ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

იდეიდან ტექსტამდე

(მესამე ნაწილი – მარტოობის აპოლოგია)

წერისთვის აუცილებელია განმარტოება. არიან მწერლები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილასაც მშვენივრად მუშაობენ, მაგრამ მე აშკარად არ ვარ ერთ-ერთი მათგანი. ყოველთვის ჩემს ოთახში ვწერ. ეს ოთახი შეიძლება ჩემს სახლში არ იყოს (თუ, მაგალითად, სარეზიდენციო პროგრამით ვარ სადმე), მაგრამ ჩემი უნდა იყოს. სამუშაოდ კაფეებში არასდროს მივდივარ. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მთხოვა, რეპორტაჟისთვის ჩაგწერთო. დავთანხმდი და მკითხა, იქნებ თქვენ გვითხრათ, სად გირჩევნიათ ჩაწერაო. იქნებ საყვარელი კაფე გაქვთ ან მედიათეკა, სადაც მუშაობთო. რომ ვუპასუხე, სახლში ვმუშაობ-მეთქი, არ დაიჯერა, სულ სახლში ხომ არ იქნებით, როგორ, არსად გადიხართო?

არა, არ გავდივარ. უცხო გარემო გონებას მიფანტავს – მე ხომ დაკვირვება მიყვარს ნივთებზე, ადამიანებზე. რომ გავიდე, თვალიერებას გადავყვები და წერა უკან მომრჩება.

გამონაკლისი კი დამიშვია მეც ერთხელ: აიოვაში რომ ვიყავი, კვირაში ერთ დღეს ოთახს გვილაგებდნენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანმა კონკრეტული დღე აირჩია, ვერ გავიგეთ, ვისთან როდის მოდიოდნენ. ზოგი დილაობით საწოლიდანაც წამოუგდიათ. მე არ მახსოვს, რომელი დღე ავირჩიე, მაგრამ მახსოვს, რომ იმ დღეს მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ. მერე დალაგების დრო თვითნებურად შეცვალეს. ამიტომ დალაგების სავარაუდო დღეებში წამოვკრეფდი ჩემს მაკბუკსა და სამუშაო ჩანაწერებს, მოვიგდებდი მხარზე ჩემს წითელ პიჯაკს (ამერიკელებს ძალიან უყვართ კონდიციონერი, შესაბამისად, ყველგან ყინავს) და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მთავარი შენობისკენ გავწევდი. ლურჯ სამუშაო სივრცესთან ვჯდებოდი, ცენტრალური შესასვლელიდან და საგამოფენო დარბაზიდან მარცხნივ. ჩემ ირგვლივ ზოგი პრეზენტაციას ამზადებდა, ზოგი ნაშრომს წერდა, ზოგიც კითხულობდა. მხოლოდ მე ვბეჭდავდი რაღაცას გამალებით გაურკვეველ ანბანზე და გაურკვეველ ენაზე ვბუტბუტებდი (როცა ვერ ვწყვეტ, როგორ სჯობს წინადადებაში სიტყვების დაწყობა, ფრაზის სხვადასხვა ვარიანტებს ჩურჩულით ვკითხულობ. რომლის ჟღერადობაც მომეწონება, საუკეთესოც ისაა).

პირველად სწორედ მაშინ დავფიქრდი: იქნებ არც ისე საჭიროა, სამუშაო სივრცე შემოვზღუდო? მაგალითს მაძლევდა რეზიდენციის ერთი მონაწილეც, ბრწყინვალე პოეტი გაიათ ალმადუნი. ერთხელ გვითხრა, როცა ხელნაწერის ჩაბარების ბოლო ვადა კარზე მომადგება, ასე ვმუშაობო: მივდივარ კაფეში, ვწერ სამ-ოთხ საათს, რომ ვატყობ, იქ აღარ გამომდის, მეორე კაფეში გადავდივარ და ახლა იქ ვწერო. შემდეგ – კიდევ სხვა კაფეში, მერე – კიდევ სხვაში და ასე – სანამ ჩასაბარებელი გვერდების რაოდენობას არ მოვასრულებო.

როგორც ჩანს, გარემოს გამოცვლა გონებასაც აახლებს. როგორ ხდება ეს, არ ვიცი – მე არ მიცდია, მაგრამ მაინც გაგიზიარეთ – იქნებ თქვენ სცადოთ?

მე ელენ სიკსუს მუშაობის სტილის უფრო მესმის – ერთ-ერთ ლექციაში ამბობს, როცა რამეს ვწერ, სხვა ყველაფერს უნდა შევეშვა და მხოლოდ წერით დავკავდეო. ეს რთულია, რადგან საწერად წელიწადში რამდენიმე თვის გამოყოფა მიწევსო:

„მე ვმუშაობ დღეში რვა-ათ საათს გაუჩერებლად, როგორც მარათონის მორბენალი. და მერე მარათონის მორბენალივით ვეცემი. თუ ამდენი დრო არ მაქვს, წერას არც ვიწყებ. ვწერ ისე, როგორც ფრანგი კლასიკოსების უმრავლესობა, ანუ განუწყვეტლივ. თუ არ ვწერ, მძინავს, თუ მძინავს, სიზმარს ვხედავ – ესე იგი, ვწერ. მე წერის სხვადასხვა სახეს ვუნაცვლებ ერთმანეთს: დღის წერა, ღამის წერა და ასე გაუჩერებლად, რადგან წერა მოგზაურობაა და როცა გემზე ან თვითმფრინავზე ხარ, შეუძლებელია, ადგე და გადმოხვიდე ბორტიდან“[1].

პირველი წიგნის წერისას მეც სწორედ ასე ვიყავი: უშუალოდ წერას მაქსიმუმ ორ საათს ვუთმობდი დღეში, მაგრამ მთელი დღე ვფიქრობდი დაწერილზე. ამგვარად თავში მომდიოდა ხოლმე აზრები ცალკეულ სიუჟეტურ ხარვეზებზე. ამ აზრებს ვინიშნავდი და მეორე დღეს მუშაობას უკვე დაწერილის შესწორებით ვიწყებდი. ზოგადი რეკომენდაცია სხვაა: ჯერ უნდა დაასრულო ტექსტი და მერე გაასწორო. ენობრივი შეცდომები მართლაც ბოლოსთვის მოვიტოვე, მაგრამ აი, სიუჟეტურ ხარვეზებს კი ასე ვერ უგულებელვყოფდი – „აკუმში“ ხომ რამდენი პერსონაჟიცაა, იმდენივე პერსპექტივა და სიუჟეტური ხაზია, თხრობა არასწორხაზოვანია, ეს ყველაფერი ძალზე ართულებს ტექსტის სტრუქტურას. ამგვარ ტექსტში თუ ეს სტრუქტურა თავიდანვე მათემატიკურად გამართული არ არის, თუ მწერალმა თავიდანვე ზუსტად არ გათვალა დროის მიმდინარეობა, ბოლოს ყველაზე გამოცდილი რედაქტორიც კი ვერაფერს მოუხერხებს. დიახ, საწვალებელი ნამდვილად იყო, სასიამოვნო სამუშაო არ ეთქმოდა, მაგრამ მე უნდა შემესრულებინა და შევასრულე კიდეც.

მეორე წიგნზე მთლად გამოკეტილი არ ვყოფილვარ – თან სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი და თან პირველ მოთხრობაზე ვმუშაობდი. მესამე წიგნი მხატვრული არაა, როგორც იცით, და გამოკეტვა არ სჭირდებოდა, რადგან გადასამუშავებელი იყო და არა – დასაწერი. აი, ახლა მეოთხეს ჯერი მოვიდა და არ ვიცი, როგორ იქნება. გული კვლავ გამოკეტვისკენ მიმიწევს, მაგრამ მოვახერხებ? საჯარო ღონისძიებები და ინტერვიუები მექნება, როგორ უნდა შევუთავსო ეს ყველაფერი ერთმანეთს?

აქ კიდევ ერთი საკითხია: მარტო ყოფნა უნდა გიყვარდეთ. სხვაგვარად მწერლობაში გაჩერება გაგიჭირდებათ. მას შემდეგ, რაც „აკუმი“ დაიბეჭდა, ჩემს თავს შევურიგდი. ამაზე არასდროს მილაპარაკია (უფრო სწორად, ვილაპარაკე სულ ახლახან, ფრანგ ჟურნალისტებთან, მაგრამ სტატია ჯერ ხელთ არა მაქვს), „აკუმი“ ჩემს თავთან შერიგების წიგნი იყო, გამთლიანების წიგნი. სწორედ მისი გამოცემის მერე შევიყვარე მარტოობაც. და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება. წესად დავიდე, ღონისძიებებზე მარტო სიარული: ლიტერატურულ საღამოებზე, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე (განსაკუთრებით, საორღანო მუსიკის კონცერტებზე კათოლიკურ ეკლესიაში – ამაზე ოდესმე სხვა დროს და სხვა ფორმით მოგითხრობთ) და კაფეებშიც. წესად მაქვს, ზოგჯერ გავიდე მარტო, დავჯდე „დანკინ დონატსში“, დავლიო სეზონური ყავა (ჯანჯაფილის ნამცხვრის სუნელებით ზამთარში და გოგრის სუნელით შემოდგომაზე) და ვჭამო ბოსტონკრემიანი დონატი – ამ ქსელის პირველი კაფე ხომ სწორედ ბოსტონში გაიხსნა, ბოსტონკრემიან დონატსაც ამერიკაში სულ სხვა გემო აქვს. ვზივარ ხოლმე ასე ჩემთვის, სულში სიმშვიდე მაქვს, გულში – ჩუმი სიხარული, ვიხსენებ ამერიკას, რომელიც ჩემი სახლი გახდა, ჩემს ბავშვობას, რომელიც მუდამ ჩემი სახლია და ვტკბები იმ ლამაზი თავისუფლებით, რომელიც ლიტერატურამ თავის მიღმაც მაპოვნინა…

გაგრძელება იქნება

[1] ლექციის ეს ნაწყვეტი შეგიძლიათ, აქ იხილოთ: https://www.youtube.com/watch?v=evT0gGJ5Oms

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“