„ვეფხისტყაოსანი“ სიბრძნის ამოუწურავი წყაროა, შთამაგონებელი თითოეული სიტყვით, თითოეული წინადადებით, რომელიც ჩვენს გონებაში ცოცხლდება და ყოველთვის აღძრავს ახალ საფიქრალს, ახალ შთაბეჭდილებებსა და განცდებს აჩენს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ საუკუნეების შემდგომაც კი მისი კითხვისას ყოველთვის ვპოულობთ ისეთ ჩასაჭიდს, რომელიც ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ასრულებს ჩვენთვის, შთაგვაგონებს და მოქმედებისკენ გვიბიძგებს.
„კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“ – სამოტივაციო ფრაზაა, რომელიც გვაფხიზლებს და მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. ამ პრაქტიკული შინაარსით გამსჭვალულ წინადადებას შოთა რუსთაველი თინათინს ათქმევინებს საკუთარი მამისთვის, რომელიც ჭმუნვასა და მწუხარებას შეუპყრია უცხო მოყმის გამოჩენის გამო. როსტევანი დადარდიანებულია იმ უცნაური შემთხვევით, რომელიც უცხო მოყმემ შემოიტანა მათ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ამ დაბნეულობიდან გამორკვევა და გამოღწევა რუსთაველის გმირებისთვისაც კი რთულია; თანამედროვე ადამიანებისთვის, კი, რომელიც ისედაც გახლართულია ყოველდღიურობის საცეცებში, ორმაგად რთულია მყისიერი გადაწყვეტილების მიღება. მყისიერად ნაბიჯების გადადგმა პრობლემების გადასაწყვეტად ადამიანის ძლიერი უნარების კატეგორიაში გადის, როდესაც ის პოულობს საკუთარ თავში ძალას, დროულად მოაგვაროს პრობლემა, არ მიეცეს ხანგრძლივ ჭოჭმანსა და ფიქრს, და მალევე გადაწყვიტოს, რა სჯობს მისთვის და როგორ მოიქცეს. ამ უნარის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ბავშვობიდან, მცირე ნაბიჯებით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების აღნიშვნითა და წახალისებით.
სანამ ვეფხისტყაოსანს შევიყვარებდი, მანამდე საყვარელი ბებიის დროში გამოცდილი ფრთიანი გამონათქვამები, ანდაზები მაფიქრებდა იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია დროული, მყისიერი მოქმედება, დროის სწორი მენეჯმენტი, რომელიც გეხმარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღსრულებაში. ამ დროს ხომ თავად განკარგავ, როდის გაიღვიძებ, როდის დაუთმობ დროს სწავლას, განვითარებას, მუშაობას, კითხვას, საოჯახო საქმეებს, თამაშს, გართობასა და ა.შ. ბებია ყოველ დილით მზეზე ადრე იღვიძებდა, გაღვიძებისთანავე წვრილ-წვრილ საქმეებს მოილევდა, ნელ-ნელა ბავშვებიც ვიღვიძებდით და მას უკვე თითქმის ნახევარი დღის საქმეები ჰქონდა მოგვარებული. ბებია ამბობდა: ადამიანმა მზეს უნდა დაასწროს გაღვიძებაო; ალიონზე წამომდგარი კაცი ყველაფერს ასწრებსო; საქმე არ უნდა გადადო, გადადებული საქმე გადაგდებულიაო; გადადებული საქმე ეშმაკისააო; დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო და ა.შ.
ახლა, როცა შვილებს ვზრდი და მათთვის რჩევებსა თუ დარიგებებს თავადაც გავცემ, როგორ იცხოვრონ, როგორ განკარგონ დრო, როგორ არ გაფანტონ თითოეული წუთი და წამი, ვფიქრობ, ყველაფერი დისციპლინაა და ის გადაწყვეტილება, რომ რაღაც უნდა შეცვალო. დროის ჭკვიანური დაგეგმარება, ამ ჩვევის ხასიათში და ქცევაში გადატანა, ამ ჩვევების ორგანულად შეთვისება ნამდვილად გვიიოლებს, გვიმსუბუქებს იმ სირთულეებს, რომლებიც ისედაც მრავლადაა ჩვენს გარემოში და რომელიც ბევრ რამეში გვაფერხებს. წესების მიყოლა კი გვეხმარება, უფრო სრულყოფილად გავატაროთ დღე, უფრო კმაყოფილი დავრჩეთ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ახალმა დღემ მოიტანა, საკუთარი თავით და ჩვენ მიერ შესრულებული საქმეებით.
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, ამ სირთულეების მოგვარება, ცხადია, სჯობს უსარგებლო ჭმუნვასა და დარდს, რასაც „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიც შესანიშნავად ხვდებიან და ერთმანეთსაც ამისკენ მოუწოდებენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მათი სიბრძნე საკუთარ ყოველდღიურობაში გადმოვიტანოთ, ეს მრავალგზის გამოცდილი ჭეშმარიტებები ჩვენს პრაქტიკაში დავნერგოთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ, როგორი მნიშვნელოვანია განვითარების გზაზე მყოფებისთვის პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება, თვითდისციპლინა, შესასრულებელი საქმეების სისტემატიზაცია და ყოველდღიური მცირე გამარჯვების აღნიშვნა და სიხარული.