კვირა, აგვისტო 25, 2024
25 აგვისტო, კვირა, 2024

ეროვნული გამოცდა და პროგრამული ცვლილებები ქართულში

ვინც ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას საშუალო საფეხურზე, აუცილებლად შეამჩნევდა პროგრამულ ცვლილებებს.

სახელმძღვანელოებზე მუშაობის პროცესში ავტორები ვხელმძღვანელობდით საშუალო საფეხურის შეცვლილი სტანდარტით  (ამჟამად ეს დოკუმენტი „კარი II – საგნობრივი სასწავლო გეგმები – ზოგადი ნაწილი და სტანდარტები“  ხელმისაწვდომია განათლების სამინისტროს ვებსაიტზე. სტატიაზე მუშაობისას ჩამოსატვირთი ბმული აქტიურია).

ეროვნული სასწავლო გეგმა 2005 წელს შეიქმნა. 2006 წლიდან დაიწყო მისი დანერგვა. ამას მოჰყვა მეორე, 2011-2016 წლების სასწავლო გეგმა.  აღსანიშნავია, რომ ესგ-ის პირველ რედაქციაში სავალდებულო ლიტერატურა დასახელებული არ ყოფილა, მოცემული იყო მხოლოდ რეკომენდებულ მწერალთა საკმაოდ გრძელი სია. 2011-2016 წლების სასწავლო გეგმაში კი წარმოდგენილია სავალდებულო ნაწარმოებთა ჩამონათვალი.

დღესდღეობით საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმაში გაწერილია სავალდებულო საპროგრამო ჩამონათვალი (ავტორები, ტექსტები და მონაკვეთები), ასევე განსაზღვრულია სასწავლო შინაარსი, თუმცა  რედაქცია წინა ორთან შედარებით მეტად თავისუფალია და ეს ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად სასიკეთოა. მაგალითად, ძალიან დატვირთული და რთული აქამდე მე-10 კლასის პროგრამა იყო. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შესასწავლი გახლდათ სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტი, „ვეფხისტყაოსანი“, „სიბრძნე-სიცრუისა“ და ამონარიდები „დავითიანიდან“. განახლებულ, ბოლო რედაქციაში ჰაგიოგრაფიული ტექსტების შემდეგ გვაქვს მითითება – სულ მცირე, ორი ჰაგიოგრაფიული თხზულება. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელს შეუძლია კლასის ინტერესების გათვალისწინებით

შეარჩიოს ორი ტექსტი და დრო დაუთმოს მათ საფუძვლიან შესწავლას.

ეროვნული სასწავლო გეგმა დროში განსაზღვრული დოკუმენტია. მისი მოქმედების ვადა წინასწარ განისაზღვრება და ვადის ამოწურვის შემდეგ მნიშვნელოვანია რევიზია, კვლევა – რამდენად ხერხდება მოცემული საათობრივი დატვირთვის პირობებში სტანდარტში გაწერილი მიზნებისა მიღწევა, რა შედეგებზე გადიან მოსწავლეები, რამდენადაა გათვალისწინებული მათი ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები, რამდენად ერგება თანადროულობას მოცემული სასწავლო გეგმები, მეთოდოლოგია, სწავლების პრინციპები.

საინტერესოა, რა ნაბიჯებია დაგეგმილი ესგ-ს მესამე რედაქციის ვადის ამოწურვის შემდეგ და რა ცვლილებების განხორციელებაა მოსალოდნელი.

ამ დროისთვის სავალდებულო ნაწარმოებების სია ასეთია:

სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალი

  1. იაკობ ხუცესი – „შუშანიკის წამება“;
  2. იოვანე საბანისძე – „აბოს წამება“ (I-III თავები);
  3. გიორგი მერჩულე – „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (მითითებული სახით. იხ. დანართი);

სულ მცირე, ორი ჰაგიოგრაფიული თხზულება.

  1. შოთა რუსთველი – „ვეფხისტყაოსანი“: „დასაწყისიდან“ „ტარიელის თათბირის“ ჩათვლით; „დასასრული“;
  2. სულხან-საბა ორბელიანი – „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“: ლეონის თავგადასავალი;
  3. დავით გურამიშვილი – „დავითიანი“: ,,ქართლის ჭირი“ (ისტორიული ნარატივი);
  4. გრიგოლ ორბელიანი – „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“;
  5. ნიკოლოზ ბარათაშვილი – „მერანი“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“;
  6. ილია ჭავჭავაძე – „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“, „კაცია-ადამიანი?!“;
  7. აკაკი წერეთელი – „გამზრდელი“;
  8. ვაჟა-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“;
  9. დავით კლდიაშვილი – „სამანიშვილის დედინაცვალი“;
  10. ტიციან ტაბიძე – „ლექსი მეწყერი“, „ანანურთან“;
  11. მიხეილ ჯავახიშვილი – ,,ჯაყოს ხიზნები’’;
  12. ნ. ლორთქიფანიძე – „შელოცვა რადიოთი“;
  13. ლეო ქიაჩელი – „ჰაკი აძბა“;
  14. გალაკტიონ ტაბიძე – „თოვლი“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შერიგება“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „ქებათა-ქება ნიკორწმინდას“;
  15. გიორგი ლეონიძე – „ყივჩაღის პაემანი“;
  16. კონსტანტინე გამსახურდია – „დიდოსტატის მარჯვენა“;
  17. გურამ რჩეულიშვილი – სულ მცირე, ერთი თხზულება;
  18. ჯემალ ქარჩხაძე – სულ მცირე, ერთი თხზულება;
  19. ოთარ ჭილაძე – სულ მცირე, ერთი თხზულება;
  20. გურამ დოჩანაშვილი – სულ მცირე, ერთი თხზულება.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები დამეთანხმებიან, რომ საათობრივი ბადით საგნისთვის გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი ამ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების სტანდარტთან შესაბამისად დასამუშავებლად. ამაზე ხშირად გვისაუბრია, არაერთი წერილიც დაიწერა და დისკუსიებისა და ღია მსჯელობის დროს ეს მუდმივი განხილვის საგანია. მართალია, განახლებული სია ოდნავ შემსუბუქებულია, მაგრამ არსებით ცვლილებას ეს არ წარმოქმნის.

უნდა ითქვას ისიც, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი შეჩერდა. ავტორებს არ მიეცათ საშუალება, დაესრულებინათ სახელმძღვანელების ხაზი და განახლებული პროგრამის თანახმად შეედგინათ მასალა,  ამიტომ წლევანდელი დამამთავრებელი კლასი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლის. სტანდარტი და პროცესი ამ შემთხვევაში ერთმანეთს აცდენილი იქნება.

აქ საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

როგორც წესი, ეროვნული გამოცდების პროგრამა ემთხვევა ხოლმე სასწავლო გეგმაში გაწერილ პროგრამას.

ჩნდება კითხვა – თუკი მასწავლებლები კლასებში იყენებდნენ განახლებული პროგრამით შედგენილ სახელმძღვანელოებს და ასევე დოკუმენტში გაწერილი დაშვების თანახმად დაამუშავეს მაგალითად, „სულ მცირე, ორი ჰაგიოგრაფიული თხზულება“,  როგორ გადაწყდება ეს საკითხი ეროვნული გამოცდების ტესტების შედგენისას? მოსწავლეს წარედგინება სამივე ჰაგიოგრაფიული ტექსტის მიხედვით შედგენილი ტესტი/დასაწერი თხზულება და ის აარჩევს ერთ-ერთს თუ ჰაგიოგრაფიული ტექსტები არ შეხვდებათ ეროვნულებზე?

საინტერესოა, მონიშნული აქვს თუ არა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის საგნის ჯგუფს ეს საკითხი, როგორც აუცილებლად გასათვალისწინებელი?

ასევე აქტუალურია კითხვები:

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქართულის გამოცდის ფორმატში?

წლევანდელმა გამოცდილებამ კვლავ გამოავლინა, რომ თხზულებების წერისას აბიტურიენტები იყენებენ გარკვეულ სააზროვნო შაბლონს, წინასწარ გაწერილ „რეცეპტს“, თემები დაშტამპულია, საგნობრივი კომპეტენციების გამოვლენა მწირად ხერხდება.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს იმაში, რომ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების თავისუფლად, შემოქმედებითად, საინტერესოდ გამოვლენა და არა წინასწარ შედგენილი შტამპის მიხედვით წერა? იგივე შეიძლება ითქვას დასარედაქტირებელი ტექსტების შესახებაც. წინა გამოცდებზე გამოყენებული 10 ტექსტის რედაქტირება საკმარისია იმ ალგორითმის ამოსაცნობად და დასასწავლად, რაც რედაქტირებისთვისაა საკმარისი. იგეგმება თუ არა სიახლე და ამ საგამოცდო საკითხის გადახალისება?

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ქართულის ჯგუფი პერიოდულად ცვლის საგამოცდო ფორმატს. რამდენიმე წლის განმავლობაში წაკითხულის გასააზრებელი დახურული კითხვარი ტექსტებს არ ახლდა. ბოლო წლებში ისევ დაემატა. შეიცვალა თხზულების სტილი და კრიტერიუმებიც. შერჩეული არასაპროგრამო ტექსტები და თხზულებების სათაურები უმეტესწილად საინტერესოა, აბიტურიენტს ეძლევა შესაძლებლობა, გამოავლინოს შესაძლებლობები.

ახლაც – მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ მოლოდინი, რომ ჯგუფი საგულისხმო სიახლეებს დროულად გააცხადებს, გამოიჩენს სიფხიზლეს შეცვლილ პროგრამასთან დაკავშირებით და გამოაქვეყნებს განახლებულ საგამოცდო პროგრამას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კითხვის სტრატეგიები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“