შაბათი, სექტემბერი 28, 2024
28 სექტემბერი, შაბათი, 2024

სკოლიდან ცხოვრებამდე: მასწავლებელი როგორც მეგზური,  როგორც შემოქმედი,  როგორც აღმომჩენი და ერთგული მეგობარი

ინტერვიუ მოსწავლესა და მასწავლებელთან. ამბავი, რომელიც ქართულის გაკვეთილებზე დაიწყო და დღემდე გრძელდება

 

„…კარგი მასწავლებელი ამ სამყაროში სიკეთის რწმენას გიღვიძებს და ეს ყოველგვარ პროფესიულ პროგრესზე მნიშვნელოვანია“.

„მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მადლიანიც!“

 

მასწავლებლობა უბრალო პროფესია არ მგონია – ის განსაკუთრებული და ძალიან ფაქიზი მისიაა. მისია, ჯერ აღმოაჩინო პატარა ადამიანი, მერე კი ისეთი ნაპერწკალი გაუღვივო, შუქურად რომ ექცეს და მთელი ცხოვრება გაუნათოს გზა, ყველაზე მთავარი გზა – შინ დასაბრუნებელი, ანუ საკუთარი თავის პოვნისა და აღმოჩენისა.

მასწავლებელი დემიურგია, მას შეუძლია შექმნას და გაანადგუროს კიდეც, შექმნას რწმენა, თავდაჯერება, ინდივიდუალურობა და, საზოგადოდ, შექმნას ადამიანი, რომელიც სიკეთისა და სიყვარულის მატარებელია. პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად, მასწავლებელი ჰუმანური ღირებულებების მთავარი ჩამნერგავი და სულის შთამბერავია. კარგი გაკვეთილი კი ის არის, საიდანაც ბავშვი ბედნიერი გამოვა და დაფიქრდება: „აი, თურმე რა შემძლებია, აი, თურმე რა საჭირო ყოფილა სიყვარული, აი, სიკეთის ჩადენას რა მნიშვნელობა ჰქონია, აუცილებლად გამომივა, რაც ჩავიფიქრე! მე სამყაროს შევცვლი!“

მინდა, ამ წერილში მოსწავლესა და მასწავლებელზე მოგიყვეთ. მათ ერთმანეთი, წლების წინ, არცთუ ბედნიერ დროს – შეშის ღუმლისა და გაყინული თითების ეპოქაში იპოვეს ქართულის გაკვეთილზე, იქ, სადაც შესაძლებელია, გულები ააჩქარო და თვალები აანთო, სადაც მასწავლებელს ეძლევა ჯადოსნური შესაძლებლობა, გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ბავშვის ცხოვრებაში, გახდეს ცვლილებებისა და სიხარულის მიზეზი.

მასწავლებელი ღმერთივითაა – ქმნის და ზრდის, რგავს და იმკის, აღმოაჩენს და ზრუნავს, სურვილებისა და ოცნებების შემგროვებელი და შემნახველია.

ნინო საძაგლიშვილი თეოლოგია, თარგმნის ბერძნულიდან საღვთისმეტყველო (და არამხოლოდ) ლიტერატურას, მაგისტრატურა დაამთავრა საბერძნეთში, ათენის იოანე კაპოდიასტრის სახელობის ისტორიულ უნივერსიტეტში (თეოლოგიის ფაკულტეტი). ახლა დოქტორანტურაში სწავლობს და ძალიან საინტერესო საკითხებზე მუშაობს. გარდა ამისა, ნინო მწერალიცაა. მისი ტექსტები გამოირჩევა სიღრმითა და მარადიული საკითხების ორიგინალური გააზრებით. ამჟამად მკითხველს დიდ საჩუქარს – თავის წიგნს უმზადებს.

ოდესღაც ნინოც იყო მოსწავლე და სწორედ ქართულის გაკვეთილზე დაიწყო საკუთარი ნიჭისა და თავის პოვნა, რასაც თავის განსაკუთრებულ მასწავლებელს უმადლის. ადამიანს, რომელმაც მის ცხოვრებაში ისეთი ქარბორბალა დაატრიალა, ისეთ რამეებზე დააფიქრა და იმდენი რამ აღამოაჩენინა რომ ლამის მთელ ცხოვრებას უდრის. თავის მასწავლებელთან ნინო დღემდე მეგობრობს.

მასწავლებელი მარინა გიგაშვილია, გორის საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც ნინოსთვის დღემდე საუკეთესო მრჩევლად, მეგობრად და ცხოვრების მეგზურად რჩება.

ნინო ჩემთან ძალიან ხშირად ახსენებდა ქალბატონ მარინას და მასზე ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა, რომ მივხვდი, ამ საოცარ მასწავლებელს რა ღრმა კვალი დაეტოვებინა მის სულში. ჰოდა, გადავწყვიტე, პატარა ინტერვიუ ჩამეწერა მოსწავლესა და მასწავლებელთან და თქვენთვისაც გამეზიარებინა.

 

ნინო

გაიხსენე პირველი შეხვედრა შენს მასწავლებელთან, რომელმაც განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა შენს ღირებულებებზე, შენს ხედვაზე და, საზოგადოდ, მომავალზე, შენს არჩევანზე

– მეხუთე კლასის პირველ გაკვეთილზე განსაკუთრებული მღელვარებით შევედი. უკვე მქონდა პედაგოგის გამო საგნისგან გაუცხოების გამოცდილება და მთელ ზაფხულს ვნერვიულობდი, ქართულშიც ასე არ მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ სულ თერთმეტი წლის ვიყავი, ქართული ენა და ლიტერატურა ჩემთვის მხოლოდ სასკოლო საგანი არასოდეს ყოფილა. ბავშვობიდან ვწერდი და რადგან პირველი კლასიდან გამართულად ვკითხულობდი, საბავშვო ბიბლიოთეკის აქტიური წევრიც ვიყავი, ამიტომ კარგად ვაცნობიერებდი, რომ ქართულის გაკვეთილები ერთგვარი პლატფორმა იყო შინ ნაფიქრის საპრეზენტაციოდ. ამას კი შესაფერისი მასწავლებელი სჭირდებოდა. მეშინოდა, ვაითუ მე და ახალმა მასწავლებელმა ერთმანეთს ვერ გავუგოთ-მეთქი, ყველაფერი კი პირიქით მოხდა.

ახალი მასწავლებელი შემოვიდა და გაკვეთილი იოანეს სახარებით დაიწყო: „პირველითგან იყო სიტყვა“… მერე კი მის სამზარეულოში მდგარ პატარა ბროწეულზე გვიამბო და კიდევ – პატარ-პატარა მომენტებზე, ნამდვილ ლიტერატურას რომ უხდება. წარმოიდგინეთ, ორიათასიანი წლებია, რაიონის სკოლა. კლასებში ჯერ კიდევ შეშის ღუმელი დგას, რომელიც დროდადრო ხრჩოლავს… და ამ დროს ვიღაც გაძლევს საშუალებას, ამ რეალობას გასცდე და, რაც მთავარია, მოგონებები დააგროვო.

რა შეცვალა შენში მასწავლებელმა? რა იყოს ის განასკუთრებული ნაპერწკალი, მუხტი, რომელიც მან შენში გააღვივა?

– პატივისცემა დავინახე. თავიდანვე დიდი ადამიანივით მომიდგა. მე მჯერა, რომ როდესაც სხვას შენი სწამს, უკვე უკეთესი ადამიანი ხდები და ხისტი რეალობისგან შეშინებული შენი სული ზედაპირზე ამოდის. ხანდახან ეს რწმენაც საკმარისია, რომ მოსწავლეში დიდი პროცესები დაიწყოს. მორცხვი, ფიზიკურადაც კი მუდამ თავდახრილი ბავშვი ვიყავი და ჩემი თავის სხვაგვარად აღქმა დავიწყე. დავიჯერე, რომ ხანდახან მაინც შემიძლია, რაღაც მნიშვნელოვანი ვთქვა.

რა იყო განსაკუთრებული და უჩვეულო შენი მასწავლებლის მიდგომებ, აქტივობებ, დამოკიდებულებებ?

– ჩვენი პიროვნება აინტერესებდა. გულწრფელად. მახსოვს, კითხვები ჩამოგვიწერა – სასწავლო პროცესი უნდა შეგვეფასებინა და ჩვენეული ხედვა მისთვის გაგვეზიარებინა. ეს ფურცელი დღემდე შენახული მაქვს. მერე პირადად მისთვის წერილების მიწერა გვთხოვა. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ დავიწყე თვითრეფლექსია და სხვებისთვის გაზიარება. ჩემთვის სულ ვწერდი, მაგრამ წერილის მიწერის კულტურა და გამბედაობა მაშინ ჩამომიყალიბდა. მნიშვნელოვანი ამბავი იყო: თერთმეტი წლის გაუბედავ ჯღაბნიას ადრესატი გამომიჩნდა, რომელიც ჩემს ნაწერებს კითხულობდა და ინახავდა კიდეც. სხვათა შორის, დღემდე შენახული აქვს.

დედა სულ აგროვებდა ჩემს ნაწერებს, ყოველ ნაკუწს, ექვსი წლიდან მოყოლებული, ჩემი პირველი პატარა ლექსი რომ ჩაიწერა, მაგრამ პირველი ოჯახგარე, უცხო მკითხველი მარინე მასწავლებლის სახით გამიჩნდა და მისი წერილებით დაბომბვა დავიწყე: ლექსებს და რეფლექსიებს ვუწერდი ხოლმე და ბოლოს ისე გავთავხედდი, საკლასო წერებსა და საკონტროლოებსაც იმპროვიზებულად ვწერდი. ჩემს ფანტაზიას ბოლომდე მივეცი გასაქანი. არასოდეს უსაყვედურია და ჩარჩოში არ ჩავუკეტივარ, თუმცა, ყოველთვის ობიექტური იყო. არავინ იფიქროს, რომ იდეალურ სურათს ვხატავ, სულაც არა, და მეტიც – ჩემი პირველი საკლასო წერის რვეულიც შენახული მაქვს. სტანდარტული საკლასო წერაა, ჯერ რომ მთლად ლექსებსაც არ ვწერ გაკვეთილზე და პროგრამას მივდევ. აბდაუბდა სასვენი ნიშნებითა და არასწორი გადატანებით, ბოლოში კი მარინე მასწავლებლის კომენტარია:

„ნინო, შვილო, მომწონს შენი ნაშრომი?“

აქ კომიკური ის იყო, რომ კითხვის ნიშანი ფურცლის კიდეში მოჰყვა და არ დამინახავს. მთელ კვირას ამაყად ვიარე და როცა კითხვის ნიშანი აღმოვაჩინე, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ამ კითხვის დასმა აღარასოდეს მოუწევდა. როცა პროგრამულ მასალაში მეცადინეობა დამეზარებოდა ხოლმე, სულ ეს კითხვა მახსენდებოდა.

– ამბავი, რომელიც სულ გახსოვს და როდესაც იხსენებ, ხვდები, რამხელა როლი აქვს მასწავლებელს ადამიანის ცხოვრებაში

– დათო ტურაშვილს რომ ჩემი ნაწერები წაუღო და წააკითხა და რვეული მისი სამახსოვრო წარწერით დამიბრუნა… რატი ამაღლობელთან ერთად მთაწმინდაზე რომ ვისხედით და ლიტერატურაზე ვმსჯელობდით… გოდერძი ჩოხელს რომ რთული პერიოდი ედგა და ჩვენ, მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს, რომ წერილები მიგვაწერინა და მართლა გადასცა… თავისი გაკეთებული ლეღვის მურაბა რომ მომიტანა ახალნაავადმყოფარს და მე, მიუხედავად იმისა, რომ ლეღვი დღემდე რაღაც საკრალურად მძულს, ის მურაბა მაინც ვჭამე.

მაშინ შეგრძნება გამიჩნდა, რომ მოსწავლეებზე მეტი ვიყავით და რეალურ ლიტერატურაში ვმონაწილეობდით.

მახსოვს, ერთხელ ღუმლის გარშემო ვისხედით. მოღუშული დღე იყო, ზამთრის. ერთმა გორელმა მწერალმა ჩაიარა. დაგვანახა, შეხედეთ, ეს ჩვენი მწერალიაო.

– ცოცხალია მასწ?! – გაიოცა ჩემმა კლასელმა.

ალბათ, კარგი მასწავლებელი სწორედ ამას ახერხებს, რომ „მკვდარი კალმოსნების ტექსტები“ ცოცხალი მწერლების ლიტერატურად აქციოს.

ერთხელ, ჩემთან საუბრისას, თქვი, მასწავლებელი ერთი კონკრეტული მოსწავლისთვის იბადება, რომ მასთან რაღაც არაჩვეულებრივი რამ შექმნას ან მასში განსაკუთრებული ნიჭი და ძალა აღმოაჩინოსო. რა იყო ეს შენს შემთხვევაში და როგორ ფიქრობ, მარინა მასწავლებელი შენთან განსაკუთრებული მისიით მოვიდა?

არ ვიცი. მეშინია, გადაჭარბებად არავინ ჩამითვალოს. ათობით სხვა მოსწავლეს ასწავლიდა და ის, რაც ჩემთვის განსაკუთრებულია, შესაძლოა, სხვისთვის ჩვეულებრივი რამ იყოს, მაგრამ მართლა მჯერა, რომ ხანდახან უცნაური შეხვედრები შედგება ხოლმე და ორი ადამიანი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გადაეყრება ერთმანეთს. იქნებ დიდიც ვერაფერი გამოდნეს ამ შეხვედრიდან, ბევრმა ფაქტორმა შეუშალოს ხელი რაღაც მნიშვნელოვან შედეგს, მაგრამ მთავარია, რომ კარგი მასწავლებელი ამ სამყაროში სიკეთის რწმენას გიღვიძებს და ეს ყოველგვარ პროფესიულ პროგრესზე მნიშვნელოვანია!

ახლა თუ გაქვთ ურთიერთობა? სკოლის დამთავრების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი განსაკუთრებული კავშირი?

– მეცხრე კლასში რომ გადავედი, სწავლის პირველ დღეს შევიტყვე, რომ მარინე მასწავლებელი სკოლიდან წავიდა. მახსოვს, როგორ განვიცადე – მთელი ამბით ველოდი, ჰაგიოგრაფია მას ესწავლებინა. „გრიგოლ ხანძთელი“ მიყვარდა განსაკუთრებით და მასთან ერთად მინდოდა ამ ყველაფრის გავლა. საბედნიეროდ, მეცხრე კლასშიც არაჩვეულებრივი ნინო მასწავლებელი (ნინო ახალბედაშვილი) შემოვიდა ჩვენთან და ეს სტრესი გადამალახვინა.

მარინე მასწავლებელთან კონტაქტი შევინარჩუნე. როცა მასწავლიდა, თხზულების ბოლოს ყოველთვის მიტოვებდა რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს, ესეც ურთიერთობა იყო. მერე უკვე, ათენში რომ მივდიოდი სწავლის გასაგრძელებლად, წერილი მომწერა. მე ბარათების, რიტუალების, განდობების, გზის დალოცვის, მიგებების, დამშვიდობების, კვლავშეხვედრების ადამიანი ვარ და ამ წერილმა ათენის პირველი დღეები მნიშვნელოვნად შემიფერადა. როგორც ყოველთვის, მაშინაც მიხვდა, რა მჭირდებოდა.

  • რას ეტყოდი შენს მასწავლებელს?

– ალბათ ყველაზე ბანალურ და ყველაზე გულწრფელ რამეს: – გმადლობთ!

 

ახლა მარინა მასწავლებელს მივმართავ კითხვებით, მაინტერესებს რა არის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის საიდუმლო, როგორ შეძლო ასეთი ცეცხლის დანთება ერთი პატარა გოგოს გულში? როგორ მოახერხა, მისთვის ასე შეეყვარებინა თავი და დღემდე არ შეწყვეტილიყო ეს საოცარი ურთიერთობა?

 

გაიხსენეთ თქვენი წარსული, როდესაც მასწავლებლობას იწყებდით, რას ფიქრობდით? რა განიცდიდით? რამ განაპირობა თქვენი არჩევანი – ყოფილიყავით მასწავლებელი?

უცნაურია, მაგრამ არ მიფიქრია მასწავლებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში გამორჩეული მასწავლებლები მყავდა. ვმადლობ მათ საინტერესო და განსხვავებული გაკვეთილებისთვის. მე უფრო აღმოსავლეთი, მისი კულტურა, ხელნაწერები მაინტერესებდა… მოხდა ისე, რომ სკოლიდან პედაგოგიურ ინსტიტუტში მოვხვდი და სულაც არ გამოვირჩეოდი განსაკუთრებული მონდომებით მომავალი პროფესიის მიმართ. სწავლის დასრულების შემდეგ მოვინდომე დამოუკიდებლად ცხოვრება და ამისთვის პროფესიის გამოყენება, რაც, რა თქმა უნდა, უშედეგოდ დამთავრდა. იმავე წელს დავიწყე მუშაობა ერთ-ერთი სოფლის ძველ შენობაში ისტორიის მასწავლებლად… ეს იყო უმძიმესი გამოცდილება  – 21 წლის მასწავლებელი, არაფერი და არავინ არ მადარდებდა ჩემი თავის გარდა… მერე… მერე დედა გავხდი და ყველაფერი შეიცვალა… მე სხვისი შვილების მოსმენა, მოფერება, გაგება ვისწავლე… ასეთი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები პროფესიაში.

როგორ ფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის მასწავლებლისთვის? რა უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს?

– რთული კითხვაა. ბევრი ფაქტორი განაპირობებს კარგ მასწავლებლობას. ამ საკითხზე ბევრი უფიქრიათ, ბევრიც დაწერილა, თქმულა… მე მაინც გამოვარჩევ მოსწავლის, ბავშვის უპირობო სიყვარულს, ნდობას, მზრუნველობას, გულწრფელობას, სილაღეს, ზომიერებას, სიხარულისა და ტკივილის გაზიარებას, მასთან ერთად ფიქრსა და ოცნებას… პასუხისმგებლობას! კარგი მასწავლებელი კარგი მსმენელი და მრჩეველი უნდა იყოს!

რას გაიხსენებდით იმ პერიოდიდან, როცა ნინოს ასწავლიდით, რით იყო გამორჩეული მოსწავლე?

– ნინოს კლასში შესვლა ჩემი ნება არ იყო, რადგან საშუალო საფეხურის სპეციალისტად ჩამოვყალიბდი და არ მინდოდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მუშაობა, მაგრამ რადგან ასე მოხდა, გადავწყვიტე, პირველსავე გაკვეთილზე გაეაზრებინათ სიტყვის მნიშვნელობა – საზოგადოდ და, კერძოდ, ლიტერატურაში. ოდნავ ზერელედ დავიწყე ახსნა, ვუფრთხოდი გაუგებარ სიტყვებს და ვზომავდი ნაბიჯებს მათ საწიერამდე და შევამჩნიე, რომ ამ სივრცეში ვიღაცის თვალები აციმციმდა, რადგან მთელი არსებით გრძნობდა ეს ვიღაც, ლიტერატურა საგანი რომ არ არის, რომ ის ამბავია სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ეპოქაში და ამბავი ხან სევდიანია, ხან სიხარულით სავსე… ამბები კი სიტყვებით – ჯადოსნური არსებებით გადმოიცემა. ეს ვიღაც ნინო იყო, ჩემი სიფრიფანა გოგო – თვალებში სამყაროჩატეული ემოციებით. მან ჩემზე უკეთ იცოდა ეს და, აი, მაშინ მივხვდი მე, საბჭოთა მასწავლებელი, რომ დროა, მოვუსმინო მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილზევე თემის მიხედვით წერდა ლექსებს, პოემებს, ჩანახატებს, მოთხრობებს, თითქოს ესმოდა „იქმენინ ნათელი“… ეს რაღაც ახალი იყო ჩემს მასწავლებლურ ცხოვრებაში – მისი კითხვები მის ასაკს სცდებოდა და პასუხები კარგად გააზრებული უნდა ყოფილიყო, მის თვალებში სიხარულის, აღმოჩენისა და კმაყოფილების ციცინათელები რომ არ ჩამქრალიყვნენ…

– თქვენი მასწავლებლობის წლებიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა? რა გასწავლათ ამ დრომ, ცხოვრებამ?

– ბევრი რამ მასწავლა… თითოეული გაკვეთილი თავისი თითოეული მოსწავლით სრულიად ახალი გამოწვევა და გამოცდილება იყო. ვმადლობ ღმერთს ამ პროფესიისთვის, ვმადლობ თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, კოლეგას ცხოვრების ურთულეს გზაზე ფიქრისას ხელის შემოშველებისთვის, სიყვარულისთვის, ადამიანური ურთიერთობისთვის… მასწავლა სიცოცხლის სიყვარული, მადლიერება, მიტევება, სიფაქიზე, პასუხისმგებლობის გრძნობა, სხვისი მოსმენა და თანაგრძნობა, მასწავლა, რომ თითოეული ბავშვი განუმეორებელია და რომ შენი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის. ეს ისეთი დიდი პასუხისმგებლობაა, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ფრთხილად ეხები მოსწავლის ფიქრებსა და სულს, მყარი და ლამაზი ადამიანი რომ გამოაქანდაკო ისე, პიროვნულ არჩევანში რომ არ შეცდეს! დრომ გამოცდილება, უამრავი სიხარული, შეცდომა, გულწრფელი სინანული და აღიარება მოიტანა.

– ხომ არ მოგვიყვებით თქვენი რომელიმე განსაკუთრებული მეთოდის ან აქტივობის შესახებ?

ყოველი გაკვეთილი ბევრი ფიქრის შედეგია, მაგრამ საოცარი ის არის, ერთმანეთს რომ არ ჰგვანან. ძალიან მიყვარს თემის შესაფერისი განწყობის შექმნა გაკვეთილის დასაწყისში რამე ამბით, ნახატით, იგავით. ეს ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში კარის შეღებას ჰგავს. ძალიან მომწონს, როცა კეთებით ვსწავლობთ – ეს ძალიან უხდება ენის გაკვეთილებს; როცა კითხვას ვსვამთ და ვვარაუდობთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ… ხანდახან რაღაც ამბავს ვყვები მათზე, ოღონდ სხვა პერსონაჟებით და სხვა დროში და ეს „ირიბად ნასროლი ქვა“ პირდაპირ ხვდება სათქმელს. ძალიან მიყვარს გაკვეთილის ბოლოს თავისუფალი წერა, რომელიც სათქმელის ძალდაუტანებლად გადმოცემას უწყობს ხელს, ასევე – მათ მიერ მოწონებულ ადგილებზე მსჯელობა, დღიურების წერა და სხვა. ეს დამოკიდებულია ნაწარმოებზე, მასში ამოკითხულ ფასეულობებზე.

რაშია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის საიდუმლო? როგორ მოახერხეთ თქვენი მოსწავლეების ამხელა სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება?

– საიდუმლო – როგორი სიტყვაა, თანაც ურთიერთობის საიდუმლო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის… შენ შენება უნდა ასწავლო – რა ააშენოს, როგორი და რისთვის, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ამ სწავლებაში ნამდვილი უნდა იყო, უპირობოდ ნამდვილი, სიყვარულიც ასეთი უნდა გქონდეს, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, მან უნდა იგრძნოს, როგორ გიყვარს და ისიც, როგორ გიყვარს, რასაც ასწავლი. არ ვიცი, მგონი, მასწავლებლობისას მათგან სწავლაც, მათი მოსმენა, გაგება და თანაგრძნობა მათ სიყვარულს გჩუქნის. ეს სიყვარული და პატივისცემა ორმხრივი რომაა, ესაა ბედნიერება. როგორც ხეზე ნაყოფთაგან კარგს გამოარჩევ, ასე უნდა აღმოაჩინო და ჩაეჭიდო მოსწავლის კარგ თვისებას, უნარს, მოუარო და გაამრავლო.

რას ურჩევდით მასწავლებლებს? რას ეტყოდით მათ?

– უპირველესად, გმადლობთ, ინა, ჩემი გამოცდილების გაზიარებისთვის! რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვურჩევდი პროფესიის ერთგულებას. ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად შენი შვილი უყურადღებოდ გრჩება სხვის შვილზე ფიქრში, ხშირად ღამის თევა და შენს სურვილებზე უარის თქმა გიწევს, არ მთავრდება სწავლა არასდროს… უნდა იცოდე, რომ ენა და ლიტერატურა საგანი და გაკვეთილი კი არა, ცხოვრებაა, ცხოვრების გაკვეთილებია და უნდა ასწავლო, როგორ ისწავლონ ეს გაკვეთილები მოსწავლეებმა, სიცოცხლის გამოცდები წარმატებით რომ ჩააბარონ, ასწავლო, რომ ყმაწვილი თავის შესაცნობად უნდა განისწავლებოდეს, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, რომ „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის სიცოცხლის მიმცემი“, რომ წაქცეულს სამარიტელივით უნდა მოექცნენ, რომ მგლობას ცხვრობა სჯობს, რომ „რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“, რომ ღარიბად არ იხსენებოდნენ და იცოდნენ თავის ფლობა! ვურჩევდი, კარგად მოუსმინონ უნიჭიერეს და მოაზროვნე თაობას, რომელმაც წინ მოვალეობა და პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს! რომ მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მადლიანიც!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

აი, სკოლაშიც დავბრუნდით!

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“