სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ამბავი ნილ ამსტრონგისა, მოტეხილი ფეხისა და მთვარის ქვის მსგავსი თეთრი და გამჭვირვალე ქვებისა…

2008 წელს ფეხი მოვიტეხე. არც მეტი არც ნაკლები ავტობუსის ზედა საფეხურიდან გადავფრინდი და რკინის ლუკს დავასკდი. რამდენიმე წამით თვალებში  უკუნი ჩამოწვა. როცა კვლავ განათდა, იქვე მაღაზიაში ვიჯექი (სავარაუდოდ ვიღაცეებმა ამიღეს, შემიტანეს და სკამზე დამდეს) ერთ ფეხზე გაყინული კიბორჩხალას ჩხირები მედო, მეორეზე გაყინული კარაქი. ვიღაც ორი ქალი აქეთ-იქედან მინიავებდა. მალე დედაც მოვიდა, ცოტა ნირწამხდარი ვიყავი და იმის დასამტკიცებლად, რომ ფეხი მოტეხილი არ მქონდა, მართალია ორ ნაბიჯზე, მაგრამ სახლში  მაინც ჩემი ფეხით წავლასლასდი. მეორე დილით  ფეხი გასივდა და გაშავდა. რაღას ვიზამდი, დავიჯერე, რომ მოტეხილი იყო. საშინელი ორმოცი  დღე გავატარე. ასე მეგონა თაბაშირში ფეხი კი არა, გული მქონდა ჩასმული. 

აქტიური ადამიანი ვარ და ორმოცი  დღის განმავლობაში წოლა ჩემთვის  ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მანამდე კიდევ, დაახლოებით სამი წლით ადრე ამოვიჩემე-ფეხს მოვიტეხ-მეთქი. საოცარი  ექიმი შემხვდა, პროფესიონალი, თბილი და, რაც მთავარია, იუმორით სავსე. მეორე დღეს, როცა ჩემს საწოლ ოთახში თაბაშირის დასადებად შემოვიდა, გასამხნევებლად შემომძახა:

ქეთევან, ეს რა დაგმართიაო.

ნირწამხდარმა, პასუხად რაღაც ჩავილუღლუღე. სამაგიეროდ, დედამ უპასუხა, რას ბრძანებთ, ამან სამი წლის წინ დაგეგმილი ოცნება აისრულაო. ოოო, მაშინო, მითხრა ექიმმა, მოსალოცად გქონია საქმეო. თან საუკეთესოდ მოგიტეხიაო, თუმცა ძვლები ერთმანეთს აცილებულა და აბა მაჩვენე, როგორი ყოჩაღი გოგო ხარო. თვალებში მიყურე და რაც არ უნდა იგრძნო, არ დამემდუროო.  მოკლედ, ასე ხუმრობა-ხუმრობით გამისწორა ძვლები, დამადო თაბაშირი და შემპირდა, რომ ორმოცი დღის შემდეგ მოვიდოდა და სიარულს ხელახლა შემასწავლიდა.

მას შემდეგ სიარულის ნაცვლად დავრბივარ, უხინჯოდ ამაყენა. თუმცა იმ ავბედითი ორმოცი დღის განმავლობაში ჩემი ყველაზე საყვარელი მოსასმენი ამბავი იყო, როგორ წაიქცა მავანი, მოიტეხა ფეხი და მერე როგორ გაიარა უნაკლოდ. ეს ამბავი ჩემს მეგობრებშიც გავრცელდა და ყოველ საღამოს ხან ვინ მირეკავდა და ხან ვინ და წაქცეულ ადამიანებზე ტყუილ-მართალს ერთად  მიყვებოდა.

ერთხელ, ერთმა დამირეკა და მითხრა. დიდი ამბავი, თუ ავტობუსიდან გადმოფრინდი. აი, ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ ამსტრონგმა, მთვარე რომ დალაშქრა, თავის სახლში, სააბაზანო ოთახში მოიტეხა ფეხიო. მოკლედ, ძლივს მივედი იმ თემასთან, რაზეც ვაპირებ წერას. სიუჟეტის განვითარებისთვის სწორედ ნილ ამსტრონგი მჭირდება და მანამდე კი ჩვენს საერთო უიღბლობაზე მოგიყევით, ისე გასახალისებლად. ახლა უკვე ამაზე ღიმილით თხრობა შეიძლება. ის კი არა, ვინმე ასეთ დროებით უიღბლოს თუ იცნობთ, ჩემი და ნილის ამბით შეგიძლიათ გაამხნევოთ. ორივემ ფეხი მოვიტეხეთ. მე – რკინის ლუქზე, ნილი  კიდევ სააბაზანოში, ორმოცი  დღის შემდეგ (ნილი რამდენ დღეში წამოდგა, ეგ აღარ ვიცი) ორივენი უხინჯოდ ავდექით. ოღონდ მანამდე, ჩემგან განსხვავებით, ნილ ამსტრონგი  მთვარის მოსანახულებლად მიიწვიეს. იქედან  მთვარის ქვა ჩამოიტანა თუ არა, არ ვიცი… 

რა იდუმალი სახელი აქვს, არა? მთვარის ქვა… მეორენაირად – ადულარია… ინდოეთში ჯანდარაკანდამი ქვია, რაც მთვარის ელვარებას ნიშნავს, არადა მინდვრის შპატია შემდეგი ფორმულით K[AlSi3O8].  სიმაგრის კოეფიციენტი ექვსი აქვს.  არ იფიქროთ, რომ მაინცდამაინც მთვარეზე მოიპოვება და იმიტომ უწოდეს ასე. უბრალოდ, ძველი ლეგენდების თანახმად, თუ სავსე მთვარის შუქზე ამ ქვას დაიჭერთ და თქვენთვის საინტერესო თემაზე ჩაფიქრდებით, ქვა და მთვარე (ეტყობა, ერთობლივად) პასუხს გიკარნახებთ. 

ჰო, წერით ისე გავერთე, გამომრჩა მეთქვა… დღეს თეთრ ქვებზე ვსაუბრობთ. თუ გამჭვირვალე ქვებს არ ჩავთვლით, ძალიან სუფთა თეთრი ქვა იშვიათობაა. მთვარის ქვასაც მოვერცხლისფრო ელფერი გადაჰკრავს.  

თეთრი მარმარილო, თეთრი ნეფრიტი, რძისფერი ოპალი…  კიდევ მრავალი შეიძლება ჩამოვთვალოთ…  ყველანი თეთრი ქვებია…

სწორედ რძისფერი ოპალი ფასობდა ძველ რომში. ის ან უნგრეთიდან ჩამოჰქონდათ, ან კიდევ ავსტრალიიდან. ოპალი მხოლოდ რძისფერი სულაც არ არის, მრავალი ნაირსახეობა აქვს: თეთრი, წითელი, ყვითელი, ცისფერი, მწვანე.  SiO2·nH2O, ეს არის მისი ფორმულა. აი, ფერი კი მინარევებზეა დამოკიდებული. რძისფერში მინარევად შემდეგი კომბინაციაა Fe2O3,MgO,CaO. სიმაგრის კოეფიციენტი ხუთიდან ექვსამდე მერყეობს. ოპალის ფორმულაში ყურადღებას მიაქცევდით, რომ სილიციუმის ოქსიდი წყალთანაა დაკავშირებული. წყლის პროცენტული შემცველობა 0,4%-დან 32%-მდე მერყეობს. სწორედ მის რაოდენობაზეა დამოკიდებული ოპალის გამჭვირვალობის ხარისხი. რაც მეტია წყალი, მით  მეტად გამჭვირვალეა ოპალი. 

სილიციუმის იგივე ოქსიდი, ოღონდ წყლის გარეშე და მინარევად ალუმინით ან რკინით, უკვე კვარცის ნაირსახეობაა და ბოლისფერ ტოპაზს უწოდებენ. მისი სიმაგრე შვიდს უტოლდება. ზოგჯერ ამ მინერალს მთის ბროლსაც ეძახიან. იგივე შემადგენლობა, იგივე სიმაგრე, გამჭირვალობის იგივე ხარისხი. რომაელი პატრიციები ზაფხულის მწველ სიცხეში  ხელებს მთის ბროლისგან  ჩამოთლილი გაციებული ბურთებით იგრილებდნენ. იაპონიაში კი ის დრაკონის გაყინული სუნთქვა ეგონათ. 

სილიციუმის დიოქსიდს, იგივე კაჟმიწას, მრავალი თეთრი თუ ფერადი ქვა შეიცავს. სხვათა შორის სილიციუმის მარილისგან სილიკატური ბაღნარის გაშენებაც შეიძლება.

ნატრიუმის სილიკატის (Na2SiO3) წყალხსნარში  ჩაუშვით ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის, კობალტის, ნიკელის, რკინის, სპილენძის მარილთა კრისტალები. გარკვეული დროის შემდეგ ჭიქაში ფერადი „ბაღნარი” გაჩნდება. ჭიქის ფსკერზე დაცემულ მარილთა კრისტალებს ჰაერის ბუშტუკები წყდება და ზევით ამოდის. განცდა იქმნება, თითქოს კრისტალიდან ზედაპირისკენ   უწვრილეს მთლიან მილაკ-მემბრანებია გაბმული, რომელიც სილიციუმმჟავის და მეტალის ჰიდროქსიდის ფირებისგან შედგება.  მალე ჭიქაში სილიკატური ბაღნარი გექნებათ. 
თუ ნახევრად გამჭვირვალე ქვებიდან გამჭვირვალეზე გადავალთ, მაშინ ალმასს ვერ ავცდებით. ლეგენდებში განძის მაძიებლები ალმასებს დაეძებდნენ… რაში აღარ გამოდგებოდა ალმასი… გაგამდიდრებდათ, ყველა თქვენთან მეგობრობას მოისურვებდა, უძლეველი გახდებოდით… ალმასებით ლამაზმანების გულსაც მოინადირებდით…  თუმცა რაღა ლეგენდებში მივდივარ, დღესაც იგივე არ არის?… თუ ალმასი გაქვს, ყველაფერი გაქვს… არა, ყველაფერი ვერ გექნება, მაგრამ  ამას წინათ მოვისმინე, აუქციონზე ალმასი ოთხმოცდაათ მილიონ დოლარად გაუყიდიათ… წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა ამ   ფულით… ამ ალმასით…

ჰოდა, ეს საოცნებო ალმასი არც მეტი, არც ნაკლები კრისტალური ნახშირბადია. ხშირად ალმასებს სხავადასხვა შეფერილობა აქვთ და ეს  ფერთა სიმრავლე  მის კრისტალურ სტრუქტურაში არსებული დეფექტებით  აიხსნება, ასევე ნახშირბადის ატომების ჩანაცვლებით ბორის, აზოტის და ალუმინის ატომებით. ალმასების რუხი და შავი შეფერილობა კი გრაფიტის ჩანართებითაა განპირობებული. 

სუფთა, გამჭვირვალე გახეხილ-დაწახნაგებული ალმასი ბრილიანტია. ბრილიანტის დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. იგი ორი შეთავსებული პირამიდის ფორმისაა და ერთი მათგანი წაკვეთილია. კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ პარალელურ სხივთა კონა, რომელიც მის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო, სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფრად ელვარებს. ბრილიანტის მასას კარატებით ზომავენ. 1 კარატი 0,2 გრამია. სიტყვა კარატი არაბულიდან – „კირატ” – მოდის, იტალიელებმა თქვეს  „კარატო” და ბერძნებმა თავისებურად აამღერეს „კერატიონ”. სინამდვილეში ამ სიტყვით რქის ხე კერატის ნაყოფს მოიხსენიებდნენ. ამ ხეს რაფიელ ერისთავი თავის „ბოტანიკურ ლექსიკონში” რქა-კერატსაც უწოდებდა, სულხან-საბა კი უბრალოდ რქას ეძახდა. ჰოდა, მოკლედ ამ რქის ნაყოფს ქვების წონა-ზომის ეტალონად მიიჩნევდნენ. 

სტუდენტობისას საფრანგეთის ქალაქ სენ-მალოს ვსტუმრობდი. აქ კლდის თავზე, ცნობილი ფრანგი პოეტის შატობრიანის საფლავია, რომელიც სივრცესა და ლამანშს გადასცქერის და თითქოს მარადისობაზე დასაფიქრებლად გიწვევს. ქალაქში ხეტიალისას საიუველირო მაღაზიის ვიტრინის წინ შევჩერდი. იქვე წარწერა გამცნობდათ, რომ აქ მხოლოდ ექსკლუზიური ნივთები იყიდებოდა. ბუნებრივია, ვიტრინაში გამჭვირვალე  ქვები ჭარბობდა. 

მოგწონთ? – მომესმა ზურგიდან. ვიღაც ასაკოვანი კაცი მეკითხებოდა.

– რა თქმა უნდა, ვუპასუხე და შევეცადე იქაურობას გავცლოდი.  

– მოიცადეთ, შევიდეთ შიგნით და აირჩიეთ რამე, გისახსოვრებთ.

გაოცებულმა შევხედე, ვიფიქრე ალბათ სწრაფად რომ საუბრობს, შეცდომით სხვა რამ გავიგონე-მეთქი. მან კი განაგრძო, ოღონდ მერე იქნებ შინ წამომყვეთო, ჩემს ცოლს მინდა ვანახო თქვენი თავიო. ერთადერთი შვილი გარდაგვეცვალა ტრავმით, ბევრი მოტეხილობა ჰქონდა, თქვენ კი მას  საოცრად გავხართო.  წამით თითქოს დავეთანხმე კიდეც, მაგრამ მაშინვე ბებიას სახე დამიდგა წინ, გამუდმებით, რომ მიმეორებდა, ზღაპრების არ დაიჯერო და არავის ენდოო. ამიტომ სულ სხაპასხუპით მივუგე, რომ ძალიან მეჩქარებოდა, დრო სულ არ მქონდა და, რაც მთავარია, „ვერ ვიტანდი” სამკაულებს.

ახლა ვფიქრობ ხოლმე, ვინ იცის, იქნებ სიმართლე მითხრა… იქნებ მართლაც გარდაცვლილი შვილი მოვაგონე, რომელსაც ჩემსავით რაღაცები მოუტეხია და ჩემგან განსხვავებით, არ გამართლებია…  მე კი არ დავუჯერე და უნებურად გული ვატკინე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“