სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ამბის თხრობა უცხოური ენის გაკვეთილზე

მასწავლებლებმა, რომლებიც ოდესღაც თავად ვიყავით მოსწავლეები, ძალიან კარგად ვიცით, როგორია საათობით კლასში ჯდომა, მასწავლებლის მოსმენა, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც შეიძლება უამრავ ფაქტს, თარიღს და მოვლენას მოიცავდეს და გაკვეთილის ბოლომდე ყურადღების შენარჩუნება.

როდესაც ამ ინფორმაციასთან კავშირს ვერ ვგრძნობთ, მასზე ფოკუსირება, მისი დამახსოვრება, მისთვის  მნიშვნელობის მინიჭება ძნელია.

ამბები შეიძლება იქცეს ხიდებად, რომლებიც ამ დაბრკოლების გადალახვაში დაგვეხმარება.

 

წარმოიდგინეთ, რომ კლასში ხართ და უცებ მასწავლებელი იწყებს ამბის თხრობას სიტყვით: „ერთხელ…“ ყველა თვალი მისკენ არის მიპყრობილი, ყველას აინტერესებს, როგორ გაგრძელდება ამბავი. რატომ? იმიტომ, რომ ისტორიები ბუნებრივად გვხიბლავს. მათ აქვთ ძალა, დაგვაინტერესონ და ჩვენი ყურადღება მიიპყრონ.

გარდა ამისა, რაოდენ მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია. ყოველ ჩვენგანს სჭირდება საკუთარ თავში ამ უნიკალურობის დანახვა და სიტყვების საშუალებით მისი რეალიზება. რა ქნან მოსწავლეებმა, რომ თავიანთი ინდივიდუალური, განსაკუთრებული, გამორჩეული ხმა სხვას გააგონონ?

ამაში ხშირად გვეხმარება ამბის თხრობა – სთორითელინგი (storytelling).

როდესაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას თვალი გადავავლე, აღმოჩნდა, რომ მრავალ ქვეყანაში სთორითელინგს წარმატებით იყენებენ საკლასო ოთახში. მინდა, ამ წერილით გაჩვენოთ, რატომ არის ამბის თხრობა ასეთი ეფექტური როგორც პრეზენტაციის ტექნიკა და რით განსხვავდება ის ტრადიციული PowerPoint ფორმატის პრეზენტაციებისგან. ჩვენ ვნახავთ რეალურ მაგალითებს და მივიღებთ პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ, როგორ უნდა შექმნან და გაამდიდრონ თქვენმა მოსწავლეებმა  პრეზენტაციები ისტორიებით.

 

სთორითელინგის მნიშვნელობა

ისტორიები ბავშვობიდან თან გვახლავს, ისინი ჩვენი კულტურისა და კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია. უბრალოდ იფიქრეთ ზღაპრებზე, რომლებიც წაგვიკითხეს, ან ფილმებზე, რომლებმაც უცნაურ სამყაროებში გადაგვიყვანა. ისტორიები გვეხმარება ინფორმაციის უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში. ისინი აღვიძებენ ემოციებს, ქმნიან სურათებს ჩვენს წარმოსახვაში და რთულ საკითხებს ხელშესახებს ხდიან.

 

აქტუალობა უცხოური ენების სწავლებისას:

რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას უცხოური ენის გაკვეთილებთან?

გარდა იმისა, რომ ჩვენი მიზანია, სასაუბრო, სამეტყველო უნარები განვუვითროთ მოსწავლეებს, ეს გაკვეთილები ხშირად მოიცავს რთულ თემებს და კომპლექსურ ტექსტებს. მასწავლებლისთვის გამოწვევაა ამ შინაარსის ისე გადმოცემა, რომ ის გასაგები და საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის.

სთორითელინგის საშუალებით მასწავლებელს შეუძლია, მშრალი ფაქტები და აბსტრაქტული ცნებები მოსწავლეებისთვის ნათელ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად გარდაქმნას.

ადვილი არ არის, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში აღაფრთოვანო მოსწავლეები ახალი ენით და ამავე დროს ასწავლო ეფექტიანად. სთორითელინგს აქ შეუძლია, ცენტრალური როლი შეასრულოს. ისტორიების თხრობით მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან ცოცხალი და ავთენტური ენობრივი გარემო, რომელშიც მოსწავლეები განიცდიან და გამოიყენებენ ახალ ენას მნიშვნელოვან კონტექსტში.

PowerPoint Presentation vs Storytelling

 ტრადიციულ PowerPoint პრეზენტაციებსა და ამბის თხრობას როგორც პრეზენტაციის ტექნიკას შორის განსხვავების გასაგებად გავიხსენოთ სტრუქტურა. ტრადიციული PowerPoint პრეზენტაცია იყოფა შესავლად, ძირითად ნაწილად და დასკვნად და აქცენტს სვამს ფაქტებისა და მონაცემების წარმოდგენაზე. ამის საპირისპიროდ, თხრობა მიჰყვება ნარატიულ სტრუქტურას, ის იწყება შესავლით, რასაც მოჰყვება კონფლიქტი ან პრობლემა, აღწევს კულმინაციას და მთავრდება პრობლემის მოგვარებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ემოციური კავშირი. ტრადიციული პრეზენტაციები ფოკუსირებულია ინფორმაციის გადმოცემაზე, ხოლო სთორითელინგის მიზანია აუდიტორიასთან ემოციური კავშირის შექმნა. მოყოლილ ამბებში გვხვდება ემოციები, რომლებიც აუდიტორიას ინფორმაციის უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში ეხმარება.

დაბოლოს, ეს მიდგომები ერთმანეთისგან განსხვავდება ინტერაქციულობითა და ჩართულობით. ტრადიციული პრეზენტაციები ძირითადად ცალმხრივი კომუნიკაციაა. წამყვანი საუბრობს, აუდიტორია უსმენს. ამბის თხრობა კი ხელს უწყობს ინტერაქციულობას სიუჟეტში აუდიტორიის ჩართვით, კითხვების დასმით და დისკუსიის წახალისებით. ეს ქმნის უფრო დინამიკურ და საინტერესო პრეზენტაციას.

 სთორითელინგის როგორც პრეზენტაციის ტექნიკის უპირატესობა

 

თხრობის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია:

ემოციების გაღვიძება. ისტორიები მიემართება ჩვენს გრძნობებს და ამით სასწავლო მასალას ემოციურად უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ყურადღების შენარჩუნება. ამაღელვებელი ისტორიები იპყრობს მსმენელის გონებას და გაფანტვის საშუალებას არ აძლევს. ამბები უფრო ადვილი დასამახსოვრებელია, ვიდრე მშრალი ფაქტები, რადგან დაკავშირებულია ემოციებთან.

რთული შინაარსის გამარტივება. კონკრეტული მაგალითებისა და ისტორიების საშუალებით აბსტრაქტული ცნებები უფრო გასაგები ხდება.

ენობრივი საშუალებების (ლექსიკა, გრამატიკა) გამოყენება: მოსწავლეები ხედავენ, როგორ გამოიყენება სიტყვები და გრამატიკული სტრუქტურები რეალურ სიტუაციებში.

კულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობა: ისტორიები გვაწვდის ინფორმაციას სამიზნე ენის კულტურის შესახებ და ხელს უწყობს ინტერკულტურულ კომპეტენციას.

სთორითელინგის სტრუქტურა

    https://hussellvs.best/product_details/75493120.html

 

შესავალი

ინტერესის აღძვრა/ Hook: დაიწყეთ საინტერესო ფაქტით, შეკითხვით ან ციტატით, რათა გამოიწვიოთ მსმენელის ინტერესი.

კონტექსტი: გააცანით ადგილი, დრო და მთავარი გმირები; წარმოადგინეთ საკითხის მოკლე მიმოხილვა და თქვით, რითია ის მნიშვნელოვანი.

 

პრობლემა/კონფლიქტი

პრობლემა: აღწერეთ პერსონაჟების წინაშე არსებული მთავარი პრობლემა/გამოწვევა.

მიზანი: ახსენით პერსონაჟების მიზანი ან მოტივაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

 

აღმასვლა (rising action) – ამბის ის მონაკვეთი, რომელიც კულმინაციისკენ მიიწევს და რომელშიც, სიუჟეტის ცენტრალური კონფლიქტიდან გამომდინარე, სიუჟეტური მოვლენების კვალდაკვალ იმატებს დაძაბულობა)

დაბრკოლებები: აჩვენეთ დაბრკოლებები და სირთულეები, რომლებსაც ისინი აწყდებიან ამ გზაზე.

მოვლენები: აღწერეთ ძირითადი მოვლენები და მოქმედებები, რომლებსაც პერსონაჟები ახორციელებენ პრობლემის გადასაჭრელად.

 

კულმინაცია (climax)

შემობრუნების წერტილი/კვანძის გახსნა: წარმოადგინეთ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი, სადაც მთავარი პრობლემა კულმინაციას აღწევს და გამოსავალი მოიძებნება.

 

დაღმასვლა (falling action) – სიუჟეტის ის მონაკვეთი, რომელიც მოჰყვება კულმინაციას, რომელშიც მცირდება სიუჟეტის ცენტრალური კონფლიქტიდან გამომდინარე დაძაბულობა და სიუჟეტი მიდის დასასრულისკენ

შედეგები: აღწერეთ პერსონაჟთა ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შედეგები.

აჩვენეთ, როგორ ნელ-ნელა წყნარდება სიტუაცია და როგორ მივდივართ გამოსავალამდე.

 

დასკვნა

გააკეთეთ პრობლემის გადაწყვეტის საბოლოო მიმოხილვა და გამოიტანეთ დასკვნა.

 

რეფლექსია

ფასეულობა: იმსჯელეთ, რა შეიძლება გვასწავლოს ამ ისტორიამ.

კავშირი: დაამყარეთ კავშირი მსმენელებთან კითხვით, როგორ ეხება ეს ამბავი მათ ცხოვრებას ან იმ თემას, რომელსაც სწავლობენ.

 

Storytelling – ამ ბმულზე იხილავთ კონკრეტულ მაგალითს გერმანული ენის გაკვეთილისთვის, სადაც მოკლედ იქნება წარმოდგენილი სთორითელინგის ნიმუში ზემოთ აღწერილი სტრუქტურის მიხედვით, ხოლო უცხოური ენების მასწავლებლებს შევთავაზებ საიტს https://www.ted.com/talks, სადაც ნახავენ ისტორიების საინტერესოდ თხრობის უამრავ კარგ ნიმუშს.

 

სთორითელინგის გამოყენების მეთოდები უცხოური ენის გაკვეთილებზე

 

არსებობს უცხოური ენის გაკვეთილებზე ამბის თხრობის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი:

გამოიყენეთ სთორითელინგის სტრუქტურა: მასწავლებლებს/მოსწავლეებს შეუძლიათ, ნებისმიერი კონკრეტული ტექსტი გარდაქმნან ამბის თხრობად შესაბამისი სტრუქტურის გამოყენებით.

გაუზიარეთ პირადი ისტორიები: მოსწავლეებს შეუძლიათ, დაწერონ და მოყვნენ საკუთარ ამბებს სამიზნე ენაზე. ეს ხელს შეუწყობს ლექსიკისა და გრამატიკული ცოდნის გაფართოებას და შემოქმედებითად გამოყენებას.

როლური თამაშები: მოსწავლეებს შეუძლიათ, მოირგონ სხვადასხვა როლი და ისტორიები გაითამაშონ. ეს ხელს შეუწყობს სამიზნე ენაზე საუბარს და მის გაგებას სხვადასხვა კონტექსტში.

მულტიმედიური თხრობა: დასურათებული ისტორიები ან კომიქსები შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდეს დამწყებთათვის, რადგან სურათები უზრუნველყოფს ვიზუალურ მხარდაჭერას და უფრო ნათელს ხდის სიტყვებისა და წინადადებების მნიშვნელობას.

ციფრული მოთხრობა: მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან საკუთარი ციფრული ისტორიები, მაგალითად, პრეზენტაციების, ვიდეოების ან პოდკასტების მეშვეობით და გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად (Canva და სხვა პროგრამები).

 

მაშასადამე,  ამბის თხრობა არის გზა კრეატიულობისა და კრიტიკული აზროვნებისკენ, ხოლო როდესაც მოსწავლეები აამოქმედებენ თავიანთ შემოქმედებით უნარებს, მათ გაუჩნდებათ მეტი პოტენციალი, მეტი ახალი იდეა და პერსპექტივა და უკეთესადაც ისწავლიან.

თხრობას სხვებთან ურთიერთობის დროსაც ვიყენებთ. ეს ინსტრუმენტი მოსწავლეებს იმაშიც დაეხმარება, რომ ისწავლონ აზრის გამოხატვა წარმატებული კომუნიკაციისთვის.

ჩვენ მიჩვეული ვართ რაც შეიძლება მეტის კეთებას უმოკლეს დროში. ამბების თხრობას და ავთენტურ გაზიარებას დრო სჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამდენად პოზიტიური ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს ამბის თხრობა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ ღირებული ინვესტიციაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://ifak-kindermedien.de/wp-03776-content/uploads/2021/08/Storytelling_Konzept.pdf

https://www.ted.com/topics/storytelling

https://hussellvs.best/product_details/75493120.html

https://digitalstorytelling.coe.uh.edu/survey/SITE_DigitalStorytelling.pdf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“