კვირა, აგვისტო 25, 2024
25 აგვისტო, კვირა, 2024

აგვისტოს თანამოსასმენი

,,სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი” – ნეტარი ავგუსტინეს ეს სიტყვები არის მთავარი მეტაფორა, როგორადაც ადამიანი გარდაცვალებას, სხეულიდან გამოსვლის მისტერიას გამოხატავს – მანამდეც და მას შემდეგაც. ჩვენი მთავარი ვნება ხომ უკვდავად ქცევაა, ოღონდ უკვდავად ისე, როგორადაც გვსურს – გაყინული ბედნიერების მეხსიერებით – თორემ ყოფის ხსოვნით უკვდავება გაუსაძლისია – ეს კარგად ვიცით. კინო ამ საქმეში თვალსაჩინოა და ბევრი გვახსენდება, მაგრამ მოდი ამჯერად მიქელანჯელო ანტონიონი და თეო ანგელოპულოსი მოვიგონოთ – ,,პროფესია რეპორტიორი” და ,,პეიზაჟი ნისლში”. ეპილოგები.

ორივეგან გამოსვლის სცენაა. სხეულიდან სულის გამოსვლის. ორივე მეტაფორა ნაცადია – გისოსები და მდინარე. მაგრამ ორივე სცენა გენიალური. და საერთოდაც ,,რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.” ყველა იმეორებს. მთავარი ის არის, როგორ იმეორებს.

ან რა ცინიკურია ლეო კარაქსი წუთიან შედევრში ,,უკანასკნელი მოწევა”. მინიმალისტური ოდისეა – სიკვდილიდან ვიდრე ბავშვობამდე და პირიქით. თუმცა ახლა მუსიკას მივხედოთ. მუსიკაზე ვწერთ.

ამათგან, რაზეც ვისაუბრებთ, ზოგი მღერა თუ ბგერა მართლა სიკვდილზეა, ზოგი სულ სხვა რამეზე მღერის, მაგრამ ძალიან ჰგავს გარდაცვალებას.

მაშ, ასე: ჰენდელი, კეიჯი, ელინგტონი, სიმონე, ინო, ელის კოლტრეინი, The Kilimanjaro Darkjazz Ensemble, ფშავური დატირება, Fever Ray, The Tiger Lillies, სეზარია ევორა.

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი – Sarabande – ბაროკო სიკვდილის ამაღლების საქმეა იმთავითვე და აქ ჰენდელს მდორედ და მძაფრად მიჰყავს მელოდია და იქ ამძაფრებს, სადაც ამაღლებაზე უნდა თქვას და ასე გაყავხარ გაღმა. დიდი ოსტატია. ჭეშმარიტად.

ჯონ კეიჯი – Five – გვირაბი თანმდევი ხმებით, რომელთაგანაც ზოგი სირინოზის ხმობას მიაგავს, ზოგი ფრაგმენტს ბიზანტიური გალობიდან და ზოგიც შუამდინარულ დატირებას.

დიუკ ელინგტონი – Absinthe – ეს არის გამოსვლა ელინგტონის ელეგანტურობით. დინამიკა და სიუჟეტი, რომელიც ჩვენ ლეგენდებიდან და თუნდაც რეიმონდ მოუდის ცოტა ღიმისლიმომგვრელი კვლევებიდან (,,სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ’’) ვიცით – გასაოცარი და დუნე სიმშვიდისა და სისავსის შეგრძნება, ნელი სვლით გრძელ სიბნელეში და მერე დიდ, ნათელ მინდორში გამოსვლით.

ნინა სიმონე – Wild is the Wind – ერთი დიდი ცრემლია ეგ გაბმა. განწირული დატირება. სხვაგან არც კი ვიცი, სიმონე ასე ნაზი და ჭარბად ლირიკული იყოს – აქ არის. ისე მღერის, თითქოს ქარის ფრთას მიაბა ბგერა და არწევს. ფინალი და ფორტეპიანო კიდევ ღვთიური კონვულსია – ერთდროულად ტრაგიკული და ამაღლებული.

ბრაიან ინო – An Ending – ემბიენტური ამბავი იმაზე, რომ ყველაფერი კოსმოსია. მათ შორის ადამიანი და ღმერთი. ყველა განცდა, ყველა ფიქრი, ყველა დრო ერთი მთლიანობაა და ერთნაირი. ამიტომაც, სიკვდილი ადვილია და ლამაზი. ის თხრობა გახლავთ, რისი ამბიციაც მალიკს ჰქონდა ,,სიცოცხლის ხის’’ გადაღებისას – სხვა საკითხია, გამოუვიდა თუ არა.

ელის კოლტრეინი – Yamuna Tira Vihari – ინდუისტური საგალობლების კრებულის (turiya sings – 1982 ) მთავარი კირტანი არის ამბავი თვალის გახელის და ღმერთის დანახვის. არაჩვეულებრივად მისტიკური და ღრმა ხლართები ცოტა ეზოთერულ ბურუსში გვახვევს, მაგრამ კრიშნას საქმეც ხომ ეს არის – გაგიყვანოს ყოფიდან სხვა უფრო მაღალ და ამ ხედვით ბუნდოვან მყოფობაში.

The Kilimanjaro Darkjazz Ensemble – White Eyes – მშვიდი გამოსვლის და ხელახლა დაბადების მელოდია. სხეულის მიტოვების ფრთხილი მისტერია და სხეული დარჩენილი მიწაზე ისე, როგორც გალაკტიონ ტაბიძემ თქვა – ,,მას გახელილი დარჩა თვალები.’’

ფშავური დატირება – მახკვდია, ბეჩავ იერემო – ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ლექსად მას დაიტირებენ ხოლმე, ვინც სახელიანია და გმირია, დიდი ქართული ფოლკლორი, რომელსაც გოგი თურმანაული, ამ ლექსის ავტორი ეყრდნობა, აქაც გენიალურად თამამია – ბეჩავ კაცს უმღერის. აქ არის გამოსვლის მთავარი ხიბლი, ყველა ადამიანის გათანაბრება, ოღონდ შექსპირული არა – იორიკი და თავის ქალა, არამედ ისე გათანაბრება, რომ ყველა ლამაზია. რადგან ექიმია ლამაზი – ,,რა ლამაზ ექიმ მოგიყვანა!’’ ,,შიშვალ დაგიფარნა ხორცნი!’’ – მოკლედ დიდი ჟრუანტელი – გნებავთ თათარაიძის ნამღერი და გნებავთ კაცების გუნდის.

Fever Ray – Stranger Than Kindness – შვედური ელექტრო-პოპი და ტრიპ-ჰოპი რაღაც უცნაურად მოუხდა ამ ამბავს. განსაკუთრებით ამ კომპოზიციის ბოლო აკორდები, თითქოს არბენა და თუ ჩარბენა საიქიოს კარისკენ. რაც კარგია, კარგია – იქაც და აქაც.

Radiohead – Exit Music (For A Film) – აქაც ფინალია მთავარი და ფინალი რაღაცით ჰგავს ,,ამერიკული სილამაზის” ცელოფნის პარკის სცენას – რატომღაც გონებაში მაგ უმიზნო ქროლას ვადებ თანამოსასმენად. სათაური კიდევ ზუსტად ეგ არის – ,,გამოსვლის მუსიკა”, როგორც ბიბლიური გამოსვლის წიგნი – ხელახლა დაბადება, ინიციაცია – რაზეც ცალკე ლაპარაკი სჯობს. ან მუსიკა, როგორც გამოსავალი.

The Tiger Lillies – Boatman – დიდი ანტიკური ბოლო გადაცურვის, სტიქსის და ქარონის საგალობელი, დარკ-კაბარეს ყველა დროის საუკეთესო ალბომიდან – ,,დაბადება, ქორწინებანი და სიკვდილი’’ (1994) მეხსიერების გაქარწყლების და ახალი ცოდნის დაბადების საგა, მკაცრ და ცოტა ცინიკურ მენავესთან ერთად. ეს სიმღერა შორიდან, მაგრამ მაინც ძალიან ჰგავს ამადო ფერნანდესის ბრწყინვალე ლექსს ,,კაპიტანი’’. ლექსიც წაიკითხეთ და მენავესაც მოუსმინეთ. და საერთოდაც, როგორც ძველ ანდერძებში იყო ხოლმე – რომ მოვკვდები და გამასვენებენ, ეს დაუკარით.

სეზარია ევორა – Regresso – ამ სათაურით სეზარიას ორი მორნა ვიცით. ჩვენ გვინდა ის, სადაც ტროპიკოსი კაეტანო ველოსოს ხელი ურევია. ეს არის ამბავი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე და ეს სიცოცხლე ცოტა იმ ბუკლეტებს ჰგავს, სხვადასხვა სექტები რომ გვთავაზობენ – კარგად ჩაცმული ადამიანები სამოთხეში, სხვადასხვა ასაკისანი და გარდაუვლად ბედნიერნი, მაგრამ შეუმჩნევლად სევდიანები. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ასეთ სცენაზე, რომ მოვკვდი და დიდ ბაღში აღმოვჩნდი, სადაც ყველა ის ქალია, ვინც მიყვარდა – ზოგი საქანელაზე ირწევა, ზოგი სარკესთან თმას ივარცხნის, ზოგი ძაღლთან ერთად დარბის. ზოგი ხატავს. ზოგი გალობს. ზოგი ცეკვავს. მე დავდივარ მათ შორის და ვერ მამჩნევენ. დავდივარ და სეზარია მღერის ამ სიმღერას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კითხვის სტრატეგიები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“