კვირა, აგვისტო 25, 2024
25 აგვისტო, კვირა, 2024

სიმწვანე ქალაქში: რატომ არის აუცილებელი ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება?

პარკი ქალაქში ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტია, რადგან იქ მისვლა და ბუნების სიკეთეებთ ტკბობა ერთნაირად შესაძებელია მდიდრისა და ღარიბის, ახალგაზრდისა და მოხუცის, ჯანმრთელისა და ავადმყოფისათვის“.

ფრედერიკ ლო ოლმსტედი,

(ლანდშაფტის დიზაინერი და არქიტექტორი,

ქ. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის შემოქმედი და პროექტის ავტორი)

დღეს სამეცნიერო განხილვა და კამათი ხე-მცენარეებისა და ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის შესახებ ყველა შესაძლებელ დონეზე მიმდინარეობს – ქალაქებში, ქვეყნებში, აკადემიურ ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებზე თუ გაეროს ან ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით. მიუხედავად „ურბანული ბუნების“ თემატიკის მრავალფეროვნებისა, კომპლექსურობისა და მრავალგანზომილებიანობისა, ამ სფეროში მომუშავე მეცნიერთა და პრაქტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება რამდენიმე მთავარ საკითხზე, რომლებიც ყველაზე კარგად აღწერენ ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და მის ღირებულებას, ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურისა და ხე-მცენარეების გარემოსდაცვითი სიკეთეები

  1. ჰაერის ხარისხი: ხეები მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი ფილტრები და შთანთქავენ ჰაერში არსებულ დამაბინძურებელ, ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის მქონე ნივთიერებებს: აზოტის ორჟანგს, გოგირდოვან ოქსიდებს, მიწისზედა ოზონს(O3) და რაც მთავარია, ფილტვებისთვის ყველაზე დამაზიანებელ სახიფათო, უხილავ მყარ ნაწილაკებს (ე.წ. particulate matter PM₁₀, და PM₂.₅), 10 მიკრონზე ნაკლები ზომის (მიკრონი, მიკრომეტრი, μm – 0.001 მმ) ჰაერში არსებული მყარ ნაწილაკებს, რომლებიც მოიცავენ მრავალგვარი შემადგენლობის (ნიტრატები, სულფატები, ორგანული ნივთიერებები, მეტალები, ნიადაგი, მტვერი,ალერგენები, სპორები, ჭვარტლი, სხვა) მყარ და თხევად ნაწილაკებს.
  2. ტემპერატურის რეგულაცია: ქალაქებში არსებული მწვანე ნარგავები ხელს უწყობენ ურბანული „სიცხის კუნძულის“ ეფექტის შერბილებას. განმარტება: ტერმინი „სიცხის კუნძული“, ან „ურბანული თბური კუნძული“, ინგლ. Urban heat island“, აღწერს მოვლენას, როდესაც ტემპერატურა ქალაქის განაშენიანებულ ადგილებში, იქ არსებული ბეტონის, ასფალტის, პლასტმასის, შემინული ზედაპირებისა და სხვა სითბოტევადი მასალების გამო, უფრო მაღალია, ვიდრე ახლო მდებარე არაურბანულ ტერიტორიებზე. ხეები იძლევიან ჩრდილს და ჰაერში უშვებენ ხეებში არსებულ წყალს, ტრანსპირაციის პროცესის მეშვეობით. ყველაფერი ეს საგრძნობლად ამცირებს ტემპერატურას ხეების ქვეშ და სასიამოვნოს ხდის ქალაქში ყოფნას, ცხელი დღის პირობებშიც კი.
  3. ბიომრავალფეროვნება/ჰაბიტატების ჩამოყალიბება: ქალაქებში არსებული მწვანე სივრცეები და ხეები ხელს უწყობენ ბუნების მრავალფეროვნებას. კერძოდ, ისინი საცხოვრებლად შესაფერის გარემოს (ჰაბიტატს) ქმნიან სხვადასხვა სახეობის ფრინველების, მწერებისა და ველური ბუნების სხვა მცხოვრებთათვის. ჰაბიტატებისა და ბიოლოგიური სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების არსებობა ხელს უწყობს სისტემის ეკოლოგიურ სიჯანსაღესა და აუმჯობებსებს საცხოვრებელ პირობებს ქალაქებში.

ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა:

  1. ფსიქიკური ჯანმრთელობა: მწვანე და ბუნებრივ გარემოში ყოფნა დადებითად მოქმედებს ადამიანზე. სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ მწვანე გარემო ამცირებს სტრესს, დადებითად მოქმედებს გაწყობაზე და მთლიანობაში, ხელს უწყობს ჯანმრთელ ფსიქიკურ მდგომარეობას. ქალაქში არსებული პარკები, მწვანე ხეივნები თუ კორიდორები დადებითად მოქმედებენ ადამიანზე და ხელს უწყობენ მის რელაქსაციას.
  2. ფიზიკური ჯანმრთელობა: ქალაქების მწვანე ინფრასტრუქტურა წაახალისებს პარკში მოსეირნე ადამიანს ფიზიკური აქტივობისკენ და სთავაზობს მას სივრცეებს სიარულისთვის, სირბილისათვის და ზოგადად, უბიძგებს ადამიანს სპორტული აქტივობებისკენ. პარკებში დროის გატარება ხელს უწყობს ადამიანთა შორის სოციალურ ურთიერთობას, საუბარს, დროის ერთად გატარებას მწვანე გარემოში, რაც ერთობლივად და ცალ-ცალკე, დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და მენტალურ მდგომარეობაზე.

ეკონომიკური სარგებელი და მნიშვნელობა:

  1. ქონების ფასი და ღირებულება: მწვანე სივრცეებთან ახლოს მდებარე სახლების ან საცხოვრებელი კორპუსების ფასი (ყველგან, გამონაკლისის გარეშე) უფრო მაღალია, ვიდრე სხვაგან. პარკებთან და მწვანე სივრცეების მიმდებარედ უძრავი ქონების ფასები, გლობალური კვლევების მიხედვით (Crompton, 2001), სულ მცირე 10-20%-ით მაღალია. ჯამურად, „ახლო მდებარეობის“ ეფექტი, პირდაპირ აისახება უბნის ლოკალურ ეკონომიკაზე, რადგან „ძვირიანი“ ქონების მფლობელნი, ქონების გადასახადსაც მეტს იხდიან, რაც დამატებითი დადებითი ფაქტორია ეკონომიკის ზრდისთვის. ნიუ-იორკულ მანჰეტენზე არსებული გაუქმებული მეტროს ხაზის ტერიტორიამ, ე.წ. High-line-ის გამწვანებით, ათასობით ახალი დამთვალიერებელი და ტურისტი მიიზიდა, რაც დადებითად აისახა ადგილობრივ ეკონომიკაზე. მეტიც, „ჰაილაინ“ პარკის მახლობლად, უძრავი ქონებისა და საცხოვრებელი ბინების ფასებმა მატება დაიწყო და თითქმის 10%-ით გაძვირდა (!), მანჰეტენის ვესტ-საიდის ეს ერთ დროს დეპრესიული, პოსტ-ინდუსტრიული რაიონი, დღეს ერთ-ერთ პოპულარულ და საკმაოდ ძვირიან ადგილად ითვლება. როგორც ერთ-ერთი ნიუ-იორკულ გამოცემა წერს, „უძრავი ქონების ფასების ზრდის ნიშნულმა მოლოდინს გადააჭარბა. კონდომინიუმის ფასები $2000-3000 დოლარამდე გაიზარდა (ერთი კვადრატულ ფუტისთვის), მაშინ, როდესაც ეს ფასი ადრე $1000 ვერ აღწევდა“, ამბობს სტივენ კლიგერმანი, ერთ-ერთი ნიუ-იორკული უძრავი ქონების ფირმის თანამშრომელი (www.mansionglobal.com, 06.08.2016).

ინფორმაცია: High Line/ჰაი-ლაინი — 2.33კმ. სიგრძის აწეული გაუქმებული რკინიგზის ხაზი; დღეს, სასეირნო, გამწვანებული სივრცე (პრომენადი) ნიუ-იორკში, მანჰეტენის უბანში, ქვემო უესტ საიდის გასწვრივ (გრინიჩ-ვილიჯის, დასავლეთ ჩელსის და ჰადსონ-იარდის უბნებში), მიწის ზედაპირიდან დაახლ. 10მ-ის სიმაღლეზე. აიგო 1930-იან წლებში ნიუ-იორკ ცენტრალ რეილროუდისთვის და 1980-იან წლებამდე რკინიგზის ფუნქციას ასრულებდა.

  1. ხარჯების შემცირება და ეკონომია: როგორც ურბანული გამოცდილება გვიჩვენებს, მწვანე ნარგავებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ქალაქის ბიუჯეტის სახარჯო ნაწილი სანიაღვრე ინფრასტრუქტურის, ნიაღვრული წყლების მართვისა და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მოცულობების შემცირებით. გამჭოლი ზედაპირების ფართობის ზრდა ქალაქებში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წვიმის წყლის ინფილტრაციას ნიადაგში, მის შთანთქმას ნიადაგისა და ხე-მცენარეების მიერ. ზოგადად, ღია გრუნტსა და გამჭოლ ზედაპირს შეუძლია წვიმის წყლის 60-დან 80%-მდე შთანთქმა – ეს კი პირდაპირი ეფექტია ქალაქის ძვირადღირებულ, ხშირად მიწისქვეშა სანიაღვრე ინფრასტრუქტურაზე „დაწოლის“ შესამცირებლად. ქ. ბერლინის სტრატეგიული განვითარების გეგმა პირდაპირ აღნიშნავს, რომ ბერლინი აპირებს ქალაში არსებული წყალგაუმტარი, „დახშული“ ზედაპირების (სახლები, ქუჩები, სხვა არაგამჭოლი ზედაპირები) ფართობის შემცირებასა და მწვანე ნარგავების რაოდენობის გაზრდას, სულ მცირე, წელიწადში 3,300 ახალი ხის დარგვითა და „დახშული“ ზედაპირების გამოთავისუფლებით. გარდა წყლის ნიაღვრული ნაკადების მოცულობის შემცირებისა, წყლის მასის ოპტიმალური მართვა ქალაქში მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის იმ ხარჯებს, რომლებიც ხელს უწყობს წყლის ინფრასტრუქტურული ნაგებობების (სატუმბი სადგურები, სანიაღვრე-საქაჩი სადგურები, სხვა) ფუნქციონირებას.

კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილება (მიტიგაცია)

  1. წყალდიდობების მართვა და მათი ზემოქმედების შერბილება: ხეებსა და სხვა მწვანე ნარგავებს ქალაქისათვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, სანიაღვრო წყლების შთანთქმით, ინფილტრაციითა და შედეგად, ნიაღვრული წყლის მოცულობის შემცირებით. ეს არა მხოლოდ ამცირებს წყალდიდობის, ან წყალმოვარდნის დროს ქალაქის კონტურში მოსული წყლის მოცულობას, არამედ მნიშვნელოვნად არბილებს ზეწოლას ურბანულ სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემებზე, სტიქიური მოვლენების დროს (თავსხმა წვიმები, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყრული მოვლენებით გამოწვეული ჰიდროლოგიური კატასტროფები, სხვა).

თბილისელებისთვის ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ჩვენში ჯერ კიდევ არ განელებულა ის ტკივილი, რომელიც 2015 წლის ივნისის მოვლენებმა გამოიწვია – თბილისსა და მის გარეუბნებში 13 ივნისს მოსულმა თავსხმა წვიმამ, რომელსაც მდ. ვერეზე დამანგრეველი წყალმოვარდნა მოჰყვა, მთლიანად გაანადგურა ვერეს ხეობაში მდებარე თბილისის ზოოლოგიური პარკი. წყალდიდობას ადამიანთა და ზოოპარკის ცხოველების მსხვერპლიც მოჰყვა. ეს ტრაგიკული მაგალითი წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ მცენარეული საფრის უკონტროლო ჭრას, სხვადასხვა მიზნით მის უგულებელყოფას, სავალალო შედეგები მოჰყვება-ხოლმე. მსგავსი შემთხვევაა მდ. ვერეს ხეობაში 2009 წელს გაყვანილი ახალი მაგისტრალი (ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილი), რომლის მშენებლობამ იქ არსებული 700-ზე მეტი ხე შეიწირა. სამწუხაროდ, სხვა, ბუნებრივ თუ ხელოვნურად წარმოქმნილ მიზეზებთან ერთად, მიზეზებთან ერთად, მაგისტრალის გაყვანას კატასტროფული შედეგი მოჰყვა (როგორც ეს უკვე 2015 წლის წყალმოვარდნამ აჩვენა). მაგისტრალის მშენებლობამ და იქ არსებული ბუნებრივი ეკოსისტემაში უხეშად ჩარევამ, მნიშვნელოვნად გააუარესა და დაარღვია მდ. ვერეს ხეობის მთელი რიგი ეკოსისტემური მაჩვენებლები: ხეობის ჰიდროლოგიური რეჟიმი, წყლის ტემპერატურული რეჟიმი, მდინარის ხეობის ბუნებრივი ჭალის მიერ წყლის დონის კონტროლი და მცენარეების მიერ ნიაღვრული წყლების შთანთქმის შესაძლებლობები (მელქაძე, 2012). კანადელი მკვლევარი-ანთროპოლოგი, პოლ მენინგი თავის საჯარო ლექციაში აღნიშნავს რომ თბილისი, „მისი დაარსების დროს მწვანე [ადგილი] იყო, თუმცა ისტორიის უკუღმართობით, ის ტყეები, რომლებიც ერთ დროს თბილისის ტერიტორიას ფარავდნენ ან გადაწვეს, ან მოჭრეს“. მკვლევარი განსაკუთრებით უსვამს ხაზს მე-18 საუკუნეში, დამპყრობელთა მიერ, საქართველოს მეფეებისა და დიდებულების მიერ თბილისში გაშენებული ბაღების განადგურებას.

  1. ხე-მცენარეების მიერ ნახშირბადის ჰაერიდან სეკვესტრირება და მისი შთანთქმა-შენახვა ხეების სხეულში: ნახშირბადის (C) ჰაერიდან სეკვესტრაცია (შთანთქმა) წარმოადგენს ატმოსფეროდან ნახშირბადის შთანთქმისა და ხე-მცენარეების სხეულში დაგროვების პროცესს. ურბანული ტყეების მიერ, წლის განმავლობაში, ატმოსფერული ჰაერიდან ნახშირბადის შთანთქმული (სეკვესტრირებული) რაოდენობა „წითელ ბაღსა“ და „ექსპო ჯორჯიას“ პარკში შეადგენდა 4.6 და 4.7 ტონას (ლ. ალფაიძე, 2022).

ამავე დროს, დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილი ჯანსაღი ეკოსისტემების განხილვისას (მაგალითად ნაკრძალებში არსებული ტყეების), საინტერესოა ქალაქური (ურბანული) და ბუნებრივი ეკოსისტემების შედარება ბუნებრივთან. მაგალითად, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ფიჭვის ტყეებს (6,983 ჰა), შეუძლია 767,250 ტონა ნახშირბადის აკუმულირება (დაახლოებით 110 ტონა/ჰა-ზე). ჰაერიდან ნახშირორჟანგის წლიური შთანთქმა (სეკვესტრაცია) ამ ტყეებში შეადგენს 7.3 ტ/ჰა-ს, ანუ მთლიანობაში 50,976 ტონას (საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ, 2021). თუ ამ მონაცემებს თბილისის ურბანული პარკების მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ბუნებრივ ცენოზებში, ნახშირბადის აკუმულირება უფრო ინტენსიურია და სამჯერ აღემატება ურბანული ტყეებისას (ბორჯომის ნაკრძალი – 109 ტ/ჰა და 62 ტ/ჰა და 38 ტ/ჰა, „ექსპო ჯორჯიას“ და „წითელ ბაღში“, შესაბამისად, ალფაიძე, 2022). რაც შეეხება ჰაერიდან ნახშირბადის შთანთქმა-სეკვესტრაციასს, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ხეები თითქმის რვაჯერ მეტი (!) ნახშირბადის სეკვესტრირებას ახდენენ ატომსფეროდან (9.2 ტ/ჰა), ვიდრე ქალაქების პარკების ხე-მცენარეები (1.4 ტ/ჰა).

  1. სოციალური თანასწორობა: ქალაქში მწვანე სივრცის მთავარი სიკეთე ის გახლავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, საჯარო საქალაქო პარკები ყველასთვის ღიაა და ხელმისაწვდომი (თბილისში, ვაკის პარკი, კიკვიძის პარკი, ექსპო-ჯორჯიას პარკი, ალექსანდრეს ბაღი და სხვა). ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სოციალურ თანასწორობას, ინკლუზიურობას და ნებისმიერი მოქალაქისა თუ საზოგადოების წევრისათვის, ურბანული მწვანე სივრცეებისადმი და მისი დადებითი გავლენებისადმი თავისუფალ წვდომას.

ბოლო წლებში სულ უფრო საქმიანი და პრაქტიკული ხდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ურბანული მწვანე ინფრასტრუქტურის სიკეთეების სწორად და ეფექტურად გათვალისწინება, ურბანული განვითარებისა და გეგმარების პროცესში და ურბანული განვითარების გეგმებში. აქ საყურადღებოა ერთი საკითხიც: ურბანული მწვანე სივრცეები არა მხოლოდ უნდა არსებობდეს ქალაქებში, არამედ უნდა ხდებოდეს მათი ეფექტური და სწორი მართვა (თუ ეს აუცილებელია) და ისინი, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“