზედაპირული, სიღრმისეული, შერეული)
● სათამაშო და სახალოსო დონის მიხედვით (თუნდაც!)
● კრეატიულობის ხარისხის მიხედვით (კრეატიული, ნაკლებად კრეატიული)
● სხვა პარამეტრი…

1. საუბარი ყდაზე 11. გაგების გადამოწმება (რა გავიგე წაკითხულიდან?) 21. როგორ გვეუბნება ავტორი თავის სათქმელს
2. მოდი გავიხსენოთ (წინარე ცოდნის გააქტიურება) 12. პერიფრაზირება (რა თქვა პერსონაჟმა?) 22. რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი, რას გვასწავლის ტექსტი
3. ვარაუდების გამოთქმა 13. დაკვირვება მოვლენათა თანამიმდევრობაზე 23. მთავარი და არამთავრი ინფორმაციის გამიჯვნა. დეტალები
4. შეკითხვების დასმა 14. როგორ ამოვიცნოთ მიზეზი და შედეგი 24. კითხვის ტემპის მართვა,
5. წარმოსახვა (ვიზუალიზაცია) 15. აბსურდული წინადადებების მოფიქრება 25. უშეცდომოდ წაკითხვა
6. ხელახლა წაკითხვა 16. წაკითხულის დახატვა 26. ინტონაციით წაკითხვა
7. ხმამაღლა ფიქრი 17. დასკვნების გაკეთება 27. სიტყვების დამარცვლა
8. შეჯამება 18. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა 28. სიტყვების დაშლა ბგერებად
9. სიტყვებზე დაკვირვება 19. შედარება და განსხვავებების აღმოჩენა 29. როგორ ვიცნოთ სიტყვები
10. მინიშნებებზე დაკვირვება 20. კავშირების დამყარება 30. წერაც დავიწყოთ

 

.

როგორც ვიცით, ამ სტრატეგიების მოკლე ვერსიები ,,მშობელთა ბარათების” ფორმატში დავამზადეთ USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დახელმისაწვდომია პორტალზე chemiskola.emis.ge. ამ ციკლის წინა წერილებში შემოგთავაზეთ ,,კომბლეს”, ,,ნაცარქექიასა” და ,,თინათინი და ავთანდილის” ჩვენი ვერსიები ამ ვერსიებზე დაყრდნობით მოვიყვანეთ მაგალითები თითოეული სტრატებიის შესახებ.
ბოლო 10 სტრატეგიისთვის გვინდა კიდევ ერთი ტექსტი განვიხილოთ, რომელიც აგრეთვე ვეფხისტყაოსნისეულ საფუძველს ეყრდნობა: ,,ნესტანის დაბადება”.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ,,ვეფხისტყაოსნის” სწავლების ერთ-ერთი პრობლემა მოსწავლეთა არასათანადო მზაობაა. და ამ მზაობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ძალისხმევა უნდა იყოს ტექსტის ადაპტირებული ვერსიების შეთავაზება არამხოლოდ სკოლის დაწყებით საფეხურზე, არამედ სკოლამდელ ასაკშიც — როგორც მოთხრობილი ზღაპარ-ამბები.
ნეტსანის დაბადება
1. ათასი წლის წინ, შორეულ ინდოეთში ერთი მეფე-დადოფალი ცხოვრობდა: ფარსადანი და გულქანი. ისინი კარგი მმართველები უყვნენ, ხალხსაც უყვარდა და თვითონაც უყვარდათ ხალხი. საერთო ბედნიერებას ერთი ნაღველი ჩრდილავდა — მეფე-დედოფალს შვილი არ ჰყავდა.
ინდოეთში შვიდი სამეფო იყო. ექვსი ფარსადანსა და გულქანს ემორჩილებოდა, ხოლო მეშვიდეში სარიდანი მეფობდა. სარიდანიც ძლიერი და კეთილი მეფე იყო, მასაც ერთობ კმაყოფილი ჰყავდა თავისი ხალხი.
ერთხელ სარიდანმა გადაწყვიტა, ჩემს სამეფოსაც ფარსადანის სამეფოებს შევუერთებ და უფრო გავძლიერდებითო. გადაწყვიტა და ასეც მოიქცა: ეახლა ფარსადანს და თავისი განზრახვა გაუმხილა.
ფარსადანს გაუხარდა თავისი სამეფოს გაფართოება, დიდი მადლობა გადაუხადა სარიდანს და ეს უკანასკნელი გაერთიანებული სამეფოს მთავარსარდლად დანიშნა.
2. სარიდანს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, უმშვენიერესი ტარიელი, რომელიც მაშინ სულ სამიოდე წლის თუ იქნებოდა. ტარიელიც მეფის სასახლეში წაიყვანა მამამ. როდესაც ფარსადანმა და გულქანმა ნახეს პატარა ბიჭი, ისე მოეწონათ, ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს თვითონ აღეზარდათ.
— შენს ტარიელს ჩვენს სასახლეში დავიტოვებთ, შვილივით გავზრდით და ცივ ნიავსაც არ მივაკარებთო, — უთხრა მეფე-დედოფალმა სარიდანს.
სარიდანს გაუხარდა ეს შემოთავაზება და დასთანხმდა. თვითონაც ხომ სასახლეში იქნებოდა ხოლმე და მაინც ხშირად ნახავდა საყვარელ შვილს.
ტარიელი სასახლეში იზრდებოდა და თანდათან მშვენდებოდა, ედემის ბაღის ყვავილს ემსგავსებოდა.
3. ხუთი წლის იქნებოდა ტარიელი, როდესაც მთელი სამეფო სასიხარულო ამბავმა მოიცვა: გულქანი დაორსულდა და მალე შვილიც გააჩინა — დაიბადა უშვენიერესი გოგონა.
გოგონას მშობლები დაფიქრდნენ, რა დაერქმიათ ნანატრი ახალშობილისთვის. ფარსადანს ნესტანის დარქმევა უნდოდა, გულქანს კი — დარაჯანის. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ ნესტან-დარეჯანი დაერქმიათ.
შვილის შეძენით გახარებულმა მეფე-დედოფალმა უამრავი საჩუქარი გასცა და დიდი ლხინიც გადაიხადა.
ნესტან-დარეჯანი, რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო მშვენდებოდა. მასთან ერთად იზრდებოდა ტარიელიც, რომელიც უკვე ლომის ბოკვერს დამსგავსებოდა. ბოჭი, როდესაც ნესტანს დაინახავდა, გაირინდებოდა და ისე ტკბებოდა ხოლმე პატარა მზეთუნახავის სილამაზით. ტარიელი სულ სიყვარულით ეპყრობოდა გოგონას, ბევრს ეთამაშებოდა, ართობდა და ბედნიერად ატარებდნენ უზრუნველ ბავშვობას.
– – – – – –
დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ამ ტექსტის უკეთესად გამართვაა საჭირო. რასაკივრველია. ზედმეტია იმის აღნიშვნაც, რომ ამ საბავშვო ტექსტში ჩამატებულია ფარსადანის მეუღლის ანუ ნესტანის დედის სახელიც. აქვე გვინდა გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგვძენს ბავშვებისთვის ტექსტების შერჩევისას და წაკითხვისას:
● არაა აუცილებელი ყველა სიტყვის მნიშვნელობა იცოდეს ბავშვმა. ჩვენ ხომ სკოლაში არ ვართ და ჩვენი მიზანი ყველა სიტყვა-გამოთქმის სწავლება არაა. მათ კარგად შეუძლიათ გაუგებარი სიტყვების ,,გატარება”, უგულებელყოფა. თუ დაინტერესდებიან, თვითონ მოგვთხოვენ ისეთი სიტყვების განმარტებას, რომელიც ან ტექსტიდან აზრის გამოტანისთვის დასჭირდა, ან მისმა ჟღერადობამ მოხიბლა, დააინტერესა.
● ბავშვს, ზოგადად, ყველაფერი არ ესმის, ვერ ხვდება საბავშვო და თუნდაც ასაკისთვის შესაფერის ტექსტებში (ლექსებში, ზღაპრებში, სიმღერებში…), მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ახერხებენ, როგორც საერთო აზრისა და განყწობის შექმნას, ასევე ტექსტის ნაწილების ხალისით განმეორებას.

21. როგორ გვეუბნება ავტორი თავის სათქმელს?
ბავშვები უნდა დავაფიქროთ ორ რამეზეც: რისი თქმა უნდა წიგნის ავტორს და როგორ ახერხებს იგი ამას?
განვიხილოთ წითელქუდასა და ბებიას ტანსაცმელში გადაცმული მგლის საუბრის ეპიზოდი. ავტორს ამ ეპიზოდში უნდა მკითხველებში შიში გამოიწვიოს, კარგად დაანახოს ის განსაცდელი, რომელიც წითელქუდას მოელის. რას აკეთებს ამისთვის იგი? ერთგვარად წელავს ამ ეპიზოდს და უფრო მეტად იზიდავს მკითხველ ბავშვს. ამ ეპიზოდის კითხვისას კარგი იქნება შემდეგი შეკითხვების გამოყენება:
● გეშინია, როდესაც ამ ადგილს ვკითხულობთ?
● რატომ გეშინია? რა იწვევს შიშს?
● როგორ ფიქრობ, შეგეშინდებოდა ეს ადგილი მალე რომ დასრულებულიყო? მაგალითად, ასე: ,,წითელქუდა შევიდა ბებიას ოთახში და მგელმა მისი შეჭმა დააპირა. ამ დროს მოვიდა კეთილი მონადირე და წითალქუდას დაეხმარა.”
კარგი იქნება, თუკი სათანადო ყურადღებას მივაქცევთ ილუსტრაციებსაც. ხაზი უნდა გავუსვათ მათს მნიშვნელობას მაშინაც, როდესაც ავტორის სათქმელზე ვესაუბრებით ბავშვს. აქ შეგვიძლია გაამახვილოთ ყურადღება, რამდენად შეიძლება ილუსტრაციის შეცვლა ისე, რომ არ დამახინჯდეს ავტორის სათქმელი.
მაგალითისთვის დავაკვირდეთ იმავე ,,წითელქუდას” იმავე მონაკვეთის ილუსტრაციას, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავსვათ შემდეგი შეკითხვები:
● როგორ გამოიყურება ამ ილუსტრაციაზე მგელი? კეთილი სახე აქვს თუ საშიში?.. გამოხატავს თუ არა ეს ილუსტრაცია ტექსტში აღწერილ მგელს? წითელქუდას?
● კიდევ რა შეიძლება დავამატოთ ამ ილუსტრაციაზე ტექსტის მიხედვით?..
განვიხილოთ ეს სტრატეგია ჩვენი ვეფხისტყაოსნისეული ტექსტისთვის:
დავაკვირდეთ ,,ნესტანის დაბადებაში” იმ ეპიზოდს, როდესაც ფარსადანმა და გულქანმა პირევლად ნახეს ტარიელი და ძალიან მოეწონათ იგი. როგორ გადმოვეცით ეს ეპიზოდი? ვნახოთ წინადადება: როდესაც ფარსადანმა და გულქანმა ნახეს პატარა ბიჭი, ისე მოეწონათ, ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს თვითონ აღეზარდათ.
აქ მეფე-დედოფლის გრძნობის სიღრმის გადმოსაცემად ორჯერაა გამეორებული ერთი ფრაზა, ნაცვლად იმისა, რომ უბროლად დაგვეწერა, რომ ძალიან მოეწონათ. ცხადია, კარი იქნება ამ ფრაზემის განსხვავებული ინტონაციით წაკითხვა — ეს კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს მოხდენილ შთაბეჭდილებას.

22. რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი, იდეა? რას გვასწავლის ეს ტექსტი?
საჭიროა თუ არა ბავშვმა, დავუშვათ, ხუთი წლის ასაკში, ამოიცნოს ტექსტის მთავარი სათქმელი? ხშირად ეს საკითხი წინააღმდეგობას უფროსებს შორისაც იწვევს ხოლმე. მაგალითად, რა არის ,,წითელქუდას” მთავარი სათქმელი? ორი ვერსია განვიხილოთ:
● ჩვენ შეიძლება უგუნურადაც მოვიქცეთ, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ძლიერი და კეთილი ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება.
● უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უგუნური საქციელის გამო ჩვენვე მოგვიწევს პასუხისგება, კეთილი მონადირე არ მოვა და პრობლემებს არ მოგვიგვარებს.
არ უნდა გავართულოთ, არ დავტვირთოთ ბავშის გონება და უნდა განვიხილეთ ისეთი მოსაზრებები, რომლებიც მისთვის იქნება გასაგები. ამ პროცესში თვითონ ბავშვისგან წამოვა საინტერესო იდეები და წინადადებები. მთავარია, ჩვენ ვუბიძგოთ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისკენ.
კარგი იქნება, თუ პირველ ხანებში ჩვენვე დავსვამთ შეკითხვას და ჩვენვე გავახმოვანებთ ტექსტის მთავარ სათქმელს. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი:
● ,,კომბლე” — ეს ზღაპარი გვასწავლის, რომ სხვას ცუდი რამე არ უნდა გაუკეთო, თორემ სამაგიეროდ შენც ცუდი ამბავი დაგემართება… ზოგჯერ შენი საკუთრება ვინმემ წაგართვას და ამისთვის მზად უნდა იყო, უნდა შეგეძლოს მასზე ზრუნვა და ბრძოლა მის დასაბრუნებლად….
● ,,წიქარა” — თუკი მეგობარს გასაჭირში დაეხმარები, ამით შენც დიდ სიამოვნებას მიიღებ…
● ,,ავთანდლი და თინათინი” — ქალები ისეთივე კარგი მმართველები შეიძლება იყვნენ, როგორც კაცები…
● ,,ნესტანის დაბადება” — თუკი სიკეთეს გააკათებ, შენც სეკეთითვე დაგიბრუნდება…

23. მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამიჯვნა, დეტალები
ბავშვს კი არა, მოზრდილ ადამიანსაც ხშირად ერევა ხოლმე ერთმანეთში მთავრი და არამთავარი ინფორმაცია და ამ უკანასკნელს არასაჭიროდ მეტ დროსა და ენერგიას ახარჯავს ხოლმე. ამიტომ ტექსტში სხვადასხვა ინფორმაციის მნიშვნელობაზე დაკვირვება და მისი შეფასება სასარგებლო სტრატეგია იქნება ბავშვისთვის.
კარგი იქნება, თუ მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამიჯვნისთვის ბავშვებს დავაფიქრებთ ტექსტის რომელიმე მონაკვეთის მიხედვით. მაგალითისთვის, განვიხილოთ ნაცარქექიას პირველი შეხვედრა დევთან. Რა ხდება ამ ეპიზოდში?
● ნაცარქექია დევს ატყუებს, მე ისეთი ძლიერი ვარ, რომ მოვინდომო, დედამიწას ცაში ავტყორცნიო;
● კიდევ იმით მოატყუა დევი, რომ ქვის ნაცვლად ყველს გაადენინა წყალი;
● შემდეგ ნაცრის გუდით ბუღი დააყენა, თითქოს მიწა ავამტვერეო;
● ბოლოს ზურგზე შეასმევინა დევს თავი და საკუთარი სიმძმის დასამტკიცებლად კისერში სადგისი (სხვა ვერსიით, წვეტიანი ჯოხი) ჩაარჭო.
შეიძლება ითვას, რომ ამ ეპიზოდში ეს ოთხი რამაა მთაავარი. თუმცა, აქ სხვა ინფორმაციის, საინტერესო დეტალების გაგებაც შეიძლება. მაგალითად,
● ნაცარქექიამ ბუღის დაყენებაში შეჯიბრის წინ დევს უთხრა, რომ ვინც უფრო დიდ ბუღს დააყენებს ვაჟკაციც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო;
● დევმა ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა, აბა დამაწექი, გავიგო შენი სიმძიმეო…
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი შეთანხმება, რომ ბავშვი არ უნდა დავტვირთოთ, არ უნდა დავძაბოთ. მთავარი და არამთავარი დეტალების განსხვავებაზე, როგორც ვთქვით, მოზრდილებიც ხშირად ვკამათობთ ხოლმე. შესაბამისად, ასეთი კომპეტენცია მოზომილად, შინაარსიან კონტექსტში და ძალდატანების გარეშე უნდა განვუვითაროთ ბავშვს.
ერთი ნიმუში განვიხილოთ ,,ნესტანის დაბადების” მიხედვით და დავაკვირდეთ სამ ნაწილად დაყოფილი ტექსტის მიხედვით ამოწერილ წინადადებებს:

მთავარი ინფორმაცია არამთავარი ინფორმაცია, დეტალები
I ნაწილი ფარსადანისა და სარიდანის სამეფოები გაერთიანდნენ. სარიდანი ინდოეთის მეშვიდე სამეფოში მეფობდა.
II ნაწილი სარიდანის შვილი, ტარიელი ფარსადან მეფის სასახლეში იზრდებოდა. ტარიელი სამი წლის იყო, როდესაც ფარსადან მეფის სასახლეში გადავიდა.
III ნაწილი ტარიელი და ნესტანი ბავშვობაში ერთად იზრდებოდნენ ფარსადანის სასახლეში. ნესტანის მშობლებმა ბევრი იფიქრეს შვილისთვის სახელის შესარჩევად.

მოკლე განმარტებისთვის აღვნიშნოთ, რატომ მიგვაჩნია მარცხენა სვეტის წინადადებები არამთავარ ინფორმაციად.
● არაა მნიშვნელოვანი, სარიდანი მეშვიდე სამეფოს მმართველი იყო, თუ — მეოთხესი.
● ნაკლებ მნიშვნელოვანია, ტარიელი სამი წლის ასაკში გადავიდა ფარსადანის სასახლეში, თუ — სამწლინახევრის.
● დიდი დატვირთვა არ აქვს იმას, თუ რა დრო დაუთმეს მშობლებმა ნესტან-დარეჯანის სახელის მოფიქრებას. (დავამატოთ, რომ ეს დეტალები ჩვენი მიერაა დამატებული და მოგონებული ვეფხისტყაოსნისეულ ტექსტში.)

24. კითხვის ტემპის მართვა
უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა ტემპით, რა სიჩქარით ვუკითხავთ ხოლმე ბავშვს ტექსტს. ზოგადადაც საინტერესოა საკუთარი კითხვის ტემპის შეფასება და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მაგრამ ამ მხარეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მაშინ, როდესაც ბავშვისთვის წამკითხველის როლში ვართ. რა ტემპით უნდა წავუკითხოთ ბავშვს ტექსტი? პასუხი მარტივია, თუმცკი არცთუ ადვილად შესასრულებელი: არც ნელა და არც ჩქარა. ანუ ზომიერი სიჩქარით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ,,ნელა” და ,,ჩქარა” სრულიად პირობითი ცნებებია და ტემპი ბავშვის აღქმას უნდა მოვარგოთ.
ბავშვიც უნდა მივაჩვიეთ წაკითხვის ტემპზე დაკვირვებას და უნდა ვკითხოთ ხოლმე, უფრო ნელა ხომ არ ურჩევნია წაკითხვა? რამდენად ადვილად ასწრებს წაკითხულის გაგებას? ზოგჯერ პირიქით, ბავშვმა შეიძლება წაკითხვის აჩქარებაც კი მოგვთხოვოს.
საბოლოო რეკომენდაციების სახით შეიძლება შევჯერდეთ შემდეგზე:
● უნდა დავაკვირდეთ ტექსტის კითხვის ტემპს;
● უნდა ვცვალოთ კითხვის ტემპი: ხან შევანელოთ, ხან ავაჩქაროთ. გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ ერთხელ, ამჯერად შედარებით ნელა, უნდა გადავიკითხეთ ის მონაკვეთი;
● უნდა შევეკითხოთ ბავშვს, როგორი ტემპით წაკითხული უფრო მოსწონს და რატომ…

25. როგორ წავიკითხოთ უშეცდომოდ
ბავშვისთვის ტექსტის წაკითხვის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სიზუსტეს, სწორად წაკითხვას, სიტყვების სწორად ამოკითხვას. გავიხსენოთ, როგორ არ მოგვწონს ხოლმე, როდესაც ვინმე შეცდომებით კითხულობს რაიმე ტექსტს. ასევე უსიამოვნოა ბავშვისთვისაც კითხვის დროს შეცდომების დაშვება და ამას, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგიც მოჰყვეს — ბავშვს შეიძლება ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს კითხვის მიმართ.
გასათვალისწინებელია რამდენიმე რეკომენდაცია სწორად წაკითხვისთვის:
● წინასწარ უნდა წავიკითხოთ ტექსტი, გადავავლოთ თვალი და ყურადღება გავამახვილოთ ,,რთულ” (გრძელ, ახალ, უცნობ) სიტყვებზე;
● კითხვის პროცესში უნდა გამოვიყენეთ პაუზები და ამ დროს წინასწარ გადავავლეთ თვალი წასაკითხ წინადადებას და გულში ამოვიკითხოთ სიტყვები.
● კითხვის პროცესშივე უნდა მივეჩვიოთ სიტყვის ხმამაღლა წაკითხვამდე მის ჩუმად ამოკითხვას და ეს ჩვევა ავტომატიზირებულად გადავაქციოთ.
განვიხილოთ მაგალითი ერთ-ერთი პოპულარული ზღაპრიდან და ვნახოთ შემდეგი წინადადება:
მობეზრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან.
თუკი პირველად კითხულობთ ამ წინადადებას, შეიძლება გაგიჭირდეთ შემდეგი სიტყვების ამოკითხვა: მობეზრდა, უსაქმურობა. ამიტომ ამ სიტყვების ხმამაღლა წაკითხვამდე კარგი იქნება მათი ჩუმად, გულში ამოკითხვა და შემდეგ გახმიანება.

26. რა მნიშვნელობა აქვს ინტონაციით წაკითხვას?
კარგად ანუ გაწაფულად (გამართულად, მოქნილად) წაკითხვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ინტონაციით წაკითხვაა (სწორად წაკითხვასა და სათანადო სიჩაქარით წაკითხვასთან ერთად).. განა ჩვენ მოგვეწონებოდა რობოტულად, ერთფეროვნად და უემოციოდ წაკითხული? სწორედაც რომ სათანადო ემოცია, საჭირო ინტონაცია და დროული პაუზა ახდენს მსმენელზე შთაბეჭდილებას.
კარგი იქნება, თუკი წიგნის წაკითხვის დროს სათანადო ყურადღებას მივაქცევთ ამ მხარესაც და ჩვენს წაკითხვასაც მეტ მომხიბვლელობას შევძენთ. ამისთვის განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭი და ოსტატობა სულაც არაა საჭირო.
უბრალოდ, რამდენიმე რჩევა უნდა გავითვალისწინეთ სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით:
● უნდა შევჩერდეთ წერტილისა და მძიმის დროს: წერტილთან — უფრო დიდხანს, მძიმესთან — შედარებით ნაკლებად;
● სათანადოდ უნდა დავსვათ მახვილი კითხვისნიშნიან წინადადებაში. მახვილი უნდა დავსვათ კითხვით სიტყვაზე (ვინ? რა? რატომ? რომელი? და სხვ.) ხოლო თუკი ასეთი სიტყვა არაა, მაშინ — ზმნაზე. ხოლო თუკი არც კითხვითი სიტყვაა და არც ზმნა (არის ასეთი შემთხვევებიც), მაშინ — ბოლო სიტყვაზე;
● უნდა გამოვხატოთ ემოცია ძახილისა და კითხვა-ძახილის ნიშნებთანაც — გავოცდეთ, აღვფრთოვანდეთ, გავბრაზდეთ, აღვტაცდეთ…
გასათვალისწინებელია ტექსტის შინაარსიც და სათანადო ადგილას უნდა შევანელოთ ან ავაჩქაროთ კითხვა, ხმას ავუწიოთ ან დავუწიოთ, დავიბოხოთ ან დავიწვრილოთ და ა. შ.

27. სიტყვების დამარცვლა
სკოლამდელ პერიოდში, 4-5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის წიგნების ხმამაღლა კითხვის პროცესი მეტად სასარგებლოა ე. წ. ფონოლოგიური უნარების ჩამოსაყალიბებლად (ეს უნარები საგრძნობლად ეხმარება მოსწავლეებს კითხვის დაწყებაში.). ფონოლოგიური უნარების გავარჯიშება გულისხმობს სხვადასხვაგვარ თამაშს, მათ შორის მარცვლებზეც:
● ზეპირად ნათქვამი სიტყვის მარცვლებად დაშლას (დევი = დე – ვი… კიბე = კი – ბე…)
● ზეპირ სიტყვაში მარცვლების რაოდენობის ამოცნობას (დევი = დე – ვი — ორი მარცვალი, დ – ე – ვ – ი — ოთხი ბგერა)
● დამარცვლით ან ბგერა-ბგერა ნათქვამი სიტყვის ამოცნობასა და გამთლიანებას (დე – ვი = დევი… კი – ბე = კიბე…)
● ზეპირად ნათქვამი სიტყვის პირველი მარცვლის ამოცნობასა და დასახელებას და სხვ.
სიტყვების დამარცვლაში ვარჯიში მარტივია: ბავშვს ვთხოვთ დამარცვლით გაიმეოროს ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვა. რასაკვირველია, პირველად ასეთი რამის თხოვნა სრულიად გაუგებარი იქნება პატარა მსმენელისთვის. შესაბამისად, ჯერ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ასეთი მოქმედება და მერე ვთხოვოთ გამეორება.
სკოლამდელ ასაკში ბავშვებს უნდა შევთავაზოთ მხოლოდ ორმარცვლიანი და სამმარცვლიანი მარტივი სიტყვები. მაგალითად, ხელი, ფეხი, მუცელი… უფრო რთულ სიტყვებზე (მაგალითად, ნაცარქექია, წითელქუდა, ცეცხლი…) მანიპულაციას ამ ასაკში ისინი ვერ მოახეხებენ. ძალიან კარგი იქნება, თუკი ნაცნობ კონტექსტში რომელიმე სიტყვის პირველ ან პირველსა და მეორე მარცვალს ვიტყვით და ბავშვი თვითონ დაასრულებს: ,,ნაცარქექიამ მდინარის მეორე ნაპირზე დაინახა დე…” -ვი.
ასეთი სავარჯიშო სიტყვების მოძებნა ყველა ტექსტშია შესაძლებელი. შევარჩიოთ სიტყვები ჩვენი ,,ნესტანის დაბადებიდან”: მე-ფე, სა-სახ-ლე, სა-მე-ფო, ბი-ჭი, გო-გო-ნა, ლხი-ნი, ვა-ჟი, ბა-ღი, ყვა-ვი-ლი.
ცხადია, არ ღირს აქცენტირება დაშვებულ შეცდომებზე, მათზე ხაზგასმა. მთავარია, პატარამ გააცნობიეროს, რომ ესა თუ ის სიტყვა შეიძლება დაიშალოს ისევე, როგორც მისი რომელიმე საყვარელი სათამაშო…
28. სიტყვების დაშლა ბგერებად
კითხვისთვის სწავლისთვის მეტად სასარგებლო კომპეტენციის, ე. წ. ფონოლოგიური უნარების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ბავშვები ვავარჯიშოთ ბგერებზეც. Ბგერებზე მანიპულირება გულისხმობს შემდეგი სავარჯიშოების შესრულებას:
● ზეპირად ნათქვამი სიტყვის ბგერებად დაშლა (ხელი = ხ – ე – ლ – ი… კარი = კ – ა – რ – ი… მეფე = მ-ე-ფ-ე… ბაღი = ბ-ა-ღ-ი…)
● ზეპირ სიტყვაში ბგერების რაოდენობის (არაუმეტესეს ოთხისა) ამოცნობა (ხელი = ხ – ე – ლ – ი — ოთხი ბგერა, გზა = გ – ზ – ა — სამი ბგერა)
● ბგერა-ბგერა ნათქვამი სიტყვის ამოცნობა და გამთლიანება (გ – ზ – ა = გზა, ფ – ე – ხ – ი = ფეხი… ს-ა-ს-ა-ხ-ლ-ე = სასახლე — ამ შემთხვევაში ბავშმა შეიძლება ამოიცნოს ეს სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ შვიდბგერიანია, რადგან აკვირდება პირველ ბგერებს და აკავშირებს მისთვის ნაცნობ სიტყვასთან, რაც ასევე მეტად სასარგებლო უნარია.)
● ზეპირად ნათქვამი სიტყვის პირველი და/ან მეორე და/ან ბოლო ბგერის ამოცნობა და დასახელება.
● კონკრეტულ ბგერაზე დაწყებული სიტყვების დასახელება და სხვ.
სიტყვების შერჩევისას არ უნდა დაგავიწყდეთ მთავარი მახასიათებელი — სიმარტივე. გრძელი სიტყვებით ვარჯიში სკოლამდელი ასაკის მოსწავლეებს საქმეს გაურთულებს, დააბნევს და შეაძულებს ასეთ ვარჯიშებს (სხვათაშორის, პირველკლასელებსაც.).
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს ზეპირად ნათქვამი სიტყვის ბგერებად დაშლა მაშინ, როდესაც მარცვლებად დაშლა ადვილად აითვისოს ან პირიქით. ჩვენც იმ კომპეტენციაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომელიც ბავშვს ადვილად ეხერხება და მოგვიანებით უნდა შევთავაზოთ სხვა სავარჯიშოები. თუ არადა, ამისთვის არსებობს სკოლა — მთავარია, წიგნი წავუკითხოთ ხმამაღლა ჩვენ მიერ განხილული რამდენიმე სტრატეგიის ჩანერგვით.
29. როგორ ვიცნოთ სიტყვები
ადვილი შესამჩნევია, როგორ ცნობს არასასკოლო ასაკის ბავშვი ზოგიერთ დაწერილ სიტყვას. მაგალითად, ცნობილი პროდუქტის დასახელებას, რომელსაც ხშირად, ყოველდღიურად ნახულობს შინ თუ გარეთ, ციფრულად თუ პირისპირ… ეს უნარი, — ადამიანმა დეკოდირების (ასო-ასო ამოკითხვის) გარეშე დაიმახსოვროს და იცნოს დაწერილი სიტყვა, — ძლიერი საყრდენია, როგორც კითხვის სწავლის დასაწყისში, ასევე ზოგადად კითხვის პროცესშიც. კარგი იქნება, თუკი ჩვენც შევუწყობთ ბავშვებს ხელს ზოგიერთი დაწერილი სიტყვის დამახსოვრებაში.
წიგნის კითხვის დროს უნდა გამოვარჩიოთ ხოლმე ტექსტის მთავარი სიტყვები, რომლებიც ამასთანავე მარტივად დასაწერი და დასამახსოვრებელი იქნება. სიმარტივის უზრუნველსაყოფად სიტყვა უნდა იყოს მოკლე და შერჩეული სიტყვების რაოდენობაც — შეზღუდული. მაგალითად, ,,კომბლეს” კითხვისას შეიძლება შევარჩიოთ შემდეგი სიტყვები: კომბლე, კომბალი, ცხვარი, მელია, დათვი, მგელი. ცხადია, სიტყვების ცნობისთვის მისწრებაა ხოლმე წიგნის სათაურები, განსაკუთრებით მარტივი სათაურები: ,,კომბლე”, ,,სიზმარა”, ,,წიქარა”, ,,დიიიდი ნუნუ”…
როგორ ვითამაშოთ ამ სიტყვებით?
● პირველ რიგში, ზეპირად უნდა ვითამაშოთ (დამარცვლეთ, ბგერა-ბგერა ნათქვამი ამოიცნოს, პირველი ბგერის მიხედვით დაასახელოს…);
● უნდა დავწეროთ ფურცლებზე, გავაკრათ კედელზე და წავიკითხოთ ხოლმე ერთობლივად თითოეულ ბარათზე ხელის დადებით.
ამავე მიზნის მისაღწევად გავრცელებული აქტივობაა, როდესაც მშობლები საოჯახო ნივთებს აკრავენ ხოლმე მათს დასახელებიან ფურცლებს: კედელი, კარი, კარადა, მაცივარი, ტელევიზორი…
და ამავდროულად, ბავშვის სახელი — სასარგებლო და ბავშვისთვის შთამაგონებელია, თუკი ბავშვის დიდი ასოებით დაწერილი სახელი რამდენიმე ადგილზე გვექნება სახლში გაკრული. თუკი დავაკვირდებით, ბავშვი დიდი სიყვარულით გახედავს ხოლმე საკუთარ (აგრეთვე, დედის, მამის…) სახელს.

30. წერაც დავიწყოთ
— ჯერ ბავშვმა კითხვა არ იცის და წერა როგორ უნდა დავიწყოთ? — შეგვეკითხება დაეჭვებული მშობელი. მართალიც იქნება, წერა ხომ ერთ-ერთი კომპლექსური კომპეტენციაა ადამიანისთვის, რომლის სრულყოფა შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს და სკოლამდელ ასაკში წერის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე საუბარი?…
რასაკვირველია, ჩვენი, როგორც სკოლამდელი ასაკი ბავშვის მშობლის ვალდებულება არ არის მასწავლებლის ჩანაცვლება, წერას ბავშვი სკოლის პერიოდში ისწავლის, თუმცა გარკვეული საფუძველი, ნოყიერი ნიადაგი ჩვენც შეგვიძლია მოვამზადოთ.
როდესაც ბავშვთან ერთად ვხატავთ ან ბავშვს ვუხატავთ წაკითხული წიგნის მიხედვით რომელიმე პერსონაჟს ან სცენას, სასარგებლო იქნება, თუკი მივაწერთ ნახატებს ამ პერსონაჟების სახელებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ნახატებზე ჩვენი და, რაც მთავარია, ბავშვის სახელების მიწერა. თავისუფალი გზა უნდა მივცეთ და დავაწერინოთ კიდეც ბავშვებს — 3-4 წლის ასაკში ისინი ვითომ-ვითომ წერით ხვეულა ფიგურებს გამოიყვანენ, 5-6 წლის ასაკში კი უკვე საკუთარი სახელის დაწერასაც შეეცდებიან, მიამგვანებენ კიდეც…
ძალიან სასარგებლო იქნება, თუ საყვარელი ზღაპრის გაგრძელებას მოვიფიქრებთ და ბავშვის თვალწინ ფურცელზე ჩავწერთ (თან მოიფიქრებთ და თან ჩაწერთ). ამ დროს შეიძლება ცარიელი ფურცელი და ფანქარი ბავშვსაც მივცეთ და მანაც დაიწყოს წერა — არ უნდა მოერიდოს, რომ მან ჯერ წერა არ იცის. მთავარია, ერთობლივი წერის პროცესში იყოს ჩართული და თავისი ,,ნაწერიც” შექმნას. ამის შემდეგ ნამუშევრების ილუსტრირება კი ნამდვილად დაამშვენებს ჩვენს თხზულებებს, რომლებსაც სიამაყით გამოვაკრავთ მისაღებ თუ ბავშვის ოთახებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“