ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

რომანი, როგორც მრავალხმიანობა – ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო…“

ძალიან დიდი ხანია, წიგნი აღარ წამიკითხავს ისე, როგორც უბრალო მკითხველს. ეს განა ცუდია – პირიქით, ბოლო დროს სულ სხვანაირ გემოს ვატან წიგნებს. თუმცა ხანდახან მაინც მენატრება ძველებური, სკოლის მოსწავლეობის დროინდელი კითხვა, ზაფხულის ზანტ დღეებში რომ ვიცოდი, როცა გარედან კალიების ზიზინი და ფოთლების მშვიდი შრიალის ხმა შემოდიოდა. თითქოს რამ უნდა დამავიწყოს, რამ უნდა ჩამინაცვლოს ასეთი კითხვა? ვერც ვერაფერმა. შეხსენება კი მაინც დამჭირდა. არის წიგნები, საგანგებოდ ასე წასაკითხად რომ დაწერილა. „ვა სოფელოც…“ – ეს არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე რომანი სწორედ ასეთი წიგნია.

მახსოვს, ხელებს ვიბანდი და ვფიქრობდი, ევასნაირმა ამაყმა ქალმა რანაირად მიიღო გასაზრდელად თავისი ქმრისა და ვიღაც მეძავის შვილი-მეთქი. და უცებ მივხვდი: მან ხომ არ იცოდა! სპიროდონამ განა ასე არ გადაწყვიტა, სახლთან დავტოვებ, ვითომ მოგვიგდესო? მაგრამ დატოვა კი? ეს რომ რომანში აღარ წერია?

და აქ პირველად ვიგრძენი, რა დიდი მწერალი უნდა იყო, პერსპექტივით ასე რომ ითამაშო. როგორ ვბრაზობდი ევაზე და ვიჭერდი სპირიდონის მხარეს! სანამ ის საშინელი სიმართლე არ შევიტყვე სპირიდონასა და გიორგიზე. ის სიმართლე შეიტყო ევამაც, მაგრამ ხედავთ? სხვა სიმართლეც ყოფილა, ევას შვილობილის შესახებ, რომელიც მე, მკითხველმა, ვიცი, მან კი, პერსონაჟმა – არა.

ცხადია ტექსტის განზრახვა, გვაჩვენოს საბჭოთა რეპრესიების საშინელება, არათუ გვაჩვენოს, გვაგრძნობინოს კიდეც. უამრავი ასპექტი შეიძლებოდა, გამოგვეყო – ამ მშვენიერ წიგნზე არათუ ასეთი მომცრო წერილი, გამოკვლევები შეიძლება, დაიწეროს. მაგრამ ჩემთვის საინტერესო ამჯერად სწორედ პერსპექტივის საკითხია. სწორედ პერსპექტივის წყალობითაა, რომ ჩეკისტს, რომელმაც მთავარი პერსონაჟის მამა დაიჭირა, მაინცდამაინც სიძულვილით ვეღარ ვუცქერთ – ჩვენი მთხრობლის ბინაში, ერთ ოთახში შეყუჟული მისი ოჯახი, ცოლი და ავადმყოფი, მუდამ სიკვდილზე მოფიქრალი პატარა ბიჭი, არაფრით ჰგვანან ჯალათებს. შინ დაბრუნებული კი თავად ისიც, „ფორმიანი“ კაციც, ჩვეულებრივი მამა და ქმარია.

და თვითონ მთხრობლის პერსპექტივა? ეს ხომ ბავშვის თვალებია, ბავშვის თვალით დანახული დასმენები, ბავშვის თვალით დანახული სიღარიბე და გაუტანლობა, ბავშვისა, რომელიც ბევრ რამეს ვერ აცნობიერებს, მაგრამ ყველაფერს ამჩნევს.

ან განა მაროს რისხვა სამართლიანი არაა? განა სწორია, რომ ერთი ადამიანის ნაშრომი მეორემ კარტის თამაშში ფლანგოს? მაროსა და სპირიდონას ღირებულებათა სისტემა ერთია, ევა უცხო ადამიანია მათთვის. ამიტომაც იჭერს მარო მამამთილის მხარეს, ამიტომაც უყვარდება იგი სპირიდონას პირველი შეხვედრისთანავე, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მისი რძალი გახდება – ამ ერთი სოფლელი გოგოს ქცევაში არის სწორედ ის პატივისცემა, ვერაფრით რომ ვერ ეღირსა უგულო ცოლისგან.

მაგრამ განა ევა დამნაშავეა? ერთი სიხარული ჰქონდა ცხოვრებაში – გიორგი და ისიც დაკარგა. სხვა აღარაფერი უნდა. ევა ის ქალი როდია, პატრიარქალური ნორმების მორჩილებაში რომ გალევს სიცოცხლეს, ბედს შეეგუება და ხელს ჩაიქნევს, რაც არის, არისო. ის არც კი ცდილობს სპირიდონასთან დაახლოებას, მის გაცნობასაც არ ცდილობს, არათუ შეყვარებას.

ბებია რუსუდანს კი მართლადა რა მკვდრის დამარხვა აუტყდა? სხვა დამმარხავი არავინაა? თან თუ მის რძალს არ უნდა, ესე იგი, მართლაც არ იყო კარგი ადამიანი და რაღა მოხუცი რუსუდანი უნდა გადაჰყვეს ზედ? კითხვას განვაგრძობთ და ირკვევა: ორი ახლობელი სული – აი, ვინ იყვნენ ევა და რუსუდანი ერთმანეთისთვის.

მაკა და არჩილი? კი ამბობს დასაწყისში ბებია რუსუდანი, საკოცნელი პირი არჩილმა საფურთხებლად გაიხადაო, მაგრამ, აბა, რომანის ბოლოს ნახეთ მაკასა და არჩილის დიალოგი, მაკა რომ მექორწილეების გამოსახსნელად მივა, მართლა ასეა? ჰგავს ეს ნატანჯი, სახეგაფითრებული, დაავადებული კაცი ჯალათს? დამნაშავეა? თუ სხვებივით ისიც მსხვერპლია, ოღონდ სხვაგვარი მსხვერპლობა ერგო?..

ეს და კიდევ ორი ამდენი ამბავი ერთ წიგნში როგორ უნდა ჩაატიო? როგორ უნდა გადააბა, როგორ უნდა აკინძო? თქვენი არ ვიცი, მე კი მოქმედების ამგვარი სივრცე ტექსტში და სტრუქტურის ორგანიზების ასეთი ხერხი სხვა არ მახსენდება: ზის ორი ქალი, მოხუცი და ახალგაზრდა, მკვდარს აპატიოსნებს, ღამეს უთევს და თან ერთმანეთს საშინელი, სისხლიანი დროის ამბებს უყვება. ამბავი ამბავს მოსდევს, რადგან ერთი მოქმედი პირის ბედი მეორისას ებმის. ღერძი კი რომელზეც ეს ამბები იკინძება, რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსანია“ – ჩვენი მთავარი წიგნი და ბებია რუსუდანის სულის საწვრთნელი ბნელ და ბოროტ დროებაში. ასე იქმნება ერთი მშვენიერი, მრავალხმიანი სიმფონია, რომელშიც ყველას, თითოეულს თავისი სიმართლე აქვს.

ასე რომ, თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, ნუღა აყოვნებთ – სწორედ რომ საზაფხულო საკითხავია, მწარე და ტრაგიკული, მაგრამ თან ნამდვილად რუსთაველისეული სიკეთითა და სინათლით სავსე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

გულის ენა

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“