პარასკევი, სექტემბერი 27, 2024
27 სექტემბერი, პარასკევი, 2024

როგორ მოვიძიოთ ფინანსები სასკოლო საჭიროებებისთვის

საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ სასკოლო საზოგადოების წევრებს, მათ შორის მშობლებს უფლება აქვთ საქველმოქმედო მიზნებისთვის მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები (მუხლი 14). თუ ადგილი აქვს ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვას, სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ასეთი ფაქტები. ხოლო თუ მშობლები ნებაყოფლობით ცდილობენ სკოლის მხარდაჭერას სხვადასხვა რესურსებით, ეს სრულიად ლეგიტიმურია და სკოლას შეუძლია ასეთი შემოწირულობის მიღება.

სკოლაში ფულის შეგროვება და მშობლების ჩართულობა ამ პროცესში, არა ერთი ქვეყნის პრაქტიკაა, მათ შორის ისეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისაც კი, როგორიც არის ამერიკა, დიდი ბრიტანეთი თუ ევროპის ქვეყნები. ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებობს სკოლაში შექმნილი ფონდები, რომლებიც სკოლების სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. თუმცა, ამ ფონდებში თანხების მობილიზება ქართული პრაქტიკისგან განსხვავებულად ხდება. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი არის ნებაყოფლობითობა. თანამედროვე მეთოდები დემოკრატიულია და მაქსიმალურად  ითვალისწინებს მშობლების ინდივიდუალურ შეხედულებებს, ნებას და ფინანსურ შესაძლებლობებს. მეორე, რაც მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ქართული პრაქტიკისგან განასხვავებს, ის არის, რომ გამიჯნულია, თუ რა ფინანსდება სკოლის ბიუჯეტით და რა მშობლების სახსრებით.

საქართველოს კანონდებლობით საჯარო სკოლის ბიუჯეტი საჯაროა. მისი ნახვა მშობლებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სკოლაშიც შეუძლიათ. ან ვებ გვერდზე https://skolebi.emis.ge/ შეძლებენ მოიძიონ საჭირო ინფორმაცია. ბიუჯეტში ჩახედვა  მშობლებს დაეხმარება გაიგონ, რა ფინანსდება სახელწიფოს მიერ და რა საჭიროებები რჩება გადასაჭრელი. თუ მშობლები სკოლის ბიუჯეტს გაეცნობიან, დარწმუნებიან, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება, ხოლო უამრავი გამოწვევის დასაძლევად ფინანსები აღარ რჩება. ამის შემდეგ კი დაიწყებენ ფიქრს, თავად როგორ დაეხმარონ მოსწავლეებს და სკოლას, რა გზით მოიპოვონ დამატებითი საჭირო რესურსები, ვის მიმართონ მხარდაჭერისთვის და როგორ აწარმოონ თანხის მობილიზების კამპანია ლეგიტიმური გზებით.

ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველია მშობლების და მოსწავლეების მიმართვა ადგილობრივი მთავრობის მისამართით, მაგალითად, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. იქნება ეს სპორტის დარბაზის გარემონტება, საჭირო რესურსებით მომარაგება თუ სხვა საჭიროების დაკმაყოფილება.

მშობლებს და მოსწავლეებს დირექტორთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლადაც შეუძლიათ მიმართონ განათლების სამინისტროს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს და მოითხოვონ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად გამოსწორება.

სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, არსებობს საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებიც. ყველაზე პოპულარულია საგრანტო დაფინანსების მოძიება და/ან ქრაუდფანდინგი. ე.წ. სახალხო დაფინანსების მობილიზება. ამ მეთოდებით თანხის შეგროვების ყველაზე აქტიური ქართული პლატფორმებია „ორბელიანი მეტი“  https://orbelianimeti.ge/ და https://donors.ge/ . ორივე პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს აქტიურ მოქალაქეებს პრობლემების გადაჭრაში, მათ შორის, მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს. აღნიშნულ პლატფორმებზე წელიწადში რამდენჯერმე ცხადდება იდეების კონკურსები, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია.

ასეთი სახის დაფინანსებით შესაძლებელია სკოლაში მშობელთა კლუბის ფუნქციონირება. კლუბი შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემას, რომელიც აქტუალურია სასკოლო თემში, მაგალითად, არაფორმალური განათლების კლუბი, წიგნის კითხვის კლუბი, ბულინგის პრევენციის კლუბი, სპორტული ან სახელოვნებო კლუბი, ხელსაქმის კლუბი და ა.შ. ასევე, შესაძლებელია, სკოლისთვის ისეთი ტექნიკის შეძენა, რაც მასწავლებლებს დაეხმარებათ მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებაში, მაგალითად, პროექტორი, ეკრანი, ფერადი პრინტერი და სხვა.

საერთაშორისო თუ ადგილობრივი დაფინანსების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია, მშობლებმა ზუსტად იცოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მოძიებულ რესურსებს, რამდენი მოსწავლისთვის თუ მშობლისთვის იქნება შესაძლებელი სარგებლის მიღება და რაში დაიხარჯება მოძიებული ფინანსები. ასევე, როგორ შეინარჩუნებენ პროექტის მდგრადობას მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება.

რესურსების მოძიების ჩამოთვლილი მეთოდები რადიკალურად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული პრაქტიკისგან. ხშირად ხდება, რომ მშობლები აგროვებენ თანხას, რითიც ყიდულობენ ჰიგიენურ საშუალებებს ან საკლასო ოთახისთვის აუცილებელ ატრიბუტებს. როგორც წესი, თანხის აგროვების ინიციატორი მშობელი ანგარიშობს საერთო ხარჯს, აწესებს ლიმიტს და თანაბრად ყოფს ყველა მშობელზე. ეს ხშირად ხდება გაუგებრობის და დაპირისპირების მიზეზი, რადგან ყველა მშობელს არ სურს მონაწილეობის მიღება ფულის შეგროვების პროცესში. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ უკმაყოფილება, რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა დავიცვათ. მნიშვნელოვანია:

  • მშობლებმა სწორად შეაფასონ კონკრეტული საჭიროებები და შემდგომ იფიქრონ საკუთარ როლსა და ფინანსურ მონაწილეობაზე.
  • თანხის მიზნობრიობა წინასწარ მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული
  • თანხის შეგროვება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა საყოველთაო
  • თანხის ოდენობა შესაძლებელია იყოს იმდენი, ვისაც რამდენი სურს ან შეუძლია და არა იმდენი, რამდენსაც ორგანიზატორი დააწესებს.
  • თანხის ხარჯვა უნდა იყოს გამჭვირვალე, ხოლო შედეგი – საჯაროდ თვალსაჩინო.

ასეთ შემთხვევებში, შემდგომი უთანხმოებები თავიდან იქნება არიდებული. მოსწავლეები და სკოლა კი ისარგებლებენ მშობელთა ლეგიტიმური ფინანსური თანამონაწილეობით.

შემდეგ სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილოთ სკოლაში თანხის შეგროვების კამპანიის მართებული, ლეგიტიმური და დემოკრატიული მეთოდიკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“