არბინგერის ინსტიტუტის გამოცემა „მშვიდობის ანატომია“ (The Anatomy of Peace: Resolving the Heart of Conflict, by The Arbinger Institute) კონფლიქტის რაობის, ბუნებისა და გადაწყვეტის წარმატებულ და წარუმატებელ მცდელობებს ეხება.
წიგნში მნიშვნელოვანი საკითხები ერთგვარ სიუჟეტურ ქარგაშია მოქცეული. ორ მეგობარს, არაბ იუსუფ ალ-ფალაჰსა და ებრაელ ავი როზენს, მოზარდთა ბანაკი აქვთ ორგანიზებული. რთული ქცევის მოზარდებს ისინი ორი თვით იღებენ, კარვებში აცხოვრებენ, ცივილიზაციისგან მოშორებით თვითგადარჩენის უნარებს უვითარებენ და საკუთარ თავთან ურთიერთობას ასწავლიან იმისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ სხვებთან ურთიერთქმედება.
ტექსტი იწყება იმით, რომ ბანაკში შვილებთან ერთად ჩადის რამდენიმე ოჯახი. ორგანიზატორები ორი დღის განმავლობაში მშობლებთან მუშაობენ. საუბრის, დიალოგის, მსჯელობის, დისკუსიისა და ამბის თხრობა-განხილვის მეთოდების გამოყენებით ავი და იუსუფი მშობლებთან ერთად ამუშავებენ ისეთ საგულისხმო საკითხებს, როგორებიცაა:
- რა არის კონფლიქტი და რა წარმოშობს მას?
- რატომ „ვეომებით“ საკუთარი ოჯახის/საზოგადოების წევრებს იმის ნაცვლად, რომ მივმართოთ ძალა, ენერგია, ემოციური რესურსი კონსტრუქციული შედეგისკენ?
- როგორ გავუგოთ მათ, ვისიც არ გვესმის, ვისი ქმედებებიც მიუღებელი ან გამაღიზიანებელია?
- რა ხდება, როდესაც არჩევანს ვაკეთებთ არა დაპირისპირებაზე, არამედ შეთანხმებაზე?
- წაგებულია თუ არა „ომი“, თუკი დათმობის, უკანდახევის, შეყოვნების ან გაცხადება-გაცნობიერების ტაქტიკას ვირჩევთ?
წიგნი საინტერესოდ იკითხება და იმათგანია, კითხვისას თეზისების ამოწერის სურვილს რომ ბადებს. ბევრ მომენტში მკითხველი ცხადად წარმოიდგენს საკუთარ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რადგან ქცევის ის მოდელები, რომლებსაც ავი და იუსუფი განიხილავენ, უნივერსალურია და მუდმივად გვხვდება ადამიანურ ურთიერთობებში.
ჩვენთვის, როგორც მასწავლებლებისთვის, კონფლიქტური სიტუაციების ჯეროვნად მართვა გადამწყვეტი მნიშვნელობის უნარია. მასწავლებელს ურთიერთობა უწევს რამდენიმე კლასთან. კლასებში, სულ მცირე, 25 მოსწავლეა. დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან ინტერაქცია, მათთვის სათანადო დროისა და ყურადღების დათმობა, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, გეგმების შემუშავება, კონფლიქტური სიტუაციების მართვა გვიწევს. ეს კოლოსალურ ემოციურ რესურსს საჭიროებს და თითოეულს გვჭირდება მხარდაჭერა, ამ ემოციური რესურსის შევსება, იმის ცოდნა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციურ ამოცანებს. როდესაც არის შემუშავებული საინტერესო და ქმედითი მოდელები, მათი ცოდნა სწორედ ასეთ მხარდამჭერ სამარჯვად იქცევა. წინამდებარე წერილში გიზიარებთ ერთგვარ კონსპექტს, ამონარიდებსა და მნიშვნელოვან გზავნილებს ამ სასარგებლო და საჭირო წიგნიდან.
მტყუან-მართალი
„დაფიქრდით, ოდესმე გქონიათ კონფლიქტი ადამიანთან, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია არასწორია?“ – ეკითხება იუსუფი ერთ-ერთ გმირს, რომელიც გამოირჩევა აგრესიული მიმართებებით, ხშირად ავლენს ძალაუფლების დემონსტრირების სურვილს.
ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. კამათისა და დაპირისპირებისას, კონფლიქტურ სიტუაციაში თითოეული მხარე ანთებულია ერთადერთი და ყოვლისმომცველი განცდით – მართალი ვარ მე! მტყუანი არის ოპონენტი. კონფლიქტი დარეგულირდება, თუ ის შეიცვლება/შეიცვლის პოზიციას/თვალსაზრისს და სრულად დამეთანხმება; იფიქრებს და იმოქმედებს ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად. ასეთი ხედვა წამგებიანი და არარეალისტურია. ეს ბინარული მოცემულობა ჩიხურია.
კვლავ ციტატა წიგნიდან: „ცვლილებები ვერ განხორციელდება მხოლოდ ქცევითი სტრატეგიებით. მშვიდობა შინ, სამსახურში, ხალხებს შორის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გავაერთიანებთ გონივრულ გარეგან ზემოქმედების სტრატეგიას შინაგან მშვიდობასთან“.
შინაგანი მშვიდობა, წიგნის ავტორების აზრით, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ინარჩუნებს ჰუმანურობას, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და აღიარებული ფასეულობებია მისი ორიენტირები და ის არ მოქმედებს განადგურების, დაჩაგვრის, განსხვავებულის გაჩანაგების/უპირობოდ დამარცხების/ სურვილით ანთებული. მას არ ამოძრავებს საკუთარი სიმართლის უპირობოდ დამტკიცების ჟინი, მისი ქმედებებისა და სიტყვების განმსაზღვრელი არ არის ემოციები: ბრაზი, წყენა, ბოღმა.
რა შეიძლება მოვინიშნოთ ჩვენ, მასწავლებლებმა?
მოსწავლესთან კონფლიქტის დროს მასწავლებელი არის ის, ვინც ზრდასრულის პოზიცია უნდა დაიკავოს. სწორედ მასწავლებლის, ზრდასრულის მოვალეობაა, იმოქმედოს „შინაგანი მშვიდობითა და გონივრული სტრატეგიით“ შეიარაღებულმა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, დაისვას კითხვები:
- რა არის ჩემი ამ მოსწავლესთან დაპირისპირების მიზეზი?
- რის მიღწევასაც ვცდილობ, მიღწევადია?
- როგორ გააუმჯობესებს ჩემი მოთხოვნების უპირობო შესრულება მოსწავლის მდგომარეობას? იქნება ეს მისთვის სასიკეთო?
- საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი მამოძრავებს თუ მოსწავლის კეთილდღეობა?
- რატომ იქცევა მოსწავლე ასე? რა ძალა ზემოქმედებს მასზე?
- რა ემოციები/გრძნობები/იმპულსები მამოძრავებს მე?
- გვაქვს თუ არა გადაკვეთის წერტილი, საიდანაც შევძლებდით მოლაპარაკების წარმოებას? მესმის თუ არა მისი პოზიციის?
ტრიუკები
„კონფლიქტისას, ისევე, როგორც ილუზიონისტის ტრიუკისას, მნიშვნელოვანი რამ იქ ხდება, საითაც არავინ იცქირება. ჩვენ გვგონია, რომ კონფლიქტის მხარეებს სურთ კონფლიქტის აღმოფხვრა, მაგრამ ეს ასეა მხოლოდ ნაწილობრივ. რეალურად, თითოეული მხარე მხოლოდ იმას მოელის, რომ შეიცვლება მეორე მხარის მიმართება იმდენად რადიკალურად, რომ კონფლიქტი აორთქლდება, თავისთავად აღმოიფხვრება“.
მართლაც საინტერესო დაკვირვებაა. კონფლიქტში მონაწილე მხარეები ფორმალურად აცხადებენ სურვილს, „დამყარდეს მშვიდობა“, რეალურად კი, ქმედებებითა თუ სიტყვებით, უმეტესწილად, პროვოცირებას უწევენ იმ თვისებების წარმოჩენა-გაძლიერებას, რომლებიც ამწვავებენ კონფლიქტს. მხარეები გადაუწყვეტელი კონფლიქტის განგრძობითობისას აქტიურად არიან დაკავებულები კონფლიქტის გაღვივებითა და შენარჩუნება-გაძლიერებით; კვებავენ და „სათუთად“ ზრდიან იმ პრობლემებს, რომლებსაც თითქოს ებრძვიან.
ეს ნიშნავს, რომ სანამ ჩვენს შინაგან ემოციურ მდგომარეობას არ დავარეგულირებთ, სანამ მშვიდობას საკუთარ თავში არ ვიპოვით, მანამდე გაგვიჭირდება დადანაშაულება-ბრალდების მარწუხებიდან თავის დაღწევა. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები ხშირად გადავსებულები ვართ ამ განცდით და ადგილს არ ვტოვებთ მშვიდობიანი იმპულსებისთვის. თუ ოპონენტს აღვიქვამთ, როგორც ობიექტს, ვირჩევთ დაპირისპირებას, ვიქცევით ისე, როგორც მიგვაჩნია სწორი, ვამართლებთ საკუთარ საქციელს, მაშინ… აუცილებლად მოვძებნით ბევრ წონიან არგუმენტს საკუთარ სიმართლეში დასარწმუნებლად. ამის პარალელურად, სხვას, ოპონენტს „ვამკობთ“ (საკუთარ თვალში ან სხვების თანდასწრებით) იმ თვისებებით, რომლებიც გვაღიზიანებს, რომელთა გამოსწორებაც „გვინდა“, ვარტყამთ ბეჭედს „გადახედვას არ ექვემდებარება!“ და ამ ფიქსირებული იარლიყით ვაგრძელებთ, ვაძლიერებთ კონფლიქტს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ენერგია, რესურსი მიემართება არა პრობლემის/კონფლიქტის სათავის, მიზეზის აღმოფხვრას, არამედ დამდგარ შედეგებთან გამკლავებას. ეს გამომფიტავი და არაკონსტრუქციული ქმედებაა.
ჩაკეტილი წრე, ანუ თავდახურული ყუთი სულისშემხუთველია
წიგნში ავტორები ამუშავებენ თავდახურული ყუთის მეტაფორას. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანი, რომელიც მცდარი წარმოდგენების ან საკუთარი სიმართლის ტყვეობაშია, იმას ჰგავს, ვინც თავდახურულ ყუთშია მოთავსებული, სული ეხუთება, მაგრამ ამოსვლას არ ლამობს, იქვე იხრჩობა. იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან თავი დავიხსნათ, მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ „ყუთის“ არსებობა. წიგნში ჩამოთვლილია რამდენიმე ნიშანი, სიმპტომი, რომლებიც მიგვახვედრებს, რომ ან ყუთში ვართ, ან იქ „მყუდროდ“ განსათავსებლად ვემზადებით. ეს ნიშნებია:
- სხვების ბრალეულობაზე აქცენტირება – დამნაშავე ყოველთვის სხვაა!
- დამნაშავეების „გაშავების“ სურვილი და მცდელობები (სადაც ხელი მიგვიწვდება, ვაშავებთ და ვადანაშაულებთ).
- ემოციურად ის, რასაც განვიცდით, ახლოსაა ბრაზთან, ზიზღთან, ბოღმასთან. ეს შინაგანი მდგომარეობა ხანგრძლივად გვინარჩუნდება ოპონენტის მიმართ და არ ნელდება.
შეყოვნება, განზე გადგომა, აბსტრაჰირება და კრიტიკული თვითრეფლექსია ასეთ შემთხვევაში ფასდაუდებელი გამოცდილებაა. თუ ყუთში სული გვეხუთება, აუცილებლად უნდა შევამჩნიოთ და ვუშველოთ თავს.
სუფთა ჰაერი
თუკი გამოგვივა „დიაგნოსტირება“ და აღმოვაჩენთ სათანადო სიმპტომს, ეს უკვე ერთგვარი ჭუჭრუტანაა, თავდახურულ ყუთში სუფთა ჰაერის შემოსვლის საშუალება. ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ, განსხვავებულად შევხედოთ პრობლემას, კონფლიქტს. არ ვეძებოთ საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი საბუთები (რომლებსაც აუცილებლად ვიპოვით), არამედ შევეცადოთ შევქმნათ სივრცე ურთიერთობისთვის.
კონფლიქტი საინტერესო მოცემულობაა საკუთარ თავზე დაკვირვებისა და შინაგანი სამყაროს კვლევისთვის. როგორ ვიქცევით კონფლიქტისას? „ვკარგავთ სახეს“ და გადავიქცევით ნეგატიური ემოციების მიერ მართულ მარიონეტად (თვალსაჩინოებისთვის წარმოვიდგინოთ ილუსტრაცია: გაფარჩხული თითები, ძარღვებდაბერილი ყელი, აწითლებული და გაკაპასებული სახე, ალმურმოდებული ლოყები, დუჟმომდგარი პირი, მუშტმომართული ხელი და ეს არსება სიმართლისა და ჭეშმარიტების დაცვის სადარაჯოზე…) თუ „ვინარჩუნებთ სახეს“ (ნებას ვრთავთ საკუთარ თავს, შევიგრძნოთ და გავითავისოთ ბრაზიც, წყენაც, სხვა ნეგატიური ემოციებიც), შემდეგ კი ვიქცევით კეთილგონიერ ზრდასრულად და ვიწყებთ მოგვარებაზე ზრუნვას? წიგნში საკმაოდ თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ორივე სცენარი.
როდესაც საქმე მიდგება მოგვარებაზე, ის კი არაა მნიშვნელოვანი, ვინაა მართალი, უმწიკვლო, სწორი და ვინ ღაღადებს ჭეშმარიტებას, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ რა მეთოდებს იყენებს მხარე მოგვარებისთვის ან გამწვავებისთვის. „თქვენ შეიძლება იყოთ ცამდე მართალი და არ ეთანხმებოდეთ მცდარს, მიუღებელს, მაგრამ ის, თუ როგორ გამოხატავთ ამას, არის გადამწყვეტი მნიშვნელობის“.