სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

უპირობო მეგობრობა

დიპლომატები ხშირად იმეორებენ ერთსა და იმავე ფრაზას: „არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები“. აღნიშნული მოსაზრების მომხრეებს ერთი რამის თქმა სურთ ჩვენთვის – ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პრაგმატული მისწრაფებებით იზომება და ხალხებს იდეალები, ღირებულებები, ერთმანეთისადმი ერთგულება არ აერთიანებთ. ომებისა და შეუზღუდავი გლობალური ვაჭრობის ეპოქაში მართლაც ძნელი დასაჯერებელია სხვადასხვა ეთნოსებს შორის უპირობო მეგობრობა, მაგრამ საყოველთაო სკეპტიციზმის მიუხედავად, უნიკალური მოვლენა მაინც არსებობს.

ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ უანგარო მეგობარი ჩვენ – ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გვყავს, თან ეს მეგობრობა საუკუნეებმა გამოცადა და ვერაფერი დააკლო.

ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვართან ახლოს დიდი ხანია ერთი მცირერიცხოვანი ხალხი ცხოვრობს, რომელიც ასწლეულებია იბრძვის თავისი იდენტობის მკაფიოდ გამოკვეთისათვის. ინგუშები ნახურ ენაზე საუბრობენ, რასაც სხვადასხვა იმპერიები ხშირად იყენებდნენ ბოროტად. თვითმპყრობელური რეჟიმები ნახურ ენაზე მოსაუბრე ყველა ეთნიკურ ჯგუფს ერთ კალათაში ყრიდნენ, რათა მცირე ერებისთვის თვითგამორკვევისა და განვითარების შესაძლებლობა მოესპოთ. ცარისტული და საბჭოთა ბიუროკრატია დროსა და ენერგიას არ იშურებდა იმისთვის, რომ ინგუშებსა და მათ მონათესავე ჩეჩნებს შორის ტოლობის ნიშანი დაესვა. შეიძლება ჩეჩნებსა და ინგუშებს ენის, კულტურისა და ისტორიის თვალსაზრისით მართლაც ძალიან ბევრი რამ აერთიანებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხალხის ნება, განწყობა და ღირებულებითი სისტემაა. უამრავი საერთო ნიშნის მიუხედავად, ფაქტია, რომ უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში ინგუშებმა სრულიად დამოუკიდებელ ნაციად ჩამოყალიბების გზა აირჩიეს, რაც თანამედროვე საზოგადოებაში პატივისცემასა და მხარდაჭერას უნდა იმსახურებდეს.

რა განაპირობებს ქართულ-ინგუშური ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს?

უპირველეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ისტორიის რამდენიმე ეპიზოდი უნდა გავიხსენოთ. ინგუშეთი თამარ მეფის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. კეთილშობილი მონარქი კი ყოველთვის ცდილობდა ეზრუნა ახლადშემომტკიცებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ხალხებზე. თამარის ეპოქა სიმშვიდისა და აღმშენებლობის პერიოდი აღმოჩნდა ინგუშეთისთვის. მოკლევადიანი სტაბილურობა საფუძვლად დაედო გზებისა და ხიდების მშენებლობას, კავკასიონის ქედის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას, სოციალური და პოლიტიკური კავშირების ჩამოყალიბებას.

მოგეხსენებათ, შუა საუკუნეებში განათლებისა და ცოდნის გავრცელების უმთავრეს და ერთადერთ კერას ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდნენ. ფეოდალური ხანის ქართული სახელმწიფოები ბევრს ზრუნავდნენ, რათა ჩრდილოეთში ახალ-ახალი სულიერი ცენტრები აემოქმედებინათ. თანამედროვე ინგუშეთი სავსეა ქართველთა და ინგუშთა წინაპრების ერთობლივი შრომის შედეგად აშენებული გამორჩეული ქრისტიანული ძეგლებით. მხოლოდ თხაბა-იერდის ეკლესიის გახსენება რად ღირს, რომელიც თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ნაგებობაა. ავტორიტარულ და იმპერიალისტურ ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი მოსკოვის საპატრიარქო ყველა მცირერიცხოვან ხალხს ზემოდან დაჰყურებს, კონსტანტინოპოლს რომის მემკვიდრეობაში ედავება, არადა, მათ იურისდიქციაში მოქცეული უძველესი ტაძარი, ჩვენი – ინგუშებისა და ქართველების აშენებულია. თხაბა-იერდი მხოლოდ ერთი მარგალიტია იმ საგანძურსა, რომლითაც ჩრდილოეთ კავკასიის პატარა რესპუბლიკის მთის ფერდობებია დახუნძლული.

ცხადია, ასეთი ინტენსიური ურთიერთობები ადგილობრივ კულტურაზეც აისახა. ინგუშური ფოლკლორი მდიდარია თამარ მეფის შესახებ შექმნილი თქმულებებით, სადაც ხელმწიფე მხოლოდ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიება, სამართლიანობისა და სიკეთის წყაროდ არის აღიარებული.

ინტენსიური სოციალური და კულტურული კავშირების კვალს ფოლკლორის გარდა ტოპონიმიკაშიც აღმოაჩენთ. ქართველებსა და ინგუშებს შორის მტკიცე ხიდების მშენებლობას განსაკუთრებით შეუწყვეს ხელი ორი ქვეყნის ლიტერატურის წარმომადგენლებმა. შეგვიძლია მხოლოდ ალექსანდრე ყაზბეგი და ალი ხაშაგულგოვი გავიხსენოთ, რომლებიც დაუღალავად იღვწოდნენ ამ ორ ხალხში პატიოსნებისა და ღირსების მაგალითების გამოკვეთისა და გაზიარებისთვის. თუმცა, ქართულ-ინგუშურ ურთიერთობებს ყველაზე მეტ სიმტკიცეს მაინც განსაცდელში გამოვლენილი ურთიერთთანადგომის პრეცედენტები სძენს.

1944 წელი საბედისწერო მომენტი აღმოჩნდა კავკასიაში მცხოვრები მრავალი ხალხისთვის. სტალინურ რეპრესიებსა და დეპორტაციებს ემსხვერპლა ათასობით მესხის, ჩეჩნისა და გერმანელის სიცოცხლე. გადარჩენილები კი ცენტრალური აზიის გზას გაუყენეს. დევნასა და გადასახლებას ვერც ინგუშები გადაურჩნენ. ათობით ათას ინგუშს მშობლიური სახლის მიტოვება მოუწია. საბჭოთა ხელისუფლებამ ინგუშეთის ტერიტორიაზე სხვა ერების დასახლება განიზრახა. ქართველებსაც შეხვდათ ინგუშთა მიწის გარკვეული ნაწილი, სადაც ისინი ხრუშჩოვის „დათბობის“ პერიოდამდე მშვენივრად ცხოვრობდნენ. მოგეხსენებათ, სტალინის შემდგომმა ლიდერებმა დეპორტირებულ ერებს შინ დაბრუნების უფლება მისცეს. მრავალწლიანი დევნილობიდან კავკასიაში მობრუნებულ ინგუშებს ქართველებმა წინააღმდეგობის გარეშე დაუთმეს კუთვნილი სახლები, აჩუქეს საკუთარი საქონელი და არაგვის ხეობაში გადმოინაცვლეს. ყველა ჩასახლებული ხალხი ასე არ მოქცეულა, ინგუშებთან სისხლს ყველა არ მორიდებია. აქედან გამომდინარე, ღლიღვები განსაკუთრებით აფასებენ ქართველთა რაინდულ საქციელსა და სამართლიან უკანდახევას.

1990-იან წლებში საბჭოეთის მიერ ხელოვნურად წარმოქმნილმა კონფლიქტმა კიდევ ერთხელ იჩინა თავი. პრიგოროდნის რაიონისთვის ოსებსა და ინგუშებს ომში ჩართვა მოუწიათ. ბუნებრივია, ოსურ-ინგუშური სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების დროსაც არცერთ ქართველს არ აუღია იარაღი ხელში მოძმე ხალხის წინააღმდეგ. პრიგოროდნის ომი ინგუშთა დამარცხებით დასრულდა, 70 000 ინგუში საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ამ ტრაგედიის შემდეგაც ქართველებს არ შეუწყვეტიათ მეზობელი ხალხის განვითარებაზე ზრუნვა. 1994 წელს ქართველ ინჟინერთა ჯგუფი ინგუშეთში ავტომაგისტრალების მშენებლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მაშინ მთელ რეგიონში უმძიმესი სიტუაცია იყო შექმნილი და ჩეჩნეთის ომის გამო ბევრი ერიდებოდა ტრანსკავკასიურ ავტობანებზე მუშაობას, ჩვენები კი უკან არ იხევდნენ. სამწუხაროდ, ქართველთა თანადგომას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფელ ალქუნთან უცნობმა პირებმა გაურკვეველი მოტივით ჩაცხრილეს 8 ქართველი მეგზევე, რომელთა მემორიალი დღემდე ამაყად დგას სუნჯის რაიონში.

თავის მხრივ, ინგუშებს წარმოუდგენელი სიმამაცე აქვთ გამოჩენილი საქართველოს დასაცავად. მოგეხსენებათ, აფხაზეთის ომის დროს რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა მთელი კავკასიის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დარაზმვა. გაგრასთან და სოხუმთან საქართველოს სამხედრო ძალებს მხოლოდ სეპარატისტები და რუსები არ ებრძოდნენ, ბრძოლის ველზე მრავლად იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიელებიც, მხოლოდ ინგუშებმა იუარეს ჩვენს გასანადგურებლად გალაშქრება.

იგივე განმეორდა 2008 წელსაც, როდესაც არცერთმა ინგუშმა არ მოისურვა საქართველოსთვის ცეცხლის გახსნა.

უპირობო მეგობრობის საუკეთესო ერთგვარ სიმბოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ცერემონიალი რჩება.

1991 წლის 9 აპრილს, დეკლარაციის მიღებისას დეპუტატებსა და ხალხს ერთადერთმა უცხოელმა მიმართა. გათავისუფლების პირველსავე წუთებში ისტორიული მიღწევა მოგვილოცა მწერალმა ისა ქოაძოიმ (კოძოევი), ინგუშეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა. შემოქმედმა თავისი გამოსვლა განსაკუთრებული სიტყვებით დაასრულა:

„ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შესანიშნავად იციან, რომ წინ თქვენ რთული დღეები მოგელით, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი უკან! რკინასავით უნდა დადგეთ! ჩვენ თქვენგან ჩრდილოეთით ვცხოვრობთ, ჩვენ ინგუშები ბევრნი არ ვართ, მაგრამ რამდენიც ვართ, თქვენ განკარგულებაში ვიქნებით !!!”.

სასიხარულოდ, დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება. ინგუშეთში უამრავ ქუჩას ჰქვია საქართველოსთან დაკავშირებული სახელი, მათთვის ჩვენი ქვეყანა კვლავ უპირობო მეგობრობასთან ასოცირდება.

საქართველოში თითქოს აღარ გვახსოვს საუკუნოვანი კავშირები, მაგრამ ბოლო დროს დიდი გამოცოცხლება შეინიშნება. თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრი დაარსდა, რომელიც ორ ერს შორის არსებული უძველესი ხიდების გამაგრებას ესწრაფვის. დარწმუნებული ვარ, ცენტრი უანგაროდ გაუწევს დახმარებას ყველა მასწავლებელს, რომელიც თავის გაკვეთილზე კავკასიური თემატიკის განხილვას მოიწადინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“