კვირა, აგვისტო 25, 2024
25 აგვისტო, კვირა, 2024

ვალდებულება და იმედგაცრუება

ჩვენს ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როდესაც რაიმე ახლის შესწავლის სურვილი გვიპყრობს, თუმცა უდროობის გამო ჩვენი ძალისხმევა უმეტესად მხოლოდ ზედაპირული ტექსტების კითხვით ან ვიდეოების ყურებით შემოიფარგლება. პერიოდულად შესაძლოა რაღაც ჩავინიშნოთ კიდეც.

თეორიულად ვიცით, რომ სწავლა დროს, შეუპოვრობას, მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ თუკი მოულოდნელად რაღაცის მიმართ ინტერესი გაგვიჩნდა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დავიწყეთ, არა მგონია, ამან დაგვსტრესოს. პირიქით, გვიხარია, რომ რაღაცამ ჩვენში ინტერესი გააღვივა, სიამოვნებით ვკითხულობთ და ვუყურებთ, ამიტომ დეტალებიც ბუნებრივად გვამახსოვრდება.

ინტერესების სფერო შესაძლოა შეგვეცვალოს; რაღაც მოგვწყინდეს, რაღაც ახალმა გაგვიტაცოს. ნებისმიერ შემთხვევაში, სწავლა და ახლის აღმოჩენა ყოველთვის სახალისო პროცესია და არა მგონია, რომელიმე ჩვენგანი დილით დასტრესილი იღვიძებდეს იმის გამო, რომ სურს, ოლიმპიადაზე, ტაროზე, ოთახის მცენარეებზე ან თუნდაც დინოზავრებზე მეტი შეიტყოს.

მაშ, რა გვემართება, როდესაც, მაგალითად, უცხო ენის სწავლას გადავწყვეტთ? რატომ აგვედევნება ხოლმე ვებერთელა სტრესის მონსტრი?

ვფიქრობ, ამის განცდა კიდევ ერთხელ გვაიძულებს, ჩვენი ბავშვობისკენ მივიხედოთ და თავი დავუკრათ ფსიქოლოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ახლანდელი ემოციების დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობაში მიღებული გამოცდილება განაპირობებს.

ერთხელ ჩემმა ზრდასრულმა მოსწავლემ მითხრა, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი დააპირებს, დაჯდეს და ინგლისური იმეცადინოს, შფოთვა იპყრობს. სჯერა, რომ როგორც არ უნდა მოინდომოს, არაფერი გამოუვა. თავდაპირველად, როცა ამ პრობლემას წავაწყდით, შევთავაზე, რომ დავალებებს არ მივცემდი. დავალება ერთგვარი პასუხისმგებლობაა და როცა ხვდები, რომ ვერ ასწრებ, შფოთავ. განსაზღვრულ ეტაპამდე ამან იმუშავა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც თავადვე უჩნდებოდა იმის სურვილი, რომ თავისუფალ დროს დამატებით ემეცადინა, ყოველ ჯერზე დასტრესილი და დემოტივირებული ასრულებდა მეცადინეობას.

ცხადია, დიდებს უკეთ გამოგვდის, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. პრობლემის პირველწყარო მალევე ვიპოვეთ მის ბავშვობაში, კერძოდ, მოსწავლეობის პერიოდში. ცხადია, ტრავმული ჭრილობების მოშუშება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ყოველგვარი ვითარებიდან არსებობს გამოსავალი: შევთავაზე, ინგლისურის სწავლაზე ისე ეფიქრა, როგორც ნებისმიერი სახის ინტერესის სფეროზე. ვუთხარი, დავალებების საწერად არ სწავლობ, გამოცდებისთვის არ სწავლობ, გინდა იცოდე მხოლოდ იმისთვის, რომ იცოდე. არავის წინაშე ვალდებულება არ გაქვს აღებული, არც ჩემ წინაშე, ზრდასრული ხარ და შეგიძლია, ამ პროცესს ისევე მიუდგე, როგორც, მაგალითად, ოთახის მცენარეების მოსავლელად საჭირო ინფორმაციის ძებნას. თუ ერთ დილით გავიღვიძე და უცებ აღმოვაჩინე, რომ მინდა, პლანეტებზე უფრო მეტი ვიცოდე და ინფორმაციის მოძიება და კითხვა დავიწყე, იმაზე ხომ არ ვიფიქრებ, ამდენ რამეს რა ისწავლის-მეთქი? რასაც შევძლებ, შევძლებ, რასაც დავიმახსოვრებ, დავიმახსოვრებ. ბოლოს და ბოლოს, მთავარი ხომ პროცესია! ის სასიამოვნო პროცესი, რომელიც სიახლეების აღმოჩენით და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მომენტებითაა სავსე! მაშ, რატომ არ შეიძლება, ენის სწავლასაც ასევე შევხედოთ? იმის გაგებას, როგორ მუშაობს ესა თუ ის ენა, რა თანმიმდევრობით ლაგდება წინადადების წევრები, სად დგას ზმნა, როგორ იცვლის ფორმას დროის ცვლილებასთან ერთად, როგორი იდიომებია და ა. შ.?

მოსწავლეს ვურჩიე, თავისუფალ დროს ისევე ეკითხა ან ეყურებინა ვიდეოებისთვის, როგორც ამას ვაკეთებთ სოციალური მეედიის თვალიერებისას და არ ეფიქრა იმაზე, რომ რამე უნდა დაისწავლოს და დაიზეპიროს.

ამგვარად სწავლის პროცესს ვალდებულების მომენტი ჩამოშორდება და ისეთი საშინელი აღარ მოგვეჩვენება.

თუმცა, მეორე მხრივ, საკითხი ასე მარტივად არ დგას; როგორ მოვიქცეთ მასწავლებლები, რომ ჩვენი მოსწავლეები მსგავს ტრავმებს ავარიდოთ?

ჩემი ზრდასრული მოსწავლე მომიყვა, რა ხდებოდა მის ბავშვობაში ინგლისურის გაკვეთილზე და მეტ-ნაკლებად ნათელი მოეფინა იმას, თუ რატომ სჯერა, რომ ვერ ისწავლის, რატომ უტევს შფოთვა, როცა სწავლას ცდილობს.

დავალებების სწორად შერჩევა რომ ძალიან ფაქიზი საკითხია, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. სწორედ დავალებები აძლევს სწავლას ვალდებულების ელფერს, რაც მოგვიანებით მოსწავლეებისთვის არასწორად ფორმულირდება: რაც სავალდებულოა, საძულველიცაა. მეორე მხრივ, რაკი უდავალებო და უგამოცდო ცხოვრებას ვერცერთ მოსწავლეს ვერ ვაჩუქებთ, სიფრთხილე გვმართებს ქებისას თუ გაკრიტიკებისას, თუნდაც კრიტიკა სამართლიანი იყოს.

იმედგაცრუება ბუნებრივი ადამიანური ემოციაა, რომელიც მეყსეულად გვეუფლება, როდესაც, მცდელობის მიუხედავად, შედეგს ვერ ვხედავთ; რას ვგრძნობთ, როდესაც ტესტის შედეგები ისეთი არ არის, როგორსაც მოველოდით? რას ვგრძნობთ, როდესაც მეორე დღეს აღმოვაჩენთ, რომ წინა დღეს მთელი ემოციებით ახსნილი ნახევარ კლასს არ ახსოვს? რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას. სწორედ ეს იმედგაცრუებაა ყველაზე მეტად დასამუშავებელი და გადასამალი. ბავშვებისგან ვსწავლობთ იმას, რომ დროის მონაკვეთი, როცა ჩვენი შრომის შედეგი უნდა ვიხილოთ, ყველა ბავშვისთვის განსხვავებულია, ინდივიდუალურია. იმავდროულად, სწორედ იმედგაცრუებაა ის, რასაც პირველივე წამებში გვატყობენ და რაც დაღს დაასვამს ნებისმიერი სახის პროგრესს, არა მხოლოდ ამ აკადემიურ წელს, არამედ წლების მერე, ზრდასრულობაშიც. მასწავლებელი იმედგაცრუებულია, ფიქრობენ ისინი, რაღაც არ გამომივიდა და ალბათ არც არასდროს გამომივა.

არადა ჩვენი ემოციები მხოლოდ ჩვენი პრობლემაა და შესაძლოა სულაც არ ვგულისხმობდეთ იმას, რაც მათ ჰგონიათ. შესაძლოა, მე იმედგაცრუებული ვიყო არა კლასის ან კონკრეტული მოსწავლის შედეგით, არამედ საკუთარი თავით, რადგან მივიჩნევდე, რომ მაქსიმუმი არ გავაკეთე. ეს ცალკე საკითხია და ჩემი, ზრდასრული ადამიანის საზრუნავია. თუმცა მოსწავლეებისთვის ეს მესიჯი სხვანაირად ინტერპრეტირდება. მით უმეტეს, როცა მასწავლებელი პირდაპირ ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, მაშინაც კი, როცა ცუდი განზრახვა არ აქვს და ცდილობს, უბრალოდ გულწრფელი იყოს.

მხოლოდ ემოციების კონტროლი, სიტყვებისა და დავალებების ფაქიზად შერჩევა აგვარიდებს თავიდან ისეთი თაობის აღზრდას, რომელსაც მერეც სურს რაღაც ახალი ისწავლოს, მაგრამ სკოლაში მიღებული გამოცდილების ფონზე ეს სურვილი სტრესის წყაროდ იქცევა მისთვის.

სწავლა მართლა სიბერემდეა. სკოლა და იქ გატარებული დრო კი პატარა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია დიდი სურათისა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კითხვის სტრატეგიები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“