ვაგრძელებთ კითხვის სტრატეგიების განხილვას და წინამდებარე წერილში შედარებით მოკლედ წარმოვადგენთ კითხვის კიდევ ათ სტრატეგიას. ხოლო მანამდე ჩამოვთვალოთ პირველი 10 სტრატეგია, რომლებზეც წინა წერილებში ვისაუბრეთ: 1. საუბარი ყდაზე, 2. მოდი გავიხსენოთ (წინარე ცოდნის გააქტიურება), 3. ვარაუდების გამოთქმა, 4. შეკითხვების დასმა, 5. წარმოსახვა (ვიზუალიზაცია), 6. ხელახლა წაკითხვა, 7. ხმამაღლა ფიქრი, 8. შეჯამება, 9. სიტყვებზე დაკვირვება, 10. მინიშნებებზე დაკვირვება.
შეგახსენებთ, რომ ამ სტრატეგიების მოკლე ვერსიები ,,მშობელთა ბარათების” ფორმატში დამზადებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში და გამოქვეყნებულია პორტალზე chemiskola.emis.ge. იმ ბარათებს თან ახლავს, რასაკვირველია, კონკრეტული მაგალითები, თუმცა ჩვენს წერილებში უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეულ სტრატეგიას და აუცილებლად კონკრეტული ტექსტის დამუშავების კონტექსტში. წინა წერილებში შემოგთავაზეთ ,,კომბლესა” და ,,ნაცარქექიას” ჩვენი ვერსიები ამ ვერსიებში ჩავნერგეთ კითხვის თითოეული სტრატეგია.
ამჯერად გავეცნოთ ჩვენ მიერ განსახილველ ტექსტს, რომელიც გახლავთ ,,ვეფხისტყაოსნის” დასაწყისის ადაპტირებული ვერსია ,,თინათინი და ავთანდილი”. სანამ ტექსტის ვერსიას წავიკითხავთ, მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ,,ვეფხისტყაოსნის” სწავლების ერთ-ერთი პრობლემა მოსწავლეთა არასათანადო მზაობაა. და ამ მზაობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ძალისხმევა უნდა იყოს ტექსტის ადაპტირებული ვერსიების შეთავაზება არამხოლოდ სკოლის დაწყებით საფეხურზე, არამედ სკოლამდელ ასაკშიც — როგორც მოთხრობილი ზღაპარ-ამბები. ცხადია, აქ შემოთავაზებულ ვერსიას არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია და ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გასაწევი ქართველ ავტორთა მიერ.
თინათინი და ავთანდილი
- იყო და არა იყო რა, იყო ერთი მორჭმული ხელმწიფე. ამ ხელმწიფეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც მეფე მოხუცდა, დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა:
— მე დავბერდი და დროა ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ ტახტზეო.
ვეზირებმა გაიოცეს:
— რას ამბობთ, მეფეო, თქვენი მოხუცება ვინ გაიგონაო?!
მეფემ თავისი არ დაიშალა და თინათინის გამეფების დღე დანიშნა. სწორედ თინათინი ერქვა მეფის ასულს, ხოლო თავად ხელმწიფეს ერქვა: მეფე არაბეთისა — როსტევანი.
- თინათინი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ მისი სილამაზე მზესაც კი თვალებს სჭრიდა. იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალს, ავთანდილს. ავთანდილის სილამაზე და ვაჟკაცობა მთელს სამეფოში იყო ცნობილი. მას არ ჰქონდა ნათქვამი თინათინისთვის, მიყვარხარო, მაგრამ თურმე ქალი ამას მაინც ხვდებოდა.
თინათინის გამეფებამ დიდი ზარზეიმით ჩაიარა. მეორე დღეს მეფე როსტევანმა სანადიროდ წასვლა ბრძანა. მეფესთან ერთად ავთანდილიც იყო და იმდენი ნადირი მოინადირა, მეფესაც კი აჯობა.
- მეფესა და მის ამალას ნადირობის ამბავი სულ გადაავიწყდათ, როდესაც იდუმალი რაინდი ნახეს. ეს რაინდი მდინარის პირას იჯდა, ცალი ხელით შავი ცხენის აღვირი ეჭირა, მეორეზე კი თავი ჩამოედო და ტიროდა.
როდესაც მეფის მხლებლები მასთან მივიდნენ, შეებრძოლა და გაიქცა. გაეკიდნენ, მაგრამ ვერ დაეწივნენ. ცამ ჩაყლაპა თუ — დედამიწამ, ვერაფერი გაიგეს. დაბრუნდნენ შინ დაღონებულები.
- როდესაც იდუმალი რაინდის ამბავი თინათინმა გაიგო, ავთანდილი დაიბარა. ახალმა დედოფალმა მისალმების შემდეგ ჭაბუკს უთხრა:
— დანამდვილებით ვიცი, რომ გიყვარვარ და, რაღა დაგიმალო, მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ. ჰოდა, თუ გინდა შენი ცოლი გავხდე, წადი და ის იდუმალი რაინდი მოძებნე. სამ წელიწადს დაგელოდები და იმედია, გამარჯვებული დაბრუნდებიო.
ავთანდილს თან გაუხარდა, თინათინი რომ სიყვარულში გამოუტყდა, თან დადარდიანდა საყვარელი ადამიანის დატოვება რომ მოუწევდა. თუმცა იდუმალი რაინდის მოძებნა მასაც ძლიერ უნდოდა.
რაღას იზამდა ავთანდილი?! მოემზადა და გაუდგა გზას იდუმალი რაინდის საძებნელად.
- – – – – – –
კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ტექსტი მხოლოდდამხოლოდ მცდელობაა, ვერსიაა და, რასაკვირველია, შესაძლებელია მისი უკეთესი ვარიანტის მოფიქრება. რაც მთავარია, ასეთი ზღაპარ-ამბები ბევრია დასაწერი ,,ვეფხისტყაოსნის” მიხედვით.
ზემოთ მოცემული ტექსტი დაყოფილია ოთხ პირობით ნაწილად და ეს ნაწილები დაგვეხმარება ქვემოთ წარმოდგენილი სტრატეგიების შინაარსობრივ კონტექსტში წარმოსადგენად. შევთანხმდეთ, რომ სტრატეგიის განხილვისას ჯერ მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ მათგანს, შემდეგ კონკრეტულ ნიმუშებს წარმოვადგენთ ,,თიანთინი და ავთანდილის” მაგალითზე.
- რა გაიგე წაკითხულიდან? (გაგების გადამოწმება)
წიგნის ხმამაღლა წაკითხვის დროს პერიოდულად უნდა გადავამოწმოთ, თუ რამდენად კარგად აღიქვამს ბავშვი იმ ყველაფერს, რასაც ვუკითხავთ. ამ მიზნითაც საუკეთესო და უმარტივესი საშუალებაა შეკითხვების დასმა. წიგნის ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და დავუსვათ ბავშვს შეკითხვები და უნდა მოვუსმინოთ მათს პასუხებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არც მასწავლებლები ვართ და არც ჩვენი პატარაა სკოლის მოსწავლე (ისე, ეს მასწავლებლბემაც უნდა გავითვალისწინოთ!) — შეკითხვებით არ უნდა გავაბეზროთ ბავშვი, ზომიერება და ტაქტი აქაც აუცილებელია.
თუ რა და როგორ გაიგო ბავშვმა უნდა გადავამოწმოთ, როგორც ზედაპირული, ასევე სიღრმისეული შეკითხვებით. ზედაპირული (ექსპლიციტური) შეკითხვები შეიძლება შეეხებოდეს, თუ რა ჰქვია ამა თუ იმ პერსონაჟს, პერსონაჟის დედას, მეგობარს. ან სად, ვისთან წავიდა და რა წაიღო თან პერსონაჟმა და ა. შ.
სიღმისეული შეკითხვები შეიძლება შეეხებოდეს, თუ რატომ წავიდა პერსონაჟი სახლიდან, როგორ იპოვა პერსონაჟმა თავისი მეგობარი, რა დაეხმარა გმირს გაარჯვებაში და ა. შ.
ვნახოთ შეკითხვების მაგალითები ჩვენ მიერ ზემოთ შემოთავაზებული ვეფხისტყაოსნისეული ტექსტის დაყოფილი მონაკვეთების მიხედვით:
ზედაპირული შეკითხვების მაგალითები
I მონაკვეთი | II მონაკვეთი | III მონაკვეთი | IV მონაკვეთი |
● რა ერქვა ხელმწიფეს? მის ქალიშვილს?
● ვინ დაიბარა ხელმწიფემ და რა უთხრა მათ? |
● ვის უყვარდა თინათინი? ვინ იყო იგი?
● სად წავიდნენ მეორე დღეს როსტევანი და ავთანდილი? |
● ვინ ნახეს მონადირეებმა? სად იყო იდუმალი რაინდი?
● რა ქნა იდუმალმა რაინდმა მეფის მხლებლების დანახვისას? |
● ვის საძებნელად წასვლა დაავალა თინათინმა ავთანდილს?
● რა გაუხარდა ავთანდილს? |
სიღრმისეული შეკითხვების მაგალითები
I მონაკვეთი | II მონაკვეთი | III მონაკვეთი | IV მონაკვეთი |
● რატომ უნდოდა მეფეს თავისი ქალიშვილის გამეფება?
● პირველად რატომ იუარეს ვაზირებმა მეფის შეტავაზება? |
● როგორ ფიქრობ, საიდან იცოდა თინათინმა, რომ ავთანდილს უყვარდა?
● რატომ ვერ ეუბნებოდა ავთანდილი თინათინს, მიყვარხარო? |
● როგორ ფიქრობ, რატომ ტიროდა იდუმალი რაინდი?
● რამ დააღონა მეფე და მისი ამალა? |
● რა უთხრა თინათინმა ავთანდილს პირველად?
● როგორ ფიქრობ, წავიდოდა ავთანდილი იდუმალი რაინდის მოსაძებნად, თინათინს რომ არ ეთხოვა? |
თუკი ბავშვი დაბრკოლდება პასუხის გაცემისას, არ უნდა ვინერვიულოთ, მით უმეტეს, არ უნდა ვანერვიულოთ პატარა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ერთად მოვძებნოთ სწორი პასუხები. ამისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება ჩვენ მიერ წინა წერილში განხილული ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიის ჩართვა.
ამ სტრატეგიის, წაკითხული ტექსტის გაგების გადამოწმების, ერთგვარი მოდიფიცირებაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუკი ბავშვს მეორედ (მესამედ…) ვუკითხავთ რომელიმე კონკრეტულ წიგნს. მახსოვრობის გადასამოწმებლად კარგი იქნება წინადადების დასრულების შეყოვნება და ბავშვისთვის მისი დასრულების საშუალების მიცემა. შედარებით უფროსებისთვის, ასე, 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის, კარგი იქნება ტექსტის პირველივე წაკითხვისასაც გამოვიყენოთ ასეთი შეყოვნებები და ბავშვის გონება ამ მხრივაც გავავარჯიშოთ — ეს ძალიან კარგია სიტყვების ძიების უნარის ჩამოყალიბებისთვის. ვნახოთ მაგალითები ჩვენი ვეფხისტყაოსნისეული ტექსტის მიხედვით:
- მე დავბერდი და დროა ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ… (ტახტზე)
- იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალ… (ავთანდილს)
- იდუმალი რაინდი მდინარის პირას იჯდა და… (ტიროდა)
- ავთანდილი გაუდგა გზას იდუმალი რაინდის… (საძებნელად/მოსაძებნად)
- რა თქვა პერსონაჟმა? (პრიფრაზირება)
ტექსტის შინაარსის გადმოცემას ბავშვები უკვე მცირე ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ეს იგივე ცხოვრებისეული ამბების გადმოცემაა. რა თქვა დედმ/მამამ? რა გააკეთე დილით? და სხვა შეკითხვებზე ბავშვები უკვე სამი წლის ასაკიდან შეზღუდული ლექსიკითა და მარტივი სინტაქსური წყობით, მაგრამ სრულიად გასაგებად და გამართულად საუბრობენ. ამ უნარებს წიგნების ხმამაღლა კითხვისას თუ გადმოვიტანთ, წიგნის წაკითხვაც უფრო საინტერესო და სასარგებლო გახდება და თავად ეს უნარიც კიდევ უფრო განვითარედება.
კითხვის დროს შიგადაშიგ (და ზომიერები დაცვით!) უნდა შევეკითხოთ ხოლმე ბავშვს:
– რაო, რა თქვა ნაცარქექიამ (ან სხვა პერსონაჟმა)?
– რა უპასუხა დევმა ნაცარქექიას?
ასეთი შეკითხვები ბავშვს უბიძგებს გაიხსენოს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს სხვისი (ამ შემთხვევაში, წიგნის პერსონაჟის) ნათქვამი.
გასათვალისწინებელია, რომ პირველ ეტაპზე ბავშვის პასუხები შეიძლება
ერთსიტყვიანი იყოს და/ან სრულად არ ასახავდეს პერსონაჟის ნათქვამს. მეტიც, შეიძლება ვერც მიხვდეს ბავშვი, თუ რას მოვითხოვთ მისგან. ამ შემთხვევაში ჩვენვე უნდა ვუპასუხოთ, გავიმეორეთ პერსონაჟის სიტყვები და გადასამოწმებლად, ხელახლა წასაკითხად კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ იმ ადგილს. (ამ შემთხვევაშიც კითხვის სხვა სტრატეგიას — ხელახლა წაკითხვა — გავააქტიურებთ.)
ცოტა გახალისებისთვის, შეიძლება შეცდომით გავიმეოროთ პერსონაჟის ნათქვამი და ბავშვმა ამოიცნოს ეს შეცდომა. კარგი იქნება, თუ პირიქით სტრატეგიასაც მივმართავთ: ჩვენ ვიტყვით პერსონაჟის ფრაზას და ბავშვმა უნდა ამოიცნოს პერსონაჟი ან ბავშვი იტყვის სიტყვებს და ჩვენ ამოვიცნობთ პერსონაჟს. შეიძლება ცოტა გავართულოთ და პერსონაჟს ჩვენ მოვუფიქროთ ის სიტყვები, რომლებიც მას პირდაპირ არ უთქვამს ტექსტში, თუმცა იგულისხმება.
ვნახოთ შესაბამისი მაგალითები ,,თინათინი და ავთანდილის” მიხედვით, თმცა, მანამდე აღვნიშნოთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონაჟების გახმოვანებისას სიტყვების შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმა.
# | შეკითხვა | პასუხი |
1 | რაო, რა თქვა მეფემ? | ჩემი ქალიშვილი გავამეფოთო. |
2 | რატომ გავამეფოთ ჩემი ქალიშვილიო? | მე უკვე მოხუცი ვარო. |
3 | რა უპასუხეს ვეზირებმა? | რას ამბობ, მეფეო?! რა დროს თვენი მოხუცებააო?! |
4 | რა ბრძანა როსტევანმა თინათინის გამეფების მეორე დღეს ? | ყველანი სანადიროდ წავიდეთო. |
5 | ვინ იტყოდნენ ამ სიტყვებს? | გამარჯობა, უცნობო რაინდო! |
6 | ვინ იტყოდა ამ სიტყვებს? | საღამო მშვიდობისა, ჩემო ავთანდილ! |
7 | რა დაავალა თინათინმა ავთანდილს? | თუ გინდა ცოლად გამოგყვე, იდუმალი რაინდი მოძებნეო. |
8 | სწორია თუ არა: როსტევანმა ავთანდილს უთხრა, სანადიროდ წავიდეთო. | სწორია. |
- დაკვირვება მოვლენათა თანამიმდევრობაზე
ერთ-ერთი მიზანი, რომელიც შეიძლება დავისახოთ ბავშვებში კითხვის სტრატეგიების გამომუშავებისას, არის მოვლენათა თანამიმდევრობის ამოცნობა. ამის მიღწევა სამი წლის ასაკიდან წიგნის წაკითხვის დროს უკვე შეიძლება. ამ ასაკის ბავშვები ასახელებენ, თუ რომელი მოვლენა რომელი მოვლენის შემდეგ/წინ მოხდა თავიანთ საყვარელ (განსაკუთრებით, ხშირად წაკითხულ) ზღაპარში/ამბავში.
რასაკვირველია, ამაზე ყურადღების მიქცევა საჭიროა უფროსი ასაკის ბავშვებისთვის წიგნის წაკითხვის დროსაც. ამისთვის უნდა დაუსვათ ისეთი შეკითხვები, როგორიცაა:
- რა მოხდა ზღაპრის/ამბის/წიგნის დასაწყისში? რა მოხდა ამის შემდეგ?
- რა მოხდა ამა თუ იმ მოვლენის წინ?
- რა მოხდა ამბის დასასრულს? რა უძღოდა წინ ამას?
- ეს ფაქტი უფრო ადრე/გვიან მოხდა თუ ეს ფაქტი? (ამ დროს დავასახელებთ კონკრეტულ ფაქტს ზღაპარში/მოთხრობაში. მაგალითად, ,,წიქარას” კითხვისას შეიძლება შევეკითხოთ: ჯერ სარკე გადააგდო ბიჭმა თუ სალესი ქვა? ,,კომბლეს” კითხვისას: ჯერ მელია შეხვდა ცხვრებს თუ დათვი?)
- როდის ხდება ეს ფაქტი (დაასახელებთ კონკრეტულ ფაქტს, მაგალითად, წიქარასა და ბიჭის გაქცევა.) — ზღაპრის დასაწყისში, შუა ნაწილში თუ ბოლოში?
ვნახოთ კონკრეტული ნიმუშები:
# | შეკითხვები |
1 | ვინ და ვინ ხვდებიან ამბის დასაწყისში? |
2 | როდის მიდიან სანადიროდ მეფე და მისი ამალა: ამბის დასაწყისში, შუა ნაწილში თუ ბოლოს? |
3 | რომელი ამბავი მოხდა ჯერ: თინათინის გამეფება თუ ნადირობა? |
4 | რომელი ამბავი მოხდა ჯერ: თინათინის გამეფება თუ იდუმალი რაინდის გამოჩენა? |
5 | რომელი ამბავი მოხდა ჯერ: იდუმალი რაინდის გამოჩენა თუ თინათინისა და ავთანდილის შეხვედრა? |
6 | რა მოხდა ამბის ბოლოს: ავთანდილის წასვლა იდუმალი რაინდის საძებნად თუ თინათინისა და ავთანდილის სიყვარულში გამოტყდომა?
ამ შინაარსის უფრო მარტივი ვერსია რა მოხდა ამბის ბოლოს: ავთანდილი წავიდა იდუმალი რაინდის საძებნად თუ თინათინი ავთანდილის სიყვარულში გამოუტყდა? |
- როგორ ამოვიცნოთ მიზეზი და შედეგი?
— რატომ? რატომ? — ხშირად კითხულობს ბავშვი, მათ შორის, წიგნის ხმამაღლა წაკითხვისას.
მისი ეს სწრაფვა უნდა გამოვიყენოთ, რათა, ერთი მხრივ, პატარას ცნობისმოყვარეობა
დავაკმაყოფილოთ, მეორე მხრივ, აღმოვაჩენინოთ, რომ ყველა შედეგს გარკვეული მიზეზი
აქვს.
ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ორი რამ:
- თუ რას იწვევს ესა თუ ის ქმედება, საქციელი, მოვლენა, ფაქტი.
- თუ რა იწვევს ამა თუ იმ ქმედებას, საქციელს, მოვლენას, ფაქტს.
უნდა დავაკვირვოთ, რა შედეგი მოიტანა გარკვეულმა ქმედებამ და რამ გამოიწვია ესა თუ ის შედეგი, რა იყო ამის მიზეზი.
ვნახოთ შეკითხვებისა და პასუხების ნიმუშები ,,წიქარას” ზღაპრის მაგალითზე:
- რატომ გაიქცნენ წიქარა და ბიჭი? იმიტომ, რომ დედინაცვალს ბიჭის თავიდან მოშორება უნდოდა.
- რა მოხდა სავარცხლის გადაგდების შემდეგ? Სარკის გადაგდების შემდეგ?
- რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ბიჭი სალამურს უკრავდა ხოლმე?
შეიძლება დავუსვათ უფრო მეტად დამაფიქრებელი შეკითხვებიც. მაგალითად, გაიქცეოდნენ თუ არა ბიჭი და წიქარა, დედინაცვალს ბიჭი ძალიან რომ ჰყვარებოდა? რატომ?
აქვე შევნიშნოთ, რომ მიზეზისა და შედეგის (მიზნის) გამიჯვნა პატარებისთვის არცთუ მარტივი ქმედებაა და თუკი ბავშვი ამას ისე ვერ მოახერხებს, როგორც ჩვენ გვინდა, არ უნდა დავიძაბოთ. ბავშვიც არ უნდა დავსტრესოთ. მოზრდილებიც კი ხშირად ვერ ვარკვევთ ხოლმე რა განსხვავებაა, როგორ იმიჯნება ერთმანეთისგან ორი შეკითხვა: რატომ ვაკეთებთ? (ანუ რა გვიბიძგებს, რა არის ჩვენი ქმედების მიზეზი, საბაბი, ბიძგი?) და რისთვის ვაკეთებთ? (ანუ რა არის ჩვენი ქმედების მიზანი, რა შედეგს მოველით, რისკენ ვისწრაფვით?)
მიზეზსა და შედეგზე დასაკვირვებლად კარგ საშუალებას იძლევა ჩვენი ,,თინათინი და ავთანდილიც” და ქვემოთ შემოთავაზებულია შეკითხვებისა და პასუხების ნიმუშები. აქვე გავიხსენოთ, რომ კითხვა-პასუხის ენა, ლექსიკა, სტილი დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ ჩვენი ბავშვის მიმღებლობაზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავამძიმოთ მისთვის გაუგებარი ლექსიკითა და რთული სიტაქსით, ღვარჭნილი წინადადებებით. მაგალითად, თუკი ბავშვისთვის გაუგებარი იქნება ქვემოთ მოცემული ,,სურვილის გამხელა” უნდა გამოვიყენოთ ,,სურვილის თქმა” და ა. შ.
# | შეკითხვა | პასუხი |
1 | რატომ აღარ უნდოდა როსტევანს მეფობა? რა იყო ამის მიზეზი? | იმიტომ, რომ როსტევანი მოხუცდა, აღარ შეეძლო მეფობა. |
2 | რისთვის დაიბარა მეფემ თავისი ვaზირები? რა იქნებოდა ამ საუბრის შედეგი? | იმისთვის, რათა, თავისი ქალიშვილის გამეფების სურვილი გაემხილა. (შედეგი: ვაზირებმა უკვე იციან, რომ მეფეს თავისი ქალიშვილის გამეფება უნდა.) |
3 | რატომ არ ეუბნებოდა ავთანდილი თინათინს, მიყვარხარო? რა იყოს ამის მიზეზი? | ● ალბათ, რცხვენოდა.
● ალბათ, შესაფერისი მომენტი არ დაუდგა.
|
4 | რისთვის, რა მიზნით დაიბარა თინათინმა ავთანდილი? რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამ შეხვედრას? | ● იმისთვის, რათა სიყვარული აეხსნა. (შედეგი: ავთანდილმა უკვე იცის, რომ თინათინსაც უყვარს.)
● იმისთვის, რათა იდუმალი რაინდის საძებნად გაეგზავნა. (შედეგი: ავთანდილი იდუმალი რაინდის საძებნად წავიდა.) |
- აბსურდული წინადადებების მოფიქრება
გელა ჩარკვიანი თავის მოგონებებში აღწერს, თუ როგორ ეთამაშებოდა პატარა ირაკლის, მომავალ გენიალურ ,,მეფეს”, სხვადასხვა შემეცნებითი თამაშით. და ერთ-ერთი თამაში იყო შეუსაბამო, აბსურდული სიტყვათა წყვილების მოფიქრება. სწორი პასუხები და სწორი აზრები კარგი რამეა, მაგრამ ბავშვებს განსაკუთრებით ახალისებთ სისულელების გამოგონება. და ასეთი სისულელები წარმოუდგენლად ავარჯიშებთ მათს შემოქმედებით უნარებს.
კარგი იქნება, თუკი ბავშვს გავახალისებთ წიგნის ხმამაღლა წაკითხვის პროცესში და ისეთ წინადადებებს მოვიფიქრებთ, რომლებიც სასაცილო იქნება თავისი აბსურდულობით. პატარა მსმენელს უნდა ვთხოვოთ ხოლმე, რომ შეცვალოს წაკითხული წინადადება ისე, რომ უაზრობა გამოვიდეს.
ტექსტისეული წინადადებების აბსურდულობის მისაღწევად კარგი იქნება შემდეგი ინტრუქციების გათვალისწინება:
- შეცვალე წინადადებაში პერსონაჟი. (მაგალითად, ,,წიქარას” მიხედვით: დედინაცვალმა ცხრაკლიტულს რქები დაარტყა.)
- შეცვალე წინადადებაში მოქმედების ადგილი (მაგალითად, ,,ნაცარქექიას” მიხედვით: დევმა ნაცარქექია ზურგზე შეისვა და კინოთეატრში შეიყვანა.)
- შეცვალე წინადადებაში მოქმედება. (მაგალითად, ,,წითელქუდას” მიხედვით: მგელმა პირი დააღო და სიმღერა დაიწყო.)
პირველ ეტაპზე ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ ასეთი წინადადებების მოფიქრება. კარგი იქნება, თუკი ამ დროს ჩვენვე შევადგენთ აბსურდულ წინადადებებს და ბავშვს ვთხოვოთ, რა არის მასში უშვეულო, არასწორი, შეუსაბამო. აქვე, შესაძლებელია პატარას ჩვენ მიერ წარმოთქმულ წინადადებებში სიტყვები დავამატებინოთ.
ვნახოთ ასეთი წინადადებები ჩვენი ტექსტის მიხედვით:
# | აბსურდული (სულელური) წინადადება |
1 | მეფემ თქვა, ჩემი ბებია დავსვათ ტახტზეო. |
2 | თინათინი ისეთი ლამაზი იყო, რომ მთვარესაც კი თვალებს სჭრიდა. |
3 | თინათინი უყვარდა ამავე სამეფოს ჟურნალისტს, ავთანდილს. |
4 | იდუმალი რაინდი მდინარის პირად იჯდა და გიტარაზე უკრავდა. |
5 | თინათინმა დაიბარა ავთანდილი და უთხრა, ნამცხვარი მომიტანეო. |
6 | ავთანდილი დაემშვიდობა თინათინს და ფეხბურთის საყურებლად წავიდა. |
- წაკითხულის დახატვა
ბავშვებს უყვართ ხატვა და ყველა ბავშვი ხატავს, თუკი წავახალისებთ.
უნდა ვთხოვეთ ბავშვს დახატოს ის პერსონაჟი, რომლის შესახებაც წიგნი წავიკითხეთ (მაგალითად, ნაცარქექია, დევი, წიქარა, მზეთუნახავი…). ამაში ისიც დაგვეხმარება, რომ საბავშვო წიგნები, როგორც წესი უხვადაა ილუსტრირებული.
ხატვის დაწყებამდე ბავშვს შეიძ₾ება ვკითხოთ:
- რის დახატვას აპირებ? როგორი იქნება? როგორი თმები ექნება? რა ეცმება?
- როგორი იქნება გარემო? Რა ადგილი უნდა დახატო?
- რა დაგჭირდება ხატვისას?
ხატვის დასრულების შემდეგ კი შეგვიძლია ასეთი შეკითხვები დავუსვათ:
– რატომ დახატე მზეთუნახავი წითელ კაბაში? ასე ეწერა წიგნში?
– შენ თვითონ მოიფიქრე, წითელქუდას რომ მწვანე ფეხსაცმელები ჩააცვი?..
თუკი ბავშვი არაა მიჩვეული ხატვას და უჭირს ან იძაბება ხატვის დროს, კარგი იქნება, თუკი ჩვენ თვითონ გადავიქცევით მხატვრებად. ამ პროცესს ბავშვი სიამოვნებით დააკვირდება და, რაც მთავარია, ჩაერთვება კიდეც ჩვენთან ერთად ხატვაში, გაფერადებაში. დროთა განმავლობაში კი იგი დამოუკიდებელ მხატვრადაც ჩამოყალიბდება. არ უნდა დავიზაროთ და უნდა ვალაპარაკოთ საკუთარი ნახატების შესახებ, გულწრფელად უნდა აღვფრთოვანდეთ მისი ნამუშევრებით და საინტერესო შეკითხვებიც უნდა დავუსვათ მას თავის ნახატებზე.
- დასკვნების გაკეთება
ტექსტის კითხვისას ყველა შეკითხვაზე პასუხს ტექსტში პირდაპირ ვერ ვიპოვით. ზოგჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ და ისე ამოვიცნოთ პასუხები. ეს არცთუ იოლი პროცედურაა, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ბავშვებს ასეთ დაკვირვებას პატარაობიდანვე მივაჩვევთ.
ბავშვი თვითონ სვამს ხოლმე იმ შეკითხვებს, რომლებზე პასუხიც ასეთ დაკვირვებას მოითხოვს და ჩვენ სწორედ ამ ინტერესის გამოიყენებე შეგვიძლია. ამ დროს პირდაპირ კი არ უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას, არამედ პასუხის ძიებაში თავად ბავშვი უნდა ჩავრთოთ. გავიხსენოთ კიდევ ერთი ბრწყინვალე სტრატეგია — ხმამაღლა ფიქრი — დასკვნების გაკეთების უნარის გამომუშავებისთვის ბავშვთან ერთად ხმამაღლა ფიქრი კარგი მხარდამჭერია. აქვე დავამატოთ, რომ დასკვნების გაკეთება მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სტრატეგიებთანაც, მაგალითად, მიზეზისა და შედეგის (მიზნის) ამოცნობასთან, თუნდაც წაკითხულის დახატვასთან და სხვ.
დასკვნების გასაკეთებლად უნდა გამოვიყენოთ ე. წ. ,,რატომ” შეკითხვები. ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის, მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და ბავშვს დავუსვათ ასეთი შეკითხვები:
- რატომ ეგონა დევს, რომ ნაცარქექია ძლიერი იყო?
- როგორ გაადენინა ნაცარქექიამ ქვას წყალი?
- როგორ მოიშორეს თავიდან ბიჭმა და წიქარამ დედინაცვალი?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასკვნების გაკეთების უნარის გამომუშავებისთვის სასარგებლოა სხვა შეკითხვებიც, ე. წ. ,,ვინ”, ,,რა”, ,,სად”, ,,როდის” შეკითხვები. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მასზე პასუხს გარკვეული დაკვირვება და მიხვედრა დასჭირდება. მაგალითად, ,,წიქარას” კითხვისას ბავშვს შეიძლება შევეკითხოთ, ვისთან ერთად გაიქცა წიქარა შინიდან. მაგრამ ეს შეკითხვა მას ვერ გამოუმუშავებს დასკვნის გაკეთების უნარს, რადგან ამ შეკითხვაზე პასუხი პირდაპირ წერია ტექსტში. მაგრამ თუკი ვკითხავთ: რატომ გაიქცა ბიჭი წიქარასთან ერთად, ბავშვმა უნდა დაასკვნას, რომ ბიჭს წიქარა უყვარდა, მასთან მეგობრობდა და ამიტომ შეარჩია თავის გადამრჩენლად წიქარა.
ერთიც აღვნიშნოთ, რომ ნუ გამოვეკიდებით სწორი დასკვნების ძიებას. რასაკვირველია, დასკვნების გაკეთება ის კომპეტენციაა, რომელზეც ზრდასრული ადამიანები ყველაზე ხშირად ვკამათობთ ხოლმე. მთავარია, ბავშვმა ეს პროცედურა — არასაკმარისი ინფორმაციის შევსება — გამოიმუშაოს თავის გონებაში. ხოლო სწორი დასკვნების გაკეთებაში გაწაფულობა თანდათან მოვა, მათ შორის, ბევრი საინტერესო წიგნის კითხვის პროცესშიც.
ვნახოთ შეკითხვები და დასკვნები ,,ავთანდილი და თინათინის” მიხედვით:
# | შეკითხვა | დასკვნა-პასუხი |
1 | რატომ არ დაეთანხმნენ ვაზირები მეფის წინადადებას? | იმიტომ, რომ მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი მეფე. |
2 | რატომ გადაწყვიტა როსტევანმა თინათინის გამეფება თავის სიცოცხლეშივე? | ალბათ, უნდოდა თავისი თვალით ენახა, როგორ კარგად მართავდა თინათინი სამეფოს. |
3 | რატომ აუხსნა თინათინმა ავთანდილს სიყვარული პირველმა? | იმიტომ, რომ დავალება მისცა, რომელსაც გახარებული ავთანდილი უფრო ყოჩაღად შეასრულებდა. |
4 | ვისთან ერთად წავიდოდა ავთანდილი იდუმალი რაინდის საძებნად? | ალბათ, რამდენიმე მეგობარს წაიყვანდა. აბა, სამი წლის განმავლობაში მარტო ხომ ვერ ივლიდა?! |
- ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა
რა განსხვავებაა ფაქტსა და მოსაზრებას შორის? როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს განსხვავება? ამაზე ხომ ზრდასრული ადამიანებიც კი ხშირად ვკამათობთ ხოლმე… შეგვიძლია თუ არა ამ უნარზე ვიზრუნოთ ბავშვობის ადრეული ასაკიდანვე?
რასაკვირველია. ეს არათუ შესაძლებელია, არამედ სწორედაც რომ ადრეული ასაკიდანვე, ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვის დროს უნდა ვიზრუნოთ ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავების აღმოსაჩენად. უბრალოდ, ეს ,,ადრეული ასაკი”, რასაკვირველია, 3-4 წელი ვერ იქნება და პატარები ამის გამო ფრუსტრაციაში არ უნდა ჩავაგდოთ, არ უნდა გავაწბილოთ.
როგორ მოვიქცეთ ამ უნარის გამოსამუშავებლად? ჯერ თვითონ ეს ტერმინები უნდა გავააზრებინოთ ბავშვს, მაგალითად, ასეთი მსჯელობით:
— რა არის ეს, რასაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ? წიგნი. ვისაც არ უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა, ყველა გვიპასუხებს, რომ ,,ეს არის წიგნი”. მაგრამ თუ ვიკითხავთ, როგორია ეს წიგნი, სხვადასხვა რამეს გვიპასუხებენ: ერთი იტყვის, რომ საინტერესო წიგნია, მეორე იტყვის, რომ კარგია, მესამემ შეიძლება თქვას, რომ ლამაზი წიგნია, მეოთხემ შეიძლება დაიწუნოს და გვითხრას, რომ არაა საინტერესო და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ.
ასეთი მსჯელობის შემდეგ, თავად ტექსტების მიხედვით უნდა შევარჩიოთ ხოლმე დებულება და დავაფიქროთ ბავშვი, ფაქტია ეს, დებულება თუ მოსაზრება. ასეთი დებულებები შეიძლება იყოს:
- ,,ნაცარქექიაში” მთავარი პერსონაჟები ნაცარქექია და დევია. (ფაქტი)
- ნაცარქექია კეთილი პერსონაჟია, ხოლო დევი — ბოროტი. (მოსაზრება)
- ბიჭმა დედინაცვლისგან თავის დასაღწევად ბოლოს სარკე გადააგდო. (ფაქტი)
ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ამ დროს ბავშვებს დავაკვირვებთ არასწორ მაგალითებზეც ანუ არასწორ მოსაზრებებზე. ცხადია, ვტანხმდებით, რომ წინადადებების შეთავაზებისას ჩვენ დაგვჭირდება ტექსტისეული წინადადებების შეცვლა, გადაკეთება, სრულიად ახლის მოფიქრებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ჩვენი მთავარი შეთანხმება, რომ ბავშვები არ უნდა დაიღალონ, გადაიტვირთონ — მთელი წიგნის წაკითხვისას მხოლოდ ერთ წინადადებაზე თუ დავაფიქრებთ ამ სტრატეგიის კონტექსტში, ეს სრულიად საკმარისი იქნება. ჩვენ მიერ შმოეთავაზებული მაგალითები არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც ყველა ნიმუში უნდა გამოვიყენოთ ერთი წაკითხვის დროს.
ვნახოთ ეს ნიმუშები ჩვენი ტექსტის ,,თინათინი და ავთანდილის” მიხედვით:
# | წინადადება | ფაქტი | სწორი
მოსაზრება |
არასწორი
მოსაზრება |
1 | მეფე როსტევანმა თავისი შვილი, თინათინი აიყვანა ტახტზე. | * | ||
2 | თინათინი ძალიან ლამაზი იყო. | * | ||
3 | ავთანდილს ძალიან უყვარდა თინათინი. | * | ||
4 | ნადირობისას როსტევანმა ავთანდილზე მეტი ცხოველი მოინადირა. | * | ||
5 | ავთანდილს ძალიან არ უნდოდა იდუმალი რაინდის საძებნად წასვლა. | * |
- შედარება და განსხვავებების აღმოჩენა
კიდევ ერთი სასარგებლო უნარი, რომელიც ბავშვებს უნდა გამოვუმუშაოთ წიგნების კითხვის პროცესში, საგნებისა და მოვლენების ერთმანეთთან შედარებისა და განსხვავებების აღმოჩენის უნარია. ამისთვის სხვადასხვა რამე შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს:
- პერსონაჟები (როგორც ერთი ტექსტის ფარგლებში, ასევე სხვადასხვა ტექსტის პერსონაჟები)
- ერთი პერსონაჟი — ტექსტის დასაწყისში და ტექსტის დასასრულს (მაგალითად, როგორი იყო ნაცარქექია ზღაპრის დასაწყისში და როგორ შეიცვალა იგი ზღაპრის ბოლოს?)
- ადგილები (მაგალითად, სოფელი ვაშლოვანი, დევის ეზო…)
- სახლები/ოთახები (მაგალითად, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ნაცარქექიასა და დევის სახლები?)
- სხვადასხვა ტექსტის დასაწყისი/დასასრული
- სხვადასხვა, მაგრამ ერთი ჟანრის (ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი…) ტექსტები
- სხვადასხვა ჟანრის ტექსტები…
ამ უნარის გამომუშავების მიზნით დაგვეხმარება ისეთი შეკითხვები, როგორიცაა:
- რით განსხვავდება ერთმანეთისგან დევი და ნაცარქექია? ან ნაცარქექია და კოკროჭინა? ავთანდილი და როსტევანი? თინათინი და როსტევანი?
- როგორ დაეხმარნენ თავიანთ ძმებს ნაცარქექია და კოკროჭინა? რომელი პერსონაჟის ქცევა უფრო მოგწონს, რატომ? რომელი იქნება სამეფოსთვის უკეთესი მმართველი — როსტევანი თუ თინათინი? რატომ?
- შეადარე ნაცარქექიასა და დევის ურთიერთობა წიქარასა და ბიჭის ურთიერთობას. რა განსხვავებაა მათ შორის? შენ რომელი უფრო მოგწონს? რატომ?
- კავშირების დამყარება
როდესაც ბავშვს ტექსტს ვუკითხავთ, საშუალება გვეძლევა ეს ტექსტი დავაკავშიროთ სხვადასხვა რამესთან. მაინც რა კავშირები შეიძლება გაიბას ამ პროცესში?
პირველ რიგში, დასაკავშირებელი ობიექტები თვითონ ამ ტექსტში უნდა მოვძებნოთ:
- დასაწყისი დავაკავშიროთ შუა ნაწილსა და დასასრულთან;
- ერთი პერსონაჟი დავაკავშიროთ მეორესთან და/ან მესამესთან;
- ტექსტში აღწერილი გარემო დავაკავშიროთ განვითარებულ ამბავთან ან პერსონაჟის ხასიათთან…
კარგი იქნება, თუ იმჟამად წაკითხულ ტექსტს დავაკავშირებთ ადრე წაკითხულ ტექსტთან, კერძოდ:
- გავახსენებთ სხვა პერსონაჟს და აღმოვაჩენთ მსგავსება-განსხვავებას;
- გავახსენებთ ასეთივე პრობლემას ან სიტუაციას სხვა ტექსტში;
- მოვაგონებთ, კიდევ რომელ ტექსტში შეხვედრიათ ესა თუ ის სიტყვა;
- დავაკავშირებთ ამავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებთან, აღმოვაჩენინებთ მათ შორის მსგავსებას…
არ უნდა დაგვავიწყდეს ტექსტები დავაკავშიროთ ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთანაც. უნდა ვკითხოთ მას, ხომ არ აგონებს ესა თუ ის პერსონაჟი ვინმეს ან საკუთარ თავს. ხომ არ ახსენდება, მასაც ენახოს ისეთი ადგილი, როგორიც ტექსტშია აღწერილი ან ასეთივე პრობლემური სიტუაცია ხომ არ გადახდენია თავს?
ვნახოთ შეკითხვები, რომლებიც დაგვეხმარება კავშირების დამყარების სტრატეგიის გამომუშავების მიზნით ,,თინათინი და ავთანდილის” მაგალითზე:
- კიდევ რომელ ამბავში/ზღაპარში გახსენდება მეფე? როგორია ის მეფე? რით ჰგავს როსტევან მეფეს? რით განსხვავდება? (აქ ყურადღებას ვამახვილებთ შედარებაზეც.)
- ქალი მეფე, დედოფალი ხომ არ გახსენდება კიდევ?
- ჩვენს ქვეყანაში ვინაა მთავარი მმართველი? თუ გინახავს სადმე? როგორ ფიქრობ, როგორ მართავს ქვეყანას?
- ვაზირები თუ არიან დღეს? როგორ ფიქრობ, რას აკეთებდნენ ისინი როსტევანის სამეფოში? დღეს ვინ აკეთებს ჩვენთან ასეთ საქმეებს?..