სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

იდეიდან ტექსტამდე

(მეორე ნაწილი)

შიში იდეასთან ერთად ჩნდება და ტექსტის ბოლო წერტილამდე არ გტოვებს. მას სხვადასხვა ფორმა აქვს. დასაწყისში ესაა: „თემა რომ ვერ დავძლიო?“, მერე: „რომ ვერ განვაგრძო წერა? ბოლომდე რომ ვერ მივიყვანო?“.

ეს შეუცნობლის შიშია. შიში იმისა, რომ როგორი დისციპლინირებულიც არ უნდა იყოს წერის პროცესი, რამდენიც არ უნდა დაგეგმო წინასწარ, როგორი ყურადღებითაც არ უნდა მიჰყვე ამ გეგმას, შეიძლება, ერთ დღეს მაინც არაფერი გამოვიდეს. ასე, უბრალოდ, გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ ეს ტექსტი აღარ დაიწერება.

ცალკეა თავად ტექსტთან დაკავშირებული შიშები, რომლებიც მოკლედ გამოითქმის ფრაზით: „იქნებ არ ვარგა?“ მე ეს ეჭვი მანამ არ მტოვებს, სანამ ტექსტს გამომცემელს არ ჩავაბარებ. როცა ტექსტი უკვე რედაქტორმა უნდა ნახოს, ეჭვიც კვლავ ბრუნდება, ოდნავ სახეცვლილად: „რამე სულელური ენობრივი უხერხულობები ხომ არ მოგსვლია?“, სანამ რედაქტორი უკუკავშირს მომცემს, ერთ სიკვდილს ვათავებ.

ამიტომ როცა მეკითხებიან, წერისას ყველაზე რთული რა არისო, დაუფიქრებლად ვპასუხობ: ჩემს შიშებსა და ეჭვებთან ბრძოლა. ეს ბრძოლა ყოველდღიურად უნდა მოვიგო. ყოველ დილით მაცახცახებს მაგიდისა და თეთრი ეკრანის დანახვაზე. როცა „აკუმს“ ვწერდი, გაღვიძება მეზიზღებოდა, რომ ვიცოდი, წერა უნდა გამეგრძელებინა; განსაკუთრებით, თუ საწვალებელი ეპიზოდი მქონდა დასაწერი, მაგალითად, სამედიცინო თემაზე. მეორე ნაწილის ბოლო ოცდაათი გვერდი წაშლილი და ხელახლა დაწერილი მაქვს – მივხვდი, რომ დასრულება ვიჩქარე და მივაფუჩეჩე, ეს კი ტექსტს არ წაადგებოდა. ვერც ვერაფერს ჩავასწორებდი – მონათხრობის ფორმა სხვა უნდა ყოფილიყო. ამიტომ წავშალე. ნაწერი ერთიორად გაიზარდა. გვარიანად გავწვალდი. არ მინდოდა, მეშინოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა ტექსტი ტექსტად ვარგა.

ეს შიში, რომელზეც ახლა ვმსჯელობ, უფრო ფორმასთან, ჩანაფიქრის რეალიზებასთან დაკავშირებული შიშია. ბოლო დროს მივხვდი, რომ სხვა შიშიც არსებობს – შინაარსის შიში.

იდეა მაქვს. უკვე დიდი ხანია, მაქვს და აი, როგორც იქნა, გადამხდა რაღაც, რამაც საბოლოოდ შემამზადა მის დასაწერად. მაგრამ რომ დავწერო, ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდე, ჩემს პირად ჯოჯოხეთში. წარმოუდგენელ საშინელებას უნდა გავუსწორო თვალი და ის, რაც ერთხელ უკვე გავიარე ცხოვრებაში, ხელახლა უნდა გავიარო ლიტერატურაში.

ნორმალური ადამიანი ფსიქოთერაპევტთან მივიდოდა, მაგრამ მე სხვა პასუხისმგებლობები მაქვს – მჭირდება, რომ მტკიოდეს, ეს ტკივილი ცინცხალი უნდა იყოს, ბრაზი ყრუდ უნდა მიხრავდეს ძვლებს. წერამდე განკურნება დაუშვებელია, რადგან ეგ თუ მოხდა, თუ ამისგან გავთავისუფლდი, როგორღა დავწერ? დაწერით კი აუცილებლად უნდა დავწერო – უნდა ვუთხრა სხვებს, რომ მარტო არ არიან.

აქვე გეტყვით: საამისო მხნეობა უკვე მოვიკრიბე. ეს 8 ივნისს მოხდა, სრულიად მოულოდნელად. გავიღვიძე და ცხადად დავინახე დასაწყისიც და ცალკეული ეპიზოდებიც. გამოცდილების ლიტერატურაში გადათამაშების აღარ მეშინია, მაგრამ ფორმის შიში, რა თქმა უნდა, მაქვს – ეს დაუძლეველი რამაა. ამ შემთხვევაში მას კიდევ ერთი კომპონენტი შეემატა – ვგრძნობ, რომ, შესაძლოა, სხვანაირი ტექსტი გამომივიდეს, უფრო მეტად უბრალო, მეტად ამბავზე ორიენტირებული, ინტერტექსტუალური და მეტაფიქციური ილეთების გარეშე, შეიძლება, პოლიფონიურობის გარეშეც. ალბათ, იცით: ეს ჩემი სტილი არ არის. სტილი, საერთოდ, არ ვიცი მაქვს თუ არა, მაგრამ აქამდე მეგონა, რომ ჩემი ნაწერის ეს მახასიათებლები უცვლელი იყო, რომ, ამ თვალსაზრისით მაინც, რაღაც მოსტილო ნაპოვნი მქონდა. თურმე – სულაც არა.

მე დიდხანს ვერ ვჩერდები ერთ ადგილას, თუმცა ცვლილებებიც ძალიან მაშინებს. მით უმეტეს, ასეთი – სრულიად უცხო, უნაპირო ზღვაში უნდა შევცურო. არ დავიხრჩობი, მაგრამ იქიდან გამოსული ისიც აღარ ვიქნები, რაც შესვლამდე. აბა, ეს საშიში არაა?

არის კიდევ მესამე შიშიც – თავად ამ შიშის შიში. კარგა ხანს მეგონა, რომ პრობლემა ჩემშია – ალბათ, ძალიან გამოუცდელი ვარ და დროსთან ერთად ეს შიშიც გაქრება. ან იქნებ, უბრალოდ, ცოტა უნიჭო ვარ? სხვა მწერლები სიხარულით ეკვეთებიან საწერ მაგიდას და მე კი ასეთი უნიათო ვყავარ გამჩენს, რომ ჩემი ცხოვრების საქმე მიპოვია და იმისი ფხაც არა მაქვს, თავდადებით ვაკეთო.

ეს ფიქრები მქონდა, სანამ ერთ ძალიან საინტერესო პანელურ დისკუსიაზე ერთმა ჩემმა საყვარელმა და ჩვენში გამორჩეულმა მწერალმა არ თქვა, რომანის იდეა მაქვს და პატარა გოგოსავით მეშინიაო.

უიმე-მეთქი, აბა, ასეთ ავტორსაც თუ ეშინია, მე რაღა უნდა ვთქვა?!

ჰოდა, მას მერე ვიცი, რომ შემიძლია, თამამად მეშინოდეს, ჩემს გემოზე, როგორ იტყვიან…

გაგრძელება იქნება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“