ჩაცხრა, მინელდა სააბიტურიენტო ციებ-ცხელება.
აგვისტო ყოფილი და ახლანდელი აბიტურიენტებისთვის ათვლის ახალი წერტილია. ნულოვანი.
ყოფილები შვებით ამოისუნთქავენ – სწავლა-წვალების დატვირთული წელი უკან დარჩა. ნიშნები გამოცხადებულია. ახლანდელები ძალებს იკრებენ – სმენიათ, იციან, უნახავთ, ვინ არიან და როგორები არიან აბიტურიენტები. წინ რთული გზა ელით. სწავლა-წვალების ესტაფეტა, ამოღამებული თვალები, ჩამქრალი ცნობისმოყვარეობა, ანთებული ფორიაქი.
ჩვენი განათლების სისტემა, მეთოდოლოგია და პროგრამები რამდენიმე მიმართულებით მუშაობს წარმატებით, უტყუარად, შედეგიანად.
მაგალითად, ჩვენ ვახერხებთ და შემეცნების პროცესს ვაქცევთ შინაარსების კონსერვირებაზე ორიენტირებულ პროცესად.
ასევე კარგად გამოგვდის სპეციფიკური აკადემიური მიმართულებით მთელი ძალებისა და ენერგიის მიმართვა შემოქმედებითი, კრიტიკული და სოციალური უნარების დაჩლუნგებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის უგულებელყოფის ხარჯზე.
საუკეთესო შედეგები გვაქვს სტრესული გარემოს შექმნის მიმართულებით. უკვე სექტემბრიდან მოზარდები კარგა გვარიანად დატვირთული ცხრილისა და დღის განრიგის „ბედნიერი მფლობელები“ გახდებიან. მოსასწრები ხომ ბევრია.
ცნობისმოყვარეობის გაღვივება, სამყაროს მოწყობისა და არსის მიმართ ინტერესი, საკუთარი ინტერესების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვა, უმნიშვნელოვანესი სოციალური უნარების გავარჯიშება, ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა, შემეცნების სიხარული, საინტერესო საკითხავი და საფიქრალი, ნაფიქრის მოწესრიგება, არგუმენტირებული მსჯელობა, შემოქმედებითი აქტივობები, მოსმენილის გაგება, გააზრება და პოზიციის შეცვლაში გაწაფვა, როცა საპირწონედ მნიშვნელოვან კონტრარგუმენტაციას იღებ – ყველა ეს სიკეთე როგორღაც მნიშვნელობას კარგავს. სწავლა-წვალების ერთადერთ მიზეზად გამოცდებისთვის მომზადება რჩება.
მთავარი კითხვა სააბიტურო წლის განმავლობაში არის – ეს გამოცდაზე შეგხვდება? საგამოცდო საკითხია? ეს მოგვივა გამოცდაზე?
სამწუხაროდ, სწავლის სურვილის „აღმძვრელ“ უმთავრეს მოტივატორად სწორედ ეროვნული გამოცდები იქცევა. სწავლას შემეცნებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის ჩაენაცვლება სწავლა საგამოცდო საკითხების დასაზუთხად.
წერილში ამჯერად მოტივაციაზე ვისაუბრებ.
წიგნში„ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის“ მოტივაცია განისაზღვრება, როგორც ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი.
„რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად არიან – შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. მოსწავლის სასწავლო აქტივობები შეიძლება განპირობებული იყოს მისი შინაგანი და გარეგანი მოტივაციით. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო.
გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისათვის მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსისმოპოვება და ა.შ.) ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლისთვის არ იყოს საინტერესო. ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი…მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა.
ამრიგად მოსწავლის სასწავლო აქტივობას განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია“.
როგორც ხდება ხოლმე, წიგნებში თავმოყრილი თეორიების სიმწყობრე საკლასო ოთახის კარს იქით ვერ აღწევს. მასწავლებლებმა და მშობლებმა ვიცით – საქმე ასე მარტივად არაა. საქმე გაცილებით რთულად და განსხვავებულადაა.
პირველ რიგში, დანამდვილებით იმის თქმა შეიძლება, რომ მთელი სასწავლო წლის სამყოფი „შინაგანი მოტივაცია“ ბუნებაში არ არსებობს.
ამასთან – კარგადაა განსასაზღვრი, რას ვგულისხმობთ კონკრეტულად „შინაგან მოტივაციაში“. ამ სიტყვათშეთანხმების წარმოთქმისას სწავლის სურვილით ანთებულ თვალებგაფართოებულ მოსწავლეს წარმოვიდგენთ, რომელიც მზადაა გადააბულბულოს სახელმძღვანელოს შესაბამისი პარაგრაფი. ზედმიწევნით და დიდი სიხარულით შეასრულოს საშინაო წერითი დავალება, ხელაწეული და მიღებული ცოდნის გაზიარების სურვილით ანთებული გამოცხადდეს საკლასო ოთახში. გასაგებია, რომ არარეალური მოლოდინისა და ილუზიის ნაზავთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე რეალურ მოსწავლესთან.
როგორ „გამოიყურება“ მოტივაცია სასწავლო წლის სხვადასხვა პერიოდში და როგორ ვლინდება ის?
განსხვავებულად. მრავალფეროვნად.
ჩემი დაკვირვებით, მოტივაცია, ანუ სასწავლო ქცევის განსახორციელებლად საჭირო, მნიშვნელოვანი სურვილი, მონდომება, იცვლება დროისა და პირობების შესაბამისად. რაღაც ეტაპზე ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის მიღწევა (მასწავლებელმა დააინტერესა მოსწავლე), მისი ხათრი ან პატივისცემა, „ჩაფლავების“ შიში, სხვებზე უკეთ რაღაცის გაკეთების ჟინი, მეგობრებისა და თანატოლების მაგალითი, დედმამიშვილის მიღწევის გამეორების სურვილი, მშობლებზე შთაბეჭდილების მოხდენა, მასწავლებელზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი, საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცება ( აი, შემძლებია!), ინტერესი საკითხისა თუ საგნისადმი, დაუოკებელი სურვილი, თავი გაგანებონ და მოგეშვან, რაიმე სარგებელი, მატერიალური ნივთი (კარგად ისწავლი – ახალ ტელეფონს მიიღებ) და ა.შ.
მოტივაცია ჩნდება, ქრება, ღვივდება, ძლიერდება, ნავლდება, გარდაიქმნება, სუსტდება.
მოტივაცია შეიძლება იყოს და არც იყოს. რაც დაზუსტებით შეიძლება ითქვას – ის ვერ იქნება „წლიური მამოძრავებელი“.
არსებობს სამი უტყუარი ხერხი მოტივაციის სრულად ჩასახშობად და გასაქრობად. ამ ჩამონათვალიდან თუნდაც ერთ-ერთის სისტემატურად ან ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, მშობლებსა და მასწავლებლებს შეგვიძლია მოტივაცია ჩავახშოთ სამუდამოდ, დანამდვილებით, უკუქცევადად.
აი, ჩამონათვალი:
- კრიტიკა
- შეურაცხყოფა/დამცირება
- გაუფასურება
„არასწორად აკეთებ“, „შენი ნამუშევარი არ ვარგა!“, „ასე ეს საქმე არ კეთდება!“ – კრიტიკული მიდგომა, კრიტიკული აზროვნება, კრიტიკა ზოგადად – სასარგებლო რამეა. კრიტიკა მოტივაციის ასამაღლებლად – ნონსენსია. შესრულებული საშინაო დავალების შემოწმება აქ არ იგულისხმება, რასაკვირველია. კრიტიკა, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ ან წარუმატებელ გამოცდილებას წარმოაჩენს, სასიკეთო ვერ იქნება.
შეურაცხყოფასა და დამცირებაზე რა უნდა ითქვას – პირის პატივისა და ღირსების შელახვა კანონითაც აკრძალულია და სოციალურადაც მიუღებელი ქმედებაა.
გაუფასურებად უნდა ჩაითვალოს მსგავსი ტიპის გამონათქვამები „საკმარისად არ ინდომებ“, „რამ დაგღალა, ერთი საათია რაც მეცადინეობ!“, „სხვები ახერხებენ და მეცადინეობენ, შენზე მეტს აკეთებენ. მეტი გმართებს!“. გამაუფასურებელი შეძახილებით ამაღლებული მოტივაცია ბუნებაში არ არსებობს.
როგორ დავეხმაროთ მოზარდებს, აბიტურიენტებს ამ რთული პერიოდის გადაგორებაში?
გავითავისოთ:
- მოტივაცია არ არის და ვერ იქნება სასწავლო წლის განმავლობაში მუდმივი მამოძრავებელი;
- დავეხმაროთ თვითდისციპლინისა და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში;
- ყურადღება გავამახვილებიოთ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეზე – ყოველდღიური ვარჯიში, მოძრაობა, დიდხანს ჯდომის შემდეგ კუნთების ამუშავება – უმნიშვნელოვანესია. ადამიანის ორგანიზმი არაა შექმნილი მოკუნტული ჯდომისთვის.
- ისედაც სტრესულ გარემოში დამატებით სტრესფაქორად არ ვუქციოთ სწავლების პროცესი. სწავლა მუდმივი წვალება არაა. სწავლა შემეცნების სიხარულის მომნიჭებელი აქტივობაცაა. როგორღაც ეს ბალანსი მისაღწევია.
- წაახალისეთ არაფორმალური საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები. წრეები ინტერესების მიხედვით, კინოკლუბი, საინტერესო/სახალისო თამაშების ორგანიზება, ბუნებაში ლაშქრობა, ფეხით სეირნობა.
- არ დატვირთოთ მოზარდები ისე, რომ თავისუფალი დროის დეფიციტი შეექმნათ. აკონტროლეთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფიზიკური ჯანმრთელობა. ხშირი თავის ტკივილი, ოფთალმოლოგიური პრობლემები, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აპათია, დეპრესიული ფონი, უხასიათობა ხშირადაა ხოლმე ზღვარგადასული, არაჰიგიენური დღის რეჟიმის შედეგი.
წელს სწორედ მე-12 კლასი მყავდა. როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო დაკვირვებების მოწმე გავხდი.
ერთი მოსწავლის ამბავს გაგიზიარებთ. მოსწავლისა, რომელსაც ჯამში ერთი საათიც არ ექნება წლის განმავლობაში ნამუშევარი კონკრეტულად „სააბიტურო“ მიმართულებით. მე ქართულს ვასწავლი. საგანში საგანგებოდ ეროვნული გამოცდის ფორმატში არც თემა დაუწერია, არც საპროგრამო თხზულებების დამუშავებით შეუწუხებია თავი. ამის ნაცვლად, დაკავებული იყო მისთვის საინტერესო ტექსტების კითხვით. გაკვეთილებზე ყურადღებითა და ინტერესით ისმენდა მასალას. ზოგჯერ – თავისას კითხულობდა. ერთვებოდა ან არ ერთვებოდა. ბევრს ვმსჯელობდით და ვსაუბრობდით მის მიმართებებსა და მოსაზრებებზე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მანგებისა და კომიქსების დიდი მოყვარული გახლავთ და საფუძვლიანად გამიმდიდრა პერსონაჟთა გალერეა საინტერესო გმირებით. მაცნობდა და მიხასიათებდა თავის საყვარელ გმირებს. ასაბუთებდა, რატომ მოსწონდა ეს გმირი, როგორ ვითარდებოდა გმირი ტექსტის კვალდაკვალ. ნიჭიერი და საზრიანი ახალგაზრდაა, ზომიერად ინტერესდებოდა ხოლმე მხატვრული საშუალებებით. უფრო იმიტომ, რომ კითხვისას უკეთ აღექვა წაკითული/ნანახი. სკოლის გაკვეთილებზე შესასრულებელი დავალებების მინიმუმით კმაყოფილდებოდა. წელი საინტერესოდ ჩავლილად შეაფასა, რადგან ელექტრონული მუსიკის თეორიასა და კეთებაში გაიწაფა. ამ ეტაპზე მას განსაზღვრული აქვს სამომავლო პროფესია, იცის რისი კეთება უნდა და სიამოვნებს. აქვს საკუთარი თავის იმედი – რაც დააინტერესებს, იმას აუცილებლად შეისწავლის. პროფესია ერთხელ და სამუდამოდ მისჯილ ცხოვრებისეულ განაჩენად არ მიაჩნია. მთელი წელი დაკავებული იყო ფიზიკური აქტივობებით. მისი საქმიანობის (უკვე პროფესიული საქმიანობის) მიმართულება მუდმივ ფიზიკურ აქტიურობასთანაა დაკავშირებული.
უნივესიტეტში ჩასაბარებელი გამოცდები ჩააბარა ყოველგვარი ღელვის გარეშე.
მიიღო მაღალი ქულები.
რატომ მოვისურვე ამის ასე ვრცლად გადმოცემა?
მხოლოდ და მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ სახეობაში „აბიტურიენტი“ გარდა თვალებამოღამებული, სწავლით დათრგუნული წარმომადგენლებისა არსებობენ ასეთებიც.
თუ ვინმე შიშითა და ძრწოლით უყურებს გასავლელ გზას, იცოდეს – ასეთი ალტერნატიული მოდელიც არსებობს – სწავლობ ინტერესით. ისმენ. ერთვები. გამოერთვები. კვლავ მიუბრუნდები. ჩაუღრმავდები. კითხულობ. სვამ კითხვებს. იღებ პასუხებს. აანალიზებ. მუშაობ საკუთარ თავზე. შემოკრებ თანამოაზრეებს. მეცადინეობთ ერთად. ცალ-ცალკე. შესვენებებით. ზრუნავ ჯანმრთელობაზე. ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას აბალანსებ. აღწევ წარმატებას. სწავლობ წარუმატებლობის შედეგად მიღებული გამოცდილებითაც. სწავლობ შემეცნებისთვის და არა სწორი პასუხის შემოსახაზად, აზროვნებ ინტერესით და არა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად და კრიტერიუმში გაწერილი „სრული ქულის“ ასაღებად.